ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე – სწავლების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორი

საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, უპირველეს ყოვლისა, სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პროფესიონალი მასწავლებლების გუნდით, რომლებიც გამუდმებით სრულყოფენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

მსოფლიოს წამყვან ქვეყანაში ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ყველაზე ეფექტიანი მოდელი სწორედ უშუალოდ სკოლის შიგნით კვლევასა და საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარებაა. გარედან შეთავაზებულ პროგრამებში მასწავლებელთა ნაწილის ფრაგმენტული მონაწილეობა სკოლაში საგანმანათლებლო გარემოს ძნელად შეცვლის, რუტინაში სიახლეების შეტანასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას საგრძნობლად გააჭიანურებს, მაშინ როდესაც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელი:

* მორგებულია კონკრეტული მასწავლებლის, კონკრეტული სკოლის საჭიროებებს;
* მორგებულია სკოლის პრიორიტეტებს;
* იძლევა პრობლემებსა და საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას;
* ხელს უწყობს თანამოაზრეთა გუნდისა და თანამშრომლობითი კულტურის შექმნას.

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გულისხმობს იმ საქმიანობათა ერთობლიობას, რომელთაც თავად სკოლა ახორციელებს თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. ამისთვის სკოლებში იქმნება პროფესიული განვითარების ჯგუფები, რომლებიც ზრუნავენ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ და, ასევე, კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე, ცდილობენ ჩართონ პედაგოგები პროფესიული განვითარებისთვის გამიზნულ მრავალფეროვან აქტივობებში, რათა ხელი შეუწყონ მათში თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილის როგორც ღირებულების ჩამოყალიბებას.

განვითარებულ ქვეყნებში ასეთი ჯგუფები „კრიტიკული მეგობრების” სახელითაა ცნობილი. მათში ნებაყოფლობით გაერთიანებულია 7-12 მასწავლებელი, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობით განუწყვეტლივ იუმჯობესებენ პრაქტიკას. ერთმანეთის საქმიანობაზე დაკვირვებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიღწევათა შესწავლით, სხვათა გამოცდილების გაზიარებით თუ სხვა გზით (ტრენინგი, მეთოდური შინაარსის სტატიები, სახელმძღვანელოები და სხვ.) მიღებული თეორიული ცოდნის ანალიზის საფუძველზე ისინი ქმნიან პროფესიული თვითგანვითარების ალგორითმს და სახავენ პრაქტიკის გაუმჯობესების გზებს.

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი ძლიერი და ქმედობაუნარიანია, როცა:

* ჯგუფის წევრებს აქვთ საერთო ღირებულებები და ნორმები;
* აცნობიერებენ საერთო მიზნებს და თანამშრომლობის მნიშვნელობას ამ მიზნების მისაღწევად;
* შეუძლიათ რეფლექსიური და კონსტრუქციული დიალოგი;
* იღებენ კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებზე;
* უშურველად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ პედაგოგიურ ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას (სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მასწავლებლები სხვებზე უპირატესობის მოპოვების მოტივით ერიდებიან კოლეგებისთვის ტრენინგითა თუ სხვა გზით მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას). 
ჯგუფი ვითარდება, როცა:

* აქვს შეხვედრისა და საუბრებისთვის საჭირო დრო და სივრცე (მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შეხვედრებისთვის კეთილმოწყობილი, კომფორტული გარემო, სადაც ხალისით ისაუბრებენ პროფესიულ საკითხებზე);

* ხელი მიუწვდებათ კომუნიკაციის მრავალფეროვან საშუალებებზე (ინტერნეტზე, მედიასაშუალებებზე, კორპორაციულ ტელეფონებზე და სხვ.);

* დაცულია მასწავლებლის ავტონომია და შემოქმედებითი თავისუფლება;

* ჯგუფის წევრთა ფუნქცია-მოვალეობები, როლები ურთიერთგადაჯაჭვულია (ერთის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მყისიერად აისახება მთელი ჯგუფის საქმიანობაზე).
ჯგუფის საქმიანობის არეალი ფართოვდება, როცა:

* არის მუდმივი მზაობა და სურვილი საქმიანობის გაუმჯობესებისა;
* არის ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა;
* შექმნილია და გამუდმებით ახლდება ცოდნისა და გამოცდილების ბანკი;
* ლიდერის / ლიდერობის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა (და არა ასეთი: „რატომ ის და არა მე?”);
* თავად ლიდერის დამოკიდებულება წევრების მიმართ კონსტრუქციული და კეთილგანწყობილია (ზემოდანარ უყურებს ჯგუფის წევრებს და სხვა მასწავლებლებს, არ მიიჩნევს თავს ექსპერტად);
* სკოლაში არსებობს ჯგუფის მხარდაჭერისა და წახალისების სისტემა;
* არსებობს მიმდინარე პროცესებისა და წარმატებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირების სისტემა.

რა სიხშირით იკრიბებიან ჯგუფის წევრები და რა ხდება შეხვედრებზე?

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრები, სასურველია, შეიკრიბონ ორ-სამ კვირაში ან თვეში ერთხელ დაახლოებით ორი საათით (ამას, საჭიროებისამებრ, თავად ჯგუფი განსაზღვრავს). შეხვედრის თემა შეიძლება იყოს კონკრეტული კლასის ტესტირების შედეგები, გაკვეთილზე მოსინჯული ახალი მეთოდი, „ჩავარდნილი გაკვეთილი” (როცა მასწავლებელი გულახდილად ამბობს: „არ გამომივიდა და არ ვიცი, რატომ. იქნებ მირჩიოთ რამე”), ტრენინგზე მიღებული ახალი ცოდნა და გამოცდილება, მოსწავლის / კლასის ქცევითი პრობლემები (აქცენტი პრობლემის მოგვარების გზებზე და არა მიზეზების ძებნა თავად მოსწავლეებში).

პედაგოგები ხშირად უჩივიან დროის სიმცირეს, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს და ეს გასაგებიცაა, ამიტომ ჯგუფის შეხვედრების ჩანაწერების გაკეთება მაქსიმალურად უნდა გაადვილდეს. შეიძლება მარტივი ფორმის გამოყენება, მაგალითად:
 
  

პრობლემა,   პრობლემის მოგვარების სავარაუდო გზები, როგორ მოგვარდა პრობლემა 
  
 
პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრისას არც ერთი იდეა არ უნდა დაიკარგოს. ცხრილის მესამე გრაფა მას შემდეგ ივსება, რაც ჯგუფი მიიჩნევს, რომ პრობლემა მოგვარდა. პრობლემების ჩამონათვალი ბადებს კვლევის ან პროექტის იდეას, იკვეთება კონკრეტული ტრენინგის საჭიროება, ჩნდება სხვადასხვა რესურსის მოძიების / შექმნის სურვილი.

ამ გზით ივსება იდეებისა და გამოცდილების ბანკი, რომელიც შემდეგ იმპულსს აძლევს ჯგუფს, საკუთარი ძიებები, დაკვირვებები, გამოცდილება გამოიტანოს ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ და პრობლემურ სემინარებზე, სასწავლო-მეთოდურ კონფერენციებზე, მასტერკლასებზე, პედაგოგიურ იდეათა ფესტივალზე, საკუთარი ძალებით შექმნილი საგანმანათლებლო რესურსების გამოფენაზე, პრობლემურ-სიტუაციურ თამაშებში და სხვა ღონისძიებებზე.

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების საქმიანობის წყალობით სკოლაში იქმნება თანამშრომლობითი სასწავლო გარემო, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ინოვაცია, საინტერესო პედაგოგიური იდეა, წარმატებული პრაქტიკა გასცდეს ერთი კლასის ფარგლებს და ხელმისაწვდომი გახდეს მთელი სკოლისთვის და არა მარტო მისთვის, რადგან სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროგრამის შემდგომი პერსპექტივა სასკოლო ქსელების ჩამოყალიბებაა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2013 წლის თებერვლიდან 210 სკოლაში დაიწყო ამ პროგრამის გამოცდა (პილოტირება). ახალი წლიდან პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა სხვა სკოლებსაც მიეცემათ.

წერილი არ იძლევა პროგრამის შესახებ სრული ინფორმაციის მოწოდების საშუალებას, ამიტომ ველით გამოხმაურებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი