სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მეთოდი, რომელიც მთელ პედაგოგიურ არსენალს ააქტიურებს

,,… ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.” -ესგ

,,სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;”_ზგემ

 მოსწავლეთა აღჭურვა ქმედითი ცოდნით, მათთვის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალი შედეგების მიღწევაში დაეხმარება, გულისხმობს  სწავლების  ისეთი მეთოდებისა და აქტივობების შერჩევას, რომელიც მოსწავლეს ზემოთდასახელებულ უნარებს განუვითარებს. 

ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გამკლავება უხდება სხვადასხვა შინაარსისა და სირთულის პრობლემებთან. რამდენად სწორად და რაციონალურად შეუძლია პიროვნებას დაგეგმოს პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო საქმიანობები, ამაზე დიდად არის დამოკიდებული მისი ცხოვრება.

 პროექტი, პროექტული სწავლების მეთოდი, ერთერთი ეფექტური მეთოდია საიმისოდ, რომ მოზარდში განავითაროს  პრობლემების მოგვარების უნარ-ჩვევები. რადგან პროექტი იმ აქტივობების ერთობლიობაა, რომელსაც ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი კონკრეტულ დროსა და სივრცეში კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ახორციელებს. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე კარგ სამსახურს გაგვიწევს ესგ-ში მოცემული პროექტის შეფასების ზოგად ანალიტიკური რუბრიკის ნიმუშის,  მისი კრიტერიუმების გააზრება. თუმცა  ყველაფერი  იდეის გენერირებით იწყება. გაზაფხულზე განსაკუთრებულად აქტიურდება გარემოსდაცვითი თემატიკის პროექტები. ამიტომაც სამაგალითოდ ვთქვათ, რომ მოსწავლეებს აწუხებთ  თემში არსებული დაბინძურებული გარემო და სურთ ამ საქმეს შეეჭიდნონ.

 იდეა უკვე არსებობს, მაგრამ პროექტს გამოკვეთა, ჩამოყალიბება სჭირდება. პირველი, პრობლემის გამოკვეთა, იდენტიფიცირებაა;  დგება საკითხისადმი კრიტიკული მიდგომის მომენტი, პროვოცირებისათვის პედაგოგს მზად უნდა ჰქონდეს კითხვები: რა იწვევს ამ ანტისანიტარიას? ( მოსახლეობის დაბალი ცნობიერება, ნაგვის ურნების არ არსებობა, ნაგვის უსისტემო გატანა…)  რა უარყოფითი შედეგები მოსდევს ამ პრობლემას? ( დაავადებათა გავრცელების საშიშროება, მავნე ბაქტერიებით ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, მღრღნელებისა და მწერების მომრავლება, პირუტყვის მოწამვლის საშიშროება…) ვინ არის პასუხისმგებელი ამ პრობლემის მოგვარებაზე? (მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, დასუფთავების სამსახური…) იყო თუ არა ამ პრობლემის მოგვარების მცდელობა? (კი, არა, ნაწილობრივ, უშედეგოდ…) იცნობთ თუ არა, ანალოგიური პრობლემის გადაჭრის დადებით გამოცდილებას? 

ამ საკითხებზე მსჯელობის პროცესი მოსწავლეთათვის საუკეთესო ვარჯიშია კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად. ამ პროცესში მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს, განმავითარებელი შეფასების  ფორმა _ დაკვირვება მას მნიშვნელოვან ინფორმაციას დაუგროვებს. ამავდროულად, მან ხელიდან არ უნდა გაუშვას საკუთარ პროფესიულ უნარებზე დაკვირვება-თვითშეფასებით ღირებული ინფორმაციის მოკრების შესაძლებლობა. თვითშფასებისთვის გამოადგება ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობის უნარი, მოსწავლეთა დამოუკიდებელი ინიციატივების წახალისების უნარი, მრჩეველი-ფასილიტატორის როლის ფლობა და ასე შემდეგ. საბოლოოდ გამოიკვეთება ჩვენი მომავალი პროექტის მიზანი და ხასიათი: ეს შეიძლება იყოს პრობლემის ადვოკატირება, შეიძლება იყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, შეიძლება მიზანი იყოს  კომპლექსური: ადვოკატირება პასუხისმგებელ სტრუქტურებთან, მოსწავლეების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დასუფთავებაში უშუალო მონაწილეობა, ნაგვის ურნების დადგმა, ბანერების დადგმა და ასე შემდეგ. პროექტის მიზანს, თუნდაც ის სათემო იყოს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს კავშირი ესგ-სთან.   მიზნის არეალის განსაზღვრისას კარგად უნდა შევაფასოთ ჩვენი რესურსები, ადამიანურიც და მატერიალურიც, დავფიქრდეთ პოტენციური მხარდამჭერების შერჩევაზე და მათთან თანამშრომლობის სტრატეგიებზე. ასე მივიღებთ რეალისტურ პროექტს.

შემდეგ დგება პროექტის სამოქმედო გეგმა _  განსახორციელებელ აქტივობათა ჩამონათვალი ვადებისა და ამ აქტივობაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით. 

რადგან სიტყვა პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე ჩამოვარდა, აქვე დავძენთ, რომ ამ პროექტში თავისი ინტერესი ყველა მოსწავლემ უნდა იპოვოს, ამიტომაც გარდა იმისა, რომ იდეების გენერირების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა განაპირობებს მათ მაღალ ინტერესსა და პასუხისმგებლობას მიზნის მიღწევაში, უმჯობესი იქნება, თუ მოსწავლეები თავადვე მოძებნიან საკუთარ ფუნქციებს პროექტში. ცხადია, მასწავლებელს შეუძლია მართოს პროცესი და ისეთი კითხვებით, როგორიცაა: დარწმუნებული ხარ, რომ ამ საქმეს კარგად გაართმევ თავს? ხომ არ დაგჭირდება სხვა თანატოლის დახმარება? ან სულაც: ვიცით, შენ ეს საქმე კარგად გამოგდის, მაგრამ ახლა იქნებ, სხვა მიმართულებით გამოსცადო შენი შესაძლებლობები? და ასე შემდეგ. აქ მასწავლებელს საშუალება ეძლევა გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გათვალისწინებით, შეუქმნას მოსწავლეებს  საკუთარი მიდრეკილებების გამჟღავნების, გამოყენების პირობები, დაეხმაროს მათ საკუთარი თავის შეცნობაში და როგორც წინა  ეტაპზე, ახლაც დააკვირდეს მოსწავლეებს, აამოქმედოს განმავითარებელი შეფასების ფორმები და თან გამოსცადოს ან განივითაროს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები. 
რადგან საუბარი გარემოს დასუფთავებას ეხება, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა შეექმნას საფრთხე ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას! დასუფთავების აქციის დროს აუცილებელია ხელთათმანებისა და ერთჯერადი ნიღბების მოხმარება, კარგი იქნება ბავშვების წინასწარი ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ. განსაკუთრებულად დაბინძურებულ ადგილებში არის მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საშიშროება, აქ უმჯობესია ადვოკატირების საშუალებით სწორედ ის  სამსახურები ჩავრთოთ, რომელთა მოვალეობაშიც შედის ეს საკითხი.  ამ მიმართულებით, რისკს არანაირი შედეგი არ  ამართლებს.  

სამოქმედო გეგმის თითოეული აქტივობის განხორციელებას თავისი რესურსები ჭირდება, ადამიანურიც და მატერიალურიც.  განვსაზღვრავთ თითოეული აქტივობისათვის საჭირო რესურსს და შემდეგ ყველა მონაცემის შეჯამებით ვადგენთ პროექტის ბიუჯეტს. ბიუჯეტში უმჯობესია გამოყოთ არსებული რესურსებისა და შესაძენი რესურსების გრაფები. არსებულ რესურსად ითვლება, რაც ჩვენს ხელთაა და შესაძენი არ არის, დანარჩენისთვის დაგვჭირდება ფინანსები და შესაბამისად, მხარდამჭერები. მხარდამჭერები შეიძლება მოიძიოთ თვითმმართველობებში, ადგილობრივ ბიზნესში, მოსახლეობაში, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. 

თქვენს პროექტს ყველა ეტაპზე ესაჭიროება საინფორმაციო უზრუნველყოფა: პირველ რიგში , მოამზადეთ საქაღალდე პრობლემის შესახებ, მასში განათავსეთ ფოტომასალა, ვიდეომასალა, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები…) ეს საქაღალდე გამოგადგებათ ადვოკატირებისთვისაც და მხარდამჭერებთან შეხვედრების დროსაც. 
ფოტოები  გადაიღეთ პროექტის ყველა აქტივობის დროს. შეგიძლიათ სკოლაში მოაწყოთ ბანერი, დაფა, სადაც იქნება ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ და დროდადრო ახალ ინფორმაციებსაც განათავსებთ. ეს მასალები გამოგადგებათ პროექტის საბოლოო პრეზენტაციისათვისაც, შეგიძლიათ მოაწყოთ სტენდები, გამოუშვათ კედლის გაზეთი, შექმნათ ვიდეოსიუჟეტი _ ეს თქვენი პროექტის ისტორია იქნება;  სოციალური ქსელების გამოყენება თქვენს პროექტს ცნობადობას შემატებს.
პროექტი დასრულდა და თქვენ უკვე იცით, როგორ უნდა შეაფასოთ შედეგები. დასახელებული შეფასების რუბრიკა მხოლოდ ნიმუშია და თქვენ შეგიძლიათ კრიტერიუმები უფრო მოარგოთ თქვენს საჭიროებებს. მთლიანი პროექტის შეფასების პარალელურად, შეგვიძლია შევაფასოთ მონაწილე მოსწავლეები ცალცალკე, შევაფასებინოთ მათ საკუთარი და ერთმანეთის შედეგები. 

პრეზენტაციამ ჩაიარა, შედეგებიც სახეზეა და დგება ისევ შიდასამუშაოს, შიდაანალიზის დრო. პროექტის ყველა მონაწილესთან ერთად იმართება მსჯელობა რა გამოგივიდათ კარგად და რა ხარვეზები გქონდათ, რა მიგაჩნიათ ხარვეზების მიზეზებად, რა გამოცდილება მიიღეთ და რაში გამოიყენებთ ამ გამოცდილებას შემდგომში? ხომ არ ვიფიქროთ ახალ საპროექტო იდეაზე?

პროექტის, როგორც მეთოდის განსაკუთრებულობა და უპირატესობა ის არის, რომ მის ფარგლებში გააქტიურებულია პედაგოგის მთელი პროფესიული არსენალი: ეს არის მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული მეთოდი, რომელიც იტევს მრავალფეროვან აქტივობებსა და მიდგომებს, უვითარებს მოსწავლეებს საკვანძო კომპეტენციებს, ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბლუმის ტაქსონომიის აზროვნების ზედა დონეებზე გასასვლელად, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას,  თანამშრომლობის უნარს, მოსწავლეს აძლევს  უსაფრთხო გარემოში იდეის საქმედ ქცევის გამოცდილებას. 

მასწავლებელს მთელ ამ პროცესშიც და პროექტის დასრულების შემდეგაც საკმაო საფიქრალი და სამუშაო რჩება. მან თვითშეფასება უნდა მოახდინოს და არგუმენტირებულად მოამზადოს ანგარიში იმის თაობაზე, თუ რომელი აქტივობა რა პედაგოგიურ მიზანს ემსახურებოდა, რა ღია და ფარულ შედეგებზე გავიდა, როგორ შეუწყო ხელი ცოდნის ტრანსფერის უნარების განვითარებას, როგორ ითანამშრომლა კოლეგებთან, დირექციასთან, მშობლებთან თემთან, თვითმმართველობასთან. ეს გამოცდილება შემდეგ შეიძლება იქცეს კვლევად, გამოცდილების გაზიარებად კოლეგებისათვის, რაც სქემასთან დაკავშირებით, კიდევ მეტ აქტუალობას იძენს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“