სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ერლომ ახვლედიანის გამოუქვეყნებელი მონოლოგი :შშმ ბავშვებს სოციალური ადაპტაციის მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის თემა გააქტიურდა. სასურველ ვითარებამდე მანძილი შორია, მაგრამ საკითხი ადგილიდან დაიძრა და ეს იმედის მომცემია. წლების წინ ამ მიმართებით დიდი, ყრუ კედელი არსებობდა. ისეთი ყრუ, რომ განათლების სამინისტრო შშმ ბავშვების წინაშე პასუხისმგებლობას ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, არაშემწყნარებლური ფრაზით იხსნიდა: „..ჩვენ ჯერ ნორმალური ბავშვებისთვის არ გვაქვს პირობები და…”

„დილის გაზეთიდან” წამოყოლილ ჩემს წილ არქივში შემონახული მქონდა ბატონი ერლომ ახვლედიანის მონოლოგი. გაზეთის პატივი, ჰყოლოდა ასეთი ავტორი, ჩემზეც გადანაწილდა. ვიწერდით, ვამზადებდით საუბრებს სულიერების, აღზრდის საკითხებზე. ეს პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდებოდა, მერე გაზეთმავე გამოსცა წიგნად „ძველი და ახალი”. ახლახან გაზეთ „მასწავლებელში” ვნახე ერთი ასეთი პუბლიკაციიდან ამონარიდი ვაზის, ჭიგოსა და საქართველოს შედარების შესახებ და გამახსენდა ძველი და ახალი საუკუნეების გასაყარზე გამოშვებულ სპეცნომერში დაბეჭდილი ერლომ ახვლედიანის „თუ და ვაითუ” და ახალი სადაგი საუკუნე”.

საერთოდ, ერლომ ახვლედიანის კითხვა ძალიან წაადგებათ ახალგაზრდებს, მის პუბლიკაციებში პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების ცოცხალი გაკვეთილებია გაბნეული. ეს რესურსი პედაგოგმაც შესანიშნავად შეიძლება გამოიყენოს, მაგრამ ამაზე – სხვა დროს.

ამ ახალ, სადაგ საუკუნეში უკვე ბევრი რამ მოხდა. აღარც ბატონი ერლომია ჩვენ შორის. ზემოთ ნახსენები მონოლოგის გამოუქვეყნებლობის მიზეზი მხოლოდ გაზეთის უცაბედი დახურვა არ ყოფილა. ამ თემაზე საუბარი თავად წამოიწყო, კიდევ ვაპირებდით გაგრძელებას, არ ეიოლებოდა საუბარი და ასე, გადადებული დაგვრჩა. გადავწყვიტე, ნაწყვეტი ამ მონოლოგიდან „მასწავლებლის” მკითხველამდე მომეტანა.

ბატონი ერლომის ქალიშვილის მენტალური შეფერხებების გამო მშობლებს გამკლავება უხდებოდათ უამრავ თანმხლებ საზრუნავთან, მაშინდელი გარემო საამისოდ სრულიად არაადეკვატური იყო. საუბარი დაახლოებით 2004 წლის დასაწყისშია ჩაწერილი.

„- ანუკა დამყავდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში. იქ სულ გვხვდებოდა ერთი ქალბატონი. როცა ანუკა ჩემთან ერთად არ იყო, მან მითხრა: „თქვენ არ იცით, რა ბედნიერი ადამიანი ხართო”. მე ეს უფრო გამხნევებად მივიღე, ვიდრე არსად, გამეღიმა და მადლობა ვუთხარი. მერე სულ თავში მიტრიალებდა ეს ფრაზა და დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ეს მხოლოდ გულწრფელი ნათქვამი კი არა, არამედ მისგან ღრმად გაგებული, გააზრებული ჭეშმარიტება იყო, ჭეშმარიტება, რომელსაც ატარებდა ანუკა.

რატომ არის ბედნიერი მშობელი, როდესაც ასეთი შვილი ჰყავს? ამ კითხვაზე პასუხს დიდხანს ვეძებდი და ამაში დავრწმუნდი ბევრჯერ, საკუთარ მაგალითზეც და უმეტესად – სხვა მშობელთან საუბრებით. ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ თითოეული მათგანი გაცილებით უკეთესი იყო ამჟამად, ვიდრე იმ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, თუ ასეთი შვილი არ ეყოლებოდა. ეს ბავშვები თავიანთ თავში ატარებენ ისეთ რამეს, რაც ჩვენთვის გამოუცნობია. დაახლოებით ისეთი განცდაა, ოჯახში ჩვილი რომ არის, სულ უფრთხილდები, გეშინია ხმამაღლა ლაპარაკის, კონფლიქტს ერიდები და ასე შემდეგ. თავისი გარემოსადმი ამგვარი მოფრთხილების განცდა აქვს ასეთი ბავშვის მშობელს. ეს ბავშვი ამკვიდრებს ასეთ გარემოს.

როგორც გითხარით, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი, როცა ძალიან დაღლილი ვიყავი, თან მიწევდა ფიქრი იმაზე, როგორ მოვიქცე, როგორ ვუპასუხო ცხოვრებისეულ გამოწვევებს, თან – როცა მქონდა ამპარტავნობა იმისა, რომ შემიძლია, რაღაც სერიოზული გავიგო, გავშიფრო… ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფს ანუკასთან ურთიერთობა რაღაცნაირად განმმუხტავდა. ჩვენი ურთიერთობა, რასაკვირველია, რაიმე დიდ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, მაგრამ სრულიად უბრალო დადებით მარცვლებს აღმოვაჩენდი მასში და ეს ნერვულ-სტრესული მდგომარეობიდან მათავისუფლებდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ამ ურთულეს მდგომარეობაში მასთან ურთიერთობა იყო ერთგვარი ე კ ლ ე ს ი ა. იმ ქალმა თვალი ამიხილა მე, რომ იქ მეძებნა ბედნიერება, რაშიც უბედურად ვთვლიდი თავს. მერე უფრო რთული აღმოჩენები გვქონდა. შეიძლება, ეს უფრო ადრეც იყო, მაგრამ ამის შემდეგ სხვანაირად შეფასდა.

მამაჩემი, 90-ს მიტანებული კაცი, ვეღარ ხედავდა. მაგრამ საოცარი ძალა და სიჯიუტე ჰქონდა, ვერ იტანდა, ხელს რომ აშველებდი, ეტყობა, ვერ ურიგდებოდა თავის მდგომარეობას. აი, ასეთი მამაჩემი მომყავს ბნელ სადარბაზოში მეოთხე სართულიდან. წვიმიანი დღეა. ერთი ხელით მამაჩემი მიჭირავს და მეორე ხელში მყავს სამი წლის ანუკა. არ ლაპარაკობს და არც ვიცი, რა ესმის და რა – არა. ორივე ხელი დაკავებული და დამძიმებული მაქვს და, ბავშვს კი მივმართავ, მაგრამ ჩემთვის ვამბობ: – ანუკა, ხომ ხედავ, რა მდგომარეობაში ვარ, იქნებ, ჩამოხვიდე-მეთქი. ჯერ ჩაფიქრდა, ეს მთავარია, მერე ჩამოვიდა, ჩემგან გაითავისუფლა ხელი… ვუყურებ, რას იზამს… ბაბუას ჩასჭიდა ხელი და ჩამოიყვანა დაბლამდე. ტალახში ბილიკი იყო გაკვალული და იმ ბილიკით გაიყვანა ქუჩამდე, მერე მობრუნდა და მთხოვა, ამიყვანეო. აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია. ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა და დავასკვენი, რომ არ ვიცოდი მისი შესაძლებლობების შესახებ.

1983 წელს ანუკა ფსკოვის პეჩორის ლავრაში წავიყვანე. ჩვენს იქ ყოფნას დიდი სირთულე ახლდა. ერთ პატარა ოთახში შეგვიფარეს ქალებმა. ასეთ გარემოში, სადაც არ იყო არანაირი პირობები, ციოდა, საჭმელი სამარხვო კეთდებოდა, ვფიქრობდი, რას იზამდა ანუკა… მაგრამ შევედით თუ არა, რაღაც ზეძალა ვიგრძენი. შიში მომეხსნა და ბავშვიც ისე იქცეოდა, მართლაც არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია.

მამა ანდრეანმა, ვისთანაც ჩვენ ჩავედით, ანუკას რუსულად უთხრა (ფაქტობრივად, მე მელაპარაკებოდა): – უთხარი მამაშენს, რომ ხატთან, როგორც ცოცხალ არსებასთან, ისე უნდა მიხვიდეო. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით მიძინების ხატთან. გვერდით ქრისტეს დიდი ხატი იყო. იქაურობა მხოლოდ სანთლებით ნათდებოდა. ადამიანები ჩრდილებივით დადიოდნენ. შემობრუნდა ანუკა, ტირის და ჩუმად მეუბნება: – მამა, შეხედე, ქრისტე ტირისო… იმ ადგილიდან ისე ნათთდებოდა ხატი, რომ ქრისტე მტირალს ჰგავდა. ანუკა ქრისტესადმი თანაგრძნობით ატირდა. ეს იყო გეთსიმანიის ბაღის ცრემლები…

კიდევ ბევრმა მაგალითმა დამარწმუნა, რომ ღმერთმა მისცა მას გარკვეული დანიშნულება, როგორც იმ ქალმა მითხრა, ღმერთმა რაღაცით დაასაჩუქრა, მაგრამ ჩვენ ამის მისაწვდომად არ გვაქვს თვალი ახელილი.

რატომ ვყვები ამას, იცით? ევროპელებმა გაცილებით ადრე დაიწყეს ფიქრი ასეთ ადამიანებზე. ანუკა 30 წლის არის და მე მაწუხებს მისი მომავალი. საქართველოში ეს საქმე თვითდინებით მიდის. ოჯახი ცდილობს, გაუმკლავდეს თავის საზრუნავს. დედამისმა უდიდესი ენერგია დახარჯა ამისთვის. უმთავრესად – მან. დაგვყავდა მოსკოვში, იქ გარკვეული ადაპტაციისა და დაკვირვების გარემო არსებობდა, რუსებს მაინც შედარებით მოწესრიგებული აქვთ ეს საკითხები. პირველად ოთხწლინახევრის იყო, რომ წავიყვანეთ. პირველი შეხვედრა მეტად პესიმისტური იყო: თქვენ შეგიძლიათ კვებოთ და მეტი განვითარება არ იქნებაო. წავიყვანეთ სხვასთან. მან ხელი გაუსინჯა. ის ხელი რომ გაუთავისუფლა, ბავშვმა მეორე ხელი გაუწოდა. ექიმმა, ეს ბევრს ნიშნავსო. მკურნალობა დაუნიშნეს, მაგრამ ამან სხვა უკუშედეგები გამოიწვია.

დაკვირვების შემდეგ სპეციალისტებმა გვითხრეს, ამ ბავშვს არ სჭირდება არავითარი წამალი, ეს არის ჯანმრთელი ბავშვი, ოღონდ თავისი შეფერხებებითო. ეს სოციალურად უნდა ადაპტირდეს, განვითარება უნდაო.

წამოვედით მოსკოვიდან იმედიანად და დავიწყე ძიება ასეთი ადგილის, თან ვფიქრობდი, ჩემი სახლი მომეწყო იმ პრინციპით, როგორც ევროპაში იყო მიღებული, რომ სხვა ბავშვებსაც გამოსდგომოდათ. მე ამ აზრზე ვიყავი სურვილების, ოცნების დონეზე. წავედი განათლების სამინისტროში. იქ კი მითხრეს: „ჩვენ ჯერ ნორმალური ბავშვებისთვის არ გვაქვს პირობებიო…” ეს პასუხი ჩემთვის განაჩენივით იყო.

დედამისმა მეტი შეძლო, შექმნა ასეთი გარემო. ეს იყო მისი პირადი ინიციატივა. მან უბრალოდ ვერ მოახერხა ევროპული პრინციპების საქართველოში გადმონერგვა. ჩვენთან ბავშვისადმი სპეციფიკური დამოკიდებულება არსებობს. რასაკვირველია, ყველას უყვარს თავისი შვილი და უნდა, ახლოს ჰყავდეს, მაგრამ საბოლოოდ რა არის მისთვის უკეთესი, ამის გააზრება ჭირს. ასეთ ბავშვებს სოციალური ადაპტაციისთვის რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ეს არის სწორი მიდგომა”.

ამგვარი მიდგომა უკვე სახელმწიფო პოლიტიკაშიც გაცხადდა, თუმცა გაცხადება ერთია და საქმედ ქცევა – მეორე. რამდენი შშმ ბავშვი ვიცით, რომ საკუთარი ოთახის კარს არ გასცილებია, არადა, მათი სოციალური ადაპტაცია შესაძლებელი იყო. საზოგადოების ცნობიერების შეცვლას მეტი დრო სჭირდება, რადგან კიდევ ხშირია ასეთი სიტუაცია: ინტეგრაციის მიზნით გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ძალიან „განათლებულმა” მშობლებმა შვილები აუზში არ ჩაუშვეს, რადგან მათ შორის იყვნენ შშმ ბავშვები, რომლებსაც თუმცა სხვებისთვის სრულიად უსაფრთხო პრობლემები ჰქონდათ, მშობლები მაინც (!) შეშინდნენ: ჩვენს შვილებს გადაედებათო. ესეც ჩვენი ტოლერანტობის კოეფიციენტი.

შშმ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა შესაძლებლობა და მათი განვითარებისთვის პირობები სჭირდებათ, რომ საზოგადოებასთან ადაპტირება და თვითრეალიზაცია მოახერხონ. მათ აქვთ ამის უფლება. როგორც ბევრ საქმეში, აქაც პედაგოგია პროცესის ავანგარდში, მას უწევს მუშაობა შშმ მოსწავლეებთანაც, მათ მშობლებთანაც და გარემომცველ საზოგადოებასთანაც, რომელიც ბევრად უკეთესი გახდება, თუ განსხვავებულთა მიმართ რეალური მიმღებლობა ექნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“