ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სიმარტივის სირთულეები  ანუ მთავარი აქცენტები ლიტერატურის სწავლებაში

ერთი შეხედვით მარტივია ბავშვს მიაწოდო ინფორმაცია, შესძინო ცოდნა, გაუღრმავო ინტერესი. მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. რატომ? მხოლოდ მასწავლებლის ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლე გაანათლოს. მასწავლებლობა მუდმივი ძიების გზაა და  ხშირად გვაქვს განცდა, რომ  ათასობით თეორიასა და პრაქტიკულ საქმიანობას ხშირად არ მოაქვს სასურველი შედეგი. იქნებ ყველაფერს ვართულებთ?  ჩვენც შევდივართ ლაბირინთში, საიდანაც თავს ვერ ვაღწევთ?

დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსწავლის მთლიანპიროვნული განწყობა და  მზაობა, მოსწავლის გონებამ ავტომატურად უნდა გასცეს ბრძანება ცოდნის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად. ეს ასე მოხდება, თუ მან ზუსტად იცის, რომ სტაბილურად ტარდება გაკვეთილი და ახსნის პროცესი პირდაპირ კავშირშია შეფასებასთან, მხოლოდ ხვალ, სახლში ნასწავლი კი არ დაფასდება, არამედ დღესვე მიიღებს შედეგს(შემდგომ, შესაძლოა ყოველდღე არ მივმართოთ ამ ხერხს) . ახალი მასალის გამოკითხვა- შეფასება, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს  განწყობის შექმნის რთულ პროცესს. ამასთან, საინტერესო ამბები, სხვადასხვა ტექნოლოგიები,   გონების გასააქტიურებელი მეთოდები გააძლიერებს და სრულყოფს გაკვეთილის პირველ ეტაპს.

თანმიმდევრობა არის ის საძირკველი, რომელზეც დგას განათლება, არაერთი თეორეტიკოსი გვირჩევს საფეხურებრივ წინსვლას, ძველ ცოდნაზე ახლის დაშენებას, თუმცა ხშირად თავად მასწავლებელი კარგავს ამ თვისებას, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვებელია მერვე კლასში „ბაში-აჩუკის“ ახსნისას ვაჟა ფშაველას „ბახტრიონზე“ ისაუბრო სიღრმისეულად, რადგან ამ შემთხვევაში, მოსწავლე ვერც აკაკის სათქმელს გაიგებს და რა თქმა უნდა, ვერც ვაჟას მიუხვდება სიხარულს, დაიტვირთება და ორივეს ერთდროულად დაივიწყებს ან იმედგაცრუება დაეუფლება, რაც ყველაზე დიდი შეცდომაა. მეთერთმეტე კლასში კი პირიქით, „ბახტრიონის“ ახსნისას რამდენიც გნებავთ, ვისაუბროთ „ბაში-აჩუკზე“.

არათანმიმდევრული სწავლება აზიანებს ბავშვს, ამავე პრობლემებს ქმნის დიდი რაოდენობით უსარგებლო ინფორმაციის მიწოდება, იძულება ისწავლოს ის, რაც მას არ გამოადგება, ან ტექსტის გასაანალიზებლად არ სჭირდება. მძიმე იქნება შედეგები, რადგან 21-ე საუკუნეში თაობა პრაგმატულია, გამოუსადეგარ ცოდნას არ მიიღებს და შესაძლოა საერთოდ აიღოს ხელი სწავლაზე ან მოსწავლე ვერ დაძლევს აურაცხელი რაოდენობის მასალას და თვითშეფასება დაეცემა.

გაურკვევლობა, ბუნდოვანი შეფასების სქემები, გაუგებარი მოთხოვნები კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მოსწავლემ შესაძლოა არასამართლიან გარემოში იგრძნოს თავი და სწავლისადმი განწყობა  დაკარგოს. რისთვის? _ ამ შეკითხვას მუდმივად უნდა პასუხობდეს გაკვეთილისა და შემაჯამებელი დავალების შეფასება.

მაგალითად, მასწავლებელი გაკვეთილის გამოკითხვისას არ აკონკრეტებს რა კუთხით შეაფასებს მოსწავლეს, მოისმენს და მხოლოდ კარგია, ცუდია ან სწორია, არასწორიათი იფარგლება ან ასწორებს ნამუშევარს და მხოლოდ წითელი ხაზებით აღნიშნავს შეცდომას, რა თქმა უნდა, აღსაზრდელი ვერ იგებს, კონკრეტულად რაში დაუშვა შეცდომა, რატომ დაუწერეს ესა თუ ის ნიშანი, ასეთი შეფასება ზედაპირული და ბუნდოვანია, შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ შედეგების გაუმჯობესებას.

მაგალითისთვის მოვიყვან შემაჯამებელი სამუშაოს ნიმუშს, სადაც წერით დავალებასთან ერთად მითითებულია შეფასების კრიტერიუმები:

  • წერითი დავალება: ხალილ ჯიბრანის ნაწარმოებიდან „წინასწარმეტყველება“ წაიკითხეთ ნაწყვეტი „შვილები“,  რომელზეც ცნობილმა კრიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჯიბრანმა სწორად დაინახა მშობელთა არასწორი ხედვა, რაც შვილებთან  პრობლემებს ქმნის.

არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ან უარყავით აღნიშნული მოსაზრება.

  • გაითვალისწინეთ შეფასების კრიტერიუმები:

1.დაცულია მსჯელობის თანმიმდევრობა, ნაშრომი ორგანიზებულია __ 2 ქულა;

  1. მსჯელობა არგუმენტირებულია __2 ქულა;
  2. დავალება ადეკვატურად არის გაგებული, გაანალიზებული __ 1 ქულა;
  3. .გამოთქმულია საკუთარი, დამოუკიდებელი მოსაზრება, ჩანს ზოგადი განათლება __ 2 ქულა;
  4. არ არის ორზე მეტი ენობრივ-სტილისტური ხარვეზი __1 ქულა;
  5. არ არის დაშვებული ხუთზე მეტი სინტაქსური, მორფოლოგიური, პუნქტუაციური შეცდომა __ 2 ქულა.

ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალია ურთიერთობის დასაწყისშივე ცხადი გავხადოთ მოთხოვნები, შევადგინოთ სწორი შეფასების სქემები და აუცილებლად გავაცნოთ მოსწავლეებს, გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები, მოვარგოთ საკუთარი ხედვა მათ მოთხოვნებს. მარტივი კრიტერიუმები კითხვის ტექნიკის განსავითარებლად შეიძლება ამ ტიპის იყოს:

  • კითხულობს უშეცდომოდ _ 1 ქულა;
  • კითხულობს შესაბამისი ინტონაციით, ითვალისწინებს სასვენ ნიშნებს, საჭირო ადგილას აკეთებს პაუზას _ 3 ქულა;
  • კითხვისას ჩანს პერსონაჟის ხასიათი, ემოცია _ 3 ქულა;
  • მეტყველება გამართულია, მკაფიოდ გამოთქვამს სიტყვებსა და ბგერებს _ 3 ქულა;

ყველაფერი ნათელი და შედეგიანი იქნება, თუ მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში დააკონკრეტებს რა კუთხით აფასებს მოსწავლეს, მაგალითად, შეფასდება

  • ცოდნა — ტექსტის თხრობა -3 ქულა;
  • გამართული მეტყველება–2 ქულა;
  • გაგება-გააზრების კითხვებზე სწორად გაცემული პასუხები–3 ქულა;
  • ტექსტის ინტერპრეტაცია, ორიგინალური, დამოუკიდებელი მოსაზრებები ნაწარმოების მთავარ სათქმელზე–2 ქულა.

შეფასების კრიტერიუმები შესაძლებელია მოერგოს გაკვეთილის ტიპსა თუ თემას.

მაგალითად, როცა სწავლების მიზანი არის ანალიტიკური უნარების განვითარება, გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები შეგვიძლია ასე გადავანაწილოთ:

  1. თემა _ აკაკი წერეთელი „თორნიკე ერისთავი“ VI თავი;
  2. მიზანი – მოსწავლემ შეძლოს შესასწავლი ლიტერატურული ნაწარმოების გაანალიზება- შედარებითი ანალიზის, ანალოგიების, მეტაფორების, ანალიტიკური მსჯელობის და პერსონაჟთა შეფასების, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის,  წინარე ცოდნის ტრანსფერის   და მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებით.
  3. აქტივობები _ ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, დისკუსია;
  4. შეფასების კრიტერიუმები:
  • არსენისა და თორნიკეს პიროვნებების შედარებისას მოსწავლეს მოჰყავს სამი მსგავსი და სამი განმასხვავებელი მაგალითი; (მაგ: მსგავსება _ არსენსაც და თორნიკესაც უყვართ სამშობლო, უფალი, ზრუნავენ ერზე; განსხვავება _ თორნიკე ლოცვით ცდილობს ერის თანადგომას, არჩეული გზის ერთგულია, უფლისადმი მსახურებად საერო საქმიდან განდგომა მიაჩნია, არსენისთვის არასაკმარისია მხოლოდ ლოცვა, ერის ხმა უფლის ხმაა, ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად ღვთის მოწოდებად მიაჩნია.) ___ 3 ქულა;
  • მოსწავლეს გააჩნია საკუთარი მოსაზრება, რაც გამყარებულია არგუმენტებით (მაგ: არსენის შეხედულებები მართებულია, რადგან თავად იესომ გადადგა რეალური ნაბიჯები ადამიანთა დასახმარებლად და მხოლოდ ლოცვით არ შემოიფარგლა და სხვ.) ___  3 ქულა;
  • მოსწავლეს აქვს პრეზენტაციისთვის საჭირო უნარები: გამართული მეტყველება, ორიგინალური საპრეზენტაციო ფორმატი ან სხვ. და შეუძლია მოვლენათა ადეკვატური შეფასება ___  3 ქულა;
  • დისკუსიის წარმართვისას მოსწავლე ფლობს სადისკუსიო უნარებს, ავლენს ზოგად განათლებას ___ 1 ქულა;

ასეთი კონკრეტიკა მოსწავლისთვის თვალნათელს გახდის შეფასებას, კარგად აღიქვამს, რა ვერ შეძლო და რაში იყო ძლიერი, რა კუთხით უნდა იმუშაოს მეტი, გაჩნდება სამართლიანობის განცდა, რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებასა და წინსვლას.

კარგი იქნება გავითვალისწინოთ თეორეტიკოსების კვლევები, მაგალითად მოვიყვან კოლბერგს, რომელიც ცოდნას ყველაზე დაბალ საფეხურზე აყენებს, შემდგომ გაგება, გააზრება, სინთეზი……. ვფიქრობ, მშობელი თქვენც ხშირად გისვამთ კითხვას: რატომ მიიღო დაბალი ქულა ჩემმა შვილმა, როცა ლექსი კარგად იცოდა ზეპირად? თუ ბავშვს და მშობელს ზემოთ მოყვანილ შეფასების კრიტერიუმებს უჩვენებთ, თუ აუხსნით, რომ ლექსის ზეპირად ცოდნა ყველაზე დაბალი საფეხურია და უფრო მნიშვნელოვანი მისი გაგება-გაანალიზება, საკუთარი პოზიციის ქონა, არგუმენტებით გამყარება, ორიგინალური აღქმა, ზოგადი განათლება, დამოუკიდებელი აზროვნებაა, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მერწმუნეთ, აღარ მოეჩვენებათ უსამართლოდ თქვენ მიერ დაწერილი შეფასება. ან როგორ შეიძლება გვერდი აუაროს თანამედროვე მასწავლებელმა კოლბერგის ნააზრევს, როცა თანამედროვე ეპოქის უპირველესი მოთხოვნა აზროვნების განვითარებაა?

დაბოლოს, ამ მარტივი საკითხების მოგვარება გადაჭრის საკმაოდ რთულ პრობლემას, მოსწავლე მეტად მოტივირებული, მობილიზებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული გახდება, რაც მთავარია, მას ექნება განწყობა მიიღოს ცოდნა.

როგორ დავსახოთ სასწავლო მიზნები და როგორ შევარჩიოთ სწავლების მეთოდები ისე, რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს კონცეპტუალური, დინამიური და ტრანსფერული ცოდნის მიღებაში? შემდეგ სტატიაში შევეცდები სწორედ ამ კითხვებს გავცე პასუხი.

 

განზოგადება და დავიწროება

ამა თუ იმ თემაზე საუბრის, ფიქრის, მსჯელობის დროს მასშტაბები იცვლება, ხან ზოგადი, ხან კი ვიწროა საკითხი. განსხვავებულია პრობლემა დაწყებით, საბაზისო და მაღალ საფეხურებზე, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა წარვმართოთ სწავლება.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ვიწრო, ხელშესახებ ფაქტებს უკეთ აღიქვამენ, მაქსიმალურად თვალსაჩინო უნდა იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც ვაწვდით. გაგებისა და გაანალიზებისთვის აუცილებელია ყველაფერი გავხადოთ რეალური და „მე“-თი განცდილ-დანახული, მაგრამ ასევე მათ აქვთ ფანტაზია და შეუძლიათ საკუთარი თავი სხვადასხვა გარემოში, უცხო პერსონაჟის ადგილას წარმოიდგინონ, ამიტომ ეს უნარი საჭიროა სწორად გამოვიყენოთ. ძირითადი კითხვები „მე“-ზე  უნდა იყოს ორიენტირებული: როგორ მოვიქცევი მე? მყავს თუ არა მეგობარი? როგორი მინდა ვიყო? და ა. შ. მასალის ახსნისას და გაგებისთვის, ასევე პერსონაჟის ადგილას საკუთარი თავის წარმოსადგენად, ეფექტიანი ხერხია ნახატების შექმნა, ეს რეალურს გახდის წარმოსახვით ამბებსა და აზრებს. მათი განვითარება ნერგის ზრდას ჰგავს, ჯერ მხოლოდ ღეროა, შემდეგ კი ნელ-ნელა იზრდება ყლორტები, იტოტება…. ღერო კი „მე“, ინდივიდია, ამიტომ თუ გვსურს დედამიწაზე ვისაუბროთ და ეს ბავშვმა აღიქვას, საუბარი უნდა დავიწყოთ „მე“-თი, შემდეგ გადავიდეთ დედაზე, ოჯახზე, კუთხეზე, ქალაქზე, ქვეყანაზე და ასე, ეტაპობრივად მივიდეთ უფრო გლობალურ საკითხამდე. ვფიქრობ, საკუთარი პიროვნების აღქმა ის საძირკველია, რომელზეც ინდივიდი ყალიბდება, მხოლოდ ამ გზით შეიძლება განვითარდეს და განათლება მიიღოს ადამიანმა. დაწყებითი საფეხური კი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს.

საბაზისო საფეხურზე მოსწავლეს ნაწილობრივ ჩამოყალიბებული აქვს პიროვნული თვისებები, მათი ფანტაზია უკან იხევს, ხოლო რეალობის შეცნობის სურვილი მძაფრდება, ახლა მან იცის, ვინ არის, მაგრამ ეძებს თვითდამკვიდრების გზებს, ამიტომ პრინციპების ჩამოყალიბებაში სჭირდება ხელშეწყობა. ფასეულობათა კონკრეტიზება და მათი გამოყენება პრაქტიკული თვალსაზრისით, მათი ინტერესის მთავარი ნაწილია. პრაგმატული აზროვნების გაჩენა ხელს უწყობს სწავლების ახალ საფეხურზე გადასვლას, თუ აქამდე „მე“ იყო ამოსავალი წერტილი, ახლა მას საზოგადოება ჩაანაცვლებს, ამიტომ „ჩვენ“ ხდება მთავარი.

სწავლებისას ერთი და იგივე მოთხრობა, გოდერძი ჩოხელის „ხუჭუჭულა“ გამოვიყენე მე-5 და მე-8 კლასებში. მე-5 კლასის მოსწავლეების ხედვა აბსოლუტურად განსხვავებული იყო, ისინი მზად არ აღმოჩნდნენ დაენახათ საზოგადოება, ვერ გაიაზრეს მნიშვნელოვანი საკითხები ბრბოს წესების, უგუნური ტრადიციების, ინდივიდების უგულებელყოფის, რაც მათთვის ჯერ კიდევ შეუმეცნებელი იყო, სამაგიეროდ, შეძლეს საკუთარი თავი ბერდიას (ხუჭუჭულას) ადგილას დაეყენებინათ და საკუთარი თავიდან გამომდინარე, ემსჯელათ ამ პერსონაჟზე, შემდეგ მის ძმაზე, ოჯახზე. მე-8 კლასში კი მსჯელობა საზოგადოების პრობლემებიდან დაიწყეს და შემდეგ მივიდნენ პიროვნების ღირებულებებამდე.

დაწყებით საფეხურზე, ალბათ, ყველა მასწავლებელს აუხსნია იგავი, ამ ეტაპზე მოსწავლე „მეზეა“ ორიენტირებული, სწორედ ამიტომ ორბელიანის „ ორი ძმის“ განსახილველად საჭირო იქნება დავსვათ კითხვა: ვინ ვარ მე? რა არის ჩემთვის მთავარი? დედმამიშვილი თუ საჭმელი? მე როგორ მოვიქცევი? და ა. შ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივართ საზოგადოებაზე.  მე-8 კლასში კი საწყისი კითხვები განსხვავებულია: როგორია დღევანდელი საზოგადოება? როგორია ჩვენი დამოკიდებულება მატერიალური და აბსტრაქტული ფასეულობებისადმი? ჩვენთვის ნაცნობი რომელი პიროვნება (ლიტერატურული პერსონაჟი ან ისტორიული პირი, საზოგადო მოღვაწე) მოიქცეოდა იგავის გმირების მსგავსად? ჩვენ რომ  გადავრჩეთ , რა უფრო მნიშვნელოვანია? და ა. შ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათ პიროვნულ ხედვას შევეხოთ.

მასწავლებლისგან პატარა უზუსტობასა და შენიშვნას მოსწავლე მძიმედ განიცდის, სწორედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი სხვათა (ავტორიტეტთა, თანატოლთა, საზოგადოების) მოსაზრებებია.

მასალის მიწოდებისას, მსჯელობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორი და საკითხი ორ ჭრილში განვიხილოთ _ რა გვსურს ჩვენ, საზოგადოებას და რა მსურს მე? სად იკვეთება ინტერესები და სად  იყრება?  დიდ როლს ასრულებს ბიოგრაფიების, რეალური ფაქტებისა და ისტორიის უტყუარი მაგალითების გაცნობა. დისკუსიები და მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეთა სწორი განვითარების ხელშესაწყობად საბაზისო ეტაპისთვის ყველაზე მისაღები ფორმაა. ამ საფეხურზე მასწავლებელს ზომიერების ოქროს ხიდზე მოუწევს გავლა.

მე-7, მე-8, მე-9 კლასში ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის და სხვა მოღვაწეთა რეალური ცხოვრების მაგალითი ასეულობით გამოგონილ ამბავზე, მოთხრობაზე მეტს შესძენს მოსწავლეს, მეტად დაეხმარება სამომავლო პრინციპების, ღირებულებების შენებასა და ჩამოყალიბებაში, ამასთან, ავტორიტეტთა სია მართლაც ძვირფასი ადამიანებით დაკომპლექტდება.

მწერლის ბიოგრაფიების შესწავლისას ეფექტიანი იქნება რამდენიმე საკითხზე ყურადღების გამახვილება:

  1. მწერლის რეალური ცხოვრება;
  2. მწერლის ირეალური სამყარო(ნაწარმოებებში არსებული სიტუაცია, პერსონაჟები);
  3. ნამდვილი და გამოგონილი ცხოვრების შედარება;
  4. ანალიზი: რეალური ცხოვრება არის თუ არა ხელისშემშლელი სასურველი ნაბიჯების გადადგმისას.
  5. დამოუკიდებელი, ორიგინალური მოსაზრებების გამოსავლენად შეიძლება არგუმენტირებული ესეს დაწერა (მაგ: რეალური და ირეალური ცხოვრება) ან დისკუსიის წარმართვა (მაგ: 1. ადამიანს არ ძალუძს წუთისოფელს გაუმკლავდეს; 2. ძლიერი პიროვნება თავად ქმნის წუთისოფელს.)

ვფიქრობ, ამ ჭრილში დანახული რეალური მაგალითები მოსწავლეს დაეხმარება აღიქვას სამყაროს მოთხოვნები და მომზადებული შეხვდეს გამოწვევებს.

    მაღალი საფეხური მეტად საინტერესოა, რადგან აჯამებს განვლილს და ამასთან, ახალ მიდგომებს საჭიროებს. ეს არის ეტაპი, როცა საზოგადოებაში ადგილი ნაწილობრივ დამკვიდრებულია, პრინციპების მონახაზიც არსებობს, თუმცა ვიწრო ნიშიდან გამოსული პიროვნება მასშტაბური, გლობალური, ზოგადსაკაცობრიო თემებით ინტერესდება და ახლა უკვე აქ ეძებს საკუთარ თავს. პიროვნებას სწორედ ამ ასაკში უდგება მომენტი, როცა ზოგადსაკაცობრიო იდეების მისაღებად მზად არის.

სწავლების თვალსაზრისით, მასწავლებელმა უკუპროცესი უნდა აწარმოოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაწყებით საფეხურზე „მე“-დან გავდიოდით გალაქტიკაზე, ახლა სამყაროსეული გაგება უნდა მოვიყვანოთ „მე“-მდე.  ყველა ნაწარმოები, მასალა, ჯერ უნდა განვიხილოთ მასშტაბური ხედვით, ხოლო შემდგომ  დავავიწროოთ და მოვარგოთ კონკრეტულ პიროვნებას.

მარადიული ღირებულებები აბსტრაქტულია, თუმცა ამასთან, კონკრეტული, რადგან თითოეულ ჩვენგანში დევს. „შუშანიკის წამების“ შესწავლისას თუ მოსწავლემ იფიქრა, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია, რომ ასეთი რამ რეალობაში არ ხდება, რა თქმა უნდა, ის ცხოვრებაში ვერ შეძლებს მისი მაგალითის გამოყენებას, პარალელის გავლებაშიც კი ხელს შეუშლის მსგავსი მიდგომა, მაგრამ თუ ის მიხვდება, რომ მის საკუთარ დედასაც კი შეუძლია მსგავსი თავგანწირვა, თუნდაც შვილისთვის, თუ მიხვდება, რომ არაერთ ავადმყოფ ადამიანს უდრტვინველად აუტანია უდიდესი ტკივილი, მაშინ სამუდამოდ დაიმახსოვრებს, შეეცდება ღირებულებების საკუთარ სისტემას წმინდა დედოფლის მაგალითიც მიუმატოს.

საკითხის  ე. წ. „დავიწროების“ მეთოდი ასე გამოიყურება:

  1. მასწავლებელი, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, საუბრობს ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე, მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე (მაგ: იდეისთვის თავგანწირვის მნიშვნელობა);
  2. საარგუმენტაციოდ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ იდეისთვის, პრინციპებისთვის მსხვერპლად შეწირული ლიტერატურული გმირები;
  3. მოსწავლეები იხსენებენ რეალურ, ისტორიულად ცნობილ გმირებს;
  4. მოსწავლეები თავიანთი თვალით ნანახ, ნაცნობ ადამიანებს იხსენებენ, რომელთაც შეუძლიათ იდეისთვის მსგავსი თავდადება;
  5. საუბრობენ, მსჯელობენ, ისინი როგორ მოიქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში, ჩამოთვლიან სასურველ და მოსალოდნელ ქმედებებს, გმირების ადგილას დააყენებენ საკუთარ თავს.

ამ აქტივობებით ნამდვილად იზრდება მოტივაცია და რაც მთავარია, ანალიზის უნარი, ყალიბდება მყარი მორალურ-ზნეობრივი ხედვა.

გამომდინარე აქედან, ზოგადი საკითხის ვიწრო ჭრილში განხილვა აუცილებელი და ეფექტიანია, რა თქმა უნდა, ამავე პრინციპით უნდა ისწავლებოდეს „ვეფხისტყაოსანი“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და მთელი მწერლობა, თუნდაც სახარებისეული იგავები. ვეთანხმები რეზო ყარალაშვილის მოსაზრებას, კარგი მკითხველი ფსიქოლოგიურ კოდს უნდა ხსნიდეს, რომ მხატვრული ნაწარმოების სიღრმისეული წვდომა შეძლოს.

ეს მიდგომა გაურკვევლობას ფანტავს, მარადიულ ღირებულებებს ლიტონი სიტყვიდან რეალურ და ხელშესახებ ცნებებად აქცევს, ყველა პერსონაჟი თითქოს ცოცხლდება და უკეთ ასრულებს საკუთარ მისიას, უკეთესს ხდის ახალგაზრდა მკითხველს  – მომავალ თაობას.

ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი იყენებს სასწავლო პროცესში, უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის აღზრდისა და კონცეპტუალური ცოდნის დინამიურ, ტრანსფერულ ცოდნად ქცევისთვის. ამ მისიის შესრულება  კიდევ ბევრ ფიქრს, შრომას, მიგნებებს მოითხოვს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011-2016წ;
  2. რეზო ყარალაშვილი _ მხატვრული ნაწარმოების აღქმა;
  3. თამაზ ნატროშვილი _ მხატვრული ნაწარმოების აღქმა;
  4. ლევან ცაგარელი _ მხატვრული ტექსტის ანალიზი“;
  5. ნინო შარაშენიძე _ სტილისტური ანალიზი;
  6. რამაზ და სერგი ჭილაიები _ ლიტერატურული თეორიის საკითხები;
  7. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი nplg.gov.ge
  8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი https://mes.gov.ge/
  9. დიმიტრი უზნაძე _ „სწავლების თეორიები“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი