სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სტრატეგიები სწავლის მოტივაციის გასაზრდელად

სანამ თითოეული მოსწავლისა და თითოეული კლასისათვის არ შესრულდება სამი საბაზისო პირობა, არც ერთი მამოტივირებელი სტრატეგია არ იქნება წარმატებული. პირველი: კლასში არ უნდა იყოს ხელის შემშლელი ფაქტორები. მეორე: მასწავლებელი უნდა იყოს მომთმენი და გულშემატკივარი პიროვნება, რომელიც მოსწავლეებს შეცდომებისთვის არ სჯის. ყოველი მოსწავლე შეცდომას უნდა განიხილავდეს, როგორც სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას. მესამე: დავალება გამომწვევი უნდა იყოს, მაგრამ ადეკვატური. თუ სამუშაო მეტისმეტად მარტივია ან მეტისმეტად რთული, მოსწავლეებს მცირე მოტივაცია ექნებათ, ისინი ფოკუსირებას მოახდენენ დავალების დასრულებაზე და არა მასალის ჩაწვდომაზე.

მას შემდეგ, რაც ეს ბაზისური პირობები დაკმაყოფილდება, მოცემულ სიტუაციაში მოსწავლეთა სწავლის მოტივაციაზე გავლენა შეიძლება სამ კითხვად ჩამოვაყალიბოთ: შემიძლია თუ არა, წარმატებით გავართვა თავი ამ ამოცანას? მინდა თუ არა წარმატება? რა მჭირდება საიმისოდ, რომ წარმატებას მივაღწიო? ჩვენ გვსურს, მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ჰქონდეთ, რათა ენერგიითა და ენთუზიაზმით შეუდგნენ სწავლას; გვსურს, დააფასონ და გაიგონ ამოცანებისა და მუშაობის მნიშვნელობა, რათა ისწავლონ და მხოლოდ შეფასებასა და საქმის დასრულებაზე არ იყვნენ კონცენტრირებულნი; გვსურს სჯეროდეთ, რომ წარმატება მოვა, როცა ისინი კარგ სასწავლო სტრატეგიებს გამოიყენებენ და არა თავდაცვით, მარცხის თავიდან ასაცილებელ და რეპუტაციის შესანარჩუნებელ სტრატეგიებს. როდესაც საგანი რთულია, გვინდა, მოსწავლეები ამოცანაზე იყვნენ ფოკუსირებულნი და არ ღელავდნენ იმაზე, რომ შეიძლება მარცხი განიცადონ და „გაითიშონ”.

„შემიძლია თუ არა ამის გაკეთება?” თვითრწმენისა და პოზიტიური მოლოდინის ფორმირება. რეალურ მიღწევას მხოლოდ წახალისება და წაქეზება ვერ უშველის. პროგრესისათვის საჭიროა:

1. მუშაობის დაწყება მოსწავლეთა რეალურად არსებული დონიდან და მოზომილი ნაბიჯით სვლა. ტემპი ცოცხალი უნდა იყოს, მაგრამ არა იმდენად სწრაფი, რომ მოსწავლეებს მომდევნო ეტაპზე გადასვლა უწევდეთ იმ მასალის სრულად ათვისებამდე, რასაც მოცემულ მომენტში გადიან. ეს შესაძლოა მოითხოვდეს სხვადასხვა მოსწავლისთვის სხვადასხვა ამოცანის მიცემას. ერთ-ერთი ვარიანტია, ერთი და იმავე ტესტისა და დავალების შესახებ მასწავლებელს ჰქონდეს როგორც ძალიან მარტივი, ისე ძალიან რთული კითხვები. ამ შემთხვევაში თითოეული მოსწავლე მიაღწევს წარმატებას. როდესაც ქულების დაწერაზე მიდგება საქმე, დარწმუნდით, რომ თუ კარგად იმუშავებს, ყოველ მოსწავლეს აქვს, სულ მცირე, დამაკმაყოფილებელი ნიშნის მიღების შანსი.

2. დარწმუნდით, რომ სასწავლო მიზნები ცხადი, სპეციფიკური და ახლო მომავალში განხორციელებადია. როდესაც იგეგმება ხანგრძლივი პროექტი, მასწავლებელმა ის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განახორციელოს და ქვემიზნებად დაყოს; დაეხმაროს მოსწავლეებს, იგრძნონ წინსვლა და პროგრესი. თუ შესაძლებელია, მოსწავლეებს შესთავაზეთ სხვადასხვა სირთულის მიზნები და მიეცით არჩევანის საშუალება.

3. აქცენტი დასვით თვითშედარებაზე და არა სხვებთან შედარებაზე. დაეხმარეთ მოსწავლეებს საკუთარი პროგრესის დანახვაში. მიეცით კონკრეტული უკუკავშირი და შენიშვნები. უთხარით, რას აკეთებენ სწორად, რას – შეცდომით და აუხსენით, რატომაა ეს შეცდომა. დროდადრო დაუსვით კითხვები იმ პრობლემაზე, რომელიც ერთ დროს რთული ეჩვენებოდათ, ახლა კი მარტივად მიიჩნევენ. აღნიშნეთ, რამდენად განვითარდნენ.

4. უთხარით მოსწავლეებს, რომ აკადემიური უნარების გაუმჯობესება შესაძლებელია სპეციფიკურ ამოცანებთან მიმართებით, ანუ ის ფაქტი, რომ მოსწავლეს უჭირს ალგებრა, სულაც არ ნიშნავს, რომ მას გეომეტრიაც გაუჭირდება ან კარგად ვერ ისწავლის ენებს.

5. მიეცით მოსწავლეებს პრობლემის წარმატებით გადაჭრის მაგალითი. განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე გზის გამონახვა გიწევთ. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და უშეცდომოდ სწავლა შეუძლებელია და არც მასწავლებელია გამონაკლისი.

„მინდა თუ არა ამის გაკეთება?” სწავლის ღირებულების დანახვა. მასწავლებლებს შეუძლიათ, გამოიყენონ შინაგანი და გარეგანი მოტივაციის სტრატეგიები, რათა დაანახონ მოსწავლეებს სასწავლო ამოცანების ღირებულება.

მიღწევა და შინაგანი ღირებულება. იმისთვის, რომ მიღწევის ღირებულება გაჩნდეს, სასწავლო ამოცანები მოსწავლეთა ღირებულებებს უნდა დავუკავშიროთ. უწინარეს ყოვლისა, მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოების, მიკუთვნებულობის, მიღწევის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება კლასში. საკლასო ოთახი შიშისა და დაუცველობის განცდას არ უნდა იწვევდეს. მეორე: დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ გენდერული ან ეთნიკური სტერეოტიპები ხელს არ უშლის მოტივაციას. მაგალითად, უნდა ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ როგორც მამაკაცს, ასევე ქალსაც ნებისმიერ სფეროში შეიძლება ჰქონდეს მაღალი მიღწევა და რომ არც ერთი სფერო არ არის რომელიმე სქესის „ტერიტორია”. მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მანქანების მექანიკასა თუ სპორტში მიღწევები სრულებითაც არ მიუთითებს მასკულინურობაზე, ისევე როგორც ლიტერატურაში, ხელოვნებაში, მუსიკაში, ენებში წარმატება არ არის ფემინურობის მანიშნებელი.

შინაგანი მოტივაციის წასაქეზებლად მრავალი სტრატეგია არსებობს. აი რამდენიმე მათგანი:

1. დაუკავშირეთ საკლასო აქტივობა მოსწავლეთა ინტერესებს სპორტში, მუსიკაში, მათ ოჯახურ და პირად პრობლემებს, გატაცებას შინაური ცხოველებით, ტელევიზიისა და კინოს ვარსკვლავებით და ა.შ. თუმცა ამავე დროს დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ გესმით, რასაც ამბობთ. როდესაც ეს შესაძლებელია, მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მიჰყვნენ თავიანთ ინტერესებს.

2. გამოიწვიეთ ცნობისმოყვარეობა. გაითვალისწინეთ და გამოიყენეთ განსხვავება მოსწავლეთა რწმენებსა და ფაქტებს შორის. მაგალითად, შტიპეკმა აღწერა ასეთი შემთხვევა: მასწავლებელი მეხუთეკლასელებს ეკითხებოდა, ცხოვრობდნენ თუ არა, მათი აზრით, სხვა პლანეტებზე „ადამიანები”. როდესაც მოსწავლეები დადებით პასუხს იძლეოდნენ, მასწავლებელი ეკითხებოდა, შეეძლოთ თუ არა ადამიანებს უჟანგბადოდ არსებობა. მოსწავლეებს ეს თემა ახალი ნასწავლი ჰქონდათ და უპასუხეს, რომ არა. შემდეგ მასწავლებელი ეუბნებოდა მათ, რომ სხვა პლანეტების ატმოსფეროში ჟანგბადი არ არის. ამ საოცარმა განსხვავებამ სხვა პლანეტებზე ადამიანების ცხოვრების შესახებ მოსწავლეების რწმენასა და იმ ცოდნას შორის, რაც მათ ჰქონდათ ჟანგბადის შესახებ, სათავე დაუდო ცხარე დისკუსიას. ისინი მსჯელობდნენ სხვა პლანეტების ატმოსფეროსა და იმ არსებებზე, რომელთაც ამ ატმოსფეროს პირობებში ცხოვრება შეეძლოთ და ა.შ. პლანეტების ატმოსფეროს შესახებ მშრალი ლექცია ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, ამ დისკუსიამ კი საგნის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია.

3. აქციეთ სასწავლო ამოცანა გართობად. ბევრი გაკვეთილი შეიძლება წარიმართოს სიმულაციებისა და თამაშების გზით. თუ მართებულად გამოვიყენებთ, ასეთი გაკვეთილები შეიძლება ძალიან ღირებული და, იმავდროულად, სახალისოც იყოს.

4. გამოიყენეთ სიახლეები და დაუკავშირეთ ისინი ნაცნობ შინაარსს. ნუ ჩააცივდებით მოტივაციის ასამაღლებლად რომელიმე ერთ ან რამდენიმე სტრატეგიას. საჭიროა მრავალფეროვნება. ამოცანების მიზნობრივი სტრუქტურის მრავალფეროვნებას (თანამშრომლობა, შეჯიბრი, ინდივიდუალიზმი) ისეთივე დამხმარე ძალა აქვს, როგორც სწავლების სხვადასხვა პირობებს. როდესაც მასალა აბსტრაქტული ან უცნობია მოსწავლეთათვის, დაუკავშირეთ იგი მათთვის კარგად ნაცნობ რაიმე საგანს ან მოვლენას. მაგალითად, იმისთვის, რომ გააგებინოთ მათ იმ ტერიტორიის სიდიდე, სადაც ათენის აკროპოლისია განთავსებული, შეადარეთ იგი საფეხბურთო მოედანს.

„რა მჭირდება საიმისოდ, რომ წარმატებას მივაღწიო?” ამოცანაზე ფოკუსირება. როდესაც მოსწავლეები სირთულეებს აწყდებიან, რაც ბუნებრივია კიდეც, მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ ყურადღების ინტენსიურობა და ფოკუსირებულნი დარჩნენ ამოცანაზე. თუ ასე არ მოხდა და ყურადღების ფოკუსში მოექცა მღელვარება პრეზენტაციის გამო, წარუმატებლობის შიში, ჭკვიანად თავის წარმოჩენის სურვილი, სწავლის მოტივაცია დაიკარგება.

1. მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა, ხშირად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა კითხვა-პასუხის, მოკლე დავალებების, უნარ-ჩვევების დემონსტრირების საშუალებით. დარწმუნდით, რომ მოსწავლეთა პასუხების შემოწმებისას შეცდომების სწრაფად შესწორება შეგიძლიათ. თქვენ ხომ არ გსურთ, რომ მოსწავლეებმა დიდხანს ვერ გააცნობიერონ შეცდომა. კომპიუტერული პროგრამები მოსწავლეებს შეცდომაზე დაუყოვნებლივ აძლევს ნიშანს – მანამდე, სანამ ეს შეცდომები ჩვევაში გადავა.

2. როდესაც შესაძლებელია, შეაქმნევინეთ მოსწავლეებს დასრულებული პროდუქტი. ისინი უფრო შეუპოვრად და ამოცანაზე კონცენტრირებულად იმუშავებენ. ნათელი შედეგის მოლოდინში ყველას გამოგვიცდია დასრულებული საქმის ხილვის მოთხოვნილების ძალა.

3. თავი არიდეთ ნიშნებზე, ქულებსა და შეჯიბრებაზე აქცენტის დასმას. ქულებზე აქცენტირებისა მოსწავლეები ეგოცენტრირებულები ხდებიან და ნაკლებად ერთვებიან ამოცანის შესრულებაში. ეს სერიოზული დარტყმაა შფოთიანი მოსწავლეებისთვის.

4. შეამცირეთ რისკის ფაქტორი, ოღონდ ისე, რომ მეტისმეტად არ გაამარტივოთ ამოცანა. როდესაც ამოცანა სარისკოა (არსებობს მარცხის დიდი ალბათობა), მოსწავლეთა მოტივაცია მცირდება. ძნელი, კომპლექსური ამოცანის შესრულებისას მოსწავლეებს მიეცით მეტი დრო, აგრძნობინეთ მხარდაჭერა და დახმარებისთვის მზადყოფნა, უჩვენეთ რესურსები და მიეცით ნამუშევრის გადახედვისა და შეცდომების შესწორების შანსი.

5. იყავით ნიმუში სწავლისადმი მაღალი მოტივაციის მქონე ადამიანისა. მოუყევით მოსწავლეებს თქვენი ინტერესების შესახებ და აგრეთვე იმის შესახებ, როგორ უმკლავდებოდით სიძნელეებს.

6. ასწავლეთ გარკვეული სასწავლო ტაქტიკები, რომლებიც მასალის დასაუფლებლად დასჭირდებათ. უჩვენეთ, როგორ ისწავლონ და დაიმახსოვრონ ისე, რომ თავდაცვითი სტრატეგიების გამოყენება ან მექანიკურად დაზეპირება არ მოუხდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“