ადრეული ბავშვობიდანვე გვასწავლიან, რომ სიკეთე, თანაგრძნობა, დახმარების გაწევა საუკეთესო ადამიანური თვისებებია. მოგვიანებით ოჯახთან ერთად მოზარდებში ამ კეთილშობილური თვისებების განვითარებაზე სკოლაც ზრუნავს. ბავშვობისა და მოზარდობისას უამრავ ინფორმაციას (ანდაზები, ხალხური გამონათქვამები, ლექსები, მოთხრობები და ა.შ) ვეცნობით სიკეთის არსზე, მის დანიშნულებაზე, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზე და სიკეთის უცილობელ გამარჯვებაზე…. ამასობაში ჩვენც გავდივართ ცხოვრების გზაზე და უკვე პრაქტიკაში გვიხდება მოსმენილის თუ ნასწავლის გადამოწმება. ზოგჯერ ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს, ზოგჯერ სიამოვნების გრძნობითაც ავივსებით ხოლმე. თუმცა მოდით, ისევ სკოლას მივუბრუნდეთ. როგორც ირკვევა, მოსწავლეებში სიკეთის გრძნობის გაღვივება არა მარტო მათი სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვისაა აუცილებელი, არამედ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ აკადემიური მოსწრების დონის ასამაღლებლად. სიკეთის გამოვლინების თითოეული აქტი, რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს იგი, კმაყოფილებას ანიჭებს როგორც მის ადრესატს, ასევე გამცემს. ყოველი კეთილი საქციელი დადებითი ფსიქოლოგიური სტიმულია ბავშვისთვის, დადებითი ემოციური განწყობა კი ხელს უწყობს სწავლის პროცესს. ამგვარად, რაც უფრო ხშირად მოიმოქმედებს ბავშვი რაიმე კეთილ საქციელს, მით უფრო მეტად იცვლება მისი ხასიათი და აზროვნება უკეთესობისაკენ.
რამდენიმე წლის წინ ჟურნალ ,,ფსიქოლოგიის მეცნიერებაში” გამოქვეყნდა 1,5-2 წლის ბავშვებში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები. პატარებს აჩვენებდნენ ოთხ თითქმის იდენტურ სურათს, სადაც ცენტრში მათთვის კარგად ნაცნობი საგანი (მაგ; ჩაიდანი) იყო გამოსახული, თუმცა ნაცნობ ნივთთან ერთად სურათებზე 4 განსხვავებული კომპოზიცია იყო მოცემული: კუბიკები, ორი ერთმანეთისაკენ მომზირალი თოჯინა, ერთი თოჯინა და ორი ერთმანეთისკენ ზურგით მდგომი თოჯინა. გამოირკვა, რომ მსგავსების მიუხედავად ის სურათი, რომელზეც ორი თოჯინა ერთმანეთს უყურებდა, დანარჩენ სამთან შედარებით სულ ცოტა სამჯერ მეტმა ბავშვმა მოიწონა. მეცნიერების აზრით, ეს ფაქტი თავაზიანად შეგვახსენებს, რომ თანადგომა ადამიანებში თავიდანვე კოდირებული თვისებაა და მას მხოლოდ ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის ძალისხმევა, რადგანაც კეთილი, ემპათიის მქონე მოსწავლეები აღწევენ უკეთეს აკადემიურ შედეგებს, ჰყავთ უფრო მეტი მეგობარი, კარგ ურთიერთობას ამყარებენ მასწავლებლებთან. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდებულ მარტივ რჩევას, რომლებიც შესასრულებლად საკმაოდ იოლია, თუმცა ეფექტური შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს:
ა) სასწავლო წლის დასაწყისში საკლასო ოთახის მოწყობისას აუცილებლად შეარჩიეთ ერთი ისეთი პოსტერიც, რომელზეც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. როგორც კვლევა გვიჩვენებს, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ სურათსაც კი, რომელზეც უბრალოდ ორი ერთმანეთისაკენ მომზირალი ადამიანია გამოსახული, შეუძლია ბავშვებში წარმოშვას ურთიერთდაკავშირებულობის გრძნობა და ხელი შეუწყოს სიკეთის გაძლიერებას. ამასთანავე ხაზი ესმება მასწავლებლის მხრიდან ურთიერთანადგომისა და დახმარების გამოვლინების დაფასებას.
ბ) ყველა მასწავლებელი განსაკუთრებულად გულითადად ესალმება მოსწავლეებს სწავლის დაწყების პირველ დღეს. შემდეგ დღეებში მისალმების პათოსი კლებულობს და ზოგჯერ შესაძლოა მოსწავლესთან შეხვედრისას საერთოდ დაგვავიწყდეს კიდეც. არადა, გულწრფელი მისალმება ყოველდღე აუცილებელია, მთელი სასწავლო წლის მანძილზე. ეს მარტივი საქციელი მოსწავლეებში მიკუთვნებულობის გრძნობას ავითარებს და მოსწავლე-მასწავლებლის თანამშრომლობას უწყობს ხელს.
გ) შეეცადეთ, აკონტროლოთ საუბრის მანერა. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ პოზიტიური, თბილი ხმის ტონი. არ არის მართალი, რომ მოსწავლეებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გავუღიმოთ. როცა მასწავლებელი თავაზიან საუბრის ტონს ირჩევს მოსწავლეებთან, იზრდება იმის შანსი, რომ მოსწავლეებიც ასეთივე ტონს აირჩევენ ერთმანეთში საურთიერთობოდ.
დ) ხშირად მიეცით მოსწავლეებს ერთმანეთის დახმარების შანსი. ეს შესაძლებელია აკადემიური აქტივობების დროსაც მოვახერხოთ. მაგალითად, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჯგუფური მუშაობის დროს მათ არა მარტო დავალების შესრულება, არამედ ერთმანეთის დახმარებაც ევალებათ. კვლევები აჩვენებს, რომ კოოპერატიულის წავლების დროს აქტიური ბავშვები არასასწავლო გარემოშიც დიდი მონდომებით ცდილობენ სხვების დახმარებას.
ვიდრე ისევ სკოლას დავუბრუნდებით, ორიოდე სიტყვით შევეხოთ უცხოეთში საკმაოდ პოპულარულ საზოგადოებრივ მიმდინარეობებს, რომლებსაც საფუძვლად სიკეთის კეთება უდევს. განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ მოძრაობა ,,გადაუხადე სხვას” (pay it forward). ჩვენთან ის ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მას თავისი საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო ისტორია და ორგანიზებული სამოქმედო სქემაც აქვს. მოძრაობაში ჩართულმა ადამიანმა სამი ისეთი კეთილი საქმე უნდა გაუკეთოს სხვებს, რომლის განხორციელება იმ ადამიანებს თავად არ შეუძლიათ. ხოლო მას, ვისკენაც მიმართული იქნება კონკრეტული მოქმედება, ევალება, თავის მხრივ, სხვას გაუწიოს რაიმე დახმარება და ა.შ. ამგვარად, ის ერთგვარი ფილოსოფიური მიმდინარეობა გახლავთ, რომლის შემქმნელების სურვილია სიკეთის საყოველთაო გავრცელების შედეგად დედამიწა გაცილებით უკეთეს ადგილად გადააქციონ, ვიდრე ის დღეს არის (დამეთანხმებით, ძალიან კეთილშობილური მისიაა, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად შესაძლებელია საბოლოო მიზნის მიღწევა). რაც შეეხება მოძრაობის ისტორიას, გაწეული დახმარების მესამე პირისათვის გადახდის იდეა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შექმნილ ნაწარმოებებში გვხვდება. ფილოსოფიური დანიშნულება კი მას პირველად ბენჟამინ ფრანკლინმა ბენჯამინ ვებისადმი 1784 წელს მიწერილ წერილში მისცა. თუმცა იქ მხოლოდ ნასესხებ ფულზე იყო საუბარი, რომელიც ვებს ფრანკლინისათვის კი არ უნდა დაებრუნებინა, არამედ სხვა პატიოსანი ადამიანისათვის ესესხებინა იმ პირობით, რომ ის სხვას ასესხებდა და ა.შ. მანამ, სანამ ვინმე არამზადა არ გაწყვეტდა ამ ჯაჭვს. ფრანკლინი თვლიდა, რომ ასეთი საქციელით შედარებით მცირე თანხით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. ტერმინი ,,pay it forward” განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1951 წელს, ფანტასტი მწერლის რობერტ ჰეინლეინის წიგნის ,,პლანეტებს შორის” გამოქვეყნების შემდეგ. ჰეინლეინი აქტიურად მოღვაწეობდა ამ მიმართულებით. მას ბევრი მიმდევარიც გამოუჩნდა. დღეს მისი სახელობის რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი და პროგრამა მოქმედებს. 2000 წელს გამოვიდა კატერინ რაიან ჰაიდის ნოველა, რომელსაც ,,pay it forward” ერქვა. მალე ნოველის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს. სწორედ ამ ნოველის და ფილმის შემდეგ მიიღო მოძრაობამ დასრულებული სახე და პოპულარული გახდა. სხვებისთვის დახმარებაზეა ორიენტირებული სხვა მსგავსი მოძრაობებიც, მაგ; ,,სპონტანური სიკეთის გამოვლინება” (random acts of kindness), ,,შემომიერთდი” (,,join me”), რომლებზეც ამჯერად აღარ შევჩერდებით და ისევ სასწავლო პროცესს დავუბრუნდებით. სტატიის დასასრულ, ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ რამდენიმე გარემოებაზე, რომლებშიც კარგად იკვეთება ჩვენ მიერ განხილული თვისებების უშუალო კავშირი სწავლის პროცესთან და აკადემიურ შედეგებთან.
თანამშრომლობის უნარის გაძლიერება. კვლევები აჩვენებს, კეთილი, ემპათიის უნარის მქონე ბავშვები უფრო მეტი ხალისით თანამშრომლობენ სხვებთან. ამას ხელს თანატოლებში მათი პოპულარობაც უწყობს. კარგად განვითარებული თანამშრომლობის უნარი ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია, მათ შორის, სასწავლო პროცესშიც.
გაუმჯობესებული თვითშეფასება. კვლევები ამტკიცებს, რომ ბავშვების მიერ კარგი საქმეების გაკეთებიდან განცდილი კმაყოფილების შეგრძნება ქმნის და აძლიერებს საკუთარი თავით ჯანსაღი სიამაყის გრძნობას, რაც მოსწავლეებს ოპტიმისტურად განაწყობს და ამაღლებს მოზარდების თვითშეფასებას.
გაუმჯობესებული კონცენტრაციის უნარი. დადგინდა, რომ იგივე განცდა მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს მოზარდის ჯანსაღ ძილს, რაც პოზიტიურად აისახება მოზარდის მეხსიერების უნარზე. შედეგად მოსწავლე არა მარტო ყურადღების უკეთესად კონცენტრირებას ახერხებს, არამედ იწყებს გაცილებით კრეატიულად აზროვნებას.
დამატებით, სიკეთეზე ორიენტირებული მიდგომა ბავშვებში ამცირებს ბულინგის შემთხვევებს, წარმატებით ებრძვის დეპრესიას, ამარცხებს სტრესს, აყალიბებს მადლიერების გრძნობას და ზოგადად – განაპირობებს ბედნიერ ბავშვობას.
გამოყენებული ლიტერატურა :
https://www.edutopia.org/blog/sel-teaching-kindness-maurice-elias
https://www.huffingtonpost.com/david-r-hamilton-phd/kindness-benefits_b_869537.html
https://www.psychologytoday.com/blog/positive-psychology-in-the-classroom/201302/the-positive-psychology-kindness
https://phys.org/news191601357.html
https://www.plosone.org/article/info%3Adoi%2F10.1371%2Fjournal.pone.0051380
https://en.wikipedia.org/wiki/Pay_it_forward