ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

რევაზ ხოფერია – სოსო შტატების შემცირებას აპირებს და რა ვქნათ, საით გავიქცეთ?

 

მუდმივი რეფორმებისა და ცვლილებების პერიოდში, ერთხელ მაინც იქნებოდით აფორიაქებული შტატების შემცირების გამო.

– აუჰ, დანიშნეს ახალი, სოსო დირექტორი. შტატების შემცირებას იწყებს პირველ რიგში.

– მართლა? კაი კაცო, ახლა რაღას ცვლიან, ნეტა?

ან

– რა ხდება სამსახურში? დალაგდა? დაამტკიცეს ახალი საშტატო განრიგი? შენ ხომ არ გეხება რამე?

მოკლედ, ასეთი შემთხვევები ხშირია და მეც მაქვს გადატანილი. პირველ რეორგანიზაციას დიდი მღელვარებით შევხვდი, მეორეს – ნაკლებით. მესამე და მეოთხე – აღარ მახსოვს. გამიარა. არ გაინტერესებთ, რატომ? გეტყვით.

როცა ყურს შტატების შემცირებას მოჰკრავთ, პირველ რიგში, უნდა გაგახსენდეთ ,,საქართველოს შრომის კოდექსი“. არაა აუცილებელი ეს კოდექსი ჯიბით ატაროთ, მაგრამ სასურველია იცოდეთ,  სად ჩაიხედოთ და რომელ მუხლში ეძებოთ შვება.

რას უნდა შეხედოთ? რა არის მთავარი? 37-ე მუხლი. ამ მუხლში მოცემულია გათავისუფლების საფუძვლები. რასაც ახლა ამ სტატიის წერის პარალელურად ვუყურებ, შავით ნაცრისფერზე (მაცნეს ოფიციალური საიტის გამო) წერია: „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“.

ანუ, გაიგეთ რა წერია? ცოტა ბუნდოვანია? ნუ გერიდებათ, აღიარეთ, რომ ბუნდოვანია და დასაზუსტებელი. თუ ბუნდოვანი და დასაზუსტებელია, რა ვქნათ? ვის ვკითხოთ აზრი? ჩვენი ნინაკოს ნაცნობ თუ ნათესავ იურისტს, რამაზს დავურეკოთ? არ მგონია, ასე საჭირო იყოს რამაზის შეწუხება. ბუნდოვანებაში სინათლე ყველაზე კარგად ჩვენს მეგობარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემოაქვს, უფრო სწორად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. მეგობარი იმიტომ, რომ სასამართლო პრაქტიკა და კანონები, სულიერი არსებებია. ახლა, სად ვნახოთ ეს პრაქტიკა? აი, ამ მშვენიერ ვებგვერდზე: www.supremecourt.ge

როცა ვებგვერდს თვალს შეავლებთ, შენიშნავთ ფანჯარას, ღილაკს თუ ,,ჰიპერლინკს“, როგორც ამას ზოგიერთი ხშირად ვითომ მოუცლელი IT სპეციალისტი ეძახის, უსადენო ინტერნეტის პირობებში ახლა რომ კითხულობს google-ში სიმწრით მოპოვებულ ,,დაჯეკვის“ ინსტრუქციას. შეიძლება სხვა რამეც ჰქვია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, შენიშნოთ ,,გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა“. სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიების დროს, უნდა მონიშნოთ ღილაკი ,,სამოქალაქო“, ,,კატეგორია“ – შრომის სამართლებრივი დავა. და, აი, ნახეთ, რამდენი გადაწყვეტილება იპოვა! რა ბედნიერებაა!

მოდით, ყველაზე ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება შევარჩიოთ, გავარკვიოთ, რა მოხდა,  სასამართლომ რა თქვა.

ჰმ, საინტერესო დავა ჩანს. თურმე ა(ა)იპ ,,ჩემი ნაცრისფერი კორპუსი“-მ[1] თანამდებობიდან გაათავისუფლა თანამშრომლები. ა(ა)იპ რას ნიშნავს, თუ არ იცით, არც გჭირდებათ.

კორპუსის წარმომადგენლის, ანუ, უფრო სწორად, ორგანიზაციის წარმომადგენლის მტკიცებით, მოსარჩელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს რეორგანიზაციის, კერძოდ, მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო. ის თანამდებობები, რომელზეც ეს ადამიანები იყვნენ დანიშნული, ორგანიზაციამ გააუქმა. თუმცა, როგორც შემდეგ სასამართლო პროცესზე გაირკვა, სინამდვილეში კი არ შეამცირეს შტატები, არამედ გაზარდეს, ანუ ჯერ შეამცირეს, მოსარჩელეები დაითხოვეს და შემდეგ გაზარდეს.

გათავისუფლებულებმა მიაკითხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს და დავა მოიგეს. ეს რომ კორპუსმა გაიგო, მიმართა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ გათავისუფლებული ადამიანების პოზიცია გაიზიარა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, ორგანიზაციამ მიაკითხა უზენაეს სასამართლოს, რომლის იქით უკვე სამართლებრივი გზა წყდება. და უზენაესმა სასამართლომ საერთოდ განუხილველად დატოვა ორგანიზაციის მოთხოვნა. სასამართლომ, სხვათა შორის, მნიშვნელოვანი რამ თქვა. ვეცდები მისი ნათქვამი არაადამიანური ენით არ გადმოვცე:

  1. სამუშაოდან გათავისუფლების დროს სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში;
  2. დავის სწორად გადაწყვეტისთვის, აუცილებელია სასამართლომ შეამოწმოს, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას;
  3. რეორგანიზაცია დასაქმებულთა ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების საფუძვლად. ეს ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს;
  4. რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძვლად რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრის არასაკმარისი კვალიფიკაცია შეიძლება იქნეს მიჩნეული, კერძოდ, ის, რომ განახლებული ფუნქციების გამო, იგი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს და ამ მიზეზით, დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელია;
  5. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის გათავისუფლების დროს, ან თუნდაც რეორგანიზაციის და შტატების შემცირების დროს, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საქართველოს კანონმდებლობით, დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებს, ქცევის წესს ან კვალიფიკაციას. არჩევნის გაკეთებისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრულობის კრიტერიუმით და უნდა შეძლოს გადაწყვეტილების დასაბუთება, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის უფლებებს;
  6. შრომითი ურთიერთობის მხარეებს შორის წონასწორობის დამყარება ,,სასიცოცხლოდ აუცილებელია“. ,,ძლიერი მხარის“, ანუ დამსაქმებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ,,სუსტი მხარის“, ანუ დასაქმებულის ინტერესები;
  7. სამსახურიდან დათხოვნილი პირი ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, დაამტკიცოს გათავისუფლების მართლზომიერება.

იმედი მაქვს, ეს ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ადამიანურ ენაზე დავწერე, თუმცა არ ვარ დარწმუნებული.

ესეც ჩვენი სასამართლო პრაქტიკა! წესით, ეს მშვიდად ყოფნის საფუძველს გაძლევთ. თუმცა ხომ ვიცით, როცა საქმე პირადად შენ გეხება, მაინც რთულია მშვიდად ყოფნა. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს რამაზი.

 

 

 

[1]ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს. დავაში მონაწილე ორგანიზაციას სპეციალურად არ ვასახელებ. თუ ძალიან დაინტერესდებით, თქვენც მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი