სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ყავის გზა მარცვლიდან ფინჯნამდე

საზოგადოებრივ მეცნიერებათა მე-5 და მე-8 კლასების საგნობრივ სტანდარტში ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მრავალმხრივი გამოყენების შესწავლისას მოცემულია ინდიკატორები, რომლებიც მასწავლებელს აძლევს რეკომენდაციას, შედეგის მისაღებად მიმართოს შემდეგ გზას: გამოსახოს რესურსების სახეცვლილება მოპოვებიდან მოხმარებამდე. ეს შეიძლება გაკეთდეს ხორბლის მაგალითზე – რა ეტაპებს გაივლის იგი, ვიდრე პურ-ფუნთუშეულად იქცევა და მივირთმევთ, ასევე – საწვავის ან ალტერნატიული რესურსის ელექტროენერგიად გარდაქმნაზე. სწორედ ამ ინდიკატორის წყალობით გამიჩნდა ამ სტატიის იდეა.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანისთვის დღე ერთნაირად იწყება: განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, ენისა, კულტურისა, სქესისა, რელიგიისა თუ პროფესიისა, ისინი გამოსაფხიზლებლად ყავას სვამენ.

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, მოხალულ ყავასა და მის არომატს რომ არ იცნობდეს, თუმცა ყავის ხეს, მის მუქ მწვანე, პრიალა, ერთმანეთის მოპირდაპირედ მზარდ ფოთლებსა და წითელ ნაყოფს ყველა ვერ ამოიცნობს.
სხვათა შორის, ბევრმა ყავის მოყვარულმა ისიც კი არ იცის, ვის უნდა უმადლოდეს ამ პროდუქტის ასეთ პოპულარობას.
რა გზა გამოიარა ყავის მარცვალმა ჩვენამდე?

ლეგენდას შორეულ ეთიოპიაში, კაფის პროვინციაში მივყავართ. ყავის საყოველთაო სახელწოდებაც სწორედ ამ პროვინციის სახელიდან მომდინარეობს. აქაურებს თურმე თხები ჰყოლიათ მოშენებული. ერთხელ ერთ ბერს შეუმჩნევია, რომ პირუტყვი საძოვარზე ხის წითელ ნაყოფს ჭამდა და ენერგიით ივსებოდა. ამის შემხედვარე ბერმა ნაყოფი შინ წაიღო და ძმას გაუმასპინძლდა. ეფექტი გასაოცარი აღმოჩნდა…

ამის შემდეგ ნაყოფს სახელი გაუვარდა, როგორც პროტეინებით მდიდარსა და პირუტყვისთვის მაწიერს. მოგვიანებით მან გადალახა წითელი ზღვა და არაბეთში მოხვდა. პირველად სწორედ იქ დაფქვეს და მოადუღეს ყავა. ნახარშს რელიგიური რიტუალებისთვისაც იყენებდნენ. გაიხსნა ყავახანებიც, სადაც ყავას სვამდნენ, მუსიკას უსმენდნენ, ჭადრაკს თამაშობდნენ, საუბრობდნენ, ახალ ამბებს ჰყვებოდნენ… ამის გამო ყავის სახლებს სიბრძნის სკოლებსაც უწოდებდნენ.

1600 წელს ინდოელმა პილიგრიმმა მარცვლები ტანზე მიკრული გამოიტანა მექიდან. ამის შემდეგ დაიწყეს ყავის მოყვანა სხვა ქვეყნებში, საიდანაც მან საბოლოოდ ევროპამდე მიაღწია. მოგზაურობიდან დაბრუნებული ვენეციელი ვაჭრები ჰყვებოდნენ, რომ თურქები „შავ სასმელს” სვამდნენ. ერთხანს ყავას „ეშმაკის სასმელს” უწოდებდნენ და კინაღამ აკრძალეს კიდეც (სხვათა შორის, ყავის თაობაზე ცრურწმენები საზოგადოებას დიდხანს შემორჩა. იქნებ მოგისმენიათ კიდეც იოჰან სებასტიან ბახის მოკლე კომედიური ოპერა „ყავის კანტატა”, რომელიც „ციმერმანის ყავის სახლის” დაკვეთით დაიწერა. „კანტატაში” გაშარჟებულია ყავის უაზრო აკრძალვა ქალებისთვის, რომელთაც უშვილობით აშინებდნენ).

ჰოლანდიელი კოლონიზატორები ინდონეზიაში ეზიარნენ ამ სასმელს, შემდეგ ამსტერდამში ჩამოიტანეს და სათბურებში მის მოყვანას მიჰყვეს ხელი.

ევროპაში ყავით ვაჭრობა პირველად ვენეციაში დაიწყეს. პირველი ყავის სახლი სან-მარკოს მოედანზე გაიხსნა. სხვათა შორის, უდიდესი სადაზღვევო კომპანია „ლოიდის” ისტორიაც ყავის სახლიდან იღებს სათავეს.
ჰოლანდიიდან ყავამ საფრანგეთში გადაინაცვლა: ლუდოვიკო XIV-ს ყავის ხე უსახსოვრეს, მან კი ნერგი სამეფო ბოტანიკურ ბაღს გადასცა.

ახალგაზრდა საზღვაო ოფიცერმა ნერგის მარტინიკაზე წაღების ნებართვა ითხოვა, რაზეც უარი მიიღო, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა – ღამით შეიპარა ბოტანიკურ ბაღში და იქიდან ქურდულად გამოიტანა მცენარის თესლი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გემი გზად მეკობრეებმა დაატყვევეს, ყავა საბოლოოდ მაინც მოხვდა მარტინიკაზე, სადაც სულ რაღაც 50 წლის შემდეგ უკვე 18 მლნ ძირი ყავა ხარობდა. ამას ბუნებრივმა პირობებმაც შეუწყო ხელი.

ლათინურ ამერიკაში ყავა მავრიტანიიდან გავრცელდა, თუმცა არც ეს მომხდარა იოლად. ამის შემდეგ ბრაზილიის მთავრობამაც მოინდომა ყავის გახარება. სადღესასწაულო ვახშამზე მირთმეული ყავის ტოტების თაიგულიდან, რომელსაც სათესლე ნაყოფიც შეჰყოლოდა, მათ პლანტაციები გააშენეს. მოგვიანებით ბრაზილიამ სწორედ ყავის ექსპორტით გაითქვა სახელი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აფრიკისა და აზიის მრავალმა ქვეყანამ განიზრახა ყავის ექსპორტი, რადგან ის მსოფლიო ბაზარზე უფრო და უფრო მყარად იკიდებდა ფეხს და უფრო და უფრო მეტი მოთხოვნით სარგებლობდა.
ძნელია გააზვიადო ყავით ვაჭრობის მნიშვნელობა. მრავალი ქვეყნისთვის ეს პროდუქტი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. მაგალითად, ბურუნდის საექსპორტო ნაწარმის ნახევარზე მეტს ყავა შეადგენს. 2010 წელს ყავის ექსპორტმა 133,4 მილიონი ტომარა შეადგინა, რომელთა საერთო ღირებულება 15,4 მლრდ აშშ დოლარი გახლდათ. ყავა სულ სულ 70 ქვეყანაში მოჰყავთ. მის ინდუსტრიაში მოყვანიდან მაღაზიის დახლამდე 26 მლნ ადამიანია დასაქმებული.

მიუხედავად იმისა, რომ ყავის სამშობლოდ აფრიკა მიიჩნევა, მოხმარებული ყავის უდიდესი ნაწილი სამხრეთ ამერიკაში მოჰყავთ. ის განსაკუთრებულ ბუნებრივ პირობებს მოითხოვს: მზის სხივებსა და წვიმას, 20˚ტემპერატურას რყევების გარეშე, ნაყოფიერ, ფოროვან ნიადაგს… სამაგიეროდ, ეს პროდუქტი 26 მლნ ადამიანის შემოსავლის წყაროა.
ცნობილია ყავის ხის ორი ძირითადი ტიპი: არაბიკა, რომელიც პროდუქციის 70%-ს შეადგენს და რობუსტა, რომლის წილად დანარჩენი 30% მოდის. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ არაბიკას თბილი, ჰუმიდური კლიმატი სჭირდება ზღვის დონიდან 1212-1818 მ-მდე, ხოლო რობუსტა მკაცრ პირობებსაც უძლებს (მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს: robust – მკაცრი, ძლიერი), ზღვის დონიდან 757 მ-მდე სიმაღლეზე მოჰყავთ და ხსნადი ყავის დასამზადებლად იყენებენ. სხვათა შორის, რობუსტას გავრცელება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკიდან, ბრაზილიიდან, ინდონეზიიდან და ვიეტნამიდან სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, მასზე მოთხოვნის ზრდა, მეორე მხრივ კი ის, რომ ამ ჯიშის ყავა დაავადებებისა და პარაზიტებისადმი რეზისტენტულია, რაც ამცირებს დანახარჯს. გარდა ამისა, მასში ორჯერ მეტი კოფეინია – 1,6%-2,7%, მაშინ როდესაც არაბიკაში კოფეინის შემცველობა 1%-1,5%-ს არ აღემატება.

ყავის მოუხალავი მარცვლები შეიცავს მჟავებს, ცილებსა და კოფეინს. მოხალვისას, მაღალი ტემპერატურის წყალობით, მათში იწყება ქიმიური რეაქცია, რომელიც ნახშირწყლებს და ცხიმებს არომატულ ზეთებად გარდაქმნის, აორთქლებს სითხეს და ნახშირორჟანგს და ყავას განუმეორებელ არომატს სძენს. რაც უფრო მეტხანს გრძელდება მოხალვა, მით უფრო არომატული და მაგარია ყავა; მსუბუქი მხოლოდ 7 წუთის განმავლობაში იხალება, ხოლო ყველაზე მაგარი, ესპრესო – 14.
ყავის ექსპორტიორი ქვეყნები
ყავის ძირითადი მწარმოებლები

მოსავლიან წლებში მსოფლიოში მოხმარებული ყავის მესამედს ბრაზილია აწარმოებს. ასევე დიდი ექსპორტით გამოირჩევიან კოლუმბია, ვენესუელა, პერუ, ეკვადორი. ბოლო ხანს წამყვან ექსპორტიორებს შორის უფრო და უფრო მყარად იკავებს ადგილს ვიეტნამი – სულ რაღაც 30 წელიწადში მან ბაზრის 20% დაიპყრო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვიეტნამი კარგა ხანს ვეღარ წამოდგა ფეხზე, მის გაჩანაგებულ ეკონომიკას ვერ უშველა საბჭოთა კავშირიდან გადმონერგილმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. სოფლის მეურნეობაში კოლექტივიზაციამ შედეგი ვერ გამოიღო. 1986 წელს კომუნისტურმა პარტიამ ექსპერიმენტის ჩატარება და ყავის პლანტაციების გაშენება გადაწყვიტა. უკვე 1990 წელს კი ყავის ინდუსტრიაში 2,6 მლნ კაცი იყო დასაქმებული. სწორედ ყავის კულტურის დამსახურებაა, რომ თუ 90-იანების დასაწყისში ამ ქვეყნის მოსახლეობის 60% ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ამჟამად ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.

ვიეტნამში ჩაის სმის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია დღემდე არ შეცვლილა, ყავა კი კვლავ საექსპორტო პროდუქციაა. აქ რობუსტას აწარმოებენ.
ყავის იმპორტიორი ქვეყნები
ყავის ხემ ნაყოფი რომ გამოიღოს, 3-4 წელი სჭირდება. მწიფე ყავა მკვეთრი წითელი ფერისაა. მანქანით კრეფისას მწიფესთან ერთად მოუმწიფებელი მარცვლებიც იკრიფება, ხოლო ხელით კრეფისას – მხოლოდ მწიფე. ბუნებრივია, მწიფე მარცვლები უფრო არომატული და გემრიელია.

დაკრეფის შემდეგ აუცილებელია ყავის მარცვლების ლპობისგან დაცვა. ეს ორგვარად ხდება: მშრალი წესით და სველით. პირველი ტრადიციული მეთოდია, რომელიც წყლის შეზღუდული რესურსების პირობებში კვლავაც აქტუალურია. დღის განმავლობაში გაშლილი მარცვლები ღამით იფარება. ასე გრძელდება კვირაობით, ვიდრე მარცვლებში ტენის შემცველობა 11%-მდე არ დაიწევს. ამის შემდეგ ყავის დასაწყობება უკვე შეიძლება.

სველი მეთოდი ყავის მარცვლების გაფცქვნას გულისხმობს. გარდა ამისა, მსუბუქი მარცვლები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, ხოლო მძიმე ფსკერზე რჩება. ამის შემდეგ დაძირული მარცვლები გაივლის დამუშავების მომდევნო ეტაპს, სადაც სპეციალურ დანადგარებში წონის მიხედვით ნაწილდება, ბოლოს კი მათაც საჭირო კონდიციამდე აშრობენ.

გამშრალი ყავა გარსისგან იწმინდება. დეფექტური მარცვლები იყრება (ეს ხელითაც კეთდება და მექანიკურადაც). ამის შემდეგ პროდუქცია საექსპორტოდ მზად არის.

ყავა ყოველ საფეხურზე გაივლის ხარისხის კონტროლს: თავდაპირველად – ვიზუალურს, მოხალვის შემდეგ – არომატისას, შემდეგ კი გემოსას. როგორც უკვე გითხარით, სწორედ მოხალვა აძლევს ყავას განსაკუთრებულ არომატს. მაღალ ტემპერატურაზე მარცვლებში არსებული ზეთი გარეთ გამოდის, მისი მოწვა კი ყავას ყავისფერ შეფერილობას აძლევს.

დასასრულ, ყავა იფქვება. რაც უფრო მსხვილია ნაფქვი, მით მეტი დრო უნდა მოსადუღებლად და პირიქით.
ამიერიდან, როდესაც ყავას მოიდუღებთ და სიამოვნებით დააგემოვნებთ, შეგეძლებათ მთელი იმ გრძელი და რთული გზის წარმოდგენა, რომელსაც ის ხიდან ჩვენს ფინჯნამდე გაივლის.
გვინდოდა, ამ სტატიის მეშვეობით გვეჩვენებინა მასწავლებლებისთვის, რამდენი რამ შეიძლება შეიტყონ მოსწავლეებმა ასეთი დავალებების შესრულებისას. დავალების მიცემამდე მასწავლებელმა უნდა შეამოწმოს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გაუნაწილოს რესურსები მოსწავლეებს ან მოსწავლეთა ჯგუფებს, წინასწარ განსაზღვროს ნაშრომის სტრუქტურა და აუცილებელი კომპონენტები, დაგეგმოს პრეზენტაცია.

ამგვარი დავალებების წყალობით მოსწავლეები გაიფართოებენ თვალსაწიერს და სხვა თვალით შეხედავენ ყოველდღიურ საკვებს, მეტად დააფასებენ შრომას, რომელიც დაიხარჯა ნედლეულიდან გასაყიდ პროდუქციად მის გარდაქმნამდე და უფრო გონივრულად მოიხმარენ მას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი