სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ინკლუზიური სწავლება და ჩვენი შვილები

-ეპილეფსიის სინდრომი აქვს, ცოდოა ჩვენი შვილების გვერდით, ხომ სჯობს,სპეციალურ დაწესებულებაში ატარონ?!- მითხრა ამას წინათ ერთ-ერთმა მშობელმა.

ჩემი მწირი სამედიცინო ცოდნის გამო არ ვიცოდი, რა მეფიქრა. შინ მისვლისთანავე მოვიძიე ინფორმაცია:
გადავიკითხე სპეციალური ვებგვერდები, ფორუმები… რა აღარ ეწერა: როგორ უნდა აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, რა გვერდითი მოვლენები არსებობს… ვკითხულობდი და ვფიქრობდი: “ნეტა რას გრძნობს იმ ბავშვის დედა… ლამაზი გოგონაა, თუმცა მაინც განსხვავდება სხვებისგან აფორიაქებული გამოხედვით”. მერე ჩემი დაჩი გამახსენდა- როგორ შეეშინდება, ეპილეფსიურ შეტევას თუ შეესწრო!..პარალელურად გონებაში ამომიტივტივდა ჩემი პატარას უცნაური ქცევა: უჩვეულო ხმებს გამოსცემდა და არაბუნებრივად იქცეოდა ბოლო დროს. პირველი, რაც თავში მომივიდა, ჩემს საფეისბუქო გვერდზე კითხვის დასმა იყო; ნაცნობ-მეგობრებმა მირჩიეს, ფსიქოლოგისთვის მიმემართა ან, უკეთესი იქნებოდა, გამერიდებინა და სხვა ჯგუფში გადამეყვანა…

სხვა მშობლების მსგავსად, მეც მერიდებოდა ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ მაინც გავბედე და, კიდევ კარგი, იმავე საღამოს ვესაუბრე მასწავლებელს. მან ამიხსნა, რომ ბავშვს აქვს აუტიზმის სინდრომი: სოციალური განვითარების, კომუნიკაციის, მეტყველების პრობლემები. ახალი ჯგუფელის უცნაური საქციელი, ბუნებრივია, არც პატარებს გამოჰპარვიათ; მასწავლებლის სწორი დიდაქტიკური მიდგომის წყალობით, დაჩიმ, ჩემთან საუბრისას, საკმაოდ ადეკვატურად შეაფასა ვითარება: “დედიკო, იცი, ახალი ბავშვი გადმოვიდა ჩვენთან…ვმეგობრობთ. ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ვეფერებით და ყველაფერს გვაგებინებს”.

ახლა, როცა შედარებით ინფორმირებული ვარ, ვფიქრობ, საზოგადოება არ არის მზად საკითხის ჯანსაღად აღქმისთვის. დაინტერესებულ პირთ ნამდვილად წაადგებათ საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ვებგვერდი, ასევე: www.kidspace.ge, ეკა ქევანიშვილის, ლიკა ალადაშვილის,გოგი გვახარიას, ბელა ჩეკურიშვილის, ნინო თარხნიშვილისა და სხვა ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები თუ სტატიები. მაგრამ, ჩემი აზრით, მეტი ძალისხმევაა საჭირო ჩვენი სოციუმის ინფორმირებულობისა და ჩართულობისათვის.
მისასალმებელია, რომ ეროვნული თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე. ესგ-ში ცალკე თავი ეძღვნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლებას. ტერმინოლოგიაც კი დაიხვეწა: ახალ გამოცემებში აღარ შეგხვდებათ “უნარშეზღუდული” ან “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი”; განათლების სამინისტროსთვის თანაბრად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა ყველა ის მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართვისას გარკვეულ პრობლემებს აწყდება, იქნება ეს ჯანმრთელობის, ფინანსური პრობლემა თუ სხვ.

ეროვნული სასწავლო გეგმის მე-5 თავის 27-ე მუხლის მიხედვით:

1. “სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.
2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური დარღვევა;
ბ) ინტელექტუალური დარღვევა;
გ) სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
დ) მეტყველების დარღვევა;
ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სირთულეები სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს”.
„არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეც შეიძლება იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და საჭიროებდეს განსაკუთრებულ პროგრამას განათლებისთვის. ასეთ სსსმ მოსწავლეს შესაძლოა გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლოს და უფრო მცირე დროში, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოსწავლეს” (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული გაკვეთილების ნიმუშები, გვ. 2).

ახლახან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ერთი სტუდენტი გავიცანი – სტანისლავ ციბულსკი. სტასი, მიუხედავადმხედველობის პრობლემისა, ყველასგან გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობით. სტანისლავმა ეროვნული გამოცდები ბრაილის შრიფტის საშუალებით ჩააბარა და დღეს უკვე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. კურსელები სტასს დიდ პატივს სცემენ, მისი ერუდიციისა და პიროვნული ღირსებების გამო. ინკლუზიური განათლების წყალობით, სტასი უკეთ გამოხატავს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს: თარგმნის ლექსებსა და ესეებს ქართულიდან რუსულად და – პირიქით.თავადაც წერის განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. ეს სტასის უბრალო საშინაო დავალებასაც კი ეტყობა:

 



“მხოლოდ შემოდგომით ვგრძნობ თავს კარგად, რადგან იგი ისეთივე სევდითაა აღსავსე, როგორიც მუდამ ჩემს გულში მეფობს. სწორედ სევდის გამო შემოდგომა ბევრს არ უყვარს. მათი თქმით, ეს დრო ცუდ განწყობას ქმნის და სპობს ყველანაირ სიხალისეს. და მართლაც, შემოდგომა დაძინებისა და სევდის ქალიშვილია, ოცნებების მსხვრევისა და სიხარულის დაკარგვის სიმბოლოა. როდესაც ფოთლები ცვივა, მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყოველი მათგანი სამუდამოდ სიცოცხლეს ემშვიდობება. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ რა აქვს ამ დროს მოსაწონი და რატომ ავირჩიე ყველაზე საყვარელ ჟამად მაინცდამაინც შემოდგომა. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისი გული დამჭკნარ შემოდგომის ფოთოლს ჰგავს და სული მხოლოდ სევდით, სინანულითა და მონატრებით საზრდოობს. ზაფხულის მზიან დღეებში განვიცდი სიმარტოვეს. როცა ეზო ბავშვების მხიარულებითაა სავსე, თავს დაობლებულ სულად ვგრძნობ.
შემოდგომაში დაჩაგრულ და ყველასაგან შეძულებულ ქალწულს ვხედავ. მას სევდიანი თვალები და ფერმკრთალი სახე აქვს. მართალია, შემოდგომა ბევრ პოეტს უყვარდა, მათ შორის, პუშკინსაც, მაგრამ უმრავლესობა მას არასწორად ხედავდა. ისინი ცდილობდნენ, მისთვის არარსებული თვისებები მიენიჭებინათ, როგორიცაა ახალი სიცოცხლის გაღვიძება, სულის ამაღლება, ბუნების ოქროსფერ კაბაში ჩაცმა და სხვა. შემოდგომით ბუნება ოქროსფერ კაბას გლოვის ნიშნად იცვამს და სიხარულზე ლაპარაკიც კი ზედმეტია” /ს. ციბულსკი/.
მისასალმებელია, რომ ესგ-ში, ასევე, გათვალისწინებულია სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალური გეგმის, საჭიროების შემთხვევაში – შინ სწავლების, საპატიო გაცდენის, კოორდინატორის, დამხმარე მასწავლებლის აყვანის საკითხები. ყოველივე ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი. მაგ., ყველა შენობასთან პანდუსების მიშენების, სპეციალური საპირფარეშო ოთახების, ტრანსპორტის, სპეციალური ლიფტების, სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული გადამზადების, დასაქმების საკითხები…
მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საზოგადოების დამოკიდებულებაც. ხშირად, ჩვენდა უნებურად, ვეწინააღმდეგებით სსსმ პირთა სოციალიზაციას; გარკვეულ შემთხვევებში კი სსსმ პირს თავად მშობელი აქცევს იზოლაციაში – ისევ და ისევ საზოგადოებრივი აზრის გამო. მიზეზი, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ… მერე იქნებ მათაც შეძლონ და ნაკლები იფიქრონ იმაზე, რას იტყვის ხალხი; ყურადღება გაამახვილონ საკუთარი შვილის სწორად აღზრდაზე, გამოუმუშაონ მას ჯანსაღი თვითშეფასება და დამოუკიდებლად არსებობის უნარი.
პირადად, მე ცოტა დავიბენი, სანამ საგულდაგულოდ არ შევისწავლე ჩვენი კონკრეტული შემთხვევა. სოციალიზაციისთვის ორმხრივი მუშაობაა საჭირო. აუტისტ ბავშვთა სოციალიზაციის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარი ჟ. ა. ბროჰარტი სტიგმატიზაციაზე საუბრობს: “როგორც წესი, როცა გაიგებენ, რომ კონკრეტული პირი აუტისტია, შეიცხადებენ: “ოჰ”, “საწყალი!”, “უბედური!” და ა.შ. 
თავის მხრივ, აუტისტებიც გრძნობენ და შიშობენ, მათი მდგომარეობა ნეგატიურად არ იქნას აღქმულ-შეფასებული: “ყოველთვის მოიძებნება ირგვლივ ვიღაც, ვისაც დისკომფორტს უქმნის აუტიზმი, მაგრამ ჩემი პიროვნების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ აწუხებს მისგან განსხვავებული ჩემი არსების გარკვეული ნაწილი; არ განიხილავს მას ჩემთან ერთად. მსგავსი დამოკიდებულების შედეგად თავს მარტო და გაუცხოებულად ვგრძნობ” (დ. ა.). 
გაუცხოების პრობლემაზე სტანისლავ ციბულსკიმაც აღნიშნა: „ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ჩემი მეგობრების დამსახურება უფროა, ვიდრე ჩემი. უბრალოდ ვცდილობ, გამოვხატო რასაც განვიცდი. მე გამიმართლა, რადგან კარგი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი და ის პრობლემები, რასაც ჩემი მეგობრები ხვდებიან, თავიდან ავირიდე. თუმცა, ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი დღესაც ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, საჭირო პირობების უქონლობის გამო. როდესაც ადამიანი საზოგადოების მხრიდან სრულ გაუგებრობას ხვდება, იგი, როგორც წესი, იბნევა და, საბოლოოდ, საკუთარი თავის რწმენას კარგავს”.
იტყვით, ალბათ, რომ საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. ასეც არის, მაგრამ სანამ მსგავსი პროგრამები ამოქმედდება, იქნებ თავად გადავცეთ ერთმანეთს თუნდაც ასე მომრავლებული სოციალური საინფორმაციო საშუალებებით, რომ ინკლუზიური სწავლება არ უშლის ხელს ჩვენი შვილების განვითარებას, პირიქით, ისინი ისწავლიან ზრუნვას, მხარში დგომას, თანაგანცდას. კეთილგანწყობილ გარემოში სსსმ პირები ხომ ძალიან მიმნდობები, ალალები, თბილები არიან! კარგი იქნება, თუ ჯანმრთელი მოსწავლეებისა და მშობლებისგან შედგება დამხმარე ჯგუფები სსსმ პირთა დასახმარებლად, როგორც ეს იტალიაშია დანერგილი. არ უნდა გამოვხატოთ განსაკუთრებული სიბრალული ასეთი ბავშვისადმი, არ უნდა მივმალოთ ისინი სპეციალური განათლების დაწესებულებებში – ეს არა მხოლოდ იზოლაციაში მოაქცევს, არამედ ღირსებასაც შეულახავს მათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“