„როცა ლოს ანჯელესის აჯანყებას ტელევიზორით ვუყურებდი, იურისტობას ვაპირებდი, მაგრამ მერე ვთქვი: ღმერთო, როცა პატარა ბავშვის სასამართლოზე დაცვა მიწევს, ეს ხომ უკვე წაგებული ომია. ჰოდა, გადავწყვიტე მასწავლებელი გავმხდარიყავი, რადგან მთავარი ბრძოლა აქ, საკლასო ოთახებშია“.
კ/ფ “თავისუფლების მწერლები“
თანამედროვე სამყარო სავსეა არასასურველ შედეგებთან ბრძოლის სტრატეგიებით, ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ ვაცნობიერებთ, „როცა ურემი გადაბრუნდება“, არადა, შეუძლია ადამიანს დაფიქრდეს იმაზე, როგორ არ უნდა მოხდეს ის, რაც ხდება და არ მოსწონს. შედეგთან ბრძოლა ნამდვილად წაგებული ომია, რადგან ჩვენ ხელიდან გავუშვით უკვე ის შესაძლებლობა, რომელიც ამ შედეგს არ მოიტანდა.
ასე რომ, გადავინაცვლოთ კლასებსა და აუდიტორიებში.
ყველაფერი იწყება ბაღიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან… ზოგადად, განათლებიდან. ასე თვლის ერინ გრიუველი, ინგლისური ენის მასწავლებელი კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში (ფილმიდან „თავისუფლების მწერლები“). ის არ ნებდება უიმედო რეალობას, სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც დროსა და რესურსს არ ხარჯავს ძნელადაღასაზრდელ და კრიმინალისაკენ მიდრეკილ მოზარდებზე, ასეთ ბავშვებს ბიბლიოთეკიდან წიგნებსაც კი არ ატანენ წასაკითხად.
მაგრამ ერინის გამოჩენა სკოლაში ცვლილებებს იწვევს. მისთვის არავის აუხსნია, როგორ უნდა შეერჩია მეთოდი, როგორ ესწავლებინა ბავშვებისთვის, უფრო პირიქით, აფრთხილებდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა ასეთ ბავშვებთან მუშაობას.
რა გახდა წარმატებისთვის საკმარისი? მასწავლებლის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ცოდნის გზით, ლიტერატურის დახმარებით ბავშვებზე მოეხდინა ზეგავლენა, ესწავლებინა მათთვის ტოლერანტობა, რათა ისინი გამხდარიყვნენ შემწყნარებლები სხვადასხვა კლანის, რასის მიმართ. ეს თავიდან უტოპიური ჩანდა, მაგრამ ნელ-ნელა ერინი შეძლებს მათ დაინტერესებას, მოსწავლეებს გაუღვივებს ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და ყველაზე მთავარი: ის შეეცდება, დავალებები ისე შეარჩიოს, რომ ბავშვებმა თვითგამოხატვა მოახერხონ, რადგან მასწავლებელი გრძნობს, რომ ისინი დიდ ტკივილს, დარდს, უსამართლობას, შიშს ატარებენ პატარა გულებით… ეს კი აგრესიულს ხდის მათ. ამიტომ ერინი მათთვის ყიდულობს წიგნებს, ჟურნალებს… ურიგებს და ეუბნება: „ყველას გვაქვს რაღაც ამბავი მოსაყოლი და ეს მნიშვნელოვანია… აუცილებლად უნდა გავუმხილოთ საკუთარ თავს მაინც, ამიტომ ყოველდღე დაწერთ რაღაცას ამ ჟურნალში. შეგიძლიათ დაწეროთ, რაც გნებავთ, თქვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ… თუ გინდათ, დღიურის სახით, თუ გინდათ, ლექსებისა და სიმღერის სახით…“. მასწავლებელი ამას აკეთებს რბილად, ძალდაუტანებლად… იმასაც კი ეუბნება, რომ თუ მათი სურვილი არ იქნება, არც წაიკითხავს… ასე მოიპოვებს ერინი მოსწავლეების ნდობასა და სიყვარულს. ისინი იწყებენ წერას და ჰყვებიან თავის ამბებს – საშინელ ამბებს – სისხლით, სისასტიკით, მკვლელობებით, ციხით, შიშით სავსე ცხოვრებას და ჟურნალებს აწყობენ იმ თაროზე, რომლიდანაც მასწავლებელს შეეძლო, აეღო და წაეკითხა…
ერინი მას შემდეგ, რაც საკუთარ ცხოვრებაზე და ტკივილებზე ალაპარაკებს ბავშვებს, მერე კითხვასაც დააწყებინებს, თავად ყიდულობს და ურიგებს მათ „ანა ფრანკის დღიურს“, „თავისუფლების მწერლების“ ფონდსაც კი შექმნიან და სკოლაში მოიწვევენ ქალს, რომელმაც ანა ფრანკი შეიფარა, რომელიც მოსწავლეებს ეუბნება, რომ ისინი თავად არიან გმირები!
ერინმა მოსწავლეებს ჩაუნერგა უნიკალურობის გრძნობა… ბავშვები, რომლებიც ოჯახებისგან დავიწყებული და სკოლის ადმინისტრაციისგან მიტოვებულები იყვნენ, რწმენით ივსებიან… ერთმანეთსაც სიყვარულით დაუწყეს ყურება, გადალახეს კლანურობა, განსხვავებულობა… უფრო მეტად გაიხსნენ და სწორედ აქედან იწყებს ერინი, რომ დაარწმუნოს მოსწავლეები ცვლილებების შესაძლებლობასა და გარდუვალობაში. სხვა აზრს არც უშვებს: „შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნებათ, ამას ვერ შევძლებო, სამუდამოდ გაჩუმდება და ყველაფერი, რაც ხელს გიშლით ცვლილებაში, სამუდამოდ გაქრება. ის პიროვნება, რომელსაც აქამდე წარმოადგენდით, არსებობას შეწყვეტს. დაიბადება ახალი ადამიანი“.
მასწავლებელი შეძლებს მათგან ახალი ადამიანების დაბადებას! ეს ნამდვილად საზეიმო მომენტია. როცა ამ ფილმს უყურებ, გრძნობ, რამდენი რამე შეუძლია რწმენას და ცოდნას ერთდროულად… მაგრამ რწმენა და ცოდნა მხოლოდ სიყვარულის გარემოცვაში იბადება და იძენს ძალას.
თანამედროვე მასწავლებელი სხვა გამოწვევების წინაშეა, მაგრამ მიზანი იგივეა! შესაძლოა, დღევანდელი სკოლის მოსწავლეს ჩვენს პირობებში კლანურობისა და რასიზმის პრობლემა არ აქვს, მაგრამ განსხვავებული აზრის მიუღებლობას ადამიანი იმავე სიძულვილამდე მიჰყავს, რომელიც იწვევს დაყოფას, დაპირისპირებას, გახლეჩას, ომს (მენტალურს, ფსიქოლოგიურს…).
მეთოდი, რომელსაც ერინი გაკვეთილებზე სრულიად ბუნებრივად მიმართავს – თითოეული ადამიანის უნიკალურობაში დარწმუნებაა! ყველას აქვს რაღაც, რითაც სხვისგან გამოირჩევა და ამით უფრო საინტერესო ხდება.
დღეს კიდევ უფრო მძაფრია გახლეჩა და დაპირისპირება განსხვავებული აზრის გამო. როდესაც პოეზიის ლექციაზე ერთ ლექსზე სტუდენტები სრულიად განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ, ჯერ ერთმანეთს ეპაექრებოდნენ და მერე მე მიყურებდნენ მოსამართლესავით, რათა განმესაჯა: ვინ იყო მართალი, ვინ გამოთქვამდა სწორად ამა თუ იმ ლექსის აზრს! მე კი ვეუბნებოდი, რომ ყველა გამოთქმული აზრი სწორი იყო და ვუსაბუთებდი, რატომ! ამის შემდეგ ისინი უკვე სწორ პასუხს კი არ ეძებდნენ, არამედ იმაზე ფიქრობდნენ, მართლა რა შეგრძნებები, ემოციები, აზრები უჩნდებოდათ და თავისუფლად იწყებდნენ დისკუსიას, რადგან აუდიტორიაში მათ არავინ ეუბნებოდა, რომ ცდებოდნენ. ან და, როგორ შეიძლება შეცდე, თუკი გულწრფელი ხარ გამოხატვაში? რას ნიშნავს ამ დროს შეცდომა? ჩვენი სკოლა და განათლების სისტემა კი შეცდომა-სისწორეზე ორიენტირებული სისტემაა, დაყოფაზე, დახარისხებაზე, ადამიანების გადანომვრაზე: შენ პირველი ხარ, შენ საუკეთესო ხარ, ის – მეორეა, ვიღაც – მესამე… ვიღაც საერთოდ, მაჩანჩალაა… მასწავლებლები ასე არტყამენ იარლიყებს ბავშვებს და მათაც ზუსტად იციან, ამ იარლიყის შემდეგ რაც არ უნდა გააკეთონ, მასწავლებელს მაინც ვერაფერს „დაანახვებენ“. ცოდნა არ არის წახალისებული, არამედ მასწავლებელი სულ „გამოჭრაზეა“, რა არ იცი… თორემ რაც იცი და როგორც იცი, ეგ არავის აინტერესებს!
ამიტომ თუ მასწავლებლები შეცვლიან დამოკიდებულების რაკურსს, მოსწავლეებიც თავისთავად შეიცვლებიან: არა კონკურენცია, არა შეჯიბრი, არა გადასწრება, არა ჩასაფრება, არა დაძირვა, არამედ თანამშრომლობა, უნიკალურობის განცდა, ერთიანობა, სიყვარული – უნდა გახდეს ცოდნის მიღების საფუძველი!
ასე იქცა საყვარელ და საინტერესო ადგილად ერინის 203-ე კლასი! როდესაც ჩემი სტუდენტები ამბობდნენ, რომ 414-ე აუდიტორია მათი საუკეთესო ადგილია, მე უკვე ვიცი, რომ ისინი იმ ცვლილებებს გულისხმობენ, რომელიც კონკრეტულ ლოკაციას მეტაფორულად დაუკავშირეს.
ნებისმიერი კლასი შეიძლება იქცეს იმ ადგილად, სადაც ბავშვებს უხარიათ მისვლა… ეს კი თქვენზეა, ძვირფასო მასწავლებლებო! ხშირად უთქვამთ ჩემთვისაც, რომ საიდან ვუყრი თავს ერთად ამდენ შემოქმედ ადამიანს, რაც სულაც არ შეესაბამება სიმართლეს… მე მათ არასდროს ვარჩევ და გარწმუნებთ, რომ თითოეული მათგანი ისედაც უნიკალური და შემოქმედებითია. უბრალოდ, ენდეთ… შეცვალეთ დამოკიდებულება და თქვენი კლასის თუ აუდიტორიის ნომერიც მეტაფორად იქცევა, სადაც მისვლა ყველას გაუხარდება. თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი ამბავი და ახლა კი ჯერი თქვენზეა: შექმენით მათგან „თავისუფლების მწერლები“. დააწერინეთ ამბები და მერე ჰკითხეთ: რა ასწავლა მათ ამ ამბავმა…?