კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

მედიაწიგნიერების უნარების განვითარება მათემატიკის სწავლებისას (პირველი ნაწილი)

შესავალი

ბოლო ათწლეულის წიგნიერების ათწლეულად გამოცხადების დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი განაცხადი იყო, რომ „წიგნიერება არის გაცილებით მეტი, ვიდრე კითხვისა და წერის უნარი. ეს არის სოციალური გამოცდილებები და ურთიერთობები, ცოდნა, ენა და კულტურა ერთად. ის, ვინც ფლობს და იყენებს წიგნიერების უნარებს, მათ რაღაც თავისთავად ცხად და გარკვეულ ბუნებრივ თვისებებად მიიჩნევს. მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ შეაფასონ წიგნიერება თავისუფლების ტოლფას კატეგორიად, ვინც მოკლებულია ამ უნარებს და რჩება თანამედროვე კომუნიკაციის მიღმა“.

ამ  განაცხადმა  დასაბამი დაუდო წიგნიერების ცნების ახლებურ გააზრებას. წიგნიერების ახალი კონცეფციის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია  მედია და საინფორმაციო წიგნიერება. ის გულისხმობს მუშაობას ინფორმაციის სხვადასხვა მატარებლებთან (იქნება ეს  ნაბეჭდი ტექსტი, ციფრული ფორმატით წარმოდგენილი მასალა თუ ინფორმაცია ეკრანზე). ის ამავდროულად დაკავშირებულია დემოკრატიულ უფლებებთან, აქტიურ სამოქალაქო პოზიციასთან, ეთიკურ და მორალურ პრობლემებთან, ტექნოლოგიურ წიგნიერებასთან. მედია და საინფორმაციო წიგნიერება მოიცავს წვდომას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და სხვა წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციასთან, რაც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია; ასევე –  ამ ინფორმაციის კრიტიკულ ანალიზსა და შეფასებას.

ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს, რა განუზომლადაა გაზრდილი მასწავლებლის როლი მოსწავლეების თანამედროვე გაგებით წიგნიერ ადამიანებად ჩამოყალიბების საქმეში. სწავლება მხოლოდ ნაბეჭდი ტექსტების, შაბლონური – რეალობასთან კავშირდაკარგული ამოცანების, არც თუ აქტუალური მასალების გამოყენებით ვეღარ მოგვცემს შესაბამის შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ შესასწავლი მასალის კონტექსტი მჭიდროდ უკავშირდებოდეს მოსწავლის რეალობას და ყოველდღიურობას. იმის მიუხედავად, რა საგანს ასწავლის მასწავლებელი, მედიაწიგნიერების სწავლების პროცესში სრულყოფილი ინტეგრირება და მოსწავლის მედიაწიგნიერ ადამიანად ჩამოყალიბება გულისხმობს –

  • მოსწავლეების ინფორმირებულობას ინფორმაციის წყაროების შესახებ – მაგ., ბიბლიოთეკები (მათ შორის, ელექტრონული), არქივები, სტატისტიკის დეპარტამენტი, ახალი ამბების სააგენტოები და სხვა საინფორმაციო სამსახურები; ინფორმაციის მოპოვების, დაცულად შენახვის, სტრუქტურირებისა და გაზიარების საშუალებების სწავლებას;
  • იმ კრიტერიუმების გააზრებას, რომლითაც უნდა შეფასდეს მედიით მიღებული ინფორმაცია; მედიით მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზებასა და დამუშავებას;
  • მედიარესურსების შექმნის საშუალებების სწავლებას;
  • მედიასაშულებების მეშვეობით დამოუკიდებლად სწავლისა და შემდგომი მუდმივი განვითარების უნარების სწავლებას, თანამშრომლობას და კოოპერაციას სხვა ადამიანებთან;
  • იმ ეთიკური ნორმების და კანონმდებლობის გაცნობიერებას, რაც უკავშირდება საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას მედიასაშუალებებით სარგებლობისას.

 

მედიაწიგნიერება მათემატიკის პერსპექტივით და პირიქით

თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში.

ერთი მხრივ, მათემატიკაში შექმნილი თეორიული მოდელები გამოიყენება რეალურ, ცხოვრებისეულ ვითარებებში პრობლემების გადასაჭრელად. მეორე მხრივ, კი, პრაქტიკული პრობლემები, თავის მხრივ მათემატიკას ამარაგებს მნიშვნელოვანი და საინტერესო ამოცანებით. აქედან გამომდინარე, სწავლებისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს მათემატიკური მეთოდების გამოყენებას გარემომცველი სამყაროს შემეცნებისას, სოციალურ-ეკონომიკური თუ ტექნიკური პროცესების მართვისას და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრისას. მათემატიკის სწავლებისას, ძირითადი ფოკუსის გადატანა როგორც პრაქტიკული, ასევე მეცნიერული ხასიათის პრობლემების გადაჭრაზე, აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს.

ზემოთქმული წარმოაჩენს მედიაწიგნიერებასა და მათემატიკას შორის ორმხრივ კავშირს. მედიაწიგნიერებისთვის მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნების, განსჯის, დასაბუთებისა და არგუმენტირების უნარებს ვერაფერი ისე ვერ ავითარებს, როგორც მათემატიკის კურსი. მეორე მხრივ, შეუძლებელია მათემატიკის საფუძვლიანი შესწავლა დღევანდელ პირობებში მედიაწიგნიერების უნარების გარეშე.

უნარები, რომლებიც ყალიბდება მათემატიკური შინაარსის მასალით და რომელიც ხელს უწყობს მედიაწიგნიერი მოსწავლის აღზრდას, არის:

 

  • აზრის ლაკონურად და გასაგებად ჩამოყალიბება, სხვისი ნააზრევის გაგება და გაანალიზება, ინფორმაციის გადაცემისას საკითხის არსის წარმოჩენა.
  • ინფორმაციის წარმოდგენის ხერხებისა და მეთოდების ფლობა და გამოყენება, სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაცია, მასზე მსჯელობა, ერთმანეთთან დაკავშირება;
  • ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის შესაფერისი საშუალებების შერჩევა აუდიტორიისა და საკითხის გათვალისწინებით;
  • ჰიპოთეზის/ვარაუდის გამოთქმა და მისი კვლევა კერძო შემთხვევებში;
  • საჭირო მონაცემების შერჩევა და ორგანიზება, მონაცემებს შორის არსებითი  მონაცემების გამოყოფა;
  • დამტკიცების, დასაბუთების, არგუმენტირების ხერხების ფლობა, მსჯელობის ხაზის განვითარება, ალტერნატიული გზის მოძებნა, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთება.

პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება, რომელიც მათემატიკის სწავლების აღიარებული მეთოდია, იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს მედიაწიგნიერების ინტეგრირება სწავლების პროცესში. განსაკუთრებით მარტივია ამის გაკეთება მონაცემთა ანალიზის, ალბათობისა და სტატისტიკის მიმართულების თემატიკაში. ეს მიმართულება გულისხმობს ინფორმაციის მიღების საშუალებების ფლობას, ინფორმაციის ორგანიზებასა და სტრუქტურირებას, ინფორმაციის წარმოდგენის საშუალებების ფლობას, მონაცემების სტატისტიკურ ანალიზს, დასკვნების გაკეთებას და სხვა პროცესების პროგნოზირებას. რეალურ პრობლემებზე მუშაობით, რაც გულისხმობს პრესით ან ინტერნეტით გავრცელებული მასალის გამოყენებას გაკვეთილებზე, შესაძლებელია მედიაწიგნიერების მნიშვნელობის აქცენტირება და შესაბამისი უნარების დამუშავება. ასევე, წარმატებით შეიძლება მედიაწიგნიერებაზე მუშაობა გეომეტრიის თემატიკის მეშვეობით – ფართობებთან და მოცულობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, ლოგიკის თემატიკის დამუშავებისას და სხვ.

 

მედიაწიგნიერებაზე აქცენტირებული მათემატიკის გაკვეთილების სერიის (იუნიტის) ნიმუში

 

რეზიუმე:   ქვემოთ მოყვანილი აქტივობები მოსწავლეებს აძლევს ხმის მიცემის საფუძველზე დასკვნების და არჩევანის გაკეთების ალტერნატიული მეთოდების შესწავლის საშუალებას. მოსწავლეები აღმოაჩენენ, რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია თითოეულ მეთოდს, გაიაზრებენ –  რამდენად სანდო შეიძლება იყოს მედია-საშუალებების მიერ შედგენილი რეიტინგები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.

პირველი დღე  – რანჟირება, რეიტინგების დამდგენი გამოკითხვები

პირველი ნაწილი – საუბარი (აზრთა გაცვლა) თემებზე:

  • რა არის რეიტინგი?
  • ხომ არ სმენიათ რამე ტელევიზიით ან ხომ არ ამოუკითხავთ გაზეთში ან ვებგვერდზე ამ ბოლო ხანებში ჩატარებული რეიტინგების დამდგენი გამოკითხვების შესახებ?
  • რამდენად ენდობიან და რამდენად დიდი გავლენა აქვთ მათი აზრის ფორმირებაზე ამგვარი გამოკითხვების შედეგებს?
  • ხომ ვერ დაასახელებენ ორგანიზაციებს, რომლებიც წლიდან წლამდე ადგენენ რეიტინგებს რაღაც სფეროებში და რომელთა მიერ შედგენილი სიებიც ყველაზე სანდოდ მიიჩნევა?
  • ვინ ატარებს, მათი აზრით, რეიტინგულ გამოკითხვებს (იგულისხმება პროცესის ორგანიზება და გამოთვლების ჩატარება)?

მოსწავლეებს შეიძლება შევახსენოთ სხვადასხვა სახის რეიტინგების დამდგენი პროექტები და აქტივობები:

  • 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ (ეს საერთაშორისო პროექტია, რომელიც უკვე არაერთხელ განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოკითხვებით, სოციოლოგიური კვლევით, ექსპერტთა ანალიზით დგება ის სია, რომელიც იმ პერიოდის გემოვნებასა და წიგნიერებას ასახავს. პროექტი საქართველოშიც განხორციელდა და შეირჩა 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საზოგადოების რჩეული 50 წიგნი.

 

  • NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევები პოლიტიკოსების რეიტინგების შესახებ;

·         „12  საუკეთესო ქართული ფილმი“  (“გფმ”-მა მოაწყო ფართომასშტაბიანი გამოკითხვა “ყველა დროის თორმეტი საუკეთესო ფილმის” გამოსავლენად. ამ გამოკითხვაში სხვადასხვა თაობის კინომცოდნეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ მიერ დასახელდა 12 საუკეთესო ქართული ფილმი. მიღებული შედეგების მიხედვით უნდა გამოიცეს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნი-ალბომი, რომელიც სრულყოფილად ასახავს ფილმებისა და მათი შემქმნელების ბიოგრაფიულ-ისტორიულ მონაცემებს.
დაგეგმილია ამ ფილმების ჩვენების კვირეულის მოწყობა საქართველოსა და უცხოეთში. ასევე, უნდა გამოვიდეს ფილმები WHS ფორმატის ვიდეო კასეტებზე და ლაზერულ დისკებზე, რაც თავისთავად გულისხმობს ამ ფილმების აღდგენა-რესტავრაციას.
ეს პროექტი აუცილებლად ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართული კინოს პოპულარიზაციას.

·         ამერიკის კინოაკადემიის პრიზი – „ოსკარი“.

·         პრემია საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებებისათვის – „გრემი“.

·         „ფრანსფუტბოლის“ მიერ მომზადებული ფეხბურთელთა რეიტინგები და ა.შ.

 

მეორე ნაწილი – მოსწავლეებს შესთავაზეთ ღონისძიებები და ადგილები კლასის სავარაუდო მოგზაურობისთვის და დაწერეთ დაფაზე 3 შეთავაზება (მაგ. გრემი, ალავერდი, სათაფლია). სთხოვეთ თითოეულ მოსწავლეს, ჩამოთვალოს ქაღალდზე მისი პირველი, მეორე და მესამე არჩევანი, არათანაბარი რეიტინგის დაშვებით. გაამახვილეთ ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია შეკითხვის გასაგებად ფორმულირება კითხვარის შედგენისას.

მას შემდეგ, რაც შეგროვდება კითხვარები მოსწავლეთა პასუხებით, იწყება მიღებული მონაცემების მოწესრიგებისა და ორგანიზების პერიოდი. უნდა შედგეს ცხრილი, რომელშიც იქნება აღნუსხული მოსწავლეთა არჩევანი. ამ ეტაპზე ყურადღება უნდა გამახვილდეს საკითხებზე:

·         როგორ წარმოვადგინოთ მონაცემები? (სავარაუდოდ, კლასის არჩევანი იქნება ცხრილი);

·         როგორი უნდა იყოს ცხრილის დიზაინი? რამდენი სვეტი, რამდენი სტრიქონი?

·         სულ რამდენი სახის სავარაუდო პასუხია მოსალოდნელი? (3 შეთავაზების შემთხვევაში სავარაუდო პასუხების სახეობების რაოდენობა არის 6).

 

რაოდენობა
პირველი არჩევანი
მეორე არჩევანი
მესამე არჩევანი

 

შემდეგი ეტაპია – კლასის უპირატესობების შეჯამება.

თითოეული სვეტის ზედა ნაწილში დაწერეთ იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც შეაფასეს ვარიანტები აღნიშნული თანმიმდევრობით. ჰკითხეთ მოსწავლეებს, რომელი ალტერნატივა იგებს და როგორ განისაზღვრება გამარჯვებული. სავარაუდოდ, მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა დაასახელებს გამარჯვებულის უმრავლესობით გამოვლენის მეთოდს. ისარგებლეთ ამ მეთოდით და მოსწავლეებთან ერთად გამოავლინეთ სავარაუდო მოგზაურობისთვის საუკეთესო ადგილების თანმიმდევრობა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“