კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

პირველი წლის „შემაჯამებელი“ (ნაწილი 1)

„თუ დრო არ გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას.“ ასე იწყებს გოდერძი ჩოხელი თავის რომანს, „ადამიანთა სევდა.“ ხოდა, აქაც, რაღაც ეგეთი ამბავია… ამიტომაც, მეც მას მივბაძავ და ეგრე დავიწყებ.

ეს სტატია არც შემაჯამებელ დავალებას ეხება და არც რაიმე მსგავსს. ეს არის ჩემი მასწავლებლობის პირველი წლის გამოცდილების შეჯამება. უფრო – გახსენება და ზოგადი შეფასება. რა გავაკეთე, რა ვერ გავაკეთე, რა მეგონა და რა – არ მეგონა. მოკლედ, დავიწყებ და ვნახოთ, რა გამოვა.

მოკლე შესავალი

ე. ი. დასაწყისში უნდა ვთქვა, რომ ჩემი საქმიანობა განათლების კოალიციაში, ასევე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტი და სხვა კავშირები, ბუნებრივია, დამეხმარა იმაში, რომ მასწავლებელი გავხდი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლობა პირველად 2015 წელს ვცადე, თუმცა, გასაუბრების შემდგომ ჩემი კანდიდატურა არ შეირჩა.

მიზეზებზე, თუ რატომ მომინდა მასწავლებლობა, ბევრს არ დავწერ. ორი მიზეზი აქვს –  პრაგმატული და მეორე:

  • პრაგმატული – ძალიან ახლოს არის ჩემს საქმიანობასთან და მინდოდა, ეს გამოცდილება მქონოდა;
  • მეორე – ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა სირთულეების გადალახვა და გამოწვევები; მაგალითად, ფეხბურთის თამაშის დროს, ვცდილობდი ყოველთვის ყველაზე რთული მეტოქე „ამეყვანა.“ სხვა სპორტშიც ყველაზე კონკურენტული ადამიანები მიყვარს – მაგალითად, კობი ბრაიანტი; განათლების კოალიციაშიც ვცდილობთ, სულ ასეთ საქმეებს შევეჭიდოთ. მაგალითად, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. მოკლედ, მასწავლებლობა უფრო საკუთარი თავის ტესტი იყო. მეორე მხრივ, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. აქვე ვიტყვი, რომ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული მასწავლებლობისათვის. თუმცა, მაინც გავრისკე. ბუნებრივია, ვაანალიზებდი ყველა იმ რისკს, რაც ამ გადაწყვეტილებას ახლდა (ასეთი კი ბევრი იყო).

რაც შეეხება სკოლებს, პირველი არჩევანი იყო შედარებით პერიფერიული სკოლა, სადაც ბევრი გამოწვევა მექნებოდა. არც თუ ისე ხანგრძლივი ძიებისა და სკოლის ადმინისტრაციასთან ინტერესების თანხვედრის შემდგომ, გავიარე გასაუბრება და ყველა ის პროცედურა, რაც მომეთხოვებოდა. საბოლოოდ, დავიწყე მუშაობა თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში. კონკრეტულად, ორი კლასი მყავდა. ორივე მეშვიდე.

ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე ხანში, ჩემმა მეგობარმა, ამ ჟურნალის მკითხველთათვის ( არა მხოლოდ მათთვის) კარგად ნაცნობმა ნათია ფურცელაძემ დამირეკა და შემომთავაზა, სკოლა ქორალში დამეწყო სწავლება. მოკლედ, იმდენად დამაინტრიგა, რომ სხვა გზა არ მქონდა. შესაბამისად, 2019 წლის სექტემბრიდან არა ერთ, არამედ ორ სკოლაში და 8 კლასში დავიწყე სწავლება.

რა გავაკეთე და როგორ – კორონამდე და კორონას შემდეგ

პირველი ნაწილი – კორონამდე

პირველი დღე და პირველი კვირა, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველივე გაკვეთილზე ჩავაგდე ინტრიგა და დავიწყე სკოლის კრიტიკა (არ გამიჭირდებოდა). თავიდან, მიყურეს, ეს მოგზავნილიაო, მაგრამ შემდეგ, სულ ცოტა ხანში, ძალიან კარგი დისკუსია გავმართეთ. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და, წლის ბოლოს, მე მგონი, ყველანი კმაყოფილები ვართ. მეორე გაკვეთილზე გადამღები ჯგუფი მოვიდა სიუჟეტის ჩასაწერად და ამითაც ძალიან ბედნიერები იყვნენ. მახსოვს, ყველას მაშინ უნდოდა აქტიურობა.

დისკუსიების გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ბავშვები სკოლის გარეთ გამეყვანა, ხანდახან, თუნდაც, სხვა გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე. ბუნებრივია, „გარე გაკვეთილები“ თვითმიზანი არ იყო და გარკვეული გასართობი, განმავითარებელი, დასამახსოვრებელი და დასაფიქრებელი აქტივობები უნდა მომეფიქრებინა. საბოლოოდ, მოვახერხეთ და წავედით უამრავ ადგილას – ექსპერიმენტორიუმი, ილუზიების მუზეუმი, თავისუფალი თეატრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი და ა. შ.

გარე აქტივობებთან ერთად,  მოწვეული სტუმრების მეშვეობით, შევეცადე მათი სააზროვნო არეალის გაფართოებას, ანუ მათ ისეთ თემებზე დაფიქრებას, რაზეც იქამდე არ უფიქრიათ. მსურს, ყველა  ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ასეთები კი, საბედნიეროდ ბევრნი არიან: დაჩი ნანობაშვილი, თემო სუყაშვილი, ნინო ზაუტაშვილი, ირინა ჭოჭუა, ნათია გოცაძე, პავლე თვალიაშვილი.

ასევე, პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაკვეთილებზე ვიდეო რგოლების გამოყენება. ხშირად ვიყენებდი „რადიო თავისუფლების“ ან ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ვიდეოებს. მაგ. ვიდეოში – „ვერის აღმართი შესვენებით“ – მთელი ცხოვრებაა  გადმოცემული. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ბავშვებს სიკეთისაკენ უბიძგებს და სწორი ღირებულებებისაკენ განაწყობს. ვიდეოში – „გარდაცვლილებსაც სჭირდებათ სამართალი“ – უამრავი ისეთი საკითხია, რასაც სამოქალაქო განათლება ასწავლის. როდესაც მოსწავლეებს ვთხოვე, ჩამოეთვალათ ეს საკითხები და დაესაბუთებინათ რატომ, გაკვირვებულიც კი დავრჩი, იმდენი რამე ჩამოთვალეს: უთანასწორობა, სიღარიბე, შრომითი უფლებების არარსებობა, ბავშვთა შრომა, ემიგრაცია და, ამ მხრივ, არსებული პრობლემები, საბინაო პოლიტიკა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უპასუხისმგებლობა, „გამოძიება,“ საზოგადოების როლი და დამოკიდებულება ასეთი საკითხებისადმი და ა. შ.

დაბოლოს, ძალიან მეხმარებოდა დოკუმენტური ფილმები და დოკუმენტური მასალები. მაგალითად, „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს,“ ფანტასტიკური ფილმი, რომელიც ბევრი მიმართულებით დააფიქრებს ადამიანს. ამ მხრივ, სკოლა „ქორალში“ დავიწყეთ დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზება და დიდი გეგმები გვქონდა, სადაც ბავშვებს თავად უნდა გადაეღოთ ფილმები.  თუმცა, პანდემიამ გაგვაჩერა. მიუხედავად ამისა, „ქორალის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის“ ფარგლებში შემდეგი აქტივობები მოვასწარით:

  • ვიზიტი მარნეულის N2 საჯარო სკოლაში და დისკუსია თანატოლებთან;
  • შეხვედრა ნინიშა ჩლაიძესთან (აქტივისტი) ცხოველთა უფლებების შესახებ;
  • შეხვედრა მედეა ხმელიძესთან (ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი) ქალთა უფლებებისა და აბორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად;
  • შეხვედრა სოციალურ მუშაკებთან მათი საქმიანობის გაცნობის მიზნით;
  • შეხვედრა „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამისა და ჟურნალ „მასწავლებლის“ წარმომადგენლებთან;
  • ვიზიტები ქვეშის საჯარო სკოლაში და წეროვანში ოკუპაციის საკითხების განსახილველად;

შედეგად, პირველ რიგში, მივიღე ის, რომ მაქვს კარგი ურთიერთობა ბავშვებთან. მეორე მხრივ, გაიზარდა მათი თვალსაწიერი, ისეთ რაღაცებზე დაიწყეს ფიქრი, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ. გარდა ამისა, სულ სხვა პერსპექტივიდან დაინახეს ის საკითხები ,რასაც მხოლოდ ერთ ჭრილში განიხილავდნენ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე – შეეცვალათ დამოკიდებულება თავად საგნის მიმართ და დაინახეს მისი მნიშვნელობა.

ამ ყველაფრით იმის თქმა ნამდვილად არ მინდა, რომ პირველ წელს დიდი მიღწევები მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, გარკვეული დადებითი ეფექტი მოვახდინე როგორც ბავშვებზე, ასევე სკოლაზე. არა ისეთი, როგორიც მინდოდა, თუმცა – მაინც დადებითი. ბუნებრივია, იმასაც ვაანალიზებ, რომ ჩემი პოზიცია (და კიდევ ბევრი სხვა რამ) დამეხმარა, სხვებისთვის რთულად მისაწვდომი რაღაცები გამეკეთებინა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველას რაღაც შეგვიძლია და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმის მისაღებად.

რამდენად გამომივიდა, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა, ცდა ნამდვილად არ დამიკლია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“