პანდემიამ, სახელად COVID- 19-მა, ყველა ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა და რადგან ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, პირნათლად ვასრულებთ მოწოდებას „დარჩი სახლში!“
ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად ბავშვებს შეეხო, რადგან სკოლას, ეზოს, თამაშს მიჩვეულები შინ გამოიკეტნენ და ირგვლივ ყველა – ოჯახის წევრები, მეგობრები თუ სახელმწიფო მუშაკები ყოველდღიურად მოუწოდებენ 21 აპრილამდე დარჩით სახლშიო. მშობლები თუ მასწავლებლები ათასგვარ საშუალებას მიმართავენ, ასეთ სიტუაციაში რაიმე აქტივობით დააკავონ ბავშვები, ცდილობენ, შინ ყოფნა გაუსაძლისი არ იყოს მათთვის. სოციალურ ქსელში ხუმრობაც კი გავრცელდა, წერენ, რომ „კორონას საწინააღმდეგო ვაქცინას მეცნიერები თუ ვერ გამოიგონებენ, მას უმოკლეს დროში მშობლები შექმნიან“, რადგან მთავარ პრობლემას ბავშვების შინ, ჩაკეტილ სივრცეში გაჩერება და მათთვის საინტერესო აქტივობების მოფიქრება წარმოადგენს.
მართალია!
გაზაფხულია. ბუნება იღვიძებს. ბიოლოგიურად იღვიძებს ადამიანის ორგანიზმიც. მასში მრავალი ცვლილება ხდება და ყველაზე მეტად ახლა სჭირდება ფიზიკური აქტივობა. ბავშვებში ცვლილებები უფრო მოჭარბებულადაა. ეს არის დრო, როცა მათ სხეულს ვარჯიში, სუფთა ჰაერზე გასეირნება, გაკაჟება და სწორი კვება სჭირდება.
ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში I-IV კლასების ფიზიკური აღზრდის კვირეული საათობრივი დატვირთვა ორი გაკვეთილიდან სამ გაკვეთილამდე გაიზარდა, რაც პირდაპირ მეტყველებს განათლებისთვის მნიშვნელოვან ასპექტზე, რომ 6-10 წლის ბავშვების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია სწორი ფიზიკური განვითარება.
„ფიზიკური აღზრდა და სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დისციპლინაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბავშვის, როგორც ფიზიკური, ისე კოგნიტური, მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაში. ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას და გაკაჟებას, სხეულის პროპორციებისა და სწორი ტანადობის ჩამოყალიბებას, მოსწავლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების გაუმჯობესებას“(კიკალიშვილი ლ. გვ.8).
დაწყებით კლასებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს უმეტესად დამრიგებლები ატარებენ. ხშირად მსმენია ამ ასაკის ბავშვებისგან, რომ მათი მასწავლებელი სპორტის ნაცვლად, ქართულის ან მათემატიკის ჩატარებას ამჯობინებს, რაც უარყოფითად აისახება მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე.
ახლა, როცა ქართველი მასწავლებლები თავს არ ზოგავენ და ცდილობენ, ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევას და ალღო აუღონ დისტანციური სწავლების სირთულეებს, ფიზიკური აღზრდის პრობლემამ კიდევ უფრო იჩინა თავი. არა და უმარტივესია, კითხვასა და ანგარიშის სწავლებასთან ერთად, ბავშვებს ავუხსნათ, თუ როგორ ივარჯიშონ სწორად, ასაკის შესაბამისად, თუნდაც სახლის პირობებში. დამერწმუნეთ, ზედმიწევნით და ხალისით შეასრულებენ და დამამტკიცებელ ვიდეოებსაც სიამოვნებით გამოგიგზავნიან.
გთავაზობთ რამდენიმე სახის მარტივ ვარჯიშს I-IV კლასელთათვის:
ვარჯიში შეასრულონ განიავებულ ოთახში, აივანზე ან ეზოში (საკუთარი ეზოს არსებობის შემთხვევაში).
ფიზიკური აღზრდის მოთელვითი ვარჯიშები სულ 5-7 წთ:
დარჩით სახლში და ივარჯიშეთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
გამოყენებული ლიტერატურა:
- ფიზიკური აღზრდა (სახელმძღვანელო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებისთვის) , კიკალიშვილი ლ. და ავტორთა ჯგუფი, თბილისი, 2018.