ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

მსოფლიოს ბავშვთა არჩევანი

მსოფლიოს ბავშვთა არჩევანი: ‘’პატიოსანი არჩევნების მომხრე ვარ და არა მოზრდილების პოლიტიკური თამაშისა!’’
‘’სამსახურში მეჩქარება, აირჩიე შვილო, ბოლოსდაბოლოს რომელი ფერის სათამაშო გინდა, წითელი თუ ნაცრისფერი?’’ ვფიქრობ, ბავშვობის ასაკში უამრავი მოზარდი დამდგარა ამგვარი არჩევნის წინაშე. არჩევნის გაკეთებისას მოზარდისგან მშობლისათვის პასუხის გაცემა არც თუ იოლია, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ბევრი სხვა არჩევნის წინაშე დგება: თუნდაც – სასწავლად რომელი ენა აირჩიოს – ჩინური თუ ფრანგული, რომელ კოლეჯში განაგრძოს სწავლა, საპირისპირო სქესის რომელ პირზე გააკეთოს არჩევანი და ბოლოსდაბოლოს, აპატიოს თუ არა მეგობარს მის მიმართ ჩადენილი უსამართლო საქციელი. ეს მცირეოდენი ჩამონათვალი გახლავთ იმისა, რის არჩევაც ადამიანს სრულწლოვანების ასაკამდე უწევს. თუმცა არსებობს არჩევანი, რომლის მიღებამაც ადამიანის ცხოვრება შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს. საუბარია ამა თუ იმ ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქისათვის სავალდებულო არჩევანზე – ქვეყნის ხელისუფლების ფორმირებისას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელ პროგრამას დაუჭიროს მხარი, რომელ პლატფორმას ენდოს და ბოლოსდაბოლოს მოცემულ ეტაპზე გაკეთებული არჩევანი მომავალში ბევრად განსაზღვრავს ამომრჩევლის სოციალურ მდგომარეობასა და სტატუსს.

უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის აწმყოსა და მომავლის შეცვლა მხოლოდ ამავე ქვეყნის პირველ პირებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს, თუ უბრალოდ ცალკეული ქალაქების თუ სოფლების მმართველებს შეუძლიათ. თუმცა ფაქტი ერთია და პირდაპირ მიუთითებს, რომ ზემოთხსენებული პირები ხალხის, საზოგადოების მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე ჩხირსაც ვერ გადააბრუნებენ. მოზარდები და კერძოს სკოლის მოსწავლეები, ბუნებრივია, საზოგადოების ნაწილია და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი! აუცილებელია, ხელისუფლებამ და არა მხოლოდ ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი ყურადღება მიაქციოს სკოლამდელ მოზარდთა მოსაზრებებს, საიდანაც უამრავი საინტერესო და სასარგებლო დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი სახელმწიფოს პოლიტიკის სრულყოფისა, თუ იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. სრულებით არაა აუცილებელი, ბავშვებს გლობალური იდეების განზოგადება მოვთხოვოთ – უბრალოდ საჭიროა, ყურადღებით მოვუსმინოთ მათ და მათი ასაკის შესაბამისად გამოვიტანოთ დასკვნები ამა თუ იმ საკითხის მიმართ – იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობისა, თუ სულაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. 

მაიკლ შინი, 13 წლის – სულაც არ მინდა სრულწლოვანების შესრულებას დაველოდო. ხვალ რომ დაინიშნოს არჩევნები, ხვალვე წავიდოდი. ძალიან მომწონს ვენესუელას მაგალითი  – ამ ქვეყანაში ხმის მიცემა 16 წლამდე ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ. ჩემი აზრით, ჩემი და ჩემი ასაკის ადამიანების არჩევნებში მონაწილეობა უფრო მეტ სიმწვავეს მისცემს ნებისმიერ არჩევნებს და საბოლოო ჯამში, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემი ასაკის ბავშვებს საკუთარი შეხედულებები არ გააჩნია, ის უბრალოდ ბრიყვია. 

სემუელ ვიანორი, 11 წლის: ჩემი ბაბუა უსინათლოა. ძალიან მაინტერესებს, როგორ მოახერხებს ის საარჩევნო ბიულეტენის შემოხაზვასა და საარჩევნო ყუთში ჩაგდებას? რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ მეც მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერი სახის არჩევნებში მასთან ერთად. ძალიან მაინტერესებს, ჩემზე უკეთესი მრჩეველი ბაბუას ეყოლება ვინმე? ან საარჩევნო ბიულეტენში სასურველი ადამიანის შემოხაზვისას, ჩემზე მეტად ბაბუა არავის ენდობა, დანამდვილებით ვიცი! ასე რომ, ჩემი სურვილია, მომეცეს არჩევნებში მონაწილეობის სრული უფლება.

ნენსი მეიერი, 9 წლის: მე რომ მქონდეს საშუალება, კენჭი ვიყარო ქალაქ ჩიკაგოს მერობაზე, ჩემს მეზობლებსა და მთელ ქალაქს დავპირდებოდი, რომ მთავარ ქუჩაზე ასფალტს დავანგრევდი და მის ადგილას სხვადასხვა ფერის ყვავილებს დავრგავდი, რათა იქ შეყვარებულ წყვილებს ესეირნათ. მერე დავაწესებდი ‘’ჯანმრთელობის დღეს’’ – წელიწადში ერთს კი არა, ორმოცდაათს. ყველა მათხოვარს სამუშაოს მივცემდი. სასტიკად ავკრძალავდი იმას, რომ ჩემი ასაკის ბავშვები მონურად შრომობდნენ, ან კიდევ ქუჩებში მათხოვრობენ. ისინი, მართალია, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბავშვები არიან, მაგრამ ბავშვი ბავშვია!

ნატალია ივანოვა, 8 წლის: ბაბუაჩემი, გრეგორი ივანოვიჩი მიამბობდა, რომ როდესაც ჩვენს ქალაქში არჩევნები იმართებოდა, ქალაქის მთავარი ქუჩები გირლიანდებითა და ფერად–ფერადი ყვავილებით ირთვებოდა. საზეიმო მუსიკა ისმოდა დილიდანვე და ქალაქში საზეიმო განწყობილებაც იყოო. პირველი ვინც მივიდოდა საარჩევნო უბანზე და ხმას მისცემდა, მას სამახსოვრო სურათს უღებდნენ და მცირედი საჩუქრითაც ასაჩუქრებდნენ, მერე ის სურათი ქალაქის ყოველდღიურ გაზეთში იბეჭდებოდა. ჰო, ყველაზე მთავარი მავიწყდებოდა – ბაბუა მიყვებოდა, რომ მაშინ არავინ დადიოდა და არავინ მოუწოდებდა ოჯახებსა და ადამიანებს, ამასა და ამას მიეცით ხმაო! ხალხი საკუთარი სურვილითა და სიხარულითაც კი დადიოდა არჩევნებზე. აი, სწორედ ამნაირი არჩევნები მინდა ჩემს ქვეყანაში ჩატარდეს და არა ისეთი, როგორიც ახლაა – უამრავი და უშველებელი სურათები და ტელევიზორებში კიდევ ამდენი სარეკლამო ფილმები გადის. ის კანდიდატი ამას გვპირდება, ეს კანდიდატი ამას და ასე შემდეგ…

ნიკ ვისერმანი, 7 წლის: როგორც კი დაიწყება საარჩევნო მზადებები, ჩემს ქალაქში მაშინვე იწყება სხვადასხვა პლაკატების გაკვრა და მთელ ქალაქს მღელვარება მოიცავს ხოლმე. ტელევიზორში ნაცვლად იმისა, რომ მულტფილმები უჩვენონ, სხვადასხვა დეპუტატების სარეკლამო კლიპები გადის. ამ რეკლამებს რომ ვუყურებ, ასე მგონია, რომ დეპუტატები ცდილობენ, ხალხს თავიანთი აზრები მოახვიონ თავს. მარტო ისეთ რამეებზე ლაპარაკობენ, რომ ხალხს ესიამოვნოს და მათ სასურველი სკამი მოიპოვონ. მე მგონია, რომ არჩევნები პატიოსანი პროცესი უნდა იყოს და არა მოზრდილების პოლიტიკური თამაში. 

ჯიმ სოიერი, 8 წლის: ხშირად ჩვენს შტატში გამოდიან ტელევიზიით მოზრდილი ადამიანები და იქიდან საყვედურს ამბობენ – არჩევნებით მოსახლეობა აქტიური და დაინტერესებული არ არისო. მე მგონია, რომ მოსახლეობის ინტერესი არჩევნების მიმართ თავად კანდიდატებმა უნდა გააღვივონ. კერძოდ კი, ხალხს ზღაპრები კი არ უნდა მოუყვნენ, არამედ რეალური დაპირებები უნდა შესთავაზონ.

ქეთრინ თეტჩერი, 5 წლის: დედას და მამას ხმამაღალი ლაპარაკი და უთანხმოება შეემთხვათ. დედა ეუბნებოდა, წითელი ფერის სჯობიაო და მამიკომ კიდევ სხვა ფერი ამჯობინა და ხმამაღლა უყვირეს ერთმანეთს. მამა ამბობდა, წითელი ფერი სიკეთეს არ მოგვიტანს, ამდენი ხანია არც ხელფასი არ მომიმატეს, რომ ჩვენს ქეთრინს უკეთესი სათამაშოები ვუყიდო და უკეთესი ველოსიპედიო და დედამ კიდევ ზუსტად იმიტომ არის მასე, რომ წითელ ფერს არ ირჩევო. ჩემთვის კი სულერთია – წითელი ფერი მოეწონება მამიკოს თუ ნაცრისფერი, მთავარია დედიკოს არ ეჩხუბოს და დედიკომ კიდევ მამიკოს არ ეჩხუბოს. 

კესარია დემეტრაშვილი, 6 წლის: პირველ კლასში ვსწავლობ და გაკვეთილები რომ გვიმთავრდებოდა, დედიკო მხვდებოდა სკოლის კართან და ხანდახან კიდევ მამიკო. ზამთარში გარეთ მელოდებოდნენ ხოლმე დედა და მამა და ჩვენი დარაჯი, სერგო ბიძია სკოლის კარის შიგნით არ უშვებდა არც ერთსა და არც მეორეს. ჰოდა, იდგნენ სიცივეში და ასე მელოდებოდნენ ხოლმე. მე ძალიან მეცოდებოდა ჩემი მამა და დედა და სულ ვცდილობდი, ყველაზე პირველი გამოვსულიყავი გარეთ, იმათ რომ ძალიან არ შესცივნოდათ. ახლა კიდევ ზაფხული რომ მოვიდა და რომ დაცხა, დარაჯი ისევ არ უშვებდა დედასა და მამას სკოლის შენობაში. დგანან ხან დედა და ხან მამა ამ სიცხეში და ძალიან სცხელათ. ზაფხულშიც ჩქარა მინდოდა გამოვსულიყავი, რომ ძალიან არ დასცხომოდათ დედას და მამას. დარაჯი ამბობდა, რომ ზამთარშიც და ზაფხულშიც თქვენი მშობლები სკოლაში ბევრ დაავადებებს და ბაქტერიებს შემოიტანენ და მაგიტომ არ ვუშვებთ შიგნითო. ახლა სწავლა აღარ არის და სკოლაშიც აღარ დავდივარ და მამიკოს რომ მივყავდი ცირკში, ჩემს სკოლას ჩავუარე და იქ იმდენი მშობელი იყო, რომ რა ვიცი, როგორ უნდა გითხრათ! ეს მშობლები ჩემს სკოლაში შედიოდნენ და გამოდიოდნენ, თანაც ძალიან ბევრნი იყვნენ და კბილებს კრეჭდნენ, ყაყანებდნენ და ერთმანეთს რაღაცეებს უმტკიცებდნენ. მე მეგონა, რომ თავიანთ ბავშვებს მოაკითხეს და კიდევ მეგონა, რომ სკოლა გავაცდინე და ცოტათი შემეშინდა. მამიკოს მოვებღაუჭე ხელზე, რომ მასწავლებელი არ გამომხტარიყო საიდანღაც და საყვედური არ ეთქვა, სკოლას რატომ აცდენო. მამამ კიდევ მითხრა – ნურაფრის გეფიქრება, შვილო, სკოლაში სწავლა დასრულებულია, არჩევნები დაიწყოო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი