ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

„პოეზიის აფთიაქი“: სიმარტივის ა(მ)ბები

პოეზიის მიზანია – გაამარტივოს სამყარო.

მალარმე

 

მე მარტივი ვარ

და კიდევ უფრო მარტივი

გავხდები მალე

ნუგზარ ზაზანშვილი

 

ეს ძველი და ნაცადი ა(მ)ბებია, მაგრამ ახალი სამყაროს გათვალისწინებით, ტექნოლოგიებიც შეიცვალა და სწორედ ამ ა(მ)ბების განახლებულ ვერსიას გთავაზობთ ახლა. თანაც, როგორც მედიკამენტის აღწერაშია, სხვა დროის ა(მ)ბებთან შედარებით უპირატესობა იმაშია, რომ ეს ლექსის ა(მ)ბები კურნავს მიღებისთანავე, მთავარია, დაიცვათ მიღების წესი.

როდესაც სამყარო რთულდება შენ გარშემო, უნდა ადგე და გაამარტივო… რა ადვილია თითქოს… და ვინმემ ზუსტად იცის, რა არის სიმარტივე? იდეა ასეთია: სიმარტივე – ეს არის არსებითის გამორჩევა… მაგრამ არსებითი რომ გამოარჩიო, არსი უნდა იცოდე. ასე რომ, სიმარტივე ყველაზე რთულია… ესეც ოქსიმორონი… თუ დაკვირვებიხართ, ენა სავსეა ოქსიმორონებით, არ არსებობს რაიმე აზრი, მეტაფორით გამოთქმული, რომელიც თავისივე ანტონიმს არ შეიცავდეს. დაახლოებით ისეთი, როგორიც გალაკტიონის ერთ ლექსშია: „სიშორის შენის სიახლოვე მარადის მძაფრი….“ აბა, როგორ უნდა გაიგოს უბრალო მოკვდავმა, რას ნიშნავს „სიშორის სიახლოვე“? რა არ ხდება ჩვენს ცნონიერებაში, მას შეუძლია დაარღვიოს ხილული სამყაროს გეოგრაფია და შორეული მოაახლოვოს და ახლოს მყოფი გააშორეულოს, ანუ ცვალოს ფოკუსები. ან ამგვარი მეტაფორა: „სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“… თითქოს ყველა უსაზღვროებას მიელტვის და უეცრად თუ მასში აღმოჩნდება, საზღვრის მოთხოვნა გაუჩნდება…. უცნაურია ეს მოვლენები ენის პრაგმატული ბუნებიდან თუ გამოვალთ, მაგრამ ენის მხატვრული ბუნება სულ სხვა სიღრმეებისაკენ გვაგზავნის…

სწორედ ამ გაგებით არის სიმარტივეც რთული. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს აურზაურში შენ არ დაკარგე არსი, შენ მუდამ გახსოვს არსი და შენ მუდამ მიდიხარ ამ არსისკენ, ხოლო ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ „ცვალებადი ამინდია“. უცვლელი – არსია და არ ღირს უცვლელი ცვალებადმა გადაფაროს… ამიტომ არსებობენ წიგნები, ამიტომ არსებობენ „კარგი წიგნები“, და ამ „კარგ წიგნებში“ კარგი ლექსები, რომ მკითხველებს დაეხმარონ გამარტივებაში. ჰერმან ჰესე კითხვის შესახებ გახსოვთ, რას წერს? გაგახსენებთ: „…ასევე, კითხვის დროს უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი კარგი წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღების გამახვილებას გულისხმობს, ჩახლართული ამბების ერთ წერტილში კონცენტრირებას და გამარტივებას. ადამიანური გრძნობების ასეთი გამარტივება და კონცენტრირება სულ პატარა ლექსითაც შეიძლება, და თუ მისი კითხვისას იმის ძალა არ შემწევს, რომ ყურადღება მოვიკრიბო, თანამონაწილე და თანამგრძნობი არ გავხდე, ცუდი მკითხველი ვყოფილვარ“. თქვენ კი, ვინც ახლა ამ სტრიქონებს კითხულობთ, კარგი მკითხველები ხართ…

გართულებული სამყაროს დასაძლევად გთავაზობთ ლია სტურუას ლექსის აბს. თუ თქვენი ყურადღება კონცენტრირდება და გახდება ამ სტრიქონების თანამგრძნობი, ლექსის ფინალში თქვენ ნამდვილად შვებას იგრძნობთ. თუ ეს არ მოხდება, გთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ გაიმეოროთ შემოთავაზებული ლექსის აბი. ჩაუღმავდით ემოციას, შეიგრძენით ლექსის სამყარო, დაუკავშირეთ თქვენს ცხოვრებას და ასე ყლუპ-ყლუპად მიაყოლეთ წყალი, ყავა ან ჩაი… თითქოს უკვდავების სითხე იყოს… ნახავთ, შედეგს ნამდვილად მიიღებთ და თუ ეს მაინც არ მოხდება, დაანებეთ თავი, როგორც ჩანს, თქვენ უკვე მარტივი ადამიანი ხართ, „მარტივი“ – ამ შემთხვევაში უნდა დაკონკრეტდეს პრიმიტიულის მნიშვნელობით, რადგან ყოველთვის ყოველგვარი მარტივი არ არის გენიალური…

ლია სტურუას ამ ლექსის აბს ჰქვია: „ნანატრი სიმარტივე“ და ეს ლექსი დაიწერა „პოეზიის აფთიაქისთვის“ მაშინ, როდესაც „პოეზიის აფთიაქი“ ჯერ კიდევ არ არსებობდა. ახლაც და სხვა თხრობაშიც გაფრთხილებთ, რომ ჩემი ტექსტების მიმართ ლოგიკური კითხვების გაჩენა სრულიად უადგილოა, ვინდაიდან აქ ყველაფერი ლოგიკის მიღმაა. ამიტომ მსგავსი კითხვები: როგორ მოხდა წარსულში მომავალი – აზრდაკარგულია….

 

ნანატრი სიმარტივე

A პუნქტიდან B პუნქტში

მიმავალ მატარებელს

მთელი ჩემი მათემატიკა გავატანე

ლექსის მადანი და სიყვარულის სნეულება.

გამრავლების ტაბულა,

„მახსოვს პირველად სასწავლებელში“

და ბანქოს ქაღალდზე

დაწერილი ფლირტი

დავიტოვე სისადავისკენ მიმავალ გზაზე,

სადაც ყველაფერი ტვირთმოხსნილი ჩანს:

დედაჩემის სული, რომელმაც

დაისვენა ჩემგან,

ცამ – ყოველგვარი სიმბოლოებისგან,

ერთადერთი დანიშნულება –

მოხუფული ქალაქის სარქველობა,

ამ ქალაქში დგას ჩემი სახლი,

სახლში – ტელევიზორი, საიდანაც

ყოველდღე მკლავენ ვირუსები, ტერორისტები,

ქერათმიანი ბრედ პიტი

და ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.

ამაზე ბედნიერი სიმარტივე

რაღა გინდა!

ამ ლექსის აბის მიღების შემდეგ პასუხი უნდა გასცეთ შემდეგ შეკითხვებს:

  • რას გაატანდით A პუნქტიდან B პუნქტში მიმავალ მატარებელს? (დავაზუსტებთ, რომ მატარებელი – ეს თქვენი გზაა და თავად თქვენ ხართ, A პუნქტი – დაბადებაა, ხოლო B პუნქტი – გარდაცვალება);
  • რას იტოვებთ და არ ატანთ მატარებელს „სისადავისკენ“ მიმავალ გზაზე და რატომ?
  • პოეტის ერთადერთი დანიშნულება, „მოხუფული ქალაქის სარქველობაა“ და რას იტყოდით თქვენი მთავარი დანიშნულების შესახებ?
  • შეგიძლიათ თუ არა, გამორთოთ ტელევიზორი ან ფეისბუკი, საიდანაც ყოველდღე გკლავენ, გწამლავენ, გაშინებენ, გატერორებენ…?
  • და ბოლო კითხვა: გამოიცანით რაშია თქვენი „ბედნიერი სიმარტივე“.

 

დასასრულს კი, ერთი რჩევა: არანაირი იმედი არ დაიტოვოთ გამარტივებისკენ მიმავალ გზაზე, რადგან სულერთია, ის მაიინც მიგატოვებთ და უფრო გაცრუებულები დარჩებით. როგორ გაძლოთ უიმედოდ? ამაზე პოეტ ნატო ინგოროყვას ერთ „მწარე აბს“ მოგაშველებთ. ლექსს ჰქვია „არ-საით“ და ერთი ადგილი ასე ჟღერს:

„იმედმაც იცის, გზასაყარზე –

დაგტოვებს ისიც,

ისე მარტივად მოჩანს სხვა მხრიდან

ეს ყველაფერი –

როგორც მზის ჩასვლა…“

მწარე აბი კია, მაგრამ, როგორც დააგემოვნებთ და სიმწარე გაივლის, თქვენ უეცრად აღმოაჩენთ, რომ ფლობთ სხვა მხარის დანახვის ფოკუსს… ჰო და, მოიმართეთ და მომართეთ ფოკუსი და უბრალოდ, დატკბით, სხვა მხარეს როგორ უშფოთველად ჩადის მზე…

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი