კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

არგუმენტირებული ესე – დაბრკოლებები და მათი გადალახვის გზები

პასუხი კითხვებზე:

  • რა არის ესე?
  • როგორ ფასდება ესე?
  • როგორ დავიწყო წერა?
  • რა ვქნა, თუ ის ვიცი, რომ არაფერიც არ ვიცი…

 

რას ნიშნავს ეს ესე ბოლოს და ბოლოს?

როგორ დავიწყო წერა?

როგორ გადმოვცე აზრი გასაგებად, ნათლად, მკაფიოდ?

როცა სამსჯელო საკითხზე ვფიქრობ, არაფერი მომდის თავში. როგორ უნდა დავიწყო ფიქრი, რომ დავიწყო წერა?

ეს რა თემაა? ამ თემაზე რა უნდა ვთქვა? სულელურ თემებზე ვერ ვფიქრობ! მხოლოდ საინტერესო თეზისებზე მსჯელობა შემიძლია!

მაინც რა არის აბზაცი და როდის უნდა გადავიდე ახალ აბზაცზე?

მოსწავლეებს ვთხოვე, ესეს წერის დროს ხელს რაც გიშლით, რაც გაბრკოლებთ, გაყოვნებთ, „გჭედავთ“ და წერას გაწყვეტინებთ, ის პრობლემები გააცნობიერეთ და კითხვის სახით ჩამოაყალიბეთ-მეთქი.

„კვლევის“ არასრული შედეგი – ზემოთაა. კითხვების დიდი ნაწილი არგუმენტირებასა და სტრუქტურულ თავისებურებებს ეხება. ეს – ცალკე მსჯელობის საგანია.

ახლა ჩემი მიზანი დასაწყისში დასმულ კითხვებზე შეძლებისდაგვარად ამომწურავი და გასაგები პასუხების თავმოყრაა.

 

ესეს რაობა, ჟანრის სპეციფიკა, სტრუქტურული თავისებურებები

რა არის, ბოლოს და ბოლოს, ეს ესე და რით განსხვავდება ის თხზულებისგან ან თავისუფალი თემისგან?

 

დავაზუსტებ – ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტირებულ ესეზე

( ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სწორედ არგუმენტირებული ესეს დაწერა მოეთხოვება აბიტურიენტს).

 

არგუმენტირებული ესე არ არის თხზულება ან თავისუფალი თემა.

ესეში გვევალება წარმოვაჩინოთ საკუთარი მოსაზრება, პოზიცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით. არგუმენტირებულად ( ანუ დამაჯერებელი მსჯელობით) დავეთანხმოთ ან უარვყოთ რაიმე თვალსაზრისი.

მოვაწესრიგოთ ჩვენი ნააზრევი გარკვეული სტრუქტურის გათვალისწინებით.

ესეში არ გვევალება „მივაგნოთ ერთადერთ სწორ პასუხს“

მივაკვლიოთ „ჭეშმარიტებას“

ან

თავი მოვაწონოთ ვინმეს ჩვენი „სწორი“ და „მორალურად გამართლებული“ მსოფლხედველობით.

 

ესე წარმოაჩენს ავტორის უნარს, გასაგებად, ნათლად, მკაფიოდ, დამაჯერებლად გადმოსცეს საკუთარი მოსაზრებები მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

ესეს შეფასებისას ყურადღებას აქცევენ:

  • რამდენად სწორად გაიგო და გაიაზრა ავტორმა მოცემული თვალსაზრისი;
  • როგორ ააგო და მოაწესრიგა სათქმელი წერილობით ( არის თუ არა გამოყოფილი აბზაცები, დაცულია თუ არა ესეს სტრუქტურა – შესავალი/ძირითადი ნაწილი/დასკვნა, შეინიშნება თუ არა ლოგიკური კავშირი აბზაცებს შორის…);
  • როგორ ესმის ავტორს დასმული საკითხი და რამდენად ავლენს ის ერუდიციას, ესმის თუ არა პრობლემის აქტუალობა და რამდენად შეუძლია ამის წარმოჩენა;
  • დამაჯერებელია თუ არა მსჯელობა? არის თუ არა მოშველიებული არგუმენტები და მათი შესაფერისი მაგალითები?
  • ხომ არ არის მსჯელობა შაბლონური, პლაკატური?
  • რამდენად ზუსტია მოშველიებული არგუმენტები?ხომ არ არის დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა?
  • მოწმდება ავტორის ლექსიკური მარაგი და წერილობით ნააზრევის გადმოცემის სტილი;
  • ამოწმებენ ასევე გრამატიკული გამართულობას ( პუნქტუაცია, ორთოგრაფია, სინტაქსი, მორფოლოგია).

 

დასკვნა:

ესე განსხვავდება სხვა ტიპის პროზაული ტექსტებისგან ფორმით და შინაარსით. განსაზღვრულია სტრუქტურა, მსჯელობის თანმიმდევრობა, თემა.

იმისთვის, რომ დავწეროთ არგუმენტირებული ესე, აუცილებელია ჟანრობრივი თავისებურებების გათვალისწინება.

 

 

წერის პროცესი

დაბრკოლება 1-ლი

 – ამაზე რა დავწერო?

ხშირად სწორედ ესაა პირველი რეაქცია სამსჯელო თეზისის გაცნობისთანავე.

 

რჩევა – არ დაკარგო დრო და ენერგია იმაზე დარდში, რა „ცუდი“ და „უვარგისი“ თეზისი მოგივიდა. სულაც რომ „ლურსმანი რბილია“ იყოს სამსჯელო თეზისი, ესე დასაწერია და ამას ვერსად წაუხვალ.

რა გიშველის: ამოიცანი საკვანძო სიტყვები. განმარტე. გაიაზრე ცნებების მნიშვნელობა. მოიშველიეთ ასოციაციური აზროვნება. ატრიალე გონებაში საკვანძო სიტყვები. მოიშველიე თავისუფალი წერის ტექნიკა – შავ ფურცელზე დაიწყე წერა და გადმოიტანე ფიქრის ნაკადი ფურცელზე. გონებაში ან სამუშაო ფურცელზე დახატე ასოციაციური რუკა.

მაგალითად, თეზისში ნახსენებია რაიმე ცნება, ვთქვათ, ქსენოფობია.

„აუშვი აფრები“ – ქსენოფობია ->უცხოსა და განსხვავებულის მიუღებლობა->პროტესტი და აგრესია->რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი->რა პრობლემებს იწვევს…და ა.შ. – საბოლოო ჯამში, საფიქრალი და სამსჯელო ჩარჩო შემოიხაზება.

 

არ არსებობს ცნება და სიტყვა, რომელზეც ( თუ, ცხადია, მნიშვნელობა გვესმის)ასოციაციები არ აღგვეძვრება. ენდე გონებას და ფანტაზიას.

 

დაბრკოლება მე-2

– როგორ დავიწყო?

რჩევა:

  • შესავალ ნაწილში მოკლედ, ორიოდე წინადადებით მიმოიხილე სამსჯელო საკითხი, ოღონდ სხვა სიტყვებით – ციტირება დაუშვებელია ( არ გაიმეორო იგივე, რაც წერია, მაგალითად, თუ გამოყენებულია ფრაზეოლოგიზმი, ვთქვათ, „ფეხს იკიდებს“ ან „ხელს უწყობს“, თქვი სათქმელი სხვაგვარად. „გაშიფრე“ სიტყვათშეთანხმება);
  • დასვი კითხვა, რომელზეც ააწყობ მსჯელობას – ეს მარტივი და კარგი გამოსავალია. დასმულ კითხვაზე მსჯელობას ძირითად ნაწილში ააწყობ;
  • მიმოიხილე საკითხის აქტუალობა, წარმოაჩინე, რამდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია პრობლემა დღეს;
  • თუ მაინც ვერაფერი მოიფიქრე, გადადი ძირითად ნაწილზე და შესავალი ბოლოს დაწერე.

 

დაბრკოლება მე-3

-როგორ გადმოვცე აზრი გასაგებად, ნათლად, მკაფიოდ და როგორ მოვაწესრიგო ნაწერი?

რჩევა:

  • წარმოიდგინე, რომ გონიერ, ცნობისმოყვარე მერვეკლასელ მოსწავლეს ესაუბრები. ადრესატის წარმოდგენამ, შესაძლოა, გაგიიოლოს წერის პროცესი.
  • მოსაზრებები გადმოეცი მოკლე და გრძელი წინადადებების მონაცვლეობით და მოერიდე წინადადების „ჩახლართვას“. ჩახლართულია წინადადება, რომელიც აბზაცის დასაწყისში იწყება და ნახევარ/მთელ აბზაცს იკავებს;
  • „შეიყვარე“ წერტილები. დასვი წერტილი და თანმიმიდევრულად გააგრძელე აზრი. რთული ქვეწყობილი წინადადება მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. „მიეძალე“ თანწყობას ან მარტივ წინადადებებს;
  • მნიშვნელოვანი რჩევა: მოერიდე უცხო სიტყვებს, ტერმინებს, ფილოსოფიურ ცნებებს. თუ მაინცდამაინც გამოიყენებ, ძალიან კარგად უნდა იცოდე, რას ნიშნავს და რა კონტექსტში გამოიყენება.
  • მოერიდე შაბლონურ, პლაკატურ, პათეტიკურ, „სადღეგრძელო“ ფრაზებსა და მოწოდებებს.

 

დაბრკოლება მე-4

-აბზაცი

არ არსებობს ზუსტი რეცეპტი, რომელიც ესეში აბზაცების რაოდენობას განგისაზღვრავს. მაგრამ ის კი ზუსტადაა განსაზღვრული, თუ რა არის აბზაცი და რას უნდა მიაქციო ყურადღება ახალ აბზაცზე გადასვლამდე.

 

აბზაცი წინადადებების ჯგუფია. აბზაცი არ არის წინადადებების კალეიდოსკოპი, სადაც შემთხვევითი შერჩევითაა წინადადებები თავმოყრილი. აბზაცში მსჯელობა ერთი თემის, საგნის, საკითხის ირგვლივაა კონცენტრირებული. აბზაცის თითოეული წინადადება თემატურად განსაზღვრულია ამ თემითა და საკითხით.

რჩევა:

  • მოერიდეთ აბზაცის ბოლოს ახალი შინაარსის მქონე წინადადების ჩამატებას.
  • არ დაასრულოთ აბზაცი ახალი მოსაზრების შემცველი წინადადებით.
  • ტექსტის აბზაცები ორი და სამი წინადადებისგან არ უნდა შედგებოდეს (იგულისხმება, რომ პატარა აბზაცები დასაშვებია, მაგრამ თუ მთელი ტექსტი ორ-სამ წინადადებიანი აბზაცისგან შედგება, ე.ი. მსჯელობა არასაკმარისადაა გაშლილი).

 

ყველაფერი, რაც თეორიულად უნდა იცოდე ესეს შესახებ ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია.

ამ წერილშიც და სხვა არაერთ თეორიულ მიმოხილვაშიც დეტალურადაა გაწერილი ესეს სტრუქტურა, ჟანრის სპეციფიკა, მოცემულია რჩევები.

 

თუ მაინც გგონია, რომ ესეს ვერ წერ, რომ ეს „შეუსრულებელი მისიაა“ და რომ შენ ამის ნიჭი, უბრალოდ, არ გაქვს, აიღე კალამი, მოიძიე რომელიმე სამსჯელო თეზისი და დაიწყე წერა ( გამოიყენე ტექნიკა „თავისუფალი წერა“ – ანუ ჩაწერე ყველაფერი, რაც თავში მოგივა, თუნდაც, ის, რომ „ ამ თეზისზე თავში არაფერი მომდის, რა უნდა დავწერო, როცა სიტყვების მნიშნელობასაც ვერ ვხვდები, რას უნდა ნიშნავდეს ეს წინადადება?..“ ან ტექნიკა „ასოციაციური რუკა“ – გამოყავი საკვანძო სიტყვები, შემოხაზე და გაუკეთე „სხივები“, ამ სხივებზე მიაწერე ის ასოციაციები, რაც გიჩნდება. მაგალითად,

 

 

ამგვარი სავარჯიშოების სისტემატურად შესრულების შედეგად მალევე დარწმუნდები, რომ წერილობითი მეტყველება ნაფიქრის, ნააზრევის მოწესრიგების საშუალებაა.

 

თუ თავში რაიმე აზრები გებადება რომელიმე სიტყვის გაგონებისას, ე.ი. წერასაც შეძლებ.

წერას აუცილებლად შეძლებ, თუ დროს არ დაიშურებ და ვარჯიშს არ დაიზარებ.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“