სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თამაშები სპორტის გაკვეთილზე

ფიზიკური აღზრდა და სპორტი  დიდ როლს ასრულებს ბავშვის, როგორც ფიზიკური, ისე კოგნიტური, მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაში. ხელს უწყობს ჯანმრთელობის, სწორი ტანადობის ჩამოყალიბებას, მოსწავლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც საუკეთესო საშუალებაა მავნე ჩვევების აღმოსაფხვრელად.

სკოლაში ფიზიკური აღზრდის სწავლება, იძლევა საშუალებას, რომ მოსწავლემ  მოტორული უნარ-ჩვევები განივითაროს. აგრეთვე ის  მოსწავლეს აძლევს ისეთ ცოდნას, რომლის მიღებაც მას შეუძლია მხოლოდ აღნიშნული საგნობრივი პროგრამის საშუალებით.

ფიზიკური აღზრდის სტანდარტში გვაქვს სამი მიმართულება:

  1. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
  2. მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები;
  3. აქტიური მონაწილეობა.

თითოეული შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, რომ   საგაკვეთილო პროცესი დაიგეგმოს მოსწავლეთა განვითარების ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისად.  ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, მათ მოსწონთ ისეთი აქტივობების შესრულება, რომელთა შედეგსაც მალე ხედავს. მასწავლებელმა ეს ყოველივე უნდა გაითვალისწინოს და ისეთი აქტივობებით უნდა დაგეგმოს გაკვეთილი, როგორიც მოსწონთ მოსწავლეებს.

სპორტის გაკვეთილი ტარდება სკოლის სპორტულ დარბაზში ან ღია მოედანზე, მაგრამ თუ სკოლას სპორტული დარბაზი არ აქვს, მაშინ დაწყებით საფეხურზე შეგვიძლია გაკვეთილი საკლასო ოთახში ჩავატაროთ, რისთვისაც დაგვჭირდება  ოთახში თავისუფალი სივრცის მომზადება.  გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს  კლასში თავისუფალი სივრცის შესაქმნელად:

ისეთი ვარჯიშები, როგორიც არის ხტომები, სიარული, სირბილი,  ვარჯიშები უსაგნოდ და საგნებით (დიდი და მცირე ზომის ბურთები, ტანვარჯიშული ჯოხი და ა.შ.) მასწავლებელმა ყველა გაკვეთილზე უნდა გამოიყენოს, შეურჩიოს ის მოსწავლეების ასაკს და გაითვალისწინოს მათი შესაძლებლობები.

მოძრაობისა და მოტორული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობისთვის რეკომენდებულია სხვადასხვა სპორტული სახეობების მარტივი ელემენტების და ვარჯიშების გამოყენება, შესაბამისი ვარჯიშების ინტეგრირება მოძრავ სიუჟეტურ თამაშებში. თუ მასწავლებელმა სწორად შეარჩია ვარჯიშები, ის აუცილებლად დადებითად აისახება მთელს ორგანიზმზე.

მოძრავი სიჟეტური თამაშები მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. ამ თამაშში შეგვიძლია შევთავაზოთ  სხვადასხვა ცხოველის მოძრაობის იმიტირება. მაგალითად: კენგურუსავით ხტომა, დათვივით ბაჯბაჯი, ჩიტივით ფრენა და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია უსულო საგნების მოძრაობებიც შევთავაზოთ მოსწავლეებს, მაგალითად გემივით რწევა, რობოტის მოძრაობა, ორთქმავალის მოძრაობა. გასათვალისწინებელია ის, რომ ყოველი ახალი მოძრაობის შესწავლისას მოსწავლეებს განვუმარტოთ მათთვის ახალი ტერმინები და მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დადებით შედეგს გვიტოვებს თითოეული აქტივობა.

