„ინტერვიუზე მისული ჟურნალისტის კითხვაზე ოთარმა ვრცელი პასუხი წამოიწყო. შუა პასუხზე ტელეფონმა დარეკა. ოთარმა ტელეფონით ისაუბრა და როცა ჟურნალისტს მიუბრუნდა, შეკითხვა აღარ ახსოვდა. ჟურნალისტმა კითხვა გაუმეორა, მაგრამ ოთარმა რადიკალურად საწინააღმდეგო პასუხი გასცა.
– თავიდან სხვანაირად მპასუხობდით, – ანერვიულდა ჟურნალისტი.
– ოჰ… იმის მერე იმდენი დრო გავიდა… – დაამშვიდა ოთარმა“.
ეს ჩანაწერი იმ წიგნიდანაა, დიდი რეჟისორისა და დიდი მასწავლებლის, ოთარ იოსელიანის შესახებ რომ დაწერა მარინა ქარცივაძემ, მსახიობმა და მოსწავლეთა შორის ყველაზე ერთგულმა. კითხვამ იმდენად გამიტაცა, გასული საუკუნის მშფოთვარე წლებიდან დასაბრუნებლად საკუთარი თავისთვის ერთგვარი ძალდატანებაც კი დამჭირდა. ისევ იქ ყოფნა მინდოდა – გადასაღებ მოედნებზე, კინოსტუდიის პავილიონებში, ოთარისა და მარინას სახლებში, მათი მეგობრებისა და ახლობლების გვერდით.
წიგნს „Modus vivendi“ ჰქვია. მისი წაკითხვის სურვილი მოსვენებას არ მაძლევდა, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, მარინა ქარცივაძის გაცნობისა და მასთან საუბრის შემდეგ კი სულაც გამიორმაგდა. გული მიგრძნობდა, რომ სწორედ საჩემო საკითხავი უნდა ყოფილიყო. „ეძღვნება შავ-თეთრი კინოს მოყვარულებს“, – გადაშლისთანავე შევნიშნე. სიხარულიც ამას ერქვა – ისე გამოვიდა, რომ სხვა მკითხველებთან ერთად, წიგნი მეც მეძღვნებოდა.
არა, ასეთ ოთარ იოსელიანს არ ვიცნობდი. რა თქმა უნდა, როგორც ავტორი ამბობს, მთავარი ფილმებია და ყველაზე მნიშვნელოვანსაც მაშინ ვხვდებით, როცა მათ ვუყურებთ, მაგრამ ამ წიგნში აღწერილ ამბებსაც თავისი წონა აქვს – თავისი სიმართლე და მომნუსხველობა. დიდი რეჟისორის გვერდით მუშაობა, ადამიანებისა თუ მოვლენებისთვის მისი თვალით შეხედვის ყოველი მცდელობა, ხუმრობისა თუ ყოველდღიური ურთიერთობის მისეულ ფორმებზე დაკვირვება – რაღაც ისეთს გასწავლის, რასაც სხვაგან ვერ ისწავლიდი. დიდი გამართლებაა ეს გაკვეთილები, ამდენი წლის მანძილზე – ამდენი გაკვეთილი.
„გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“… როგორ ემზადებოდნენ გადაღებისთვის, როგორ იღებდნენ, რა გზებს მიმართავდნენ საბჭოთა ცენზურისთვის თვალის ასახვევად, უსამართლო ბრალდებების გასაქარწყლებლად, დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. წიგნს იმ შემზარავი წერილების ნაწილიც ერთვის, „აღშფოთებული საბჭოთა მოქალაქეები“ რომ წერდნენ: ხან ფილმის გადაკეთებას მოითხოვდნენ, ხან აკრძალვას, ხან განადგურებასაც კი.
ძნელია, გაუძლო. ძნელია, ხელი არ ჩაიქნიო და ახალ ჩანაფიქრს იმთავითვე ეჭვით არ შეხედო. ალბათ ოთარ იოსელიანსაც გაუჩნდებოდა დროდადრო მტანჯველი ეჭვი, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა კი წიგნის ფურცლებზე წარმოგვიდგება, საკუთარ თავსა და საკუთარ სიმართლეში ბოლომდე დაჯერებულია, იცის, რას აკეთებს და რატომ. მასა და საბჭოთა სინამდვილეს შორის თითქოს უხილავი სივრცეა, რომელსაც საჭირო დროს იმ ურჩხულების გაჩენა შეუძლია, შემოქმედის თავისუფლებას რომ გააფთრებით დაიცავენ, ნებისმიერ საფრთხეს გასწვდებიან, გააქრობენ.
წიგნის ავტორი არც თავშესაქცევ ამბებს იშურებს მკითხველების გასახალისებლად. ამის დამსახურებაცაა, მისი ნაწერი ასე მსუბუქად, ძალდაუტანებლად რომ იკითხება. არც იმას მალავს, რომ თავის დროზე კინოში გადაღება სულაც არ უნდოდა, ახალგაზრდულ უპასუხისმგებლობაზეც გვესაუბრება, იმაზეც, „გიორგობისთვის“ გადაღებისას უდროო დროს ატეხილ სიცილს რეჟისორი წყობიდან რომ გამოუყვანია და, არც მეტი, არც ნაკლები, ყველაზე სქელი ენციკლოპედია უსვრია ქალიშვილისთვის: როგორც ჰალეის კომეტამ დედამიწას, ისე ჩამიქროლა საფეთქელთან ამ ენციკლოპედიამო.
საბოლოოდ, სწორედ ასეთი გამოდის წიგნი, რომელსაც სიყვარული გაწერინებს. სიყვარული და პატივისცემა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი რამ განსაზღვრა შენს ცხოვრებაში. „მე უნდა აღვზარდო შენი მხატვრული გემოვნება“, – უთქვამს ერთხელ ოთარ იოსელიანს მარინა ქარცივაძისთვის, როდესაც ის, მოსკოვის კინოფესტივალიდან ახლად ჩამოსული, რომელიღაც ფილმზე აღფრთოვანებით საუბრობდა. ცხადია, ამ განცხადებაში ხუმრობის წილიცაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მან აქაც წარმატებას მიაღწია – დამაჯერებელ წარმატებას.
Modus vivendi – ცხოვრების წესი გამოარჩევს ასეთ ადამიანებს, ვის გვერდით ყოფნასაც, რა თქმა უნდა, თავისებური სირთულეც ახლავს. „წინააღმდეგობრივი, მრავალწახნაგოვანი, ჩვეულებრივიც, არაჩვეულებრივიც, – ასე გვიხასიათებს ავტორი წიგნის მთავარ გმირს და იქვე ამატებს: – გამოკვეთილად ინდივიდუალური სტილი აქვს. აქ მხოლოდ შემოქმედებით სტილს არ ვგულისხმობ: ცხოვრების, ჩაცმის, ქცევის, მოფერების, გაბრაზების…“ ასეთ რეჟისორთან ურთიერთობა მსახიობისთვის დიდი ბედნიერებაა. დროთა განმავლობაში მისი მეგობრები შენი მეგობრებიც ხდებიან, ის ახლად გაცნობილი კი, ერთ საღამოს ჩიბუხების კოლექცია რომ დაგათვალიერებინა და თითოეულის გასინჯვის საშუალება მოგცა, არც მეტი, არც ნაკლები, მერაბ მამარდაშვილია. როგორ უნდა მიიღო ბედის ასეთი საჩუქარი? სიხარულით, დანარჩენი სამყაროს წინაშე ერთგვარი ვალდებულების გაცნობიერებით, როგორც იღებს კიდეც მარინა ქარცივაძე, შესანიშნავი მთხრობელი, შესაშურად კარგი მეხსიერებისა და მახვილი თვალის მქონე.