ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

„თუ ბიჭი ხარ შეიყვარე ასეთი მასწავლებელი!“

(ჯემალ ქარჩხაძის „სასწაულის“ მიხედვით)

წარმოიდგინეთ, დაჭმუჭნულ შარვალ-ხალათში გამოწყობილი, მელოტი, ჩია მოხუცი თეთრი, დაფანჩული წარბებით, „ლაპარაკის დროს ქვედა ტუჩის კუთხეები ქვემოთ რომ ეწევა და სიტყვებს რაღაც უცნაურად, ჭადივით აბრტყელებს;“ მოსწავლეებთან ურთიერთობაში არავითარ ზომასა და საზღვარს არ სცნობს; საკუთარი ენამახვილობით მოხიბლულს, სახეზე ბედნიერების ღიმილი ეფინება და მოსწონთ თუ არა სხვებს მისი ოხუნჯობა, ნაკლებად აწუხებს; თუ კუთხეში მარტოობით თავგაბეზრებულმა მოსწავლემ ლაზათიანად დაამთქნარა, ლოგინი ხომ არ გაგიშალოო, – გადაუშხუილებს, თავად კი ნებივრად გადაწვება ხოლმე სკამზე, ფეხს ფეხზე შემოიდებს და ფეხსაცმლის წვერს ნერვებისმომშლელად აქნევს; მისი განუყოფელი ატრიბუტი მთელ სკოლაში სახელგანთქმული „ურჩხული-უბის წიგნაკია,“ რომელსაც გამუდმებით მაგიდაზე აკაკუნებს, საჩვენებელი თითით კი ის ადგილი აქვს ჩანიშნული, უკანასკნელი ორიანი რომ ჩაწერა; „განა ორიანებით ვინმეს გააკვირვებ?!.“ მაგრამ…  მის უბის წიგნაკში ყველა ის ორიანი წერია, რაც ცხოვრებაში დაუწერია; გაცნობის დროს ისეთი ხმით აცხადებდა საკუთარ სახელს – რაჟდენ კაპანაძეო, თითქოს ეს „რაჟდენ კაპანაძე“ სულ ცოტა ნაპოლეონ ბონაპარტეს მაინც ნიშნავდეს.

ჰოდა… „თუ ბიჭი ხარ, შეიყვარე ასეთი მასწავლებელი!“

ალბათ ძნელად შესაყვარებელ მასწავლებელს ნებისმიერი მოსწავლე თავისებურად აღიქვამს და აკრიტიკებს. ზემოთ მოყვანილი დახასიათების ავტორი კი ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის მთავარ გმირი, საფეხბურთო გუნდის კაპიტანი, ცენტრალური თავდამსხმელი და მთავარი ბომბარდირი, ცამეტი წლის გია ბარბაქაძე გახლავთ. მას გეომეტრიის მასწავლებლის „ვერშეყვარების“ საკუთარი, ურყევი არგუმენტები აქვს. უკმაყოფილების მიზეზები კლასში რაჟდენ კაპანაძის შესვლის პირველსავე წუთებიდან იღებს სათავეს და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სასწაულით სრულდება. დიახ, სასწაულით და იმ მოთხრობასაც „სასწაული“ ჰქვია, რომლის წაკითხვასაც ამ წერილში გვთავაზობთ.

ახლა კი ბრძოლის ველის საპირისპირო ფლანგზე გადავინაცვლოთ და მეშვიდე კლასელ ბიჭსაც დავაკვირდეთ, მხრებაწურული რომ დგას და საშემოდგომო გამოცდის სუნი ცხვირში უღიტინებს. ცდილობს, მოსალოდნელ განსაცდელს მშვიდად შეხვდეს, აუღელვებელი გამომეტყველება შეინარჩუნოს, მაგრამ თაფლისფერ თვალებში შიში ჩასდგომია, „შუბლი კი დილის ბალახივით აქვს დაცვარული.“ მოწინააღმდეგეთა სახეები თვალნათლივ მოწმობს, რომ „ბრძოლა“ უთანასწორო იქნება. შექმნილ სიტუაციას მწერლის ირონიული ტონიც ამძაფრებს: „ამ მძიმე ჟამს, როდესაც ფეხბურთში პირველობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, ცამეტი წლის ბიჭი უსახელოდ იღუპებოდა გეომეტრიის ბასრ მარწუხებში… გია ბარბაქაძე თავს მოიკლავდა, ცხოვრება მხოლოდ გეომეტრიის გაკვეთილისა და მორალისგან რომ ყოფილიყო შედგენილი. კიდევ კარგი გამოჩნდნენ ღვთისნიერი ინგლისელები და ფეხბურთი მოიგონეს!..“ ორთაბრძოლის ასპარეზად კი ჯემალ ქარჩხაძე რაჟდენ კაპანაძის ბინას ირჩევს: „კედელზე გაკრული შავი ქაღალდი მარტო ფერით არ ამძიმებდა ატმოსფეროს, არამედ იმითაც რომ დაფის მაგივრობას ასრულებდა და ამ იმპროვიზირებულ დაფაზე მალე სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გაიმართეოდა გია ბარბაქაძესა და გეომეტრიულ ამოცანებს შორის.“

***

მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე დაწირილ ნაწარმოებებში „სასწაული“ მართლაც გამორჩეული მოთხრობაა. მისი წაკითხვის შემდეგ მოზარდებთან არაერთ საჭირბოროტო თემაზე თუ გადაუჭრელ პრობლემაზე შევძლებთ საუბარს და ერთმანეთის უკეთ გასაცნობადაც საუკეთესო გარემოში აღმოვჩნდებით. გარდა ამისა, გაკვეთილებზე მხატვრულ ნაწარმოებსა და ფილმებს შორის პარალელების გავლება თუ გიყვართ, „სასწაულზე“ მსჯელობის მერე შეგიძლიათ ფრანსუა ტრიუფოს „ოთხას დარტყმასაც“ ერთად უყუროთ.

«Faire les 400 coups» ანუ „ოთხასი დარტყმა“ ერთგვარი იდიომატური გამოთქმაა, რომელსაც ფრანგები ბავშვური სიცელქის, უმსგავსო საქციელის განსაზღვრებად იყენებენ. ასეთი ორიგინალური სათაური მოუხდინა ფრანგმა რეჟისორმა თავის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს (1959 წლის კანის ფესტივალზე „ოთხასი დარტყმა“ საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის დააჯილდოვეს). ფილმის მთავარ გმირს ანტუან დუანელს ბევრი საერთო აქვს გია ბარბაქაძესთან: მასავით ცელქი და გამომგონებელია, საკლასო ოთახის ფანჯრიდან მაცქერალი მუდამ დაკარგულ თავისუფლებას მისტირის და ოინები ძვირად უჯდება. ორივე ბიჭი საკუთარი თავის გასამართლებლად, სკოლის გაცდენისა და ზარმაცობის მიზეზების ასახსნელად უკიდურეს ზომებს მიმართავს და უმკაცრეს მასწავლებლებს სანტიმენტალურ გრძნობებს უღვივებს. მასწავლებლები კი ფრანგი (მეტსახელად პატარა ფოთოლი) თუ ქართველი (თვით რაჟდენ კაპანაძე) ერთმანეთს ტოლს არ უდებენ – ტყუილს გაასმაგებული რისხვით პასუხობენ.

ფილმის დასასრულს ანტუან დუანელი რეჟისორის კამერას ჩასცქერის, გია ბარბაქაძე კი ავადსახსენებელ უბის წიგნაკს. ორივე ბიჭი სასწაულის მოლოდინშია, იმ სასწაულისა, „არც ისე ხშირად რომ ხდება, როგორც ზღაპრებში წერია… თუმცა ზოგჯერ არც ქვეყანა გადაბრუნდება ან გადმობრუნდება, არც სწავლის გაუქმებაა მოსალოდნელი, და არის მაინც სასწაულები, თავისი მასშტაბით დირექტორის გამოცვლას რომ არ ჩამოუვარდება.“

როგორც ავტორი ამტკიცებს, „ცამეტი წლის ბიჭი იქით უნდა წავიდეს, საითაც გული მიუწევს,“ ამიტომაც იღებს რაჟდენ კაპანაძის გამოცდა უცნაურ სახეს… ამიტომაც უნდა იქცეთ „სასწაულის“ თანამოზიარეებად და იმ წუთიდან დაიწყოთ, როდესაც „ოთახში ორნი იყვნენ: გია ბარბაქაძე, ცამეტი წლის ბიჭი და მისი დაუძინებელი მტერი რაჟდენ კაპანაძე…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“