კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

სიტყვები  სურათების წინააღმდეგ?

(ფილმიდან – Words and Pictures)

ერთხელ ჩემი სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებისთვის შემოქმედებითი კონკურსი მოვიფიქრე. კონკურსს დავარქვი: “დაწერილი ფოტო-ამბები“. მისი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ პროექტს ასრულებდა ორი სტუდენტი: ერთს უნდა დაეწერა, ხოლო მეორეს უნდა შეექმნა ვიზუალური ნამუშევარი (ფოტო ან ნახატი) ისე, რომ ერთმანეთის შესაბამისი ყოფილიყო ვიზუალური და ვერბალური. კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სტუდენტებმა წყვილებად დაიწყეს მუშაობა. ზოგისთვის ტექსტი ხდებოდა შთაგონება და ზოგისთვის – ფოტო. ასე შეიქმნა ძალიან საინტერესო ნამუშევრები და ბოლოს პოსტერებადაც დავამზადეთ და გამოვფინეთ.

ამ კონკურსის იდეა იყო, რომ განსხვავებული შემოქმედებითი უნარების სტუდენტებს ერთობლივად ემუშავათ და ერთმანეთისათვის აზრები და შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ, ეს იყო ნამდვილი სინერგიის ეფექტი, როდესაც ორივე მხარე „გამდიდრებული“ რჩებოდა.

ეს კონკურსი გამახსენა ერთმა ამერიკულმა ფილმმა, რომელსაც ჰქვია: „სიტყვები და სურათები“ (Words and Pictures).   https://net.adjara.com/Movie/main?id=8387

მოქმედება ხდება კოლეჯში; მთავარი პერსონაჟები არიან ინგლისურის მასწავლებელი მისტერ ჯეკ მარკუსი და ხელოვნების მასწავლებელი მის დინა დელსანტო. კონფლიქტი დაიწყება მას შემდეგ, რაც ფერწერის მასწავლებელი სტუდენტებს ეტყვის, რომ – „არ ენდოთ სიტყვებს… სიტყვები – სიცრუეა!“ მის დელსანტო შთაგონებით საუბრობს ხელოვნებაზე, ფერწერაზე და ჯგუფს მოუწოდებს, რომ მათი საკვანძო ფრაზა უნდა იყოს – „მე ვგრძნობ“ და, შესაბამისად,  ემოციები, განცდები, შეგრძნებები ფერებში და ხაზებში უნდა გადმოიტანინ ისე, რომ სხვასაც აგრძნობინონ.

ინგლისურის გაკვეთილს კი ასევე შთაგონებით უძღვება მისტერ ჯეკ მარკუსი. ის ყველგან და ყოველთვის სიტყვებით თამაშობს და სხვებიც „ჩათრეული“ ჰყავს ამ თამაშში. ყველა სიტყვის ეტიმოლოგიას ჰყვება და ამით აღვივებს ინტერესს სიტყვების მიმართ… ჯეკი დარწმუნებულია, რომ სიტყვებით ყველაფრის გამოთქმა შეიძლება და რომ სიტყვები აუცილებელია თვითგამოსახატავად, ურთიერთობისთვის. სიტყვები აშენებს ქალაქებს, იმედს აძლევს ადამიანებს, შთააგონებს…

„თქვენ შეგიძლიათ თქვათ რაიმე მნიშვნელოვანი 3 ტაეპში და 17 მარცვალში?“ –  და უხსნის სტუდენტებს, რა არის ჰაიკუ და მას ადარებს თანამედროვე ტვიტებს, ავარჯიშებს აზრის გამოხატვაში… და აი, ამ მასწავლებელს მოსწავლეები ეუბნებიან, რომ ფერწერის მასწავლებელმა მის დელსანტომ თქვა, რომ სიტყვები – სიცრუეა და არ უნდა ენდონ სიტყვებს!

აი, სწორედ აქედან დაიწყო ნამდვილი ომი, რომელსაც სტუდენტებმა დაარქვეს: „სიტყვები სურათების წინააღმდეგ!“ ამ ომში მთელი სკოლაა ჩართული და მთელი სემესტრის გაკვეთილებს არ მოუტანიათ სტუდენტებისთვის იმდენი ცოდნა და ენთუზიაზმი, რამდენიც ამ „ომმა“ მისცა მათ. განუწყევტელი ფიქრი იმაზე, როგორ გამოეხატათ უკეთ სიტყვებით ან ნახატებით, მათ სიღრმისეულ ცოდნას აძლევდა. ამ თავდაუზოგავ ბრძოლაში კომპრომისებიც დაიწყო… ნელ-ნელა მის დელსანტომ მისტერ ჯეკ მარკუსი აღიარა, განსაკუთრებით კი, როდესაც მისი ლექსები წაიკითხა; სიტყვებით მოხიბლულმა სტუდენტებს შესთავაზა ლექსებზე შეექმნათ ნახატები და მერე ლექსები ნახატებთან ერთად  კოლეჯის ჟურნალში დაებეჭდათ.

ფილმის ბოლოს ომი: – „სიტყვები სურათების წინააღმდეგ“ ზავით სრულდება. საჩვენებელ გამოსვლაზე, რომელზეც მთელი კოლეჯის სტუდენტები და მასწავლებელები არიან შეკრებილნი, სიტყვების მხარეს და სურათების მხარეს სხვადასხვა ჯგუფია… სტუდენტები ციტირებენ მწერლებსა და მხატვრებს, ეპაექრებიან ერთმანეთს. მის დელსანტოს ფინალური სიტყვა ასეთია: „რატომ სურათები? ჩვენი გრძნობები და ცნობიერება რომ ყოფილიყო ბუნებასთან ჰარმონიაში, ჩვენ რომ შეგვეძლოს ურთიერთობა და ერთმანეთის გაგება, მაშინ ფერწერა საჭირო აღარ იქნებოდა და ყველა ვიქნებოდით მხატვრები, რადგან ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ…“ ბოლოსდაბოლოს, მისტერ ჯეკიც აღიარებს ფერწერის მასწავლებელს და ფილმის იდეას ისიც ჰკრავს, რომ ამ ორ პერსონჟს ერთმანეთი შეუყვარდება, რაც სიმბოლურად სიტყვებისა და სურათების ერთიანობას და განუყოფლობასაც  გამოხატავს.

მართლაც და, რა  მნიშვნელობა აქვს, სიტყვებით უკეთ გამოიხატები თუ სურათებით? ეს ხომ უნარებზეა დამოკიდებული. ადამიანები სამყაროს განსხვავებულ ფორმატში გამოთქვამენ და ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავასკვნათ რომელიმე ფორმის უპირატესობა მეორესთან შედარებით; განსხვავებული თვითგამოხატვა საინტერესოს ხდის ადამიანებს და სამყაროსაც უფრო მთლიანად აღვიქვამთ, ვიდრე ეს მხოლოდ ჩვენი უნარებით აღქმა იქნებოდა. თუმცა „სიტყვებისა და სურათების ომმა“ სიკეთე მოიტანა და დაპირისპირება კი არ გააღრმავა, არამედ გააერთიანა დაპირისპირებულები. კარგია, რომ ცხოვრებაშიც ასე იყოს და განსხვავებული აზრის ან თვითგამოხატვის ადამიანები იღებდნენ და პატივს სცემდნენ ერთამენთს. სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ თუ მასწავლებელი (ლექტორი) ცოდნის გზით ამას დაანახებს მსმენელებს, მათი სამყაროს სურათი მნიშვნელოვნად გამდიდრდება, გაქრება კონფლიქტი არა მხოლოდ სიტყვებსა და სურათებს შორის.

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ზემოთ აზრების, იდების,  სამყაროა… ამ აზრების სამყაროდან ჩვენში შემოედინება გარკვეული იმპულსები, ჩვენ კი, როგორვ მიმღები, ამ იმპულსების გარდაქმნას ვიწყებთ და მათგან ვქმნით: სიტყვებს, სურათებს, მუსიკას… დიახ, ეს მთელი ალქიმიაა და ამავე დროს, ყველაზე დიდი რეალობა… მით უფრო, როდესაც ჩავწვდებით, რომ სამაყროდან ჩვენში მრავალგვარი იმპულსი შემოედინება, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, ავირჩიოთ…. ავირჩიოთ ისეთი სიხშირეები, რომლებსაც ჰარმონია შემოაქვს ჩვენში, რომელიც გვაფიქრებს, გვაღელვებს, გვცვლის…

მასწავლებლებს ლიტერატურის გაკვეთილზე თავისუფლად შეუძლიათ ასეთი სახალისო კონკურსების ჩატარება….

მე კი ჩემი კონკურსის ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ. ტექსტი ეკუთვნის გიორგი შონიას, ხოლო ფოტო – ზურა შამათავას.

 

ლეთარგიულ ძილში გახვეული ქალაქი

 

მე ვაანალიზებ ჩემს უმოქმედობას

უფრო სწორედ მოქმედებების უშედეგობას

და სიტუაციის რაციონალურად გააზრების შემდეგ

ვასკვნი,რომ გადარჩენისს გზები ბუნდოვანია

მომავლის პერსპექტივები უიმედო

და ყოველდღიურობისგან დაღლილი სხეული

რომელიც მზადაა სტრატოსფეროს გასარღვევად

კონტრასტები.. კონტრასტები.. და ისევ კონტრასტები.

 

ქალაქი სავსეა უპატრონო ძაღლებით

და უსახლკარო ბავშვებით.

ქალაქი ლეთარგიულ ძილშია გახვეული.

და ვერ ამჩნევს როგორ გავიდა ღმერთი მომსახურების ზონიდან

ჩვენ კი იმის აღიარებაც არ გვინდა

რომ ღმერთმა უბრალოდ დაგვიკდა..

არაფერია ..

ჩვენ მაინც გვეყვარები

ღმერთო..

 

გამოსავალი ერთია

რუტინიდან უნდა ამოვძვრეთ

და ამოვათრიოთ ჩვენი საშინლად დაღლილი სხეულები

და რაც შეიძლება ხმამაღლა ვიყვიროთ

რომ ცოცხლები ვართ

ქალაქმა უნდა გაიღვიძოს

და სარკეში ჩახედის თავის ამაზრზენ სახეს

და დაინახოს შიმშილითა და სიცივით მკვდარი ადამიანები

ნაგვის ყუთებთან მდგარი უპატრონო ძაღლები

პოლიეთილენის პარკებში გახვეული შიშველი ხეები

და გეომეტრიული პროგრესიით მშენებარე ეკლესიები

( ისევ კონტრესტები.. )

 

ჩვენი ლექსები ელექტროშოკია

რომელმაც უნდა გამოაფხიზლოს  ეს ქალაქი

არადა გაღვიძება (გადარჩენა) აუცილებლია

წინ მომავალია

რომელიც როგორც ამბობენ ჩვენია

და რომელიც ერთხელაც დადგება

და უხერხულია მძინარეები დავხვდეთ..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“