კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

სწავლის თეორიების პრაქტიკული გამოყენება

განათლების სამინისტროს პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” შესახებ მეგობრისგან შევიტყვე და პრეზენტაციაზე დასასწრებად მშობლიური ილიას უნივერსიტეტისკენ გავწიე. ინფორმაცია ამომწურავი იყო, ფინალამდე მისასვლელი გზა – არც ისე მოკლე. ზუსტად არ მახსოვს, დღის რომელ მონაკვეთში გადავწყვიტე მარათონში ჩართვა, მაგრამ საბუთების შეგროვება იმ დღესვე დავიწყე. სია საკმაოდ ვრცელი გახლდათ. დაახლოებით ერთი კვირა დამჭირდა ყველა დოკუმენტისთვის თავის მოსაყრელად. ამას წერითი და ზეპირი გამოცდები მოჰყვა, გამოცდებს კი უკანასკნელი აკორდი – ერთკვირიანი ტრენინგი. და მეორე დღესვე დაიწყო დასასრულის დასაწყისი… ცხოვრება სრულიად უცხო მხარეში – სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ალასტანში. სომხურენოვან საჯარო სკოლაში პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბავშვებისთვის ინგლისური უნდა მესწავლებინა.

ადგილზე ჩასულს ბევრი რამ მეუცხოვა, მაგრამ გამახსენდა გენიალური რუსი მწერლის ლ. ტოლსტოის სიტყვები: „არ არსებობს ისეთი პირობები, ადამიანი რომ ვერ შეეგუოს, მით უმეტეს, როდესაც ხედავს, რომ ირგვლივ ყველა ასე ცხოვრობს”. ამ სიტყვების სიმართლეში დღითი დღე ვრწმუნდებოდი…

პირველ დღეებში ძალიან გამიჭირდა. ვღელავდი, რადგან მოთხოვნები დიდი იყო, ინფორმაცია – უზარმაზარი, სკოლაში, მით უმეტეს არაქართულენოვანში, მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. ერთმანეთში ირეოდა ნანახი და გაგონილი, არ მასვენებდა კითხვები: შევძლებ? რა იქნება? როგორ გავართმევ თავს დასახულ ამოცანას? როგორ მოვახერხებ მთავარს – კომუნიკაციას ოჯახსა და საზოგადოებასთან?

ამ სკოლაში ინგლისური ენა არასოდეს უსწავლებიათ (ისწავლებოდა გერმანული, რუსული). ბავშვების პირველი კითხვა ასეთი იყო: „სომხური იცით?” არ ვიცოდი. ისევე როგორც მათ – ქართული. და აი, ამ პირობებში მათთვის ინგლისური უნდა მესწავლებინა. რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევა იყო… 

გაკვეთილზე კომუნიკაციის ძირითად საშუალებად – სხეულის ენა (Body language), ინსტრუქციების მისაცემად და ყველა შესაძლო შემთხვევაში – მხოლოდ და მხოლოდ ინგლისური (English in english) ავირჩიე. პლაკატები, ნახატები და სხვა ვიზუალური მასალა ეფექტურს ხდიდა საგაკვეთილო პროცესს. ამრიგად, გამოვკვეთე ჩემი მთავარი ინსტრუმენტები: ჟესტები (gestures), სხეულის ენა (body language), პლაკატები (posters), დასურათებული ლექსიკური ერთეულები (flashcards), სასწავლო რესურსები.

მეორე მხრივ, ვცდილობდი, ყოველი საგაკვეთილო საათი მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის გამოვლენის ასპარეზი ყოფილიყო. მაგალითად:

. ლინგვისტურ/ენობრივი ინტელექტი – საუბრის, წერის უნარები, პრეზენტაციების მომზადება;

. მუსიკალური ინტელექტი – გაკვეთილის თემასთან კავშირში სიმღერების, დიალოგების, ლექსების შესრულება;

. ფიზიკურ-კინესთეტიკური – ბურთისა და სხვადასხვა სასწავლო ნივთის საშუალებით დავალებების შესრულება;

. სივრცული – ვიზუალური თვალსაჩინოების, სურათების, პლაკატების გამოყენებით მრავალფეროვანი აქტივობა. 

კოგნიტური განვითარების თეორიის ავტორს ჟან პიაჟეს მიაჩნდა, რომ სუბიექტი აქტიურად შეიმეცნებს გარემოს – ცვლის მას (ასიმილაცია) და საკუთარ გამოცდილებას (აკომოდაცია), ანუ სუბიექტი პასიურად კი არ ითვისებს ცოდნას, არამედ გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების პროცესში აგებს მას. ამიტომ გამუდმებით ვაწვდიდი მოსწავლეებს ახალ ინფორმაციას რეალობასთან კავშირში და გარკვეულ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით. მაგალითად, ახალი ლექსიკური ერთეულების მიწოდებისას ჩემი მიზანი იყო დამახსოვრება გარკვეულ კონტექსტში და დაკავშირება კონკრეტულ სიტუაციებსა თუ ყოველდღიურობასთან, რაც თვალსაჩინო იყო, როცა ახერხებდნენ ნასწავლი სიტყვებით წინადადებების, დიალოგების, წერილებისა თუ მისალოცი ბარათების შექმნას. ვფიქრობ, მიდგომა ნათელია – მოხდეს არსებული ცოდნის გადატანა და მისადაგება რეალურ, ყოველდღიურ ყოფასთან, აქტიური ურთიერთქმედებით ახალი ცოდნის კონსტრუირება და გამოცდილებასთან დაკავშირება. 

სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესებისა და სურვილების გათვალიწინება, ამიტომ ვცდილობდი, რთული და ადვილი დავალებები, მათთვის საინტერესო და სახალისო აქტივობები ერთმანეთის მონაცვლეობით გამომეყენებინა გაკვეთილზე. საზოგადოდ, წერა ბავშვებისთვის არცთუ სახალისო დავალებაა, ამიტომ, პრემარკის პრინციპზე დაყრდნობით (ნაკლებად სასურველ დავალებას უფრო სახალისო მოსდევს), წერის შემდეგ საყვარელ აქტივობას ან უფრო ადვილ დავალებას ვთავაზობდი.

განათლება არ ნიშნავს მხოლოდ ფაქტების სწავლებას; მთავარია, მოსწავლეებმა შეიძინონ ის უნარები და ცოდნა, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. სწორედ ამიტომ ვიზიარებ ჯ. დიუის ხედვას. მისი განათლების ფილოსოფია ცოდნის პრაქტიკულობაზე იყო ორიენტირებული. მიმაჩნია, რომ ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ კეთებით, პირადი გამოცდილებით, ესე იგი მაშინ, როცა თვითონვე ქმნიან რამეს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ ცოდნის მნიშვნელობას. ჩემი მოსწავლეების ამგვარი დამოკიდებულება დავინახე, როდესაც მათ თავიანთი სურვილით დაიწყეს დღესასწაულებზე მისალოცი ბარათებისა და კედლის გაზეთების შექმნა.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ სკოლაში მუშაობისას ყოველდღიურად ვრწმუნდებოდი კ. როჯერსის ჰუმანისტური თეორიის სიმართლეში: „ადამიანები არსებითად კარგი და კეთილი არსებები არიან. მათ აქვთ თვითაქტუალიზაციის ტენდენცია, ანუ თანდაყოლილი მიდრეკილება ზრდისა და თავიანთი უნიკალური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისკენ”. მართალია, თვითაქტუალიზაცია ადამიანის თანდაყოლილი უნარია, მაგრამ, როჯერსის მიხედვით, ის აღზრდის შედეგად ყალიბდება. ვფიქრობ, უდავოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისადმი უფროსების დამოკიდებულება, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს მათ თვითაღქმას, წარმოდგენას საკუთარ თავზე და თვითაქტუალიზაციას. მოკლედ, მივადექი მთავარ სათქმელს – მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საქმიანობაში, მით უმეტეს – სკოლაში, ბავშვებთან, წარმატებული ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესია „უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“