ბულინგის შესახებ საუბრისას, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აგრესორზე/ბულერზე ყურადღების გამახვილება. ბულინგის თემას, ნორვეგიელი ფსიქოლოგის ქრისტინე აუდმაიერის წიგნიდან – „როგორ დავიცვათ ბავშვი სკოლაში დევნისაგან“ – გავეცანით და ამიტომ აგრესორის შესახებ მისი შეხედულებები, ვფიქრობ, მკითხველისათვის ძალიან საინტერესო იქნება.
მაშ ასე, „ერთხელ, რადიოინტერვიუს მსვლელობისას – იხსენებს ავტორი – ასეთი შეკითხვა დამისვეს: არჩევანი რომ გქონდეთ, რას აირჩევდით: თქვენი შვილი დევნის მსხვერპლი გახდეს თუ დევნის დამწყები/ბულერი? უნდა ვაღიარო, ამ შეკითხვამ იმდენად გამაოგნა, რომ დიდხანს ვერ შევძელი პასუხი, ბოლოს ამოვღერღე: ბულინგის მსხვერპლი ბავშვის მშობლობა მიჯობს, რადგან აგრესორის მშობლობა საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად სამარცხვინოა. აქვე გეტყვით, ასეთი პასუხი ისევე, როგორც შეკითხვა ახლა ძალიან სულელურად მიმაჩნია. ამ შემთხვევას კი იმიტომ ვიხსენებ, რომ მან დამაფიქრა იმ სტერეოტიპეპზე, რომლებიც დამკვიდრებულია საზოგადოებაში მსხვერპლისა და განსაკუთრებით აგრესორის შესახებ.
სტერეოტიპები:
- აგრესორები ძირითადად არაკეთილსაიმედო, არასრული ოჯახების შვილები არიან;
- მოძალადეები წარსულში თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.
მე, როგორც პრაქტიკოს ფსიქოლოგს, არ შემხვედრია მშობელი, რომელმაც შეიტყო საკუთარი შვილის ცუდი საქვიელის შესახებ, ანუ რომ მას აქვს აგრესია და ავლენს ძალადობრივ ქცევებს სხვა ბავშვების მისამართით და უკიდურესად არ გაუჭირდა ამ ამბის დაჯერება. „ჩემი შვილი ზრდილობიანი, კარგად აღზრდილია. სწავლითაც კარგად სწავლობს, ბევრი მეგობარი ჰყავს, თანატოლებთან, და არა მხოლოდ მათთან, ურთიერთობა არ უჭირს“. აი, მშობლების ტიპური რეაქციები და შეხედულება საკუთარ, სავარაუდოდ, მოძალადე შვილზე. მაგრამ საქმე სწორედ ის გახლავთ, რომ ბულერი ბავშვები ყოველთვის არაკეთილსაიმედო და არასრული ოჯახების შვილები არ არიან. ასევე, მცდარია შეხედულება იმის შესახებ, რომ მოძალადეები წარსულში თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.
მოძალადეები შესაძლოა თანატოლებს შორის ყველაზე პოპულარული ბავშვები/მოზარდები აღმოჩნდნენ. ისინი ლიდერების თვისებებით გამოირჩევიან, აქვთ მაღალი სტატუსი საკუთარ გარემოცვაში და რაც ყველაზე საგულისხმოა, მათ შესახებ ძალიან ძნელია რაიმე ცუდის თქმა და მით უფრო იმის, რომ ისინი ჩაგრავენ საკუთარ კლასელებს, თანატოლებს ან სხვა ადამიანებს. ფსიქოლოგების აზრით, ზოგიერთი აგრესორი ასე იკმაყოფილებს საკუთრ სოციალურ მოთხოვნილებებს – ძალაუფლებისადმი ლტოლვას, თვითდამკვიდრების სურვილს, სიტუაციის გაკონტროლების მოთხოვნილებას და რჩეული ადამიანებისადმი მისი მიკუთვნებულობის სურვილს. კოლექტივისაგან სხვა ბავშვების გარიყვით აგრესორები უფრო მძაფრად შეიგრძნობენ ამ კოლექტივთან საკუთარ იდენტობას. ჭორაობით, ხმების გავრცელებით ბულერი უფრო მეტ თანამზრახველს იძანს და პოტენციური მსხვერპლის წინააღმდეგ განაწყობს დანარჩენ ბავშვებს/მოზარდებს. თუმცა დევნაში მონაწილე ბავშვების/მოზარდების გარკვეული ნაწილი მხოლოდ იმიტომ ერთვება ბულინგში, რომ ის მათთვის ურთიერთობების ერთგვარი ფორმაა. ისიც შესაძლებელია, რომ ასეთები ვერც კი აცნობიერებენ, რა ხდება სინამდვილეში მათ გარშემო. ისიც საგულისხმოა, რომ ზოგიერთი ბავშვისთვის/მოზარდისთვის სხვების დევნა საკუთარი თავდაცვის საშუალებაა. ასეთი ბავშვები ხშირად აგრესორს აჭარბებენ სისასტიკის გამოვლინებებში, რადგან ამ დროს ისინი როლებს ცვლიან და მსხვერპლობიდან მოძალადეებად იქცევიან. ბავშვებისა და მოზარდების ნაწილი იმის გამო ერთვება დევნაში, რომ ეშინია თავად არ გახდეს შემდეგი მსხვერპლი.
ახლა, როგორც ქრისტინე აუდმაიერი ამბობს: მოდით, შევეცადოთ, ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებითაც აგრესორები ხასიათდებიან. უფროსებს ძალიან უჭირთ საკუთარ შვილებში/აღსაზრდელებში მოძალადე ბულერის შემჩნევა. მშობლებს/აღმზრდელებს უძნელდებათ შეეგუონ იმ აზრს, რომ მათი საყვარელი, მშვიდი, კეთილი შესანიშნავი ბავშვები, უფროსების თანდასწრებით ანგელოზებივით რომ იქცევიან, შესაძლებელია ძალიან სასტიკი ქცევების გამხორციელებლები აღმოჩნდნენ, მაშინ, როდესაც მარტონი რჩებიან. მინდა ერთი ტიპური ისტორია გაგიზიაროთ, რომელიც მე ბულინგის მსხვერპლი გოგონას მშობელმა მომიყვა.
„ჩემი ცხრა წლის გოგონა დიდი ხნის განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იყო. დევნა ხორციელდებოდა სკოლაში, დასასვენებელ ცენტრში და ქუჩაშიც კი. ბულერები დევნის სხვადასხვა ფორმას იყენებდნენ. ეს იყო როგორც ფარული აგრესია, ასევე აშკარა იგნორირება. მჩაგვრელები დასცინოდნენ ჩემს გოგონას, ეძახდნენ მას სხვადასხვა დამამცირებელ სიტყვებს და სულ მის გარეგნობაზე აკეთებდნენ აქცენტს. მე, როგორც მშობელმა, ვეცადე პრობლემის მოგვარება. დასაწყისში კლასის დამრიგებელს მივმართე, შევატყობინე პრობლემის შესახებ სხვა მშობლებს და ბოლოს უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციაც ჩავრთე საქმეში. როგორც ხვდებით, ეს ყველაფერი ადვილი გასაკეთებელი სულაც არ იყო, რადგან უფროსებს სურდათ, ეს ამბავი უბრალო, მარტივი, „მეგობრული“ გაუგებრობისათვის მიეწერათ. სიმართლე უნდა ითქვას, თავდაპირველად მეც ასე ვფიქრობდი. მაგრამ ერთ დღეს ჩემი შვილი სახლში ატირებული დაბრუნდა, რადგან მას მთელი გზა ხმამაღლა უყვიროდნენ ბავშვები: „მახინჯო, უმაქნისო, შენ არავის უყვარხარ“. ამის შემდეგ, სიტუაციის სერიოზულობა მთელი სიცხადით შევიგრძენი. ჩემს ზრდასრულ ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოცდილება, რადგან ძალიან გამიჭირდა უფროსების მთელი არმიისათვის ამეხსნა, რა ხდებოდა, რას გრძნობდა ჩემი შვილი და რომ საჭირო იყო დავხმარებოდით ბავშვებს.
დავეხმაროთ ორივე მხარეს, რადგან დახმარება არა მხოლოდ მსხვერპლს სჭირდება, არამედ აგრესორ ბულერებსაც, რომლებსაც ჩემი ღრმა რწმენით სერიოზული პრობლემები აქვთ. ბულინგის განმახორციელებელმა ბავშვებმა ხომ მშვენივრად იციან, რომ ძალიან ცუდად იქცევიან და, რაც მთავარია, მათ ეშინიათ, რომ ადრე თუ გვიან ამის შესახებ უფროსები შეიტყობენ. მე ბევრ რამეზე ვფიქრობდი და მგონია, რომ მოძალადე ბავშვებს რაღაც მომენტში თავადაც სურდათ დაესრულებინათ ეს უმსგავსობა, მაგრამ ეშინოდათ იმ შედეგების, რომლებიც დადგებოდა მაშინ, როდესაც ისინი სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავდნენ. მოკლედ, მსგავსი გარემოებები, ჩემი დაკვირვებით უფროსების და განსაკუთრებით მასწავლებლების სწორი პოზიციაა გადამწყვეტი, რათა დაბნეულ და შეშინებულ ბავშვებს დაეხმარონ“.
მშობლის ცხოვრებაში შესაძლებელია დადგეს ისეთი მომენტი, როდესაც რომელიმე მასწავლებელი ან სხვა მშობელი შეატყობინებს მისი შვილის აგრესიული ქცევების შესახებ, რომ ის მონაწილეობს მეგობრის, თანაკლასელის დევნაში. მესმის ეს უსიამოვნი მოსასმენია, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ და ყურადღება მიაქციეთ ასეთ გარემოებებს:
- თქვენს შვილს უყვარს თავის დამკვიდრება სხვების ხარჯზე, მბრძანებლობა, თამაშის დროს სხვებით მანიპულირება;
- ბავშვი მის გარშემო არსებულ სამყაროს მხოლოდ შავად და თეთრად ჰყოფს. ზოგიერთი ადამიანი მისთვის ძალიან საყვარელია, ხოლო სხვები ბოროტები, არაკეთილსაიმედოები არიან და ამიტომ ისინი ცუდ დამოკიდებულებას იმსახურებენ;
- ბავშვი ძალიან ზედმიწევნით შეარჩევს მათ, ვისთანაც სურს ურთიერთობა;
- ძალიან ადვილად ღიზიანდება ადამიანების მხრიდან გამოთქმული ან გახორციელებული თუნდაც უმნიშვნელო ნეგატიური დამოკიდებულების გამო;
- მეგობრების მიმართ არასტაბილური დამოკიდებულება. მაგალითად, გოგონები ხშირად ჯგუფებად მეგობრობენ და ვერ რიგდებიან, თუ შემთხვევით მხოლოდ სამნი აღმოჩნდებიან;
- თქვენ ხედავთ, რომ თქვენს შვილს მოსწონს სხვების ცუდი ეპითეტებით მოხსენიება, დაცინვა, წვალება, წყენინება და ფიზიკური დამცირებაც კი;
- თქვენ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენი შვილი ასაკისათვის შეუფერებლად აგრესიული, თავხედი, ჭირვეული და ჯიუტი გახდა.
ძალიან მნიშვნელოვანია: მშობლები, რომლებიც შეიტყობენ, რომ მათი შვილი სხვა ბავშვების დევნაშია ჩართული, არ ჩადგეს თავდაცვის პოზიციაში და არ დაიწყოს შემხვედრი ბრალდებების წამოყენება მსხვერპლი ბავშვის მისამართით. აუცილებელია (მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც ფსიქოლოგი, სრულად ვაცნობიერებ რამდენად რთულია ამის გაკეთება) უფროსმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და გააცნობიეროს კონსტრუქციული გამოსავლის ძიების საქმეში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. ბულინგის პრობლემებზე მომუშავე ფსიქოლოგების დაკვირვებით პრობლემის მოგვარება გაცილებით ადვილდება მაშინ, როდესაც მშობლები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია ურთიერთბრალდებების ნაცვლად იწყებენ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას და ინტერვენციის დაგეგმვას.
ჩემი რჩევები უფროსებს:
Ø იყავით გახსნილი და კონსტრუქციული. ნუ დაიკავებთ თავდაცვის პოზიციას და არ დაიწყოთ იმისი მტკიცება, რომ თქვენს შვილს არ შეუძლია ცუდი საქციელის ჩადენა;
Ø შეეცადეთ, საკუთარი უარყოფითი ემოციები ბავშვებზე არ გადაიტანოთ;
Ø ბევრი ბავშვი და მოზარდი შვებას განიცდის მაშინ, როდესაც მოახერხებს საკუთარ ქმედებაზე გულწრფელად საუბარს. არიან ისეთებიც, რომლებსაც დიდი დრო სჭირდებათ გულწრფელობის მოსაკრებად. ორივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია არ დავაძალოთ ბავშვს საუბარი. არ შევაწყვეტინოთ, არ ვეჩხუბოთ და არ დავუწყოთ მომაბეზრებელი ჭკუის სწავლება;
Ø დიდი გულისყურით უნდა მოუსმინოთ ბავშვს. მას ნათლად და მკაფიოდ უნდა გავაგებიმოთ, რომ ბულინგი სრულიად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მას ამისი „მიზეზი“ ჰქონდა;
Ø მნიშვნელოვანია ბავშვს დავანახოთ განსხვავება თავის დაცვასა და აგრესიას შორის;
Ø აუცილებელია, ვესაუბროთ ბავშვს იმის შესახებ, თუ რას განიცდის ბულინგის მსხვერპლი. სთხოვეთ ბავშვს, მოჰყვეს, რა განცდები შეიძლება ჰქონდეს მას თავად, იმ შემთხვევაში, თუ ის დევნის მსხვერპლი გახდება;
Ø არასოდეს დაუმალოთ ბავშვს, რომ თქვენ უნდა ესაუბროთ იმ ბავშვის მშობლებს, რომელიც დევნის მსხვერპლი გახდა. ასევე, უთხარით, რომ საუბარი გექნებათ სკოლის მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან. თუ დევნაში ბევრი ბავშვი მონაწილეობდა, მათთანაც საჭიროა გასაუბრება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ საკუთარი შვილის წინააღმდეგ გამოდიხართ. დროთა განმავლობაში ბავშვი მიხვდება, რომ თქვენ მართებულად მოიქეცით.
იმ ბავშვების ქმედებები, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვების ჩაგვრაში, მშობლებისათვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ საგულისხმოა, რომ თავად ბავშვები მაინც კარგ ადამიანებად რჩებიან, მათ უამრავი დადებითი თვისება აქვთ. გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა ჩაიდინონ ბავშვებმა, ისინი მაინც საჭიროებენ უფროსების მხარდაჭერას.