გთავაზობთ თამაშის რამდენიმე მაგალითს, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ დაწყებით კლასებში სპორტის გაკვეთილზე:

  1. თამაში ,,რთველი

ეს თამაში ხელს უწყობს როგორც სისწრაფის განვითარებას, აგრეთვე მანიპულაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.

თამაშის მიმდინარეობა: ბავშვები არიან რთველში, სადაც ყურძენს კრეფენ. თქვენ უნდა გქონდეთ გამზადებული დაახლოებით 100 ცალი პატარა ზომის სხვადასხვა ფერის ბურთები, 40-50 ცალი სხვადასხვა ზომის ბურთი, 20 ცალი კალათი. ბავშვები დარბიან  15 მეტრიან მონიშნულ მონაკვეთებზე, რომელის მთელი სიგრძე დაყოფილია 1,5-2 მ.  ბილიკებად. ბილიკების თავში და ბოლოში დევს კალათები ერთი ცარიელია, მეორე სავსეა ბურთებით.  მასწავლებლის ნიშანზე ბავშვები გარბიან ბილიკზე, ბურთებით სავსე კალათისკენ, იღებენ კალათიდან ერთ ბურთს, ტრიალდებიან, მორბიან უკან და ცარიელ კალათში აგდებენ ბურთს. შემდეგ ისევ ტრიალდებიან და გარბიან მომდევნო ბურთის მოსატანად.

  1. თამაში ,,ჭრაბურთი“

თამაშის მიზანია: ხელი შეუწყოს მოქნილობის, სისწრაფის,  თავდასხმისა და თავდაცვის სტრატეგიის უნარის განვითარებას. ასევე  მანიპულაციური უნარის  განვითარებას (ცალი ხელით ბურთის ტყორცნა, ბურთის დაჭერა ორივე ხელით.)

 

თამაშის მიმდინარეობა: მასწავლებელი ბავშვებს 2 ჯგუფად დაჰყოფს და თითოეულ მათგანს განალაგებს 2 წრეზე. ერთი ჯგუფი დგება დიდ წრეზე,რომლებიც არაინ ,,ჩამჭრელები“. მასწავლებელი მათ ურიგებს 4-5 ბურთს. მოედნის ცენტრში, მეორე წრეზე, რომელიც დიდი წრიდან მოშორებით არის,  დგებიან მეორე ჯგუფის გუნდის წევრები, ,,მცველები“.  ბავშვები თამაშობენ ხელით. წრეზე  მდგომები ცდილობენ ზუსტი ,,ტყორცნით” წრეში მოთავსებული კეგლის წაქცევას, ,,მცველები” კი პირიქით, მათ დაცვას და ბურთების ჩაჭრას. თამაში გრძელდება, სულ ცოტა 3 კეგლის წაქცევამდე.

 

3.თამაში ,,მხიარული ხელბურთი“

 

თამაშის მიზანი:  ხელს უწყობს სიმარჯვის, მხედველობითი რეაქციის, წონასწორობის,  თავდასხმისა და თავდაცვის სტრატეგიის უნარის განვითარებას.

თამაშის მიმდინარეობა: თამაში მიმდინარეობს  მოედანზე. მასწავლებელი ბავშვებს ყოფს 6 წევრიან ჯგუფებად. ერთი ჯგუფი – ,,შემტევები” ბურთებით სამ-სამად დგებიან ხაზზე მოედნის თავსა და ბოლოში. მათ ხაზის გადმოკვეთის უფლება არა აქვთ. მოედნის შუა ხაზზე მასწვალებელი აწყობს კეგლებს. მოედნის თავში და ბოლოში მდგომი ბავშვები ბურთის ტყორცნით ცდილობენ წააქციონ შუა ხაზზე მდგარი ცილინდრები.ხოლო  შუაში მყოფები ცდილობენ მათ დაცვას.

 

თითოეული თამაშის გამოყენებით თქვენი გაკვეთილები უფრო სახალისოდ წარიმართება, მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებასთან ერთად.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:ლ.კიკალიშვილი ,,ფიზიკური აღზრდა“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“