ფინეთის სკოლებსა და განათლების ფინურ სისტემაზე ბევრს წერენ, მის თავისებურებებზე ბევრ მოსაზრებას გამოთქვამენ და ზოგიერთს ის მსოფლიოში საუკეთესოდ მიაჩნია. ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმის გაგება, რას ფიქრობენ ფინეთის სასკოლო განათლების შესახებ თვითონ ფინელები. გთავაზობთ რამდენიმე ფინელი ბლოგერის მოსაზრებებს. ისინი სხვადასხვა სპეციალობისანი არიან და აქტიურად წერენ განათლების საკითხებზე Quora-ს ფორუმზე (www.quora.com), რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ფორუმია ინტერნეტში.
რიიკა პასანენი, სასკოლო სწავლების ენთუზიასტი ფინეთიდან:
„როგორია სინამდვილეში სკოლა და სასკოლო განათლება ფინეთში?
ამ კითხვაზე ჩემი პირველი პასუხია: ნორმალური. მე, აქ (ფინეთში, – ლ.ა) გაზრდილი, ვამბობ, რომ არაფერი განსაკუთრებული [სკოლაში სწავლისას] არ ხდებოდა. დილაობით გაჭირვებით ადგომა, ხანდახან სახლში დარჩენილი საშინაო დავალებები… მოკლედ, იგივე, რაც ბავშვების უმეტესობასთან.
განათლების „ფინურ სისტემაზე“ არავინ საუბრობდა, სანამ ეს „თემა“ გაზეთებში არ გამოჩნდა. მყვირალა სათაურები „ფინეთის განათლების სისტემაზე“, მის შესანიშნაობაზე და PISA-ს შედეგებზე (PISA – Programme for International Student Assessment, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო სისტემა, – ლ.ა.), რომლებიც მოსალოდნელს აღემატებოდა… სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფინეთის განათლების სისტემის ქება-დიდება.
არ გეგონოთ, რომ PISA-ს შედეგებამდე ფინეთის სკოლები არ ვარგოდა. PISA-მდე ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან არავინ დადის ტრანსპარანტით, რომელზეც ეწერება: „ჩვენ ფუნქციონალური სასკოლო სისტემა გვაქვს“; ეს სისტემა მართლაც ძალიან კარგი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული უნდა იყოს, რომ საშუალოსტატისიკურმა ფინელმა ამ თემაზე ტრაბახი გაბედოს.
რა თქმა უნდა, გადასარევია, როდესაც შენს სასკოლო სისტემას საერთაშორისო აღიარება ხვდება წილად! თანაც ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც განათლებაა. ასეთი წარმატება ბოლო ხანს არც Nokia-ს ჰქონია (მობილური ქსელებისა და ტექნოლოგიების გლობალური კორპორაცია ფინეთიდან, – ლ.ა.) და არც ფინური ქაღალდის მწარმოებლებს. განათლების კარგი სისტემა მომავლის კარგ გეგმასავით არის – ჩვენ შეგვიძლია ადაპტაცია, ე.ი. გადავრჩებით! რა მაგრად ჟღერს, არა? მეც ასე ვფიქრობ.
სკოლაში შვიდი წლისა მიმიყვანეს. ეს ნორმალური ასაკია სკოლისთვის. სკოლამდე ერთი წელი ბაღში (ე.წ. პრესქული) დავდიოდი. გაკვეთილები ორმოცდახუთ წუთს გრძელდებოდა და გაკვეთილებს შორის თხუთმეტწუთიანი შესვენებები გვქონდა. ამ დროს ყველა გარეთ უნდა გასულიყო და დერეფნებიც მალე იცლებოდა. გარეთ ბავშვები, ჩვეულებრივ, ფეხბურთს ან კალათბურთს ვთამაშობდით ხოლმე, თუმცა ხშირად იყო ბაგირის გადაწევა, ხტომა-სირბილი, საუბარი მეგობართან და ყველაფერი ის, რასაც ბავშვები აკეთებენ მეგობრებთან ერთდ.
ფინელებს ასეთი ხუმრობა გვაქვს: „რომელია შენი საყვარელი საათები სკოლაში? – შესვენების და სადილის“.
ციტატა The Atlantic-იდან (გავლენიანი ამერიკული ჟურნალი, დაარსებული 1875 წელს):
„ფინელების წარმოდგენით, როგორც სალბერგი (Pasi Sahlberg, ფინელი მკვლევარი, განმანათლებელი, ფინეთის განათლების სისტემის ექსპერტი, – ლ.ა.) აღწერს, სკოლა უნდა იყოს ჯანმრთელი, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო. ის იწყება საბაზისო ერთეულებით. ფინეთი ყოველ მოსწავლეს სთავაზობს უფასო სადილს, ჯანრთელობის დაცვას, ფსიქოლოგიურ დახმარებას და მოსწავლეთა სწავლებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას“.
ეს ყველაფერი სწორია. მახსენდება ინგლისურის გაკვეთილები, რომელთა დროსაც გავიგეთ, რომ ინგლისში ბავშვები სასკოლო კვებაში ფულს იხდიან. ამ ინფორმაციამ სახტად დაგვტოვა. ალბათ ამან კიდევ უფრო მეტად დაგვაფასებინა ის პირობები, რომლებშიც ჩვენ ვსწავლობდით… მაგრამ ეს მთლად სიმართლე არ გახლავთ. არიან ისეთებიც, რომლებსაც არ მოსწონთ სასკოლო სადილები და ტოვებენ მათ (ვგულისხმობ უფროსკლასელებს და არა პატარებს). თავად მე ათასობით სასკოლო სადილი მაქვს ნაჭამი.
ისე მოხდა, რომ დამამთავრებელ კლასებში ერთი წელი მიჩიგანში ვსწავლობდი. შევამჩნიე, რომ მათ ფერადოვანი და პერსონალიზირებული საკლასო ოთახები ჰქონდათ. ეს ძალიან მომეწონა. ფინეთში, მაგალითად, დაბალ კლასებში საკლასო ოთახის გაფორმება, როგორც წესი, ანბანის ასოებით ხდება. შესაძლოა, იქვე სავარძლებიც იდგეს, მაგრამ არა ისეთი დეკორაციები, როგორებიც აშშ-ში მინახავს.
ვფიქრობ, იმიტომაა ასე, რომ მეექვსე კლასამდე მოსწავლეები მთელ დღეს ერთ საკლასო ოთახში ატარებენ, ხოლო მასწავლებლები ოთახებს იცვლიან (გარდა სპორტული, ხელოვნების და ხანდახან ინგლისურის გაკვეთილებისა).
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეებს უკვე უწევთ საკლასო ოთახის ცვლა და სასკოლო ჩანთების ერთი ოთახიდან მეორეში ტარება.
ფიზიკური კულტურისა და სპორტის გაკვეთილები მრავალნაირია: ბეისბოლი (ფინური ვერსია), კალათბურთი, ფეხბურთი, სირბილი, ტანვარჯიში, ცეკვები, ბადმინტონი…
ცურვაც სასკოლო პროგრამის აუცილებელი ნაწილია. „ათასი ტბის ქვეყანაში“ (ფინეთის ხატოვანი სახელწოდება, – ლ.ა.) ცურვამ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში შეიძლება დახრჩობას გადაგარჩინოთ. აშშ-ში წყალში დახრჩობა თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მეორე მიზეზია საავტომობილო ავარიების შემდეგ. ფინეთში, როგორც წესი, ბავშვების უმეტესობა ცურვას ადრეულ ასაკში სწავლობს.
ფინეთის სკოლები ბავშვებს მეშვიდე კლასიდან სამზარეულო კლასებს სთავაზობენ. ხელსაქმე მესამედან მეშვიდე კლასამდე შეისწავლება და მოიცავს როგორც სახელოსნო საქმეს (ხეზე, ლითონზე მუშაობა), ისე ქსოვასა და კერვას. მოსწავლე თვითონ ირჩევს, რა საქმიანობის შესწავლა სურს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
მერვე კლასში გადასვლისას მოსწავლეებს თვითონ უწევთ რამდენიმე საგნის არჩევა და მათში შედის ხელოსნობა, ხელსაქმე და მზარეულობა („საშინაო განათლება“). როგორც წესი, ბიჭები – ხელოსნობა, ხოლო გოგონები ხელსაქმეს ირჩევენ, თუმცა არცთუ იშვიათია, რომ მოსწავლემ არატრადიციული არჩევანი გააკეთოს. მე, მაგალითად, ექვსი წელი (4-9 კლასები) სახელოსნო საქმეს ვსწავლობდი და სახელოსნო კლასში ოთხი გოგონა და თორმეტი ბიჭი ვიყავით.
სასწავლო პროგრამაში, როგორც წესი, არის რელიგიური განათლებაც. ბავშვების უმეტესობა ფინეთში ევანგელისტი ლუთერანია და მათ ამ მოძღვრებას ასწავლიან. ეს საინტერესო მოვლენაა, რადგან საშუალო ფინელი, როგორც წესი, ეკლესიაში მხოლოდ შობას, ქორწილის დღეს და დასაფლავების ცერემონიაზე დადის. არალუთერანი მშობლები შვილებისთვის რელიგიური განათლების კლასს ირჩევენ ხოლმე. ხანდახან, როდესაც კლასში რამდენიმე მართლმადიდებელი მოსწავლეა, მათთვის რელიგიური სწავლება მართლმადიდებლური წიგნებით მიმდინარეობს.
მასწავლებლი ფინური განათლების სიტემის ხერხემალია. მას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია, რომელიც მოიცავს მასწავლეთა განათლებას, სწავლების პროცესის ყველა დეტალს და სისუსტეების ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორებას, თუ რამე არასწორად მიდის. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი, მხარდამჭერი სასკოლო სისტემა გვაქვს, სპეციალური განათლების მასწავლებლების ჩათვლით. თუმცა მგონია, რომ ფინური განათლების სისტემა წააგავს ნებისმიერი სხვა ქვეყნისას და მასში, უნდა ითქვას, უამრავი საკითხია, რომლებიც შეიძლება უკეთ მუშაობდეს.
ახლა ამ საკითხებს არ ჩამოვთვლი, თუმცა მერწმუნეთ, ასეთი [პრობლემური] სფეროები არსებობს.
ფინეთის სასკოლო სიტემა ნამდვილად არ არის სამოთხე, თუმცა იგი ჰუმანურია, თავისი შეცდომებით და საკითხებით, რომლებიც დასახვეწია… მაგრამ უნდა ითქვას, რომ სისტემა კარგად მუშაობს. ის ბავშვებს სთავაზობს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, რომელიც ბავშვების სწავლებისთვის არის შექმნილი.
ფინური განათლების სისტემა ხელს უწყობს სწავლის პროცესს და აღიარებს კარგ ნიშნებს, თუმცა მათზე მთავარი აქცენტი არ დაისმის. ყოველი სემესტრის ბოლოს მოსწავლეს ნიშანს (შეფასებას) უწერენ საქციელში (ყოფა-ქცევაში), რაც იმისთვის კეთდება, რომ მომავალ სემესტრში ბავშვმა დახვეწოს თავისი მანერები და ქცევა.
მე, პირადად, არასდროს მიმიღია 10-იანი (4-დან 10-მდე სკალით), მაგრამ არც 6-იანი დამიმსახურებია.
იმედია, მოგაწოდეთ რაღაც ისეთი, რაც ფინური სასკოლო სისტემის წარმოდგენაში დაგეხმარებათ. ამ ტიპის შეკითხვები – როგორია სინამდვილეში (ფინეთის, იტალიის, თუ სხვა ქვეყნის) სკოლა? – როგორც წესი, უამრავ ახალ კითხვას წარმოშობს“.
იუჰა ლოუკოლა, ციფრული ფოტოგრაფი:
„გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ დეტალს ფინეთის სკოლებზე, რომლებიც შესაძლოა უცნაური და საინტერსო აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც სკოლა სხვა ქვეყანაში აქვს დამთავრებული.
ფინეთის სკოლაში არ არის დროშის მისალმების ვალდებულება.
დაწყებით კლასებში დილა მასწავლებლის მისალმებთ იწყება: „დილა მშვიდობისა“, -ერთხმად ამბობენ მოსწავლეები. საშუალო და მაღალ კლასებში – უფრო არაფორმალურად, ჯგუფური მისალმების გარეშე. სახელმწიფო დროშის ოფიციალურ დღეს სკოლის დროშას სკოლის დამლაგებელი აღმართავს და ამაში მოსწავლეები არ ერევიან.
ყველგან მიღებულია ქვეყნისა და მისი სოციალური საქმიანობის დაფასება. დისკრიმინაციული პატრიოტიზმი თუ ნებისმიერი სახის სუპრემაცია/უპირატესობის ხაზგასმა გმობას იმსახურებს.
მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს სახელებით მიმართავენ – საპატიო წოდებები არ გამოიყენება. ერთადერთი, ვისაც სახელის გარეშე, ტიტულით მიმართავენ, სკოლის დირექტორია.
სკოლების გარშემო არ არის ღობე ან კედელი. ერთადერთი, თუ სკოლა და საბავშვო ბაღი საერთო საბაღე ნაკვეთით სარგებლობენ, მათ შორის შესაძლოა ბადის ღობე იყოს გავლებული, რათა მცირეწლოვნები შემთხვევით საავტომობილო გზაზე არ გადავიდნენ.
როგორც წესი, დაწყებით კლასებში მოსწავლეების საშინაო დავალებები მცირე მოცულობისაა. პირველი ოთხი წლის განმავლობაში საშინაო დავალებებისთვის საჭირო დრო 30 წუთს არ აღემატება. პარასკევობით ბავშვებს საშინაო დავალებებს არ აძლევენ.
ბავშვები სკოლაში თავისით (ფეხით, ველოსიპედით, თხილამურებით) დადიან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლა შორს მდებარეობს. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლიდან 5 კმ-ზე შორს ცხოვრობენ (ეს მანძილი შეიძლება სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა იყოს) სკოლებს შეუძლიათ ავტობუსის ბილეთების დარიგება ან ავტომობილის დანიშვნა (ხშირად – ადგილობრივი ტაქსის მძღოლის)..
სკოლებს არ ჰყავთ საკუთარი ავტომობილები, ავტობუსები თუ მძღოლები. რა თქმა უნდა, მშობლებს შეუძლიათ ბავშვების მიყვანა/წამოყვანა სკოლებიდან, თუ ამის სურვილი აქვთ.
ისტორიის გაკვეთილებზე, აქცენტი მხოლოდ ფინეთის ისტორიაზე არ დაისმის. როგორც წესი, სკოლაში ისტორიას კვირაში ორი საათი ეთმობა მეოთხე და მეხუთე კლასებიდან. რა თქმა უნდა, ფინეთის ისტორია უფრო სრულყოფილად ისწავლება, თუმცა სხვა ქვეყნების ისტორიასაც სწავლობენ. საზოგადოდ, ისტორიის გაკვეთილები მოიცავს უფრო მეტ საკითხს, ვიდრე მხოლოდ ფინეთის ისტორიაა.
რეგულარული კომუნიკაცია სკოლასა და მასწავლებელს შორის ძირითადად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლა ყველა მშობელს სთავაზობს ვებგვერდზე განთავსებულ პორტალს, რომლითაც სარგებლობენ მასწავლებლები და სკოლის სხვა პერსონალი მათთვის შეტყობინებების გასაგზავნად. მათი დანიშნულებაა მასწავლებლისა და მშობლის შეხვედრებზე შეთანხმება, გაცდენების საკითხის გარკვევა, გამოცდების გრაფიკის, სასკოლო ექსკურსიების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა. მასწავლებლებთან (და სხვა პერსონალთან) კავშირი შესაძლებელია ტელეფონით და პირადი შეხვედრების საშუალებითაც.
სკოლებს არ ენიჭებათ რანგები. ზოგიერთ სკოლას შესაძლოა ჰქონდეს მშობლებს შორის უკეთესი ან უარესი რეპუტაცია სხვადასხვა მიზეზის გამო, რომლებიც ცვალებადია: სკოლის ისტორია, ზომა, კეთილმოწყობა, გეოგრაფიული მდებარეობა/წვდომა, მანძილი სახლიდან და სხვა.
საზოგადოდ, ყველა მოსწავლე დადის მისთვის ყველაზე ახლომდებარე სკოლაში და უმრავლესობა ამას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს. სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე მოსწავლე შესაძლოა მიიღონ სხვა სკოლაშიც.
სასკოლო განათლება ფინეთში უფასოა. ასევე უფასოა სასკოლო სადილი. სადილი კარგია, სრულფასოვანი და არა მცირე ხემსი ან მიკროტალღოვან ღუმელში გაცხელებული ცომეული.
დაწყებით კლასებში (პირველიდან მეექვსემდე), მოსწავლეებს საკლასო ოთახი ფეხსაცმელი არ აცვიათ. ფეხსაცმელებსა და ქურთუკებს, როგორც წესი, სკოლის დერეფანში ტოვებენ.
სკოლების დერეფნებში არ არის პირადი კარადები წიგნებისა და პირადი ნივთებისათვის. წიგნებს, რომლებიც იმ დღეს არ სჭირდებათ, მოსწავლეები სახლში ტოვებენ, ხოლო საჭირო ნივთები და სახელმძღვანელოები ჩანთით დააქვთ.
ყოველი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს შესვენება აქვთ. გაკვეთილი ჩვეულებრივ, 45 წუთი გრძელდება და მას 15-წუთიანი შესვენება მოჰყვება. შესაძლებელია ორი გაკვეთილის გაერთიანებაც (სპორტი, ხელოვნება) – ამ დროს შესვენება არ იქნება, მაგრამ 90-წუთიანი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს უფრო ხანგრძლივ შესვენებას სავაზობენ. სადილის შესვენება, როგორც წესი, 30-წუთიანი ან უფრო ხანგრძლივია. მას ემატება სადილის შემდგომი 15-წუთიანი შესვენება, რომლის დროსაც ბავშვები გარეთ გადიან სათამაშოდ.
სასკოლო დღის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. დაწყებითი სკოლის პირველი სამი წლის განმავლობაში გაკვეთილების ხანგრძლივობა 3-4 საათია (ხანდახან – ხუთიც). ზოგიერთ სამუშაო დღეს სკოლის გაკვეთილები შეიძლება ჩვეულებრივზე ადრე ან გვიან დაიწყოს. მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფს შესაძლოა განსხვავებული სასწავლო გრაფიკი ჰქონდეს. ყოველი სკოლა თვითონ წყვეტს, როდის დაიწყოს გაკვეთილები. ეს შეიძლება იყოს 9:00, 8:00, 8:30, 8:45 ან სხვა დრო. ერთი ქალაქის სკოლებს, ჩვეულებრივ, ერთნაირი გრაფიკი აქვთ.
გაკვეთილების განრიგი არ არის უცვლელი და ქვაზე ამოკვეთილი. ეს განსაკუთრებით ეხება დაწყებით კლასებს, რომელთა გაკვეთილების ცხრილი ცვალებადია. მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს ყოველდღიური ან კვირის განმავლობაში ჩასატარებელი გაკვეთილების მიმდევრობა.
მას ასევე შეუძლია გამოყოს „სპეციალური პროექტების“ დღეები სემესტრის განმავლობაში – რომელიმე კვირა აქცენტირებული იყოს მათემატიკაზე, ხელოვნებაზე და/ან სხვა საგნებზე.
როგორც წესი, ბავშვებს აქვთ ველოსიპედი, ციგურები ან თხილამურები. შესაძლებელია, სკოლა დაეხმაროს მოსწავლეს, რომლის მშობლებსაც არ შეუძლიათ მათი შეძეძენა და დაუქირავოს ისინი.
სკოლებში არ არის უნიფორმები. პირველ მაისს და სხვა განსაკუთრებულ დღეებში უნივერსიტეტის სტუდენტები იცვამენ ქალაქის ან სპეციალობის ფერებით გაწყობილ მოსასხამებს, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო და, როგორც წესი, სტუდენტური კავშირების ტრადიციებს უკავშირდება“.