შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

აგვისტოს რიტუალი

ეს წერილი, ალბათ, უფრო მოსწავლეებისთვისაა, ვიდრე _ მასწავლებლებისთვის, ვინაიდან ეს არ ამბავი არის სხვის აღზრდაზე, ეს ის ისტორიაა, შენ თვითონ რომ ზრდი საკუთარ თავს. საკუთარი თავის ქცევა ისეთად, როგორიც გინდა რომ იყოს, კი, ჩემი აზრით, ადამიანის ყველაზე დიდ და საპატიო ბრძოლათაგანია. ჩემს რიტუალზე მინდა, გიამბოთ, რომელიც 5-6 წლის ასაკიდან მომდევს და ყოველ წელს უცვლელი სიამოვნებით ვასრულებ, ეს რიტუალი სკოლის პერიოდში ზოგჯერ მთელი ზაფხულს იკავებდა, მერე კი მხოლოდ აგვისტო შემომრჩა მისთვის _ ამიტომაც ვუწოდე ,,აგვისტოს რიტუალი”.

ჩემი მეგობარი ეკა ამბობს, დღეში ათი წუთი მაინც ვჯდები სადმე, სიჩუმეში და ჩემს ბავშვობას ვიხსენებო. მე კი, მართალი გითხრათ, იშვიათად მსიამოვნებს საკუთარი ბავშვობის მოგონება: არადა, არც საკმარისი ლუკმა-პური მაკლდა ოდესმე და არც ოჯახის წევრების დიდი სიყვარული და მზრუნველობა, უბრალოდ, არ ვიყავი ისეთი, როგორიც მინდოდა, ვყოფილიყავი და ეს ტანჯვა მიჩენდა სურვილს, რამე შემეცვალა საკუთარ თავში. მერე, როცა ნელ-ნელა ვაღწევდი მიზანს, სულ უფრო იშვიათად მინდოდა, იმ პერიოდის გახსენება, როცა არასრულფასოვნების კომპლექსი მართავდა ჩემს ცხოვრებას, ამიტომ თითქოს ბევრი რამ დამავიწყდა თუ დავივიწყე. ახლა კი, როცა სულ მალე თვითონ უნდა გავხდე მშობელი, ვცდილობ, ყველაფერი დავიწყებული, ტკბილიც და მწარეც, ისე ცხადად და ხელშესახებად წარმოვიდგინო, რომ ყველაფერი ძველებური სიმძაფრით შევიგრძნო. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ბავშვობა სულაც არაა იოლი რამ _ ეს ,,უდარდელობის ხანასთან” ერთად, იმ ტკივილების და შიშების განცდის პერიოდიცაა, რომლებთან გამკლავებასაც მთელი შემდეგი ცხოვრება სწავლობ.

ყველაზე მეტად მაშინ სამი რამ მიყვარდა: ბებია, ,,პრიანიკები” (შეგნებულად არ ვწერ მის ქართულ შესატყვის ,,თაფლაკვერს”, რომელიც სრულებით არაფრისმთქმელია ახლა ჩემთვის) და წიგნები. ხანდახან, ზაფხულობით, ხდებოდა ისეც, რომ შვიდის ნახევარზე ჭიშკარს სამსახურიდან დაბრუნებული, ლამაზი და გამოწყობილი ბებიაჩემი მოადგებოდა, ჩანთიდან ბუთხუზა და უგემრიელეს ,,პრიანიკებს” ამოიღებდა და სამ-ოთხ საბავშვო წიგნსაც მოაყოლებდა. ეს იყო პირველი გამოცდილება იმისა, რომ ცხოვრება შეიძლება იყოს უხინჯო დღესასწაული.
მაშინ გავიგე პრივილეგიის გემოც: ბებიაჩემი პატარა რაიონის საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა და თუ სხვა ბავშვებს მხოლოდ ერთი-ორი წიგნი შეეძლოთ წაეღოთ შინ და თან დროზე უნდა დაებრუნებინათ, მე შემეძლო დილით ბებიას გავყოლოდი სამსახურში, შევსულიყავი წიგნსაცავში, სადაც მანამდე 32 ზომა ფეხსაცმლით არავის გაევლო და დავკარგულიყავი იქ, ვიდრე ბებოს ჩემი სადილი არ გაახსენდებოდა, მერე თუ რამის წაკითხვას ვერ დავასრულებდი, სახლში მომქონდა, რამდენი ხნითაც მინდოდა, რამდენჯერაც გამიხარდებოდა, ვკითხულობდი და უკან ბებო აბრუნებდა. ერთადერთი შეზღუდვა იყო, რომ  წიგნის თბილისში წაღება არ შეიძლებოდა, ამიტომ ზაფხულის მიწურულამდე ყველა წიგნი უნდა დამესრულებინა.

როცა ბებო პენსიაში გავიდა, ბიბლიოთეკამ აჩუქა სამი წიგნი: მონტეირუ ლობატუს ,,ყვითელი კოდალას ორდენი”, ერიხ კესტნერის ,,ტყუპთა ოინები” და ნიკოლოზ დუბოვის ,,ობოლი” _ ეს სამი წიგნი იყო, რომელსაც ყოველ ზაფხულს ყველაზე ხშირად ვითხოვდი ხოლმე. ისე, მუდამ ეკლექტიკური გემოვნების მკითხველი ვიყავი.

როცა ბებიები პენსიაში გადიან, შვილიშვილებს ინტერესები ეცვლებათ _ რასაკვირველია, იცვლებოდნენ წიგნებიც, მაგრამ არ იცვლებოდა ერთი რამ: აგვისტოში ახალ წიგნებს აღარ ვკითხულობდი, აგვისტო გახდა სოფელში წასვლისა და იქ ძველი, საყვარელი წიგნების გადაკითხვის თვე, საყვარელ წიგნებს ყოველ წელს ემატებოდა რამდენიმე ახალი, მაგრამ აკლდებოდა კიდეც, თან მე ყოველ წელს უფრო და უფრო სწრაფად კითხვას ვსწავლობდი და ვასწრებდი: ,,ყვითელი კოდალას ორდენს” დაემატა ,,გრაფი მონტე-კრისტო”, მერე ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” (სულ მინდა, არ მახსოვდეს, რომელი ამბავი როგორ მთავრდება), მერე ჯეკ ლონდონის ,,მარტინ იდენი”,  ნაირა გელაშვილის ,,სერსო”, მერე ,,ანა კარენინა”, მერე ,,ჯადოსნური მთის” I ტომი, ლიოსას ,,დეიდა ხულია” _ ყველას არ ჩამოვთვლი, ბოლო აკორდი ბორის ვიანის ,,დღეთა ქაფი” იყო. ამის შემდეგ, ალბათ, ძალიან იშვიათად თუ დაემატება რამე… ახლაც, როცა ჩემგან ბევრად უფრო გონივრული საქციელი იქნება, აგვისტოში თავისუფალი დრო უფრო პრაქტიკული მიზნით გამოვიყენო, მე ამ რიტუალის ერთგული ვარ.

საერთოდ, პრაქტიკულობა და რაციონალურობა მეტად პირობითი ცნებებია: ეგებ ,,აგვისტოს რიტუალი” ძალიანაც რაციონალური რამაა _ ეს ხომ ის წიგნებია, რომლებმაც მე ,,მედ” მაქცია და მე ყოველ წელს ვიმეორებ თვითგანვითარების გზას _ ვიხსენებ, რომელი წიგნის რომელმა მონაკვეთმა რა თვისება შემძინა, რისკენ მიბიძგა ცხოვრებაში. ამ წიგნებით ვიხსენებ რა გზა გავიარე და იმასაც ვიხსენებ _ ვინ ვარ, რადგან, თუ ცოტა ხანს არ შევჩერდით, შეიძლება ცხოვრების სწრაფმა დინამიკამ თანდათან დაგვავიწყოს ვინ გვინდოდა ვყოფილიყავით. 

ეს წერილი მოსწავლეებისთვისაა, პატარა ადამიანებისთვის, რომლებიც მშობლებს და მასწავლებლებს ძალიან უყვართ, მაგრამ რომლებიც მშობლებსა და მასწავლებლებზე უკეთ იცნობენ საკუთარ თავს და ინტუიციით გრძნობენ, ვინ არიან სინამდვილეში და როგორ უნდა გაუხსნან გზა საკუთარ მისწრაფებებს. იმედი მაქვს, ჩემი მომავალი შვილისთვისაც ვწერ ამას. ჩემს თავზე საუბრის უფლებას კი ის მაძლევს, რომ აღარ მრცხვენია ჩემს თავზე გულწრფელად საუბარი.

დატვირთული გრაფიკი თანდათან გვართმევს თვითშემეცნების დროს, ასე თავზესაყრელად, ლამის შემაწუხებლად ბევრი რომ გვქონდა ბავშვობაში, მან ჯერ აგვისტო დამიტოვა, ახლა უკვე აგვისტოს ბოლო კვირა, რომ ბებიაჩემის ჭიშკარს მივადგე, მივუტანო ,,პრიანიკები”, ოღონდ წიგნები _ არა, რამე მისთვის უფრო საჭირო, ხოლო მეორე დღეს, ნასაუზმევს, როცა გულს დავაჯერებ, რომ ცხოვრება უხინჯო დღესასწაულია, ავიდე მეორე სართულზე წიგნების დიდ, დამტვერილ კარადასთან, გადმოვიღო ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” _ დიდი, დამტვერილი ტომი, ტვინში მსუბუქი მოძრაობით გადავკეტო ის სივრცე, რომელშიც ამ ამბების დასასრული ინახება და ვიოცნებო საკუთარ თავზე მომავალში ან უკვე მხოლოდ საკუთარ თავზეც აღარ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი