ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
7 ოქტომბერი, ორშაბათი, 2024

დიფერენცირებული  სწავლების თეორია და პრაქტიკა

თანამედროვე სტანდარტები ფართოდაა მიმართული განათლების ჰუმანიზაციაზე და  სწავლების ინდივიუალიზაციაზე, რომელიც ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის რეალიზაციას. ამ მოთხოვნის შესრულების ეფექტური საშუალებაა სწავლების დიფერენცირებული მიდგომები. მსგავს მიდგომებს ხშირად ვიყენებთ პრაქტიკაში, მაგალითად, როდესაც ვგეგმავთ გაკვეთილს, ვცდილობთ ვუპასუხოთ კითხვას: როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მოსწავლემ უბრალოდ კი არ დაიზეპიროს ცოდნის გარკვეული რაოდენობა, არამედ ისწავლოს იმისდა მიუხედავად, როგორი საშუალებებიც და  რისი პოტენციალიც  აქვს მას. და როდესაც შევადგენთ მსგავს გეგმას, აღმოჩნდება, რომ:

ა) სასწავლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლის პიროვნება (რაც დამახასიათებელია სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომებისთვის);

ბ) სასწავლო პროცესის ორგანიზება აქცენტირებულია ინდივიდუალიზაციასა (რაც წარმოადგენს დიფერენცირებული სწავლების მეთოდურ საფუძველს) და  დავალებების დიფერენცირებაზე (გაკვეთილის ჩატარების მეთოდიკაზე).

დიფერენცირება  ნიშნავს დაყოფას, დანაწილებას, მთელის გაყოფას ნაწილებად, ფორმისა და საფეხურების მიხედვით დანაწილებას და თითოეულის შესწავლას ცალ-ცალკე.  დიფერენცირებული სწავლებისას  მასწავლებელი  მუშაობს მთელ ჯგუფთან, რომლის თითოეულ წევრს სხვადასხვა ხარისხის ცოდნა აქვს, მაგრამ პროცესი მიმართულია „გათანაბრებაზე“ – დავალებები  დახარისხებულია თითოეულის შესაძლებლობის მიხედვით, რაც ერთიანობაში ხელს  უწყობს თითოეულის მოტივაციას და შესაძლებლობებისა და ინტერესების მაქსიმალურად გამოვლენას, ერთმანეთის საშუალებით სწავლასა და თვითსწავლას.

დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში პირველად გამოიყენეს XX  საუკუნის დამდეგს და ის დაკავშირებულია  ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის წარმომადგენლების – კ. როჯერსის, ა. მასლოუს, რ. მეის  სახელებთან. დიდაქტიკის კუთხით დიფერენცირებული სწავლება თავის თავში მოიცავს განათლების მიზანს,  შინაარსს, სწავლა/სწავლების საშუალებების ორგანიზაციას და საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობის თითქმის ყველა კრიტერიუმს. ის ეძებს გზას – უფრო მეტად დააკმაყოფილოს მოზარდის შემეცნებითი ინტერესი, გააღვივოს და გამოიწვიოს კიდეც ის  და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მოსწავლეს განვითარებისა და პიროვნულ ზრდის პროცესში.

დიფერენცირებული მიდგომის ვარიანტებია:

  • მოსწავლეთა დაყოფა ინტელექტუალური განვითარების მხრივ მათი მომავალი  განვითარებისა და შემდგომი  გაერთიანების მიზნით;
  • სრული თავისუფლება სასწავლო მასალის არჩევაში, მასალის შესწავლაში;
  • თვითშეფასება;
  • ინტეგრირებული სწავლებისა და  ზოგადად საგანთაშორისი კავშირების აქტიური გამოყენება ცოდნის გაღრმავებისათვის.

დიფერენცირებული  მიდგომების სხვადასხვა სახის გამოყენებისას შედეგებიც სხვადასხვანაირია:

  • სიმძიმის ცენტრი გადატანილია სწავლებიდან მოსწავლეზე, რომელიც  დამოუკიდებლად გადაამუშავებს  და აითვისებს ინფორმაციას;
  • მასწავლებელი ცალსახად ორიენტირებულია სამუშაოს შინაარსზე;
  • კლასის ობიექტურადაა დაყოფილი მიკროჯგუფებად –  მოსწავლე თვითონ ვერ აირჩევს სამიზნე დონეს, რომელიც შეესაბამება მის შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს;
  • კლასში გამეფებულია ურთიერთნდობისა და თანხმობის ატმოსფერო, მოსწავლეებს უყვართ ჯგუფური სამუშაო, რომლის დროსაც უვითარდებათ  მოთმინების, ჯგუფურობის, მხარდაჭერის, კომუნიკაბელურობის უნარები.

დიფერენცირებული მიდგომების დროს მნიშვნელოვან ფაქტორს  წარმოადგენს მოსწავლის მოსწრების დონე.  ამ მხრივ მოსწავლეები ძირითადად იყოფიან  3 დონედ: სუსტი, საშუალო და ძლიერი მოსწავლეები. ჩვეულებრივი გაკვეთილი შესაძლებელია ჩავატაროთ მოსწავლეთა დონეების გათვალისწინებით:

I დონე – ძლიერი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები, რომლებიც დამოუკიდებლად ასრულებენ რთულ სავარჯიშოებს, შეუძლიათ ცოდნის გამოყენება უცნობ სიტუაციაში და აქვთ შემოქმედებითი უნარები, გამოყოფენ საკითხიდან არსებითს, ძირითადს, კანონზომიერს, აღწევენ მაღალ შეფასებებს;

II დონე – შედარებით განვითარებული უნარის მქონე მოსწავლეები, მათ უჭირთ ერთბაშად აღიქვან საკითხის ძირითადი არსი, გამოყონ კანონზომიერებები, ამისთვის  სჭირდებათ გარკვეული დრო, მაგრამ შეუძლიათ დაინახონ ზოგადში კერძო და კერძოში – ზოგადი ელემენტები. სათანადო დახმარების პირობებში ამ ჯგუფის მოსწავლეებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ I ჯგუფის მოთხოვნებსაც.

III  დონე – სუსტი, არასაკმარისად მომზადებული მოსწავლეები, ანუ ისინი, რომლებიც  დიდ ინტერესს არ ავლენენ ისტორიის საგნის მიმართ და თითქმის არ ფლობენ ისტორიულ მასალასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. მათ არ შეუძლიათ ისტორიული მასალის აღქმა, წარმოსახვა, გადამუშავება,  ემოციური დამოკიდებულების გამოვლენა, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ანალიზი და შედარება. ისინი მასალას ითვისებენ მრავალჯერადი განმეორების გზით და ყოველთვის   სრულად ვერ აღწევენ ამას, დავალებების შესრულებას ანდომებენ დიდ დროს.

რაც  შეეხება  ჯგუფების შედგენას – დიფერენცირებული მუშაობის დროს ჯგუფები მუდმივი არაა, ის იცვლება არამარტო დროთა განმავლობაში, არამედ შეიძლება შეიცვალოს ერთი გაკვეთილის ფარგლებშიც კი.

დიფერენციაციის საშუალებები:

  • დავალების შინაარსი ერთნაირია მთელი კლასისთვის, მაგრამ ძლიერ მოსწავლეებს ნაკლები დრო ეძლევათ დავალების შესრულებისთვის;
  • დავალების შინაარსი ერთნაირია ყველასთვის, მაგრამ ძლიერი მოსწავლეებისთვის დავალების მოცულობა გაცილებით დიდია სხვებთან შედარებით;
  • დავალება საერთოა მთელი კლასისთვის, მაგრამ სუსტ მოსწავლეებს ეძლევათ დამხმარე მასალა, რომელიც გაუადვილებთ სამუშაოს (საყრდენი სქემები, ცხრილები, ნიმუში და ა.შ. );
  • სხვადასხვა დონის მოსწავლეებისთვის გაკვეთილის ერთ-ერთ ეტაპზე გამოიყენება სხვადასხვა შინაარსის და სირთულის ამოცანა;
  • მოსწავლეები თვითონ ირჩევენ დავალებების ვარიანტებს;
  • ხშირად გამოიყენება მასალის გამტკიცება.

დიფერენციაციის  დროს  მიმდინარე, თემატური და შემაჯამებელი დავალებები სხვადასხვა დონისაა  და  განსხვავებულია უნარ-ჩვევების კუთხითაც. მაგალითად,

  • დამოუკიდებელი მუშაობის დროს დიფერენცირებული დავალებები მიმართულია ცოდნის გამჭვირვალობაზე, მოქნილობაზე, კონკრეტულობაზე, გაცნობიერებზე.  მათი შესრულებისთვის გამოიყოფა 10-15 წუთი.
  • სხვადასხვა დონის დავალებების დროს მოსწავლეებს ურიგდებათ სხვადასხვა ფერის ბარათები სხვადასხვა დავალებებით: მწვანე – I დონე, ლურჯი – II დონე, წითელი – III  დონე. დავალებების რაოდენობა დამოკიდებულია შესასწავლ საგანზე, სირთულეზე, მოსწავლეთა ინდივიდუალურ თვისებებზე და დამოუკიდებელი მუშაობის დროზე;

საჭიროების დროს მოსწავლეს შეუძლია გამოცვალოს დავალება, ან ხელახლა შეასრულოს იმავე დონის სხვა დავალება. შეფასება დამოკიდებულია დავალების სირთულეზე: I დონე -5/6 ქულა ; II დონე – 7/8 ქულა; III  დონე – 9/10 ქულა;  მოსწავლეთა თვითშეფასებაში  კი გამოჩნდება, რამდენად სწორად იქნა შერჩეული დონე.

დიფერენცირებულ  დავალებებს შორის გვხვდება  ადაპტირებული (შედარებით ადვილი) დავალებებიც, რომელიც:

  • შეიცავს დავალების შინაარსს, ალგორითმს და მის მიხედვით შესრულებულ ნიმუშს;
  • დავალებას, რომელიც უნდა შესრულდეს წყვილში;
  • სხვადასხვა დონის დახურული ტიპის ტესტურ დავალებას, რომლის დროს მოსწავლეს სთავაზობენ 10-15 ტესტს, რომელთა შესრულებისთვის (თითოეულის) დასჭირდება 7-10 წუთი.

 

განვიხილოთ  გაკვეთილის ფრაგმენტი დიფერენცირებული დავალებებით: გაკვეთილის თემა – საღვთო რომის იმპერია კარლ V-ის დროს;

დრო – 15 წუთი.

დაახლოებით  5/6 ქულიანი დავალება:

  • დაასახელეთ კონკრეტული რეფორმები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კარლ V-ის ცხოვრებაში;
  • რას გეუბნებათ სახელები: ა) მ. ლუთერი? ბ) ფილიპე II?
  • როგორი იყო კარლ V-ის საშინაო  და საგარეო პოლიტიკის შედეგები?

დაახლოებით  7/8 ქულიანი დავალება:

  • რას წარმოადგენდა „95 თეზისი“? ვინ იყო მისი ავტორი?
  • დაახასიათეთ, როგორ გაიყო ჰაბსურგთა იმპერია ორ შტოდ.

დაახლოებით 9/10 ქულიანი დავალება:

  • რატომ თქვა უარი კარლ V-მ ნიდერლანდებზე და ესპანეთზე და არა გერმანიაზე?
  • რატომ დათანხმდა კარლ V 1555 წლის აუგსბურგის რელგიურ ზავზე და არ გააგრძელა ბრძოლა რეფორმაციის წინააღმდეგ? მიაღწია თუ არა ამით თავის მიზანს?

ადაპტირებული  დავალებები:

  • მოამზადეთ პატარა დავალებები მოცემულ თემაზე (სუსტი მოსწავლისათვის);
  • დაწერეთ ესე მოცემულ თემაზე (დავალება ყველასათვის);
  • პრეზენტაციის მომზადება გაკვეთილის თემის მიხედვით და პრეზენტირება კლასის წინაშე;
  • კროსვორდის მომზადება (ყველა მოსწავლისთვის, მათ შორის – პასიური მოსწავლეებისთვისაც);
  • პორტრეტ-ამოცანის მომზადება (დავალება ყველასათვის).

ჩათვლა თემაზე  –  „ტიუდორები“: ყველა დავალება იყოფა ორ ნაწილად: სავალდებულო ნაწილი 5/6  ქულაზე  და დამატებითი დავალება – 9/10 ქულაზე:

სავალდებულო ნაწილი: იმისათვის, რომ მიიღოს შეფასება 5/6 – საჭიროა შესრულდეს არაუმეტეს 7 დავალებისა მიმდინარე თემის შესახებ:

  • მიუთითეთ, რა სახელწოდებით შევიდა ეკლესიის ისტორიაში ჰენრი VIII?
  • გააგრძელეთ ფრაზა: „პირველი მმართველი ტიუდორების დინასტიიდან, რომლის მეფობის პერიოდი ყველაზე მშვიდი ეპოქა იყო ინგლისის ისტორიაში იყო…“ (ჰენრი VII);
  • რომელი მოვლენა უფრო ადრე მოხდა: რეფორმაცია თუ ანგლიკანური ეკლესიის შემოღება? (რეფორმაცია);
  • მიუთითეთ, რა ტერმინით აღინიშნება საეკლესიო და სამონასტრო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად?“ (სეკულარიზაცია);
  • ინგლისის დედოფალი, ვისი სახელიც დაკავშირებულია „ინგლისის ოქროს ხანასთან“? (ელისაბედ I);
  • რას წარმოდგენდა „უძლეველი არმადა“? (ესპანეთის სახელგანთქმული ფლოტი, რომელიც ინგლისმა გაანადგურა);
  • რა კავშირი აქვს ფილიპე II-ს ინგლისთან? (თავისი დაუფიქრებელი პოლიტიკით ხელი შეუწყო ინგლისის დაწინაურებას);
  • როგორ აღმოჩნდნენ ინგლისის ტახტზე სტიუარტები?
  • ვის სახელს უკავშირდება „ინგლისური პროტესტანტიზმი?“ (ელისაბედ I).
  • ვინ დააარსა ინგლისში „ვარსკვლავიანი პალატა“ – საგანგებო სასამართლო?

ა) ჰენრი VII;                                    გ) ელისაბედ I;

ბ) ჰენრი VIII;                                    დ) ედუარდ VI.  (პასუხი – ჰენრი VII;)

ადაპტირებული  დავალებები  (ყველა სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით):

  • რა კავშირშია ლანკასტერები და იორკები ტიუდორების გამეფებასთან?
  • რატომ უწოდეს ინგლისელებმა კათოლიკე მერის „სისხლიანი მერი“?
  • რამ შეუწყო ხელი ამერიკის კონტინენტზე ინგლისის კოლონიების გაჩენას?

დიფერენცირებული სწავლების უპირატესობები:   ადვილად  დაიძლევა სიძნელეები; კლასში არცერთი ჩამორჩენილი მოსწავლე არაა; ყველა მოსწავლე ჩართულია სამუშაოში; აქტიურად ფორმირდება პიროვნული თვისებები; იზრდება დამოუკიდებლობა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, შემოქმედებითობა, მოტივაცია, შემეცნებითი ინტერესი;  აქტიურად მიმდინარეობს მასალის შინაარსის გადამუშავება; მეთოდი უზრუნველყოფილია დიდაქტიკური კუთხითაც; მოსწავლეები წინასწარ ემზადებიან ამგვარი მუშაობისათვის; ექვემდებარება მონიტორინგს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“