სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“

როგორ შეიძლება გამოვეხმაუროთ წიგნის საჯაროდ კითხვის  მსოფლიო დღეს

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ – ეს გახლავთ დევიზი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისა, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით ჩვენს ქვეყანაში უკვე მეექვსე წელია აღინიშნება.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს, გაერთიანდნენ, ერთად აღნიშნონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

ასოციაცია წელს კიდევ ერთხელ აპირებს, საქართველო შეუერთოს საერთაშორისო ინიციატივას და გახადოს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით წლების მანძილზე იმართებოდა ფიზიკურ რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც ავტორები/მწერლები სტუდენტებსა და მოსწავლეებს უნივერსიტეტებსა და სკოლებში სტუმრობდნენ, მართავდნენ შეხვედრებს და მათთან ერთად კითხულობდნენ. ასე ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პანდემიის გამო ღონისძიების წლევანდელი ფორმატი განსხვავებულია. 2021 წლის ღონისძიება ონლანრეჟიმში, საკონფერენციო პლატფორმების მეშვეობით გაიმართება.

ექვსი წლის წინ ასოციაციის იდეა მრავალმა სკოლამ თუ უმაღლესმა სასწავლებელმა აიტაცა. ეწყობოდა შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, მწერლებთან. ყოველწლიურად იზრდებოდა დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა, ვფიქრობ, ბევრი სასწავლო დაწესებულება თუ ორგანიზაცია მაინც ემზადება ამ კვირეულისთვის, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ წიგნის პოპულარიზაციაში.

მეორე სემესტრიდან სკოლათა ნაწილი პირდაპირ სწავლებას დაუბრუნდა, ნაწილში კი ისევ გრძელდება დისტანციური სწავლება. იმედია, მალე ყველა მოსწავლე და მასწავლებელი დაუბრუნდება სასკოლო სივრცეს, თუმცა მანამდე გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას დაწყებითი  კლასის მოსწავლეებისთვის, რათა ამ ჟესტით გამოვეხმაუროთ წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს  როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური სწავლების შემთხვევაში.

დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის, ვფიქრობ, უცხო არ არის „დიდი წიგნების“ შექმნისა და მისი ერთობლივი კითხვის, როგორც მეთოდის სარგებელი (დანართი 1).

„ერთობლივი კითხვა საუკეთესო მეთოდია გაწაფული კითხვის საბაზისო უნარების გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ტექსტების გააზრებულად წაკითხვას. ეს არის დამწყებ მკითხველებთან სამუშაო მეთოდი, რომელიც ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში მასწავლებელი საჩვენებელი კითხვით აცნობს ტექსტს მოსწავლეებს, ხოლო მეორე ნაწილში კითხვის პროცესში მოსწავლეებიც ერთვებიან. სასურველია, მასწავლებელმა განსკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს ამ მეთოდის სისტემურ გამოყენებას. ერთობლივი კითხვისთვის გამოიყენება,  როგორც მხატვრული, ისე საინფორმაციო ტიპის ტექსტები. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ტექსტები იყოს მოსწავლეთა შესაძლებლობების შესაბამისი სირთულის, რათა ბავშვებში დემოტივაცია და იმედგაცრუება არ გამოიწვიოს“.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისთვის გთავაზობთ „დიდი წიგნის“ შექმნის ვარიაციებს იმ განსხვავებით, რომ მას მასწავლებლის ნაცვლად თავად მოსწავლეები ქმნიან, აწყობენ და უკითხავენ თანატოლებს.

რესურსი:   A3 და  A4 ზომის ფორმატები თეთრი და ფერადი, ფერადი მარკერები, ფერადი ფანქრები, წებო მაკრატელი, ფერადი ლენტები, კომპიუტერული მოწყობილობა.

ვარიანტი N1:

მოსამზადებელი ეტაპი:

კლასს ვყოფთ 4-5-მოსწავლიან ჯგუფებად. სასურველია მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა უნარები და ჯგუფები დააკომპლექტოს ისე, რომ მასში სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლე აღმოჩნდეს.

  • შევარჩევთ ტექსტს/ტექსტებს, რომელიც გვინდა, რომ ერთობლივი კითხვის მეთოდით დავამუშაოთ;
  • ვბეჭდავთ ტექსტს იმ შიფტით, რომ ასოები დაახლოებით იყოს 5 სმ, თაბახის ფურცელი კი სასურველია იყოს პასტელური ფერის;
  • ვეძებთ და ვბეჭდავთ ეპიზოდების შესაბამის გრაფიკულ ნახატებს გარემოთი, პერსონაჟებითა და შინაარსის აღქმისთვის საჭირო ატრიბუტიკით.
  • შემდეგ ჯერზე ჯგუფს ვუკითხავთ მათთვის გამზადებულ ტექსტს, ვაჩვენებთ ანმაციასაც (შეიძლება თავად მასწავლებელმაც შექმნას), რადგან იგი აადვილებს ტექსტის აღქმას;
  • ვსვამ კითხვებს და ვამოწმებ, ნამდვილად სწორად გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა ტექსტი.

წიგნის შექმნის ეტაპი:

მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრები კარგად გაიგებენ ტექსტის შინაარსს, გადავდივართ წიგნის შექმნის ეტაპზე.

  • მოსწავლეებს ურიგდებათ არეული სახით ჯერ ტექსტი და შემდეგ უკვე გრაფიკული სურათები, რომლებიც უნდა დაალაგონ ტექსტის შინაარსის შესაბამისად. დალაგებისას უნდა გაითვალისწინონ, რომ „დიდი წიგნის“ ერთ (კენტი ნომრის) გვერდზე შეიძლება მხოლოდ ორ თაბახზე არსებული ტექსტი მოთავსდეს, მეორე (ლუწი) გვერდისთვის კი მათ უნდა შეარჩიონ და ააწყონ ეპიზოდის შესაბამისი ილუსტრაცია;
  • სწორად დალაგების შემდეგ ხდება ილუსტრაციების დამუშავება: გაფერადება, გამოჭრა, დაწებება, ფონის შექმნა, დახატვა;
  • დახარისხების შემდეგ მოსწავლეები აწებებენ ტექსტსა და ილუსტრაციებს A3 ზომის ფორმატებზე, იკინძება და მუშავდება ყდა (ყდა სასურველია იყოს განსხვავებული ხასხასა ფერის), რომელზეც უნდა დაიტანონ ავტორი, სათაური და პერსონაჟების გამოსახულება.

წიგნის საჯაროდ კითხვის ეტაპი:

როცა ყველა ჯგუფი დაასრულებს წიგნზე მუშაობას, შექმენით წარდგენის გრაფიკი. თითო წიგნს სასურველია დაუთმოთ ორი გაკვეთილი.

  • წარდგენას საჩვენებელი კითხვით თავად მოსწავლეები გააკეთებენ. კლასის სხვა მოსწავლეებს გააცნობენ ყდას, ავტორს, სათაურს, ილუსტრაციებს. გამოათქმევინებენ ვარაუდებს და შემდეგ წაუკითხავენ მთლიანად ტექსტს (მსმენელი მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება, თუ როლებად წაიკითხავენ); კითხვისას მოსწავლეები ცდილობენ ტექსტს თითი ან საჩვენებელი ჯოხი გააყოლონ;
  • ბოლოს მასწავლებელი ავალებს ყველა მოსწავლეს ერთად, გუნდურად წაიკითხონ სრული ტექსტი. მასწავლებელი ცდილობს, ჩუმად იყოს და მხოლოდ ჯოხი გააყოლოს ტექსტს, რათა ბავშვებს გაუადვილდეთ კითხვა.

მეორე გაკვეთილზე მასწავლებელს შეუძლია ჩაატაროს განვრცობის აქტივობები. მოიფიქროს მრავალფეროვანი დავალებები ტექსტის ირგვლივ და პროდუქტიულად ამუშაოს კლასი.

წიგნები რჩება საკლასო ოთახში, რათა მოსწავლეებს მიეცეს მათი ხშირი დათვალიერება-გადაკითხვის საშუალება.

ვარიანტი N2

მასწავლებელს შეუძლია შეუთანხმდეს სხვა პარალელური ან დაბალი კლასის მასწავლებლებს. საკუთარ მოსწავლეებს კი სთხოვოს მათ მიერ შექმნილი „დიდი წიგნი“ წარადგინონ და საჯაროდ ამავე პრინციპით წაუკითხონ მოსწავლეებს. სურვილის შემთხვევაში განვრცობის აქტივობებზე შესაძლებელია თავად ამ კლასის მასწავლებელმაც იმუშაოს.

ვარიანტი N3

სთხოვეთ სხვა კლასის (მეტწილად საშუალო საფეხურის) მოსწავლეებს, ჩაერთონ პროექტში. თქვენთან კოორდინირებული მუშაობითა და თქვენი ფასილიტაციით შექმნან მსგავსი ტიპის წიგნი, წაუკითხონ ან გაკვეთილი ჩაუტარონ თქვენს მოსწავლეებს.

მიეცით შემდეგი რჩევები:

  • ისაუბრეთ წიგნის სტრუქტურაზე, ავტორზე, სათაურზე, მხატვარზე;
  • აუხსენით, რის სწავლას შეძლებენ ამ გაკვეთილზე;
  • შესთავაზეთ „ილუსტრაციებში გასეირნება“;
  • გამოათქმევინეთ მოსწავლეებს ვარაუდები;
  • წაუკითხეთ ტექსტი მკაფიოდ, გამოთქმით; გზადაგზა შეყოვნდით და განუმარტეთ ტექსტი, დაუსვით დამაზუსტებელი კითხვები;
  • ახალ გვერდზე გადასვლამდე სთხოვეთ მოსწავლეებს, ივარაუდონ მომდევნო გვერდის შინაარსი და წაკითხვის შემდეგ შეადარონ ტექსტს;
  • კითხვის დასრულების შემდეგ კი მიეცით მოსწავლეებს საშუალება ისაუბრონ კითხვის შედეგად მოგვრილ ემოციებზე.

მოგეხსენებათ საშუალო საფეხურის მოსწავლეები უკვე სწავლების ისეთ ეტაპზე არიან, რომ სამომავლო პროფესიაზე უწევთ ფიქრი. სცადეთ, იქნებ რომელიმემ სწორედ ამ გაკვეთილის შემდეგ გადაწყვიტოს მასწავლებლობა.

ვარიანტი დისტანციური სწავლებისთვის

ზემოთ აღნიშნული აქტივობების ონლაინსივრცისთვის მორგება უმარტივესია, თუ, რა თქმა უნდა, მცირედით მაინც ფლობთ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. სხვა მაღალი კლასის (თუნდაც იმ კლასის, რომელსაც ერთ დროს ასწავლიდით) მოსწავლეების დახმარებით შექმენით ელექტრონული წიგნი. მუშაობის პრინციპი იგივე იქნება, იმ განსხვავებით, რომ ტექსტის შესაბამისი ანიმაციები თუ ნახატები შეგიძლიათ მათთან ერთად ან მათი დახმარებით მოძებნოთ და წიგნის ეფექტით ააწყოთ Power Point-ში, bookcreator.com-ში ან ნებისმიერ სხვა მსგავს პროგრამაში. მათთან ერთად დაგეგმოთ და მოიფიქროთ სახალისო აქტივობები, მოიწვიოთ თქვენი კლასის გუნდში, რათა ეკრანის გაზიარებით საჯაროდ წაუკითხონ ტექსტი მოსწავლეებს და ჩაატარონ გაკვეთილი.

ბოლოს, პროექტის დასასრულ, თუ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა მოგეცემათ, შეგიძლიათ თავად  ავტორიც კი მოიწვიოთ და ჩართოთ პროექტში. დამიჯერეთ ეს ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები იქნება თქვენი მოსწავლეებისთვის.

 

დანართი #1

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული, G-PRIED-ის სასწავლო პროექტი, 2015 წ.

https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“