სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ შევამციროთ სკოლაში ძალადობის რისკი

პოზიტიური სასკოლო კულტურის დამკვიდრება თავისთავად გულისხმობს ყოველგვარი ძალადობისგან თავისუფალ სასკოლო გარემოს. ეს ეხება ბულინგსა და მობინგს – ძალადობის იმ ფორმას, რომელიც ხშირად იჩენს თავს მოზარდთა კოლექტივებში, მათ შორის – სკოლაშიც.

მკვლევართა მიერ გამოყოფილი ბულინგის სახეები ყველა შემთხვევას ვერ აღწერს, რადგან მოძალადეთა ქმედებები მრავალფეროვანია.

„სხვა სკოლიდან გადმოვიდა, მორიდებული, თავჩაღუნული ბავშვი იყო, მოვიდა თუ არა, ერთმა ჯგუფმა აითვალწუნა… სულ მოიბუზა, ხმას აღარ იღებდა, ხან აცდენდა სკოლას. მინდოდა დახმარება, მაგრამ სანამ მოვიფიქრებდი, როგორ ჩავრეულიყავი, ჩვენი სკოლიდანაც წავიდა…“ „სკოლას ჯერ ტრანსპორტი არ ჰყავდა, მეზობელი სოფლიდან დადიოდნენ ბიჭები და ერთ-ერთს სულ ხუთი ჩანთა დაჰქონდა. სკოლიდან წასვლის დროსაც იგივე მეორდებოდა. ცალკე ვესაუბრე. რა მოხდა, მინდა და მომაქვსო… დანარჩენებმაც – თავად გვართმევს, ეხალისებაო. ავდექი და იმ ჯგუფის ორ „მეთაურს“ გაკვეთილზე 5-5 ჩანთა დავაჭერინე. ვიცი, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ კი გაჭრა, დაანებეს თავი…“ „განსხვავებული ქცევა ჰქონდა. კარგად სწავლობდა. მეორე წარმატებულმა გოგონამ დაცინვა დაუწყო, დაიწყებდა თუ არა მოყოლას, გამოაჯავრებდა ხოლმე და ესეც იბნეოდა, ენა ებმოდა. ორივეს რამდენჯერმე ველაპარაკე ცალ-ცალკე… შედეგი იგვიანებდა. ახალ სასწავლო წელს მოძალადის ქცევა შეიცვალა, რა მოხდა, ვერ ვხვდები, ახლა კარგი ურთიერთობა აქვთ“.

ეს ყველაზე მსუბუქი ისტორიებია მასწავლებელთა მონათხრობიდან.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბულინჯს შევეჯახეთ?

ფსიქოლოგები ბულინგის მსხვერპლს ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებას ურჩევენ:

პირველი ნაბიჯი იმის აღიარებაა, რომ სერიოზულ პრობლემას შეეჯახა. ეს არც ისე იოლია, რადგან მოქმედებს უარყოფა როგორც თავდაცვის მექანიზმი: „ეს უმნიშვნელო პრობლემაა, რომელიც თავისთავად მოგვარდება“, – ან უარესი: ,,ეს სულაც არ არის პრობლემა, საიდან მოიტანეთ?“ – და ყველაზე ცუდი ვარიანტი: „მეშინია, რამე ვიღონო – უარესი მოხდება. მოვითმენ“. როგორც კი მსხვერპლი შეწყვეტს პრობლემის უარყოფას და აღიარებს მის სერიოზულობას, შეძლებს, ობიექტურად შეაფასოს სიტუაცია და პრობლემის სიმწვავე.

მეორე ნაბიჯი თვითდიაგნოსტიკა, ფხიზელი შეფასება და სიტუაციის ანალიზია. მსხვერპლმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვები: ხელს უშლის თუ არა ეს პრობლემა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში, განსაზღვრული სამუშაოს (სწავლა იქნება თუ სხვა) შესრულებაში? სჭირდება თუ არა ოჯახის, მეგობრების, სპეციალისტის დახმარება? შეიცვალა თუ არა მისი ქცევა? სურს თუ არა, შეცვალოს ბულინგის ჯგუფის ქცევა მის მიმართ?

მომდევნო ნაბიჯია სპეციალისტისთვის, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა და მოქმედების გეგმის შედგენა.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, მოზარდებსა და ბავშვებს მასწავლებლები და მშობლები დაეხმარონ. მასწავლებელი განსაზღვრული გეგმის შესაბამისად იწყებს მოქმედებას. იმის მიხედვით, რა ასაკისაა მსხვერპლი, განისაზღვრება  ამ პროცესში უფროსის (მასწავლებლის, მშობლის) როლი და ჩართულობის ხარისხი.

თავდაპირველად გასარკვევია, ხომ არ არის ბულინგი ბიჭებში ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამოხატულება და ხომ არ უკავშირდება ბიჭების ნორმატიულ კულტურას. თუ ეს გოგონათა შორის ხდება, უნდა გავარკვიოთ, რამდენად დესტრუქციულია ის. ამასთან, საჭიროა როგორც მსხვერპლისგან, ისე მოძალადისა თუ დამკვირვებლისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლა-გაანალიზება. შემდეგ უმჯობესია, შემოვიკრიბოთ მხარდამჭერთა ჯგუფი (მეგობრები, სოციალური ქსელების მომხმარებლები) და ამ ჯგუფის ლიდერთა შესაძლებლობები ბულინგთან დაპირისპირებისთვის გამოვიყენოთ. მათთან ერთად შევიმუშაოთ ბულინგთან დაპირისპირების სტრატეგია. ეს შეიძლება იყოს კლასში მიმდინარე პროცესებში მასწავლებლების ჩარევა, მოძალადეთა კონსულტაციები ფსიქოლოგთან, პოპულარული მოსწავლეების მიერ მოძალადეთა ქცევის (და არა მათი პიროვნების) კრიტიკა, ხაზგასმით თავაზიანი და ცივი ურთიერთობა მოძალადეებთან, მათ მიმდევრებთან, მოწმეებთან, ხოლო მათ დასანახად ბულინგის მსხვერპლთან თბილი და უშუალო ურთიერთობის დემონსტრირება, კლასის გაერთიანება რაიმე საქმის ერთობლივი შესრულებისთვის და შევიწროებული მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი დავალების მინდობა, მოძალადეთა მიმდევრებთან, დამკვირვებლებსა და გულგრილ მოსწავლეებთან ცალკე მუშაობა, ამ პროცესის ფრთხილი, გააზრებული გამეორება სოციალურ ქსელებში. ამის პარალელურად, სასურველია, მოძალადესთან/მოძალადეებთან იმუშაოს ფსიქოლოგმა აგრესიის, შიშის, წყენისგან მათი გათავისუფლების მიმართულებით. საჭიროა მოძალადე-მსხვერპლის ჯაჭვის გამოკვლევა. ბუნებრივია, პარალელურად უნდა ვიმუშაოთ პიროვნებებსა თუ ჯგუფებს შორის აგრესიული და მტრული განწყობის შესაცვლელად, აგრესიული რეაქციების შესასუსტებლადაც. მიზანშეწონილია კონფლიქტის მოგვარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კონფლიქტის მართვის, კონფლიქტში ემოციების მართვის უნარების გამომუშავებაში დახმარება.

მომდევნო ნაბიჯი ბულინგის მსხვერპლთან ინდივიდუალური მუშაობაა. ის მოიცავს მსხვერპლისთვის სოციალური და კომუნიკაციური უნარების ამაღლებას, მისი თვითშეფასების ამაღლებას, შფოთვის დაძლევას, თავდაჯერების განმტკიცებას, დეპრესიის პროფილაქტიკას, ჩართვას ნებისმიერ ჯგუფურ აქტივობაში – ბულინგის მსხვერპლი ხომ, ჩვეულებრივ, დაბალი თვითშეფასებისა და დეპრესიული განწყობის ადამიანი ხდება, რომელსაც, დიდი ალბათობით, ძალადობა მანამდეც გამოუცდია. საჭიროა მუშაობა მოძალადესთანაც, რადგან მის ქცევასაც აქვს მიზეზები, რომელთა შორის, სავარაუდოდ, მისდამი ძალადობაც არის. დამკვირვებლებსაც სჭირდებათ ყურადღება, რადგან ზოგიერთი მათგანი თავადაც დათრგუნულია და ცხოვრობს შიშით, მასაც ასე არ მოექცნენ. ამიტომ საჭიროა, მასწავლებელმა სწორად გათვალოს რისკი და კლასთან მუშაობა თავიდანვე ისე წარმართოს, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ თანაგრძნობის უნარი, გახდნენ სამართლიანები და გახსნილები. ღია დისკუსიები, არაფორმალური შეხვედრები, სწორად შერჩეული ფილმებისა თუ ნაწარმოებების განხილვა საშუალებას მისცემს მოზარდებს, ანალოგიური შემთხვევები და მათი უარყოფითი შედეგები გააანალიზონ, პოტენციურ მოძალადეებს – მიხვდნენ, რომ არავინ მისცემს უფლებას, შელახონ სხვათა უფლებები. ასეთ გარემოში ძალადობისთვის ადგილი აღარ დარჩება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“