ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სკოლის განვითარება და მართვა

ტერმინ „სკოლის განვითარებას“ ხშირად მოიაზრებენ როგორც კრებით ცნებას, რომელიც  მიზანმიმართულ, კარგად გათვლილ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სისტემურ ქმედებებს აერთიანებს და აუცილებლად გულისხმობს პროცესში სტეიკჰოლდერების ჩართვას. გერმანულ სივრცეში სკოლის განვითარება სამ სფეროს მოიცავს, რომლებიც მიუხედავად მათი შინაარსობრივი დამოუკიდებლობისა, ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები: გაკვეთილის განვითარება, პერსონალის განვითარება და ორგანიზაციული განვითარება. პრაქტიკოსები აღნიშნავენ, რომ რომელიმე სფეროს გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვის დროს, არ უნდა დავივიწყოთ ის გადამკვეთი წერტილები, რაც მათ შორის არსებობს. ასე მაგალითად, საგაკვეთილო პროცესის განვითარებისათვის შეიძლება დაგვჭირდეს პერსონალის, კონკრეტულად კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ა.შ.

გერმანულენოვან სივრცეში სკოლის განვითარების მიმართულებებს ქმნის ე.წ. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის 6 სფერო:

  • მასწავლებელთა გამოცდილება და შედეგები;
  • სწავლა-სწავლება;
  • სკოლასა და კლასში არსებული გარემო;
  • მართვა და სასკოლო მენეჯმენტი;
  • პროფესიონალიზმი და პროფესიული განვითარება;
  • სხვა სკოლებთან თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობები.

ყველა ზემოაღნიშნული სფერო, თავის მხრივ, იყოფა წვრილ ინდიკატორებად, რომლებიც დეტალურადაა ჩაშლილი ყველა პუნქტში. გერმანიის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნავს, რომ პირველი სამი მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აქცენტირებული გერმანიის მთავრობის მიერ, რადგან სწორედ მათ განვითარებაზე აფუძნებენ სკოლის საერთო წარმატებასა და შემდგომი სამი მიმართულების წინსვლას.

ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება მთელი ამ პროცესის მაცოცხლებელ ელემენტს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია შეუქმნას მოსწავლეებს ისეთი პირობები, რათა პოზიტიური ცვლილებისკენ უბიძგონ  საგაკვეთილო პროცესს. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნება იმაში, უწყობენ თუ არა ხელს არსებული სტანდარტები და ინდიკატორები სასურველი შედეგების მიღწევას.

მაინც, რა არის სკოლის განვითარება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მთელ ამ პროცესში? გერმანელი ექსპერტების რეკომენდაციით, მთავარი ექვსი ნაბიჯია:

  1. მიზნები და მოტივაცია – იმისათვის, რომ ადამიანებსა და სისტემას პოზიტიური ცვლილებებისაკენ ვუბიძგოთ, პირველ რიგში, კარგი საფუძველი გვჭირდება, რომელიც ნათელ მიზნებსა და მკაფიო მოტივაციაშია.
  2. განვითარების მუდმივი ციკლი – პრაქტიკოსების რჩევაა, სკოლის განვითარების პროცესი ჩამოვაყალიბოთ როგორც სისტემა, რომელიც სწორი მენეჯმენტის პირობებში ისეთ ტრადიციულ ორგანიზაციებში, როგორიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, მუდმივ რუტინად გადაიქცევა. ციკლის ერთ-ერთ მოდელად შემოთავაზებულია ხარისხის სპირალი, რომელიც 4 ნაწილისგან შედგება და ხელს უწყობს აქტივობების ლოგიკურ და შედეგიან დაგეგმვა-განხორციელებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული სკოლის წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ყველა ნაბიჯის დოკუმენტირებას. მიღწეული თუ მისაღწევი შედეგების კარგად აღწერა მათთვის აუცილებელ საქმიანობას წარმოადგენს.
  3. სკოლის განვითარების გეგმა – მოქმედების ცენტრალური ინსტრუმენტის დანერგვას წარმოადგენს. იგი გვთავზობს შეთანხმებულ, კარგად დაგეგმილ ორიენტირებს და ხელს უწყობს პროცესის გამართულად წარმართვას. სწორედ ხარისხის სპირალზე დაფუძნებული განვითარების გეგმა აღწერს მთელ რიგ აქტივობებს, მიზნებსა და მათი განხორციელების მექანიზმებს. ასევე მისი თანმხლები დოკუმენტია პროფესიული განვითარების გეგმა.
  4. რეალისტური მიზნები – ცვლილებების განხორციელების მთავარ მამოძრავებელ ჩარხს სწორად განსაზღვრული მიზნები წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ისინი იყოს რეალისტური, მიღწევადი და ყველასათვის გასაგები. მხოლოდ მყვირალა, პათეტიკური ფრაზების ერთობლიობა ხელს ვერ შეუწყობს ცვლილებებს, რის განხორციელებასაც ვესწარფვით ორგანიზაციაში.
  5. თანამშრომლობა და თანამონაწილეობა – იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გვსურს სკოლაში პოზიტიური პროცესების დაძვრა, თანამშრომლობისა და თანამონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია რაიმეზე ფიქრიც კი. ის გერმანული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის (SQA) მთავარი საფუძველია. სტეიკჰოლდერებს მიეკუთვნებიან როგორც სასკოლო გარემოს აქტიური შემქმნელები, ასევე სკოლის პარტნიორი ორგანიზაციები. მაგალითად, ისეთი გარე პარტნიორები როგორებიც შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ფონდები, დამსაქმებლები, და ა.შ. თანამშრომლობის შედეგად სკოლის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულებაც მასწავლებლისთვის არ იქნება წინააღმდეგობისა და პროტესტის საფუძველი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში კი, ყველას შეეძლება, ღიად გამოხატოს საკუთარი აზრი კონკრეტულ თემასთან/გადაწყვეტილებასთან დაკაშირებით.
  6. ხარისხის კულტურა – იგი აღნიშნავს სკოლაში არსებულ თანხმობას, საერთო ნებას სასწავლო პროცესის, შეფასებისა და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ფოკუსირება ხდება უფრო მეტად პროცესის სტრუქტურაზე, მიმდინარეობასა და განვითარების გეგმებზე. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლის დირექტორს, რომელიც ყველასათვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. ხარისხის კულტურას მიეკუთვნება არამხოლოდ ფორმალური სქემები, არამედ ღირებულებითი ნაწილი – მაგალითად, სიახლისადმი მზაობა, გახსნილობა და ა.შ.

სტატიის შემდეგ ნაწილში ვრცლად ვისაუბრებთ ხარისხის კულტურასა და პროცესში შეცდომების დაშვებასთან დაკავშირებულ გერმანულ მიდგომებზე. ასევე, წარმოგიდგენთ გერმანულ საგანმანათლებლო სივრცეში თვითშეფასების, როგორც ხარისხის კულტურის შემადგენელი პროცესის ფართო მიმოხილვასა და მისი პრაქტიკაში სწორად დანერგვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი