უცნაურია, მაგრამ უსუსურობა არცერთი არსებისთვის არ არის იმდენად ხანგრძლივი, როგორც ადამიანისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ზომის თავის ტვინი გვაქვს და ეს „ხარბი“ ორგანო სხეულის წონის დიდ ნაწილს იკავებს მუცლადყოფნის დროიდანვე, იმაზე მეტად ჩამოუყალიბებლები და დამოუკიდებლობისათვის იმაზე მატად მოუმზადებლები ვიბადებით, ვიდრე – სხვა არსებები. მზრუნველ პირზე დამოკიდებულება ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებაა და არა – ახირება. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაზე დამოკიდებულები ვართ იმისათვის, რომ გადავრჩეთ და თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. თუ სხვაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების ზომიერად გამოხატული სურვილი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არსებობის საწყის საფეხურზევე, ირგვლივმყოფები ჩემს უსუსურობას დადებითად შევხდნენ, მათზე ჩემი დამოკიდებულება ბუნებრივად აღიქვეს და ჰქონდათ კიდეც ფუფუნება, ჩემზე, როგორც უსუსურ არსებაზე მშვიდად ეზრუნათ.
როგორ ვრეაგირებთ უსუსურ მდგომარეობაში მყოფ არსებაზე? მაგალითად, გაქცევის სურვილი ხომ არ მოგვიცავს ხოლმე? რატომ? ნუთუ, არაბუნებრივია, რასაც ვხედავთ? რამ შეგვაშფოთა? რამ აგვაღელვა? რატომ ვერ ვუსწორებთ თვალს უსუსურ არსებას? იქნებ, მასზე ვბრაზობთ კიდეც? იქნებ, საკუთარი უმოქმედო უსუსურობა გვაბრაზებს, რომელსაც მისი დაუცველობის წინაშე განვიცდით? ან, თვალს ვარიდებთ, თითქოს, რაღაც სასირცხვილო ჩაიდინა მხოლოდ იმით, რომ უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა? იქნებ, გვაღიზიანებს? რატომ შეიძლებოდა, გავეღიზიანებინეთ? რაზე გვანიშნებს მისი მდგომარეობა, რას გვახსენებს, რატომ ვერ ვუსწორებთ თვალს, რატომ ვერ ვუახლოვდებით? რატომ გვიჭირს, ვესაუბროთ მძიმე ავადმყოფობის მქონე ადამიანს? რატომ გვიჭირს, ბრაზის გარეშე ვუპასუხოთ ჩვენს შვილებს, რომლებიც ჩაგვრის ან ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ? რატომ ვართ მხრებში აწურული, როდესაც მოტირალ ადამიანს ვუყურებთ, რატომ გვიჭირს მასთან მიახლოება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ადამიანი ჩემთვის უახლოესია? რატომ შეიძლება ვბრაზობდე ჩაგრულზე და არა – მჩაგვრელზე?
რატომღაც, სხეულებრივი დაავადების მქონე ადამიანის უსუსურობა გაცილებით მარტივი მისაღებია ჩვენთვის, ვიდრე – ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის ან ძალადობის თუ ჩაგვრის მსხვერპლის.
საზოგადოებაში უსუსურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს იმას, რამდენად გვიხარია ერთმანეთზე დამოკიდებულება, რამდენად მყუდროა ჩვენთვის ერთმანეთზე დაყრდნობა, რამდენად მშვიდად ვართ თუ გვაძრწუნებს იმისი წარმოდგენა, რომ ოდესმე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება სხვაზე ბოლომდე აღმოვჩნდეთ დამოკიდებული. რამდენად გვაშფოთებს აზრი, რომ ვინმემ შეიძლება ოდესმე შეურაცხყოფა მოგვაყენოს და თავდაჯერებულად პასუხის გაცემა ვერ შევძლოთ? რამდენად გვაშფოთებს აზრი, რომ ოდესმე შეიძლება დამოუკიდებლად ვერ შევძლოთ ჩაგვრასთან გამკლავება? ვინ გვეგულება, ვისაც მივმართავთ და მოვუყვებით, როგორ ვერ შევძელით მჩაგვრელთან ან მოძალადესთან გამკლავება?
არსებობს უსუსურობისადმი დამოკიდებულების განმსაზღვრელი გარემოებები, რომლებიც, ამავდროულად, შეიძლება ინარჩუნებდეს ძალადობრივ გარემოს.
- ისტორიული გარემო, რომელშიც დავიბადე – როგორი ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა მაშინ, როდესაც დავიბადე? რამდენად შეეძლო ჩემს მშობელს, საკუთარი თავისთვის მიეცა ფუფუნება, სიხარულით და სიმშვიდით შეხვედროდა ჩემს დაბადებას? რამდენად შეეძლო ჩემი განვითარების წუთები სიხარულით „დაეგემოვნებინა“? რა ხდებოდა ქვეყანაში მაშინ, როდესაც დავიბადე?
ხშირად, როდესაც ძალადობრივ გარემოზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება იმ ისტორიული მოვლენების წვლილი გავიხსენოთ, რომელიც ჩვენ ირგვლივ ვითარდებოდა, პასუხისმგებლობას მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს და დაწესებულებებს ვაკისრებთ. სასურველია, გვახსოვდეს, რომ ის ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, ხშირად, ასახავენ მათგან დამოუკიდებლად მიმდინარე მოვლენებს და მათ ქცევებს, გარემოებების ერთობლიობაც განაპირობებს. - სოციალურ – ეკონომიკური ცვლადები – რატომ არ გვქონდა 90 – იან წლებში აღზრდილ ბავშვებს ფეხსაცმლის მშვიდად გაფუჭების ფუფუნება? რატომ გავიშინაგნეთ განწყობები – „შეცდომის დაშვება უპატიებელია,“ „შეცდომის დაშვებას შეუქცევადი შედეგები მოჰყვება,“ „შეცდომის დაშვებისთვის მკაცრად დაისჯები“? ერთ – ერთი გარემოება, რითაც შეიძლება ამ რწმენების ჩამოყალიბება და მათი გაშინაგნება ავხსნათ, სიდუხჭირეა, რომელშიც უამრავი ადამიანი ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს. სიდუხჭირისგან გამომდინარე, ადამიანებს არ ჰქონდათ ფუფუნება, მშვიდად დაეშვათ შეცდომები, მშვიდად გაფუჭებოდათ ნივთები, რადგან შემცვლელით უზრუნველყოფა იმდენად მარტივი არ იყო, როგორც ეს ნაკლებად დუხჭირ საზოგადოებაში იქნებოდა. ხშირად, მშობლები ბრალეულობის განცდას განიცდიდნენ, რადგან არ შეეძლოთ შემცვლელი მარტივად შეეთავაზებინათ თავისი შვილებისთვის. მეტიც, მათი უმრავლესობა, დიდი ალბათობით, დეპრესიის ეპიზოდს მაინც ებრძოდა, თუმცა, ცდილობდნენ, მარტო გამკლავებოდნენ ამ მდგომარეობას. სამწუხაროდ, ისინი ფიქრობდნენ, რომ „მათი „წუწუნის“[1] დრო არ იყო.“
- თავდაჯერებულობის ნაკლებობა და დაუცველობის მოლოდინი – მშობლების განსაზღვრულმა ნაწილმა არ იცოდა, როგორ დაეცვა შვილი ჩაგვრისა და ძალადობისაგან, რადგან არ იცოდა, რა მოჰყვებოდა შვილის დაცვის მცდელობას. მაგალითად, მშობლების ნაწილმა არ იცოდა, ვისთვის მიემართა, თუ მისი შვილი მჩაგვრელი ან ძალადობრივი ქცევის სამიზნე აღმოჩნდებოდა, შეიძლებოდა თუ არა ჰქონოდა ვინმეს იმედი, არ იცოდა, რა მოჰყვებოდა, თუნდაც, მჩაგვრელის მშობელთან საუბარს, ეშინოდა, რომ ვინმე დაუფიქრებლად ხელყოფდა შვილის სიცოცხლეს ან ჩაგვრის გაძლიერებისთვის გაიმეტებდა. აქედან გამომდინარე, აუფასურებდა ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტს მაშინაც კი, როცა შეიძლებოდა, მის თვალწინ განვითარებულიყო მოვლენები, არჩევდა თავისი შვილი განერიდებინა ძალადობრივი გარემოსთვის. მაგალითად, გადაეყვანა სხვა სკოლაში, სხვა გზით ევლო სახლამდე და ა. შ. მართალია, ეს მიდგომები, განსაზღვრულ შემთხვევებში, ძალადობრივ გარემოსთან გამკლავების გზებად ითვლება, თუმცა, მხოლოდ მსხვერპლის განრიდებით ძალადობრივი გარემო არ იცვლება, ძალადობა და ჩაგვრა უპასუხოდ რჩება.
- მსხვერპლის დადანაშაულება და მასში პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერება – როდესაც ადამიანი ჩაგვრის ან ძალადობის მსხვერპლია, იმას ნიშნავს, რომ ის მჩაგვრელის და მოძალადის წინაშე უსუსური და დაუცველი აღმოჩნდა. ადამიანებს გვიჭირს, დავიჯეროთ, რომ ზოგჯერ სამყარო სამართლიანობის ჩვენეული წარმოდგენების თანახმად არ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ძალადობა გავამართლოთ. ასეთ დამოკიდებულებას აღწერს ზოგიერთი ადამიანი თავისი ოჯახის წევრისაგან: „დაიმსახურებდი, ალბათ,“ „რაღაც ისეთი თუ არ გააკეთე, ხელს რატომ გაგარტყამდა?“
ძალადობისგან ან ჩაგვრისგან ოჯახის წევრის დაცვის მიზნით, ზოგიერთი ოჯახი მასში იწყებს პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერებას. მაგალითად, ის ცდილობს, ძალადობა ან ჩაგვრა თავისი ოჯახის წევრის დაუდევრობით ახსნას და ოჯახის წევრის ძალადობისგან დაცვა წინასწარჭვრეტის უნარის გაძლიერებისკენ მოწოდებით უზრუნველყოს. მაგალითად, ისეთი რწმენები, როგორიცაა „შენ უნდა გცოდნოდა, როგორ ვერ გათვალე?,“ „შენ უნდა აგერიდებინა თავი დროულად, როგორ ვერ გათვალე?“ და ა. შ. აძლიერებს ძალადობის ძალაუფლებას, ათავისუფლებს მოძალადეს ან მჩაგვრელს პასუხისმგებლობისგან და ძალადობაზე თუ ჩაგვრაზე პასუხისმგებლობას ისევ და ისევ მსხვერპლს აკისრებს.
- წესების შექმნა – „არავის უნდა დაეჩაგვრინო,“ „თავი არავის უნდა მოატყუებინო,“ „არავის უნდა გააბედინო…“ წესების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ადამიანებს დაძაბულობაში ამყოფებს და სხვების ქცევის კონტროლის უნაყოფო მცდელობაში ატარებინებს დროს. გარდა ამისა, ჩაგვრის და ძალადობის წინაშე მყოფ ადამიანებს ვუბიძგებთ, ძალადობის მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ, რაც, თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ მოძალადეს ან მჩაგვრელს ვათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან, ხოლო მსხვერპლს ვუბიძგებთ, მოძალადესთან შეგუებისთვის და მისგან ძალადობისა და ჩაგვრის შემსუბუქებისთვის ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც არათუ ამცირებს ძალადობას, არამედ, ხშირად, პირიქით – აძლიერებს. ამ შემთხვევაში, ადამიანები ფიქრობენ, რომ კი არ უნდა განერიდონ მოძალადესთან ურთიერთობას, არამედ – დაუსრულებლად იზრუნონ მოძალადის ქცევებთან თავისი ქცევების არაჯანსაღ შესაბამებაზე.
წესების ეს ერთობლიობა, დროთა მანძილზე, გავრცელდა სავაჭრო – საფინანსო სფეროშიც. მაგალითად, როდესაც მოტყუებულ ადამიანს უთანაგრძნობთ, შეიძლება, სანაცვლოდ მოისმინოთ: „მერე რას მოატყუებინა თავი?“ თითქოს, თავისი ნებით, გაცნობიერებულად მოიტყუა თავი და ისეთ ფინანსურ გარიგებას დათანხმდა, რომელიც მას დააზარალებდა.
- იარლიყების მიკუთვნება – ხშირად, ძალადობის მსხვერპლს ადამიანები ისეთ იარლიყებს აკუთვნებენ, რომელიც მას აკნინებს. მაგალითად, თუ მან არჩია, ძალადობრივი გარემოდან გაქცეულიყო, შესაძლოა, მას „სუსტი“ ადამიანის იარლიყი მიაკუთვნონ. მსგავსი იარლიყის მიკუთვნება კი იმას გულისხმობს, რომ ირგვლივმყოფები უგულებელყოფენ იმ გარემოებების ერთობლიობას, რომელიც ადამიანს, მაგალითად, გაქცევისკენ უბიძგებს და, შესაძლოა, განსაზღვრულ გარემოებებში ეს იყოს გამკლავების ჯანსაღი გზა. მსგავსი იარლიყებიც აძლიერებს მოძალადისა და მჩაგვრელის გავლენას ჩაგვრისა და ძალადობის წინაშე მყოფ ადამიანზე, რადგან ის კარგავს იმის იმედს, რომ მის ქცევებს უსიამოვნო ემოციების აღმძვრელი იარლიყების გარეშე შეაფასებენ, თავს შერცხვენილად და მიუსაფრად გრძნობს, რაც მას აიძულებს, დახმარების და მხარდაჭერის ძიებაზე უარი თქვას.
- „მოძალადე ურჩხულია, ხოლო ის ადამიანები, ვინც მსხვერპლს არ ეხმარებიან, გულგრილები არიან“ – ერთი შეხედვით, ეს რწმენა არაფერს აშავებს, თუმცა, ამ ტექსტით ძალადობასთან ბრძოლა ორ საფრთხეს ატარებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩემი პრაქტიკის მანძილზე, დავრწმუნდი, ადამიანებს უჭირთ, საკუთარი ემოციები, აზრები და ქცევები სხვა ადამიანის ემოციების, აზრებისა და ქცევებისაგან გამოაცალკევონ. გარდა ამისა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ, არავინ ვისურვებდით ძალადობის და ჩაგვრის მსხვერპლი ვიყოთ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მოლოდინებისა და რწმენებისგან გამომდინარე, ასევე, არ ვისურვებდით, ასეთი შეფასების შემდეგ, თვალი გაგვესწორებინა იმ ფაქტისთვის, რომ ჩვენზე ძალადობენ.
ძალადობაზე რეაგირება გვიჭირს, რადგან ადამიანები, გაუცნობიერებლად ვფიქრობთ, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ვინ შეძლებს ძალადობის მსხვერპლზე ზრუნვას, ჰყავს თუ არა მას მხარდამჭერი ადამიანები, რომელთა იმედი შეიძლება ჰქონდეს? რამდენად დამოკიდებულია მსხვერპლი მოძალადეზე? ხომ არ დააზიანებს დახმარების მცდელობა ძალადობის მსხვერპლს და ა. შ.? ან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩემთვის დაუცველთან გამოსარჩლებას? ვინ დამიცავს მე?
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენც დავიწყოთ ძალადობის ფაქტის გაუფასურება, თავი დავირწმუნოთ, რომ არ შევსწრებივართ, ვერ დავინახეთ და ა. შ., რადგან არავის მოსწონს, ერთი მხრივ, საფრთხის განცდა და მოლოდინი, ხოლო, მეორე მხრივ, სირცხვილის განცდა. ამიტომ, საფრთხისა და შერცხვენისგან განრიდებისთვის შეიძლება ისიც კი არ მოვიმოქმედოთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო.
- „მიზეზებს ეძებთ? ანუ, ძალადობას ამართლებთ?“ – ძალადობას და ჩაგვრას ისევე აქვს მიზეზები, როგორც ალტრუისტულ ქცევას. როდესაც ძალადობის მიზეზების ძებნას მისი გამართლების მცდელობასთან ვაიგივებთ, ჩვენ მის წინაშე სრულად განიარაღებულნი ვრჩებით. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალადობა არსაიდან, უმიზეზოდ წამოიქმნება, გზას ვუკეტავთ ამ საკითხის კვლევის აუცილებლობას. მათ შორის, ადამიანებს ვაჩუმებთ, როდესაც შეიძლება, მათი ნათქვამები იმ სოციალური გარემოებებისა და განწყობების ერთობლიობას ასახავდეს, რომელიც ამ დრომდე მოუგვარებელია და მათი სახით ძალადობის შემანარჩუნებელი ფაქტორების მთელი ერთობლიობა არსებობს.
ძალადობის გამართლება ჟღერს ასე: „ღირსი იყო,“ „დაიმსახურებდა,“ „რაც უნდოდა, ის მიიღო“ და ა. შ.
მიზეზების ძიება კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვსვამთ კითხვას და ვცდილობთ, პასუხი გავცეთ კითხვას: „რას შეიძლებოდა განეპირობებინა ძალადობრივი ქცევების გამოვლენა კონკრეტულ ადამიანში?“
- ძალადობის ცალმხრივი ახსნა – რას ვაშავებთ, თუ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ადამიანზე მხოლოდ იმიტომ იძალადეს, რომ ქალი ან მამაკაცია? როგორც წესი, ამ შემთხვევაში, უგულებელვყოფთ გარემოებების ერთობლიობას და ძალადობა მხოლოდ ერთ ცვლადამდე დაგვყავს, რაც, თავისთავად, მცდარია.
ხშირად, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით, როგორ დავეხმაროთ დაუცველს, ჩვენივე უსუსურობის გაუცნობიერებელი განცდისგან თავდახსნისთვის, ისევ და ისევ დაუცველს და უსუსურს ვამტყუნებთ. ასევე, ვიზიარებთ იმ განწყობებს, რომელიც, ვცადე, დაწვრილებით აღმეწერა. როგორ ვრეაგირებთ ადამიანების უსუსურობაზე? რა გვიპყრია ხელთ, იმისათვის, რომ დაუცველს დავეხმაროთ? ამ კითხვებზე პასუხი კი იმასაც გულისხმობს, როგორ ვუმკლავდებით ძალადობას და ჩაგვრას საზოგადოებაში.
[1] ზოგიერთი ადამიანი საკუთარ მდგომარეობაზე გულწრფელად საუბარს წუწუნს უწოდებს.