პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ბავშვი და თოვლის ბაბუა. დავაჯეროთ თუ არა, რომ ის არსებობს

ბევრი მშობელი ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მათ შვილებს სჯერათ ჩვეულებრივი ზღაპარი თოვლის ბაბუაზე, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა ლეგენდა ჩვილ იესოზე, კეთილ ჯადოქარ ბეფანზე, რომელსაც საჩუქრები მოაქვს იტალიელი ბავშვებისთვის. მაგრამ არიან მშობლები, რომლებიც ჯიუტად ეწინააღმდეგებიან ამგვარ ტრადიციებს. რომ არაფერი ვთქვათ საკითხის რელიგიურ მხარეზე, ისინი თვლიან, რომ დაუშვებელია, ვაიძულოთ ბავშვებს, სჯეროდეთ არარსებული მოვლენების. ისინი ამტკიცებენ, რომ პატარა ამით უფრო ბედნიერი ვერ გახდება, მხოლოდ და მხოლოდ მეტხანს დარჩება ინფანტილური, განებივრებული და ადრე თუ გვიან, როცა მიხვდება, რომ ის მოატყუეს, დარჩება არა მხოლოდ მწარედ გულგატეხილი, არამედ მშობლების მონათხრობ სხვა ამბებსაც ეჭვქვეშ დააყენებს.

ყველაფერი ეს თითქოს დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში მცდარი შეხედულებაა. “რეალისტურად განწყობილი“ მშობლები, რომლები უარყოფენ თოვლის ბაბუას, ჩვეულებრივ არავითარ ძალისხმევას არ მიმართავენ, რათა აღუდგნენ სხვა, სრულიად დაუჯერებელ წარმოდგენებს, რომლითაც სავსეა ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება. მის თამაშებში ყოველთვის ბევრი გამონაგონია, ლაპარაკია რომელიღაც კოსმოსიდან მოსულებზე, კოვბოებზე, ინდილებზე თუ დედის კაბებში გამოწყობილ მასკარადზე: თვით მშობლებიც ხშირად ხალისით მონაწილეობენ ბავშვების თამაშებში. ბავშვებს მოსწონთ ფანტაზიორობა, იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ხერხია საკუთარი თავის შეცნობისა. თავიდანვე ფანტაზიის გარეშე, მხოლოდ სიმართლით ცხოვრება მეტისმეტად თრგუნავს ბავშვებს და უძნელებს მიზნის მიღწევას.

რა თქმა უნდა, შეიძლება მოდავება – ფანტაზია ფანტაზიად, მაგრამ ცუდია, როცა ბავშვი მეტისმეტად იჯერებს მას. თუმცა, როცა თამაშობს, ფიქრობს თუ არა, როგორც მოზრდილი? არსებითად მის ცნობიერებაში ჯერ არ არის განსხვავება რწმენასა და ფანტაზიას შორის. როგორღაც მომიხდა კლინიკაში ერთ ბიჭს დავკვირვებოდი, იგი ყურადღებით  ათვალიერებდა სურათს, რომელზეც გამოსახული იყო ორთქმავლის სახურავზე მწოლარე კოვბოი, რომელიც  ვიღაცას იარაღს უმიზნებდა. ბიჭმა შემომხედა და მკითხა: რაო, ექიმო, განა ის ყოჩაღი არ არის? ბავშვი ვერ ამჩნევდა, რომ მის წინ მხოლოდ ფოტო იყო. იგი სრულიად რეალურ, მთელი სისწრაფით მიმავალ ორთქმავალს და თავის გმირს ხედავდა, რომელიც მტერს მისდევდა და სიცოცხლეს სწირავდა. როცა იგი თამაშობდა, ამ სურათზე აღბეჭდილი მისთვის სინამდვილედ იქცეოდა. როგორც არ უნდა გვეცადა მისი განმუხტვა, რომ ეს ყველაფერი „მოგონილია’’, ჩვენ მაინც არ გვიჯერებდა და სწამდა მისი რეალური არსებობა.

იგივე ხდება თოვლის ბაბუას შემთხვევაშიც. როცა ვიზრდებით და თავად ვხდებით  მშობლები, ალბათ უკვე რაღაც ცინიკურად ვუყურებთ ამ გამონაგონს. ამასობაში კი ჩვენი შვილი გულუბრყვილო ბავშვური თვალებით უყურებს თოვლის ბაბუას და მზად არის დაიჯეროს ყველაფერი, რასაც ჩვენ მას ვეტყვით. ამ დროს შეგვიძლია ავუხსნათ ბავშვს, რომ ეს ნამდვილი თოვლის ბაბუა არ არის, არამედ უბრალოდ გამოგონილია, გადაცმული ძიაა და ბავშვი დაგვიჯერებს. მაგრამ როგორ იგრძნობს თავს მაშინ, როცა დაინახავს, როგორ ხარობენ მისი ტოლები თოვლის ბაბუასთან, როგორ უბრწყინავთ თვალები, როცა მასზე ლაპარაკობენ? რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავარწმუნოთ იგი, რომ ჩვენი მხარე დაიჭიროს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, თოვლის ბაბუას უარყოფამ მეგობრებს შორის პოპულარობა არ მოუტანოს და ამხანაგების მშობლებიც არც თუ მეგობრულად  განაწყოს მის მიმართ. ხუთი წლის ბავშვისთვის ძნელია, საზოგადოდ მიღებული ტრადიციის დარღვევა. ტყუილუბრალოდ რომ არ გავართულოთ ეს პრობლემა და უფრო მეტიც, პატარამ რომ დაიჯეროს თოვლის ბაბუის, ამით უფრო ინფანტილურს როდი გავხდით, მხოლოდ ხელს შეუშლით მონაწილეობა მიიღოს საერთო ზეიმში.

იმის მტკიცება, თითქოს საახალწლო საჩუქრების მოლოდინი გაანებივრებს ბავშვს, იმ შემთხვევაშია სამართლიანი, როცა ის მეტისმეტად ბევრია. ეს ეხება დაბადების დღესაც და სხვა ნებისმიერ დღესასწაულსაც. ამას გარდა, ბავშვები მეტისმეტად მომთხოვნები ხდებიან მხოლოდ მაშინ, როცა იგებენ, რომ ეს ჩვენ, უფროსებს მოგვაქვს საჩუქრები და არა თოვლის ბაბუას. მაგრამ ყველაზე მეტად ის გარემოება გვაშფოთებს, რომ ბავშვები ძალიან შეწუხდებიან, როცა მიხვდებიან, რომ ისინი მოვატყუეთ. მათ შეუძლიათ წყენა დამალონ და აღარ გვენდონ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთხელაც არ შემხვედრია ბავშვი, რომელსაც ასე მძაფრი რეაქცია ჰქონოდა მას შემდეგ, როცა გაიგო, რომ თოვლის ბაბუა გამოგონილია. მოზრდილები აზვიადებენ საშიშროებას. ხშირად ხდება – პატარა სიმართლეს მეგობრებისგან იგებს, თავდაპირველად აღშფოთდება და არ სჯერა, მაგრამ შემდეგ თანდათანობით გააცნობიერებს, რომ სამყაროს ამიერიდან უფრო მოზრდილის თვალით უნდა შეხედოს და ახალ წლამდე დიდი ხნით ადრე იწყებს გამოკვლევას, საბოლოოდ აღმოაჩენს დამამტკიცებელ საბუთს, რომ მის ჭეშმარიტ მწყალობელს ჩვენ, მისი მშობლები წარმოვადგენთ. ბავშვი არ ამჟღავნებს, რომ ჩვენი საიდუმლო აღმოაჩინა, ამაყობს თავისთვის და უხარია თავისი შორსმჭვრეტელობა. საუკეთესოა, თუ ამ აღმოჩენას იგი დაახლოებით 7 წლის ასაკში გააკეთებს. მაგრამ თუ მერეც ვერ შეძლებს ამ საიდუმლოს გაგებას, საჭიროა დავეხმაროთ მას.

აი, ერთი ხერხთაგანი, როგორ გავუადვილოთ ბავშვს მსგავსი აღმოჩენა. დროზე დავიწყოთ მისი განათლება უკვე 4 ან 5 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ მას სჯერა თოვლის ბაბუის არსებობა, ვურჩევთ მადლობა გადაუხადოს ნათესავებს საჩუქრებისთვის, რომლებსაც იგი მათგან იღებს. მშვიდად ავუხსნათ, რომ დეიდამ და ბიძამ სთხოვეს თოვლის ბაბუას ძმისშვილისთვის მოეტანა ახალი რკინიგზა და ბავშვის თანდასწრებით უთხრათ მათ: „გმადლობ, რომ თოვლის ბაბუას სთხოვეთ გიორგისთვის მოეტანა ეს მშვენიერი რკინიგზა“. ალბათ, ისიც მადლობას გადაუხდის მათ თქვენი რჩევის მსგავსად. ზუსტად ასევეა საჭირო, რომ მოგვიანებით ჩვენს მიმართაც გამოხატოს მადლიერების გრძნობა საჩუქრისთვის. ხოლო, როცა ბავშვს 6 ან 7 წელი შეუსრულდება, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია გასაკეთებლად, არცთუ საგულდაგულოდ შევინახოთ საახალწლო საჩუქრები, შეიძლება სადმე მაგიდაზე დაგვრჩეს კიდევაც კოლოფი ან გახსნილი პაკეტი. როცა იგი დაგვიწყებს გამოკითხვას, რა არის ეს, საიდანაა და ვისთვისაა, ვუთხრათ მას საჩუქრის მიღებამდე და მიღების შემდეგაც, რომ ჩვენ გვგონია, მას ძალიან არ ეწყინება, თუ მას ჩვენგან მიიღებს. მაშინ ის დაიწყებს თოვლის ბაბუს შესახებ გამოკითხვას და ვუპასუხებთ, რომ ეს მშვენიერი ზღაპარია, სინამდვილეში კი საჩუქრებს იგი ყოველთვის იღებდა მშობლებისა და ახლობლებისაგან, რომელთაც იგი უყვართ.

–  გამოდის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს? – უთუოდ გვკითხავს ბავშვი, შესაძლოა, თვალცრემლიანიც.

–  სინამდვილეში იგი არ არსებობს, – ვუპასუხებთ ჩვენ, – მაგრამ ყველასთვის სასიამოვნოა ვიფიქროთ, რომ ის არსებობს. რა განსხვავებაა?

–  განა შარშან ჩვენ არ ვნახეთ ის საახალწლო ნაძვისხის ზეიმზე?

–  რა თქმა უნდა, მაგრამ გახსოვს, მას თოვლის ბაბუს დამხმარეს ეძახდნენ და შენ აგიხსნეს, რომ თვით თოვლის ბაბუა ჩრდილო პოლუსზე ცხოვრობს, ყველა თოვლის ბაბუა სინამდვილეში დამხმარეა. გვეხმარებიან, არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველ წელს უნდა ვუყიდოთ ჩვენს შვილებს საჩუქრები, ისევე, როგორც შენ გეხმარება კოსმონავტის კოსტუმი თავი კოსმონავტად წარმოიდგინო. განა ეს საინტერესო არ არის?

–  მომავალ წელს მე ისევ მივიღებ საჩუქრებს?

–  რა თქმა უნდა! ჩვენ შევეცდებით ყოველ წელს გაჩუქოთ რამე შესანიშნავი. აბა რა?

– ცოტას ვნაღვლობ, მაგრამ რას ვიზამ.

აქ მეტად მნიშვნელოვანია, ახალმა საჩუქარმა მთლიანად მიიპყროს ბავშვის ყურადღება.

თუ შემდეგ ვეტყვით ბავშვს, რომ საიდუმლო გავანდეთ და უმცროს და-ძმასთან არ წამოსცდეს, ამით დავიცავთ მას ამ სიახლით გამოწვეული შესაძლო ღელვისგან. ამასთან, ბავშვს ექნება შესანიშნავი არდადეგები – მას მშვენიერი მოგონებები ექნება მათზე, არ იგრძნობს წყენას, გულგატეხილობას, რაც, უთუოდ შეიძლება გამოეწვია ამგვარ გულახდილობას. ერთადერთი საშიშროება, რაც თოვლის ბაბუის ზღაპარში იმალება, ეს არის მისი უთავბოლო გამოყენება სადამრიგებლო მიზნით. თუ ჩვენ დავიწყებთ დამუქრებას, გაფრთხილებას, რომ თოვლის ბაბუას მხოლოდ კარგი ბავშვებისთვის მოაქვს საჩუქარი, შეიძლება უნებურად გრანდიოზულ საჩუქრებზე ოცნება ვაიძულოთ, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებთ. და თუ შემდეგ წელსაც ვერ მიიღებს მათ, დაიწყებს ფიქრს, რომ თოვლის ბაბუამ არ ჩათვალა იგი ასეთი საჩუქრის ღირსად. თოვლის ბაბუა გადაიქცევა მის თვალში უმაღლეს მოსამართლედ, რომელიც აფასებს მის ქცევას. ბავშვს ეწყება მისადმი შიში, ამასთან, შეიძლება გაუჩნდეს დანაშაულის კომპლექსი. ამიტომ, ბევრად უკეთესია მოიქცეს საწინააღმდეგოდ – წარმოიდგინოს თოვლის ბაბუა მხიარულ, კეთილ მოხუცად, რომელსაც ერთნაირად უყვარს ყველა ბავშვი. როცა ჩვენი შვილი მიიღებს საჩუქარს, შეიძლება ვუთხრათ: ’’როგორც ჩანს, შენ ჭკვიანი და კარგად იქცეოდი“ – თუმცა უკანასკნელ დროს არ გამოირჩეოდა კარგი ქცევით. დაე, ახალი წლის არდადეგებზე მაინც, დასვენებისა და მხიარულების პერიოდში, ჩვენმა შვილმა მიიღოს ხანმოკლე სიხარული იმის გამო, რომ ის უყვართ, როგორადაც არ უნდა იქცეოდეს, – ეს უმშვენიერესი შეგრძნებაა მისთვის.

და ერთი  რჩევაც: ნუ აჩუქებთ ბავშვს ნურაფერს ისეთს, რაც ასაკობრივად არ შეეფერება და რაც მას ამ დროისთვის არ დააინტერესებს.

გახსოვდეთ: ყველა ის სათამაშო, რომელსაც მას ვჩუქნით, მათ შორის ელექტრორკინიგზაც, მისი ნივთებია და არა ჩვენი. ამიტომ არ უნდა დაიწყოთ მისი ახალი სათამაშოებით თამაში, ან მათი მოწყობილობის გაცნობაში დახმარება. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ გააკეთოთ, როცა ამას თავად გთხოვთ.

დაბოლოს, როცა ბავშვი შეწყვეტს თოვლის ბაბუის ზღაპრის დაჯერებას, ვასწავლოთ, რომ მან თავად დაამზადოს საჩუქრები და სხვებს აჩუქოს. დაე, გაიგოს, რომ  ჩუქება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მიღება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“