ბავშვობის ადრეულ ასაკში კონტაქტისა და კომუნიკაციის დამყარების მცდელობები, უმეტესწილად, შეხებით იწყება, რის მეშვეობითაც ბავშვი საკუთარ “მე”-ს გარემოსგან განასხვავებს და, ამავდროულად, კონტაქტს ამყარებს მასთან. როდესაც ბავშვს საშუალებას ვაძლევთ, უსუნოს ყვავილს, შეხედოს ხეს და დააკვირდეს მის დეტალებს, ხელი გადაუსვას კატას, ჩვენ მას შემოქმედებითობის განვითარებისკენ ვუბიძგებთ. როცა ბავშვს პრობლემებისადმი მგრძნობელობა და ხელოვნებისადმი მოქნილი დამოკიდებულება განუვითარდება, ის თავდაჯერებულობასაც შეიძენს და მის გამოყენებას, მოგვიანებით, სხვა სფეროებშიც შეძლებს. იყო შემოქმედებითი, ნიშნავს, ნაცნობ გარემოს სხვადასხვა კუთხიდან შეხედო, აღმოაჩინო ახალი ურთიერთკავშირები იმ საგნებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან იზოლირებულია. შემოქმედებითობა გარემოს მიმართ გახსნილობას, საკუთარი გრძნობების გააზრებასა და გამოცდილების თავისთავადობას მოითხოვს.
მომავლის განათლება: კითხვების დასმა
იმისათვის რომ ნიჭიერი ბავშვების შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარი კიდევ უფრო განვავითაროთ, სავარჯიშოები უნდა შეიცავდეს კითხვების დასმის, შედარებების, პარადოქსებისა და ანალოგიების ელემენტებს.
შეკითხვების როლი განათლებაში
ბევრი მასწავლებლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კითხვების მეშვეობით სწავლება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ფაქტებით. ეს მეთოდი ბავშვების ცნობისმოყვარეობას ზრდის და, შესაბამისად, მათ შეკითხვების დასმისკენ უბიძგებს. მასწავლებლებს ვურჩევთ, გაკვეთილი შემდეგნაირი შეკითხვებით დაიწყონ: “რა ვიცით ამ თემის შესახებ? რას ფიქრობთ ამ თემაზე?” ასეთი მიდგომა გამოიწვევს მოსწავლეს, წინარე ცოდნას გაუაქტიურებს, ან გააცნობს ახალ იდეებს და წაახალისებს, დასვას შეკითხვები თემის გარშემო. ასეთ მიდგომას თან უნდა ახლდეს სავარჯიშოები და ვიზუალური დამხმარე მასალა, რომელიც, მასწავლებლის აზრით, მაქსიმალურად შესაბამისი იქნება ბავშვების პოტენციალთან და შესაძლებლობებთან. გაკვეთილი არასოდეს არ უნდა დამთავრდეს წერტილით. გაკვეთილის ბოლოს ყოველთვის უნდა დაისვას შემდეგი შეკითხვა: “გინდათ, ეს თემა უკეთ შეისწავლოთ, როცა უნივერსიტეტის სტუდენტები იქნებით?” როცა ბავშვი უფრო საფუძვლიანი განხილვების საჭიროებას ხედავს, ის საკითხის უფრო რთული, აბსტრაქტული და სიმბოლური ასპექტების გარჩევასაც შეძლებს. ამავე დროს, სასურველი ინფორმაციის მოპოვებისთვის საჭირო წყაროების შესახებაც დასვამს შეკითხვებს.
შეკითხვების დონეები
შეკითხვების პირველი დონე აღწერითი კითხვების კატეგორიას უნდა მიეკუთვნებოდეს. ასეთი შეკითხვები შეიძლება იყოს: “ვინ რას აკეთებს, როგორ, როდის და სად”. ისინი უკავშირდება აწმყოს, მიმდინარე მოვლენებს, გარემოს და, ზოგადად, ფაქტობრივ ცოდნას. ასეთი შეკითხვები ბავშვისგან არსებული სიტუაციის აღწერას მოითხოვს. მათზე პასუხის გაცემისას ბავშვი საგნების შემჩნევას და აღწერას სწავლობს, იძენს თავდაჯერებულობას სიტუაციის ან პრობლემის აღქმის საკითხში. შეკითხვების მეორე დონეზე გადასვლა შეგვიძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვს სიტუაციის ან პრობლემის დეტალურად აღწერის უნარი გამოუმუშავდება. მეორე დონის შეკითხვებს თავისუფალი ან “რატომ?” ტიპის შეკითხვები ეწოდება და ის “ვინ? როგორ? სად? როდის?” ტიპის შეკითხვებს სხვა ტიპის ინფორმაციასთან აკავშირებს. მეორე დონის შეკითხვების საპასუხოდ, ბავშვმა ინფორმაცია მშობლისგან(ებისგან), მასწავლებლებისგან ან სკოლისგან უნდა მიიღოს. ამ ორი დონის შეკითხვების დასმა აუცილებელია მაშინ, როცა ბავშვს ვასწავლით მოვლენების თუ საგნების ობიექტურად აღქმას, აღწერას და ერთმანეთთან დაკავშირებას.
მხოლოდ ამ ორი ტიპის შეკითხვების შემდეგ ვსვამთ სუბიექტურ შეკითხვებს: “რა ვიცი ამ თემის შესახებ? რას ვგრძნობ? როდის ვნახე ან გამოვცადე რაიმე მსგავსი?” ასეთი შეკითვები, ხშირად, ემოციურ ჩართულობას მოითხოვს, რომლისთვისაც ბავშვებს წინა ორი დონის “ობიექტურ” შეკითხვებზე მუშაობისას ვამზადებთ. ამ ეტაპზე ბავშვები სხვადასხვა კუთხიდან განიხილავენ პრობლემას, აკეთებენ ასოციაციებს და ეძებენ ანალოგიებს, რაც მათ მოქნილობას და ჩართულობას ზრდის, რადგან პროცესში საკუთარ ცოდნასა და გრძნობებს დებენ. უცნობი პრობლემა ამ ეტაპზე ნაცნობი ხდება. შეკითხვების წრე იხსნება და იქმნება “სპირალი”, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ბედავენ ნაცნობი და უსაფრთხო საზღვრების მიღმა გასვლას.
იმ დროისთვის, როცა ბავშვი პრობლემას საკუთარი ინტელექტითა და ემოციებით აფასებს და, ამასთანავე, სწორ პასუხს “სპირალის” ხვეულში ეძებს, შეგვიძლია გადავიდეთ წარმოსახვით შეკითხვებზე, როგორიცაა “რა მოხდება, თუ ა-ს და ბ-ს დავაკავშირებთ ერთმანეთთან?” ამ შეკითხვაზე რამდენიმე ალტერნატიული პასუხის გაცემამ, შესაძლოა, პრობლემის ამოხსნამდე მიგვიყვანოს _ ეს კი სპირალის კიდევ ერთი საფეხურია. ამ ეტაპზე კიდევ უფრო მეტი სიმამაცეა საჭირო _ წარმოსახვის გამოყენება.
მსჯელობითი შეკითხვები, როგორიცაა: “რა უფრო მნიშვნელოვანია? რა სჯობს?” ალტერნატივებიდან გამომდინარეობს და სპირალის კიდევ ერთი საფეხურით მაღალ დონეს წარმოადგენს. მხოლოდ ამ ეტაპის შემდეგ შეიძლება ვუბიძგოთ მოსწავლეებს მსჯელობისაკენ. უფრო ადრეულ ეტაპებზე მსჯელობის პროცესი შეზღუდული იქნება ასოციაციების სუსტი ჯაჭვის გამო. პრობლემის გამომწვევი ცალკეული მიზეზებისა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაკავშირების ახალი მეთოდების ძებნა უკვე აზროვნების პროცესის ახალ დონეს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ეტაპზე პრობლემა უკვე გადაჭრილია, სასურველია, თუ ბავშვს მოვამზადებთ აწმყოსა და მომავლის დაკავშირებისთვის. ამ მიზნით, ბავშვს შემდეგ შეკითხვებს ვუსვამთ: “კიდევ რა გაინტერესებს ამ პრობლემის შესახებ? რა შეგიძლია გააკეთო ამ პრობლემასთან დაკავშირებით?” ასეთი შეკითხვები ერთგვარი გამოწვევაა, მის ცნობისმოყვარეობას აღვიძებს და, შესაძლებლობებისა და საზღვრების დასადგენად, ფანტაზიის უნარს უაქტიურებს. ამგვარი შეკითხვები არსებითად მნიშვნელოვანია, რად-გან ბავშვის გულში იმედს ბადებს მის მიღწევებთან და მომავალში საკაცობრიო მნიშვნელობის საკითხებში ჩართულობასთან დაკავშირებით.
ამ პრინციპების დაცვა ბავშვს, მისი პირადი შესაძლებლობების გამოყენებით, წარმატების მიღწევისკენ უბიძგებს. გარდა ამისა, ბავშვი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მას ყველაფერი არ ესმის, თუმცა შეუძლია, დასვას შეკითხვები ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც მას აკვირვებს. და ბოლოს, აღნიშნული მიდგომა მომავალზე ფიქრისა და მასზე მსჯელობის საფუძველი ხდება.
შეკითხვები მომავალზე
შეკითხვების მეშვეობით, ბავშვებს მოქმედებისკენ ვუბიძგებთ, ერთი მხრივ, ინტელექტუალურ დონეზე, რაც შემდეგ მოტივაციად იქცევა და, მეორე მხრივ, პრაქტიკულ დონეზე. შეკითხვების დასმა მათ დამატებითი შეკითხვების მოფიქრებასა და პრობლემის არსისა და მისი შედეგების უკეთ გაცნობაში ეხმარება. საბოლოო ჯამში, ბავშვები პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი თავისა და საზოგადოების მიმართ.
მომავალიკიდევ რისი გაკეთება შემიძლია?
განსჯარა უფრო მნიშვნელოვანი, უკეთესია?
წარმოსახვარა მოხდება თუ …?
სუბიექტურირას ვგრძნობ მე ………….-თან დაკავშირებით?
თავისუფალირატომ?
აღწერითივინ, რა, სად, როდის, როგორ?
შეკითხვების სპირალური გამოსახულება
დღევანდელ ფაქტებსა და მომავლის გამოწვევებს შორის კავშირების გავლება შემოქმედებითი შეკითხვების მეშვეობით შეგვიძლია. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებს ვასწავლოთ, რა იფიქრონ, უმჯობესია, მათ ისეთი კითხვების დასმა ვასწავლოთ, რომელიც პასუხების მიღებაში დაეხმარებათ. კითხვების დასმით, ბავშვები ისწავლიან, როგორ დააკმაყოფილონ თავიანთი ცნობისმოყვარეობა, მიუხედავად თითოეული კითხვის თანამდევი უცნობი და მიუღებელი გარემოებისგან გამოწვეული შიშისა. განათლების ასეთი ფორმა არა მხოლოდ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ზრდის, არამედ ბავშვის ემოციურ განვითარებასაც უწყობს ხელს. და ბოლოს, კითხვების დასმა ბავშვებს თავიანთი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების შემოწმებისთვის საჭირო სიმამაცესა და პოტენციურ პრობლემებთან თავის გართმევის ხერხებს შესძენს.
შეკითხვების დასმის წახალისებით, სასიამოვნო სასწავლო პროცესის წარმართვასთან ერთად, ბავშვებში ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის შენარჩუნებას შევძლებთ, გავაღვიძებთ მათი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარს. როცა ბავშვებს სწავლის პროცესი სიამოვნებთ, უფრო აქტიურები არიან და მეტი შეკითხვის დასმასაც ბედავენ. ეს კი, სწავლისა და წარმატებისადმი მუდმივად დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნებას განაპირობებს. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ იმ ინტელექტუალური ხერხების შეძენაში, რაც მომავალში გამოადგებათ.
შეკითხვების დასმის სწავლებით, ბავშვებს ცოდნისა და გამოცდილების შეძენის ხერხებს ვასწავლით, რაც შემდეგი უძველესი ჩინური ლეგენდის ანალოგიური მოვლენაა: ერთხელ, მშიერმა მათხოვარმა მეთევზეს თევზი სთხოვა, რათა ძლიერი შიმშილი დაეკმაყოფილებინა. მეთევზემ უარი უთხრა და, სანაცვლოდ, თევზაობის სწავლება შესთავაზა. მეთევზემ განმარტა, რომ ის თუ დღეს მათხოვარს თევზს მისცემდა, ეს უკანასკნელი მეორე დღეს ისევ მშიერი იქნებოდა, ხოლო თუ თევზაობას ასწავლიდა, მათხოვარი მშიერი აღარასოდეს დარჩებოდა.
ინგლისურიდან თარგმნა
თეო ნეფარიძემ
სტატია წიგნიდან შემოქმედებითობა (სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის)
კომენტარები