სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ცოტაოდენი ჯადოსნობა დაწყებით კლასებში

„ელფების ფანჯრები და კრისტალები“

რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ბავშვებთან, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ამ პატარა ადამიანების სამყაროში შეღწევა კი არა, ამ სამყაროს გაგებაა ძალიან ძნელი. ისინი ხომ საკუთარი პატარა სამეფოების მეფეები და დედოფლები არიან, საკუთარი წესებით, კანონებით, მოსაზრებებით, რომლებიც ხშირად ძალიან მტკიცე და შეურყეველია. თუნდაც კარგისა და ცუდის გაგება. ერთმანეთთან, მშობლებსა თუ მასწავლებლებთან ურთიერთობის მათეული გააზრება.

ბავშვების წარმოდგენები, შეგრძნებები, ემოციები, ფიქრები, განცდები იმდენ შრესა და ნიუანსს მოიცავს, რომ მასწავლებელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რათა უნებლიეთ რამე ისეთს არ შეეხოს, არ დააზიანოს, რაც მომავალში კომპლექსამდე, შიშამდე, სტერეოტიპამდე, თვითრწმენის დაკარგვამდე ან საგნის/დისციპლინის მიმართ ინტერესის დაკარგვამდე მიგვიყვანს. რამდენჯერ გაგვიგონია: რომ არა ჩემი მუსიკის მასწავლებელი, რომელიც იმ ცივ 90-იანებში გაყინულ თითებში სახაზავს მირტყამდა, ვინ იცის, ჩემგან როგორი მუსიკოსი დამდგარიყოო. რომ არა ცეკვის ღრიალა მასწავლებელი, რომ არა ქიმიის უხასიათო მასწავლებელი, რომ არა მათემატიკის „ბუზის ხმის გაგონების“ მოსურნე მასწავლებელი… და ასე, უსასრულოდ შეიძლება აუხდენელი სურვილებისა და გაცრუებული იმედების ჩამოთვლა. იმ სურვილებისა და იმედების, რომლებიც, როგორც მერე აღმოვაჩინეთ, ბავშვობაში დიდი მონდომებით ჩაგვიკლეს ჩვენთვის ყველაზე ავტორიტეტულმა მასწავლებლებმა. რაღა თქმა უნდა, არსებობდნენ ისინიც, ვისაც ვბაძავდით, ვინც მოგვწონდა, ვისი გაკვეთილებიც ზღაპარი და სასწაული იყო იმ უფერულ წლებში.

და აი, მივადექით მთავარს. ნებისმიერი ჩვენგანის იმ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, როგორებიც დღეს ვართ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დაწყებითი კლასები – ამ ასაკში ფორმირდება ხედვა, ღირებულებები, სურვილები, მისწრაფებები. ასე ვთქვათ, ჩვენს ცნობიერში იტვირთება ჩვენი სამომავლო მე. იქმნება სასურველი მეს ხატი, რომლის ხორცშესხმასაც შემდეგ მთელი ცხოვრება ვცდილობთ. ჰოდა, ამ პროცესში მასწავლებლის როლი ძალიან დიდია.

მოდი, თეორიები და ციტატები ცოტა ხნით დავივიწყოთ და უბრალოდ დავფიქრდეთ: როდის გამოგვდის ყველაზე უკეთ საქმე? როდის გვეხალისება რამის კეთება? მხოლოდ მაშინ, როცა გარკვეული ინტერესი გვაქვს. ინტერესი კი ორგვარია: მატერიალური და სულიერი. სხვაგვარად, ესენი გარეგანი და შინაგანი სტიმულებია. ორივე ძალზე მნიშვნელოვანია და ერთმანეთს არ გამორიცხავს, პირიქით, ავსებს კიდეც. იდეალურად მაშინაა საქმე, როცა ორივე ინტერესი ერთადაა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ: როცა იმაში გვიხდიან ფულს, რისი კეთებაც გვსიამოვნებს, ჩვენი შრომის ნაყოფი მეტად სრულფასოვანია, ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ მატერიალური ინტერესის გამო ვქმნით. მხოლოდ სულიერი ინტერესის საფუძველზე მუშაობა კი მალე გვბეზრდება და საბოლოოდ საქმეზე გულიც გვიცრუვდება.

ასეა, დღეს მატერიალურისა და სულიერის ჰარმონია აუცილებელი პირობაა სიმშვიდისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

და თუ ჩვენთვის ამ ორის ერთობა ესოდენ მნიშვნელოვანია, რა დააშავეს ბავშვებმა, რომლებიც ჩვენზე მეტად არიან ამავე ეპოქის მკვიდრნი და ოცდამეერთე საუკუნის სულისკვეთებას მთელი არსებით გრძნობენ? რატომ დაგვიჩემებია, რომ მცირე ასაკში შინაგანი სტიმულიც საკმარისია, ხოლო გარეგანს უნდა მოვარიდოთ და იშვიათად გამოვიყენოთ? ვფიქრობ, რომ ეს ორი რამ ბავშვებთანაც ისევე ჰარმონიულად უნდა იყოს შეზავებული, როგორც უფროსებთან. ხოლო დაწყებითი კლასები, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ადამიანის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდია და ამ პერიოდში მოსწავლის მოტივაცია/სტიმულები/ინტერესები – გადამწყვეტი.

ჩემი პირადი გამოცდილება კი ასეთია:

როდესაც პირველ კლასში პირველად შევედი, უკვე ვიცოდი, რომ აუცილებლად ჩავეჭიდებოდი და გამოვიყენებდი ამ ასაკის მოსწავლეების ბუნებრივ ინტერესებს ზღაპრების, ჯადოსნობის, შეუცნობელის, მითებისა და ფენტეზის მიმართ.

იმისთვის, რომ მოსწავლეებს სიხარულით ემუშავათ, სასწავლო პროცესი მათთვის მომაბეზრებელ რუტინად და ვალდებულებად არ ქცეულიყო, მხოლოდ ყვითელი წებოვანი სტიკერების იმედად არ ვყოფილიყავით და არც მხოლოდ სიტყვიერი წამახალისებელი კომენტარით შემოვფარგლულიყავით,

მოვიფიქრე ამბავი.

ამბავი ნამდვილად საინტერესო და ჯადოსნური გამოვიდა: ნორვეგიელ ელფებზე, რომლებიც ნამდვილ კრისტალებს ამზადებენ და მათ უგზავნიან, ვინც იმსახურებს. ელფები მთებში ცხოვრობენ და თვალით არავის ენახვებიან. კრისტალები კი ნაირ–ნაირია, ფერადი, წახნაგებიანები. თუ მათში გახედავ, სამყარო სულ სხვანაირი მოჩანს. კრისტალი თავის სამყაროს გაჩვენებს, იმ სამყაროს, სადაც ელფები ცხოვრობენ. ცისფერს, იისფერს, ბრჭყვიალას, ფერადს. ბავშვებს გავაცანი უძველესი მითები ელფებსა და ფერიებზე, გობლინებსა და დრაკონებზე. ვისაუბრეთ ჰობიტებზეც – ვნახეთ ილუსტრაციები, წავიკითხეთ ამბები.

მერე ერთ კედელზე ფორმატი მივაკარით და ზედ გუაშით დავხატეთ მთები, რომლებსაც ფანჯრები ჰქონდა. ფანჯრები ფერადი ფურცლებისგან გამოვჭერით და ისე მივაკარით, რომ ჯიბაკები გამოსულიყო, ამ ჯიბაკებში კი მოსწავლეების სურათი ჩავაწყვეთ (შეგიძლიათ, თავად დაახატვინოთ ბავშვებს საკუთარი პორტრეტები და ისინი გამოიყენოთ). ჰორიზონტალურად იმდენი ფანჯარა „ჩამოვკიდეთ“, რამდენი მოსწავლეც იყო კლასში, ვერტიკალურად კი ხუთი სართული გამოგვივიდა – კვირის ხუთი დღის შესაბამისად.

ყოველდღე თითო სართულით ზემოთ ავლენ ის ბავშვები, რომლებიც მასწავლებლის დავალებებს შეასრულებენ, მეგობრებს დაეხმარებიან, წესებს დაიცავენ ან რაიმე განსაკუთრებულს ჩაიდენენ და სხვა. წინასწარ ჩამოწერეთ და საკლასო ოთახში გააკარეთ „ელფების მწვერვალის“ დაპყრობის პირობები, მწვერვალის დამპყრობლებს კი კვირის ბოლოს ელფების კრისტალები გადაეცით.

კრისტალების მაგივრობა გამიწია „დანიურ სახლში“ ნაყიდმა სამშვენისებმა –შუშის ბურთებმა და ქვებმა, რომლებიც ნაირ–ნაირია, ფერადი, იაფი, ლამაზი და ბრჭყვიალა. მათში რომ გაიხედავ, სამყარო სხვანაირი ხდება. ამ კრისტალებს ბავშვები აგროვებდნენ. ზოგიერთმა საგანგებოდ შეიძინა ან დაამზადა კრისტალების შესანახი ქისა და ყუთი. მთელი კვირა ელოდნენ, ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ, ამჯერად როგორები შეხვდებოდათ. ხანდახან კრისტალების მაგივრად ჭრელი ქვები ან ნიჟარები მიმქონდა, ან ჩვეულებრივი