კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

სახელმძღვანელო „რთული“ მოზარდების მშობლებისთვის

თუ თქვენს ოჯახში „რთული“ მოზარდი ცხოვრობს, ეს სტატია საინტერესო იქნება თქვენთვის. აქვე გეტყვით, რომ „მარტივი“ მოზარდები არ არსებობენ. გარდატეხის ასაკი თავისთავად გულისხმობს სირთულეებს.

გაგაცნობთ ფრაგმენტს პატრიცია ზურიტა ონას წიგნიდან „რთული მოზარდი“.

კალიფორნიელმა კლინიკურმა ფსიქოლოგმა პატრისია ზურიტა ონამ პროფესიული საქმიანობა სკოლის ფსიქოლოგობით დაიწყო. დღეს მას ბავშვებთან, მოზარდებსა და ზრდასრულებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. ის დახმარებას უწევს ადამიანებს, რომლებიც შფოთვით აშლილობებს და ემოციების რეგულაციის პრობლემებს უჩივიან. არის მრავალი საერთაშორისო ასოციაციისა და ფონდის წევრი.

 

„მე ხშირად ვესაუბრები მშობლებს, – გვიყვება პატრიცია ონა, – „რატომ მიწევს ამდენი სირთულის გადალახვა? რატომ მიწევს ამდენი მუშაობა საკუთარ თავზე ინდივიდუალურად თუ ჩემს მოზარდ შვილთან ერთად? ის ხომ უბრალოდ ვალდებულია, აკეთოს ის, რაც მისი ასაკის ბავშვს ევალება? და საერთოდაც, ხომ უნდა გვიჯერებდეს უფროსებს?“ ამ და მსგავს კითხვებზე თითქმის არასოდეს მაქვს იდეალური პასუხი, – აღიარებს ფსიქოლოგი. – თავადაც ძალიან მინდა ვიცოდე, რატომ იქცევიან მოზარდები ასე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცი“.

მშობელს არ შეუძლია საკუთარი შვილის ქცევის კონტროლი. და კიდევ ერთი არცთუ სასიამოვნო ამბავი: არ არსებობს მეთოდი, რომელიც გარანტირებულად გასწავლით, როგორ მოახერხოთ, რომ მოზარდმა ყოველთვის პოზიტიურად უპასუხოს უფროსების დარიგებას თუ შეგონებას. ადამიანებს შორის ნებისმიერი ურთიერთობა მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას და არც მოზარდებთან ურთიერთობაა გამონაკლისი.

მოდი, ახლა ერთი კონკრეტული და, სავარაუდოდ, ტიპური შემთხვევა განვიხილოთ.

ორშაბათს საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ სალომეს კარის შეღებისთანავე თხუთმეტი წლის ნათიას ყვირილი ესმის: „ამ საღამოს მეგობრებთან უნდა წავიდე და იქვე დავრჩე!“ გაოცებული სალომე შვილს ახსენებს, რომ შაბათ-კვირას უკვე გაათია ღამე მეგობართან, ახლა კი სასწავლო კვირის დასაწყისია, გაკვეთილებს უნდა დაესწროს, იმეცადინოს… მოზარდი არ ეპუება და ყვირილით განაგრძობს, რომ თუ არ გაუშვებენ, საერთოდ არ წავა სკოლაში და ოთახიდანაც კი არ გამოვა. ამის შემდეგ უკვე დედა იწყებს ყვირილს და ოთახში ჩაკეტილ ნათიას კარზე უკაკუნებს: „რატომ იქცევი ასე? ხომ იცი, რომ კვირის ბოლომდე სადმე წასვლის და ღამით დარჩენის ნებართვას ვერ მიიღებ?“

ასეთი ინცინდენტები ამ ოჯახში ძალიან გახშირდა, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. დედა გრძნობს, რომ ურთიერთობა მასა და მის შვილს შორის სულ უფრო რთულდება, ნათია სულ უფრო მეტად დისტანცირდება მშობლებისგან.

„თუ თქვენს ოჯახში ცხოვრობს მოზარდი, რომელიც საკუთარ ემოციურ მგრძნობელობას ვერ აკონტროლებს, გეცოდინებათ, რომ მას შიგნით ემოციების „ჩამრთველ-გამომრთველი“ აქვს. ის ძალიან ხშირად, სწრაფად და დიდი სიძლიერით ირთვება ხოლმე, რასაც მშობლები ზოგჯერ აკონტროლებენ, ზოგჯერ – ვერა. ბუნებრივია, მშობლები ცდილობენ, რაღაცნაირად, ცოტათი მაინც მოათვინიერონ ემოციური აფეთქებები. ჩემი მიზანია, – განმარტავს ავტორი, – მშობლებს შევთავაზო, დაკვირვებით შეხედონ მოზარდი შვილის აღზრდის პროცესში შექმნილ სიტუაციებს, რათა მისი მხარდაჭერის ახალი და უკეთესი ხერხების მოფიქრება შეძლონ.

 

სავარჯიშო მშობლებისა და აღმზრდელებისთვის:

„გაიხსენეთ რომელიმე რთული სიტუაცია. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ დროს. შეეცადეთ, ეს მომენტი მკაფიოდ წარმოიდგინოთ. შემდეგ თქვენს დღიურში ჩაწერეთ პასუხები, აი, ასეთ კითხვებზე:

  • რამ მისცა ბიძგი სიტუაციის დაძაბვას?
  • რა იგრძენით ამ სიტუაციაში? (ჩაინიშნეთ ფიქრები, გრძნობები და ფიზიკური შეგრძნებებიც კი)
  • როგორი რეაქცია გქონდათ აღნიშნულ სიტუაციაზე?

მოდი, ახლა სტატიის დასაწყისში აღწერილ შემთხვევას მივუბრუნდეთ და პუნქტების მიხედვით განვიხილოთ.

პირველი პუნქტი: ნათია ითხოვს მეგობრებთან ღამისთევით წასვლას.

მეორე პუნქტი: დედის განცდები, გრძნობები, შფოთვა: რატომ ითხოვს დღეს ისევ წასვლას, როცა იცის, რომ ეს არ არის სწორი? ჩვენ ხომ ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ საკითხზე? რა სჭირს? რატომ უნდა ასე ძალიან სიტუაციის დაძაბვა? საშინლად ვგრძნობ თავს.

მესამე პუნქტი: ვუხსნი ჩემს შვილს, რატომ არ ვუშვებ, მერე ყვირილს ვიწყებ.

გთავაზობთ, კიდევ უფრო დაკვირვებით განიხილოთ ეს პრობლემური სიტუაცია და შეეცადოთ, უპასუხოთ ორ კითხვას:

  1. თქვენი აზრით, რატომ იქცევა ნათია ასე?
  2. თქვენ რატომ იქცევით ასე?

მოდი, წარმოვიდგინოთ სალომეს მდგომარეობა: ნათია თავის ოთახში იკეტება, დედას უყვირის და ემუქრება, სალომე კი დაზაფრული, გამოფიტული და სასოწარკვეთილია და არ იცის, როგორ მოიქცეს. თუ მოახერხებთ, – განაგრძობს პატრიცია ონა, – და დისტანცირდებით ამ კონფლიქტისგან, რათა კარგად გაერკვიოთ მის არსში, დაინახავთ, რომ მოზარდის ქცევამ პროვოცირება გაუწია დედის ქცევას, ხოლო დედის რეაქციამ ბიძგი მისცა შვილის საქციელს. ანუ მშობლის/აღმზრდელის და მოზარდის ქცევები ურთიერთგამაპირობებელია. კონფლიქტურ სიტუაციაში უფროსები და ბავშვები ერთმანეთს პასუხობენ ზუსტად ისეთი ქცევებით, რომლებიც მათ თანდათანობით დაისწავლეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები რამენაირად ხელს უწყობს ურთიერთობების დალაგებას. მშობლებმა იციან, რომ თუნდაც მოზარდის ყვირილს ყვირილით უპასუხონ და ის დროებით გაჩუმდეს, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს მაინც ვერ გამოასწორებს მათ ურთიერთდამოკიდებულებას. ის კი არა, უმეტესად უფრო ამძიმებს სიტუაციას.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მინდა, მშობლებს კიდევ ერთი სავარჯიშო შევთავაზო: გაიხსენეთ უახლოესი კონფლიქტი თქვენ და თქვენს შვილს შორის. ეცადეთ, ჩაიწეროთ ყველა საყვედური, რაც ამ დროს მოგდით თავში თქვენს შვილზე. შემდეგ თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ და წაიკითხეთ ის, რაც დაწერეთ. ყურადღებით დააკვირდით ყველა რეაქციას, რომელიც ამ მომენტში გაგიჩდებათ. რამე გაგახსენდათ? ემოციები თუ ქმედებები? თუ ფიზიკური შეგრძნებები? როგორმე მოახერხეთ და ჩაიწერეთ ეს ყველაფერი. დააკვირდით, როგორ გავლენას ახდენს თქვენი ფიქრები კონფლიქტის მოგვარების უნარზე. დარწმუნებული ვარ, ყველა ეს საყვედური სამართლიანია, მაგრამ სიტუაციის მოზარდის გადმოსახედიდან დანახვა დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, რომ ხანდახან მასაც თქვენსავით უჭირს და სტკივა.

შესაძლოა, რომელიმე მშობელს ასეთი ფიქრები მოეძალოს: „მისთვის ყველაფერი სულერთია“; „მე ხომ ყველაფერი გავუკეთე, რაც შემეძლო“; „რაც ჩვენს ოჯახში ხდება, სულ მისი გულგრილობის და უმადურობის ბრალია“. ამ შემთხვევაში მშობელს ორი არჩევანი აქვს, – მიაჩნია პარტიცია ონას, – პირველი: განაგრძოს ნერვიულობა იმის გამო, რომ თქვენი მოზარდი შვილი უხეში და უზრდელია. ეს არჩევანი მას და მის შვილს უფრო მეტ კონფლიქტს და დისტანციას უქადის. მეორე: ის, რომლითაც მშობელი/აღმზრდელი თავს უფლებას აძლევს, მიიღოს, გაიაზროს ეს ფიქრები და განცდები, მერე კი იკითხოს, ეხმარება თუ არა ეს ისინი კონფლიქტის დაძლევაში. მეორე ვარიანტი, რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს, რომ უფროსების ნეგატიური ფიქრები და განცდები უცებ სადღაც გაქრება, მაგრამ ის მაინც უკეთესია, რადგან დროთა განმავლობაში მიხვდებით, როგორი რეაგირება აჯობებს მოზარდთან ურთიერთობის გამოსასწორებლად.

მოზარდებს ძალიან უჭირთ უფროსებთან საუბარი, მით უფრო – როცა საქმე განცდებსა და ემოციებს ეხება. იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როდესაც მოზარდს შესაძლოა მოუნდეს მშობლისთვის რამის ახსნა, საუბარი მაინც იმდენად იძაბება, რომ კვლავ დავა წარმოიშობა. ამდენად, მოზარდების ტიპური არჩევანია საკუთარ თავში ჩაკეტვა, ტკივილის არგაზიარება და მისი გადახარშვა იმდენად, რამდენადაც ეს ამ ასაკის ადამიანს შეუძლია.

მოზარდები არ ამხელენ საკუთრ შფოთვებს, არა იმიტომ, რომ არ სურთ, დაეხმარონ, არამედ იმიტომ, რომ პრობლემებზე საუბარი სისუსტედ მიაჩნიათ და არ უნდათ, მათი ეს „ნაკლი“ სხვებისთვისაც ცნობილი გახდეს.

მშობლებო, გახსოვდეთ: როდესაც დადებითად ცვლით საკუთარ ქცევას, შვილების ქმედებებშიც იწყებთ დადებითი ცვლილებების შემჩნევას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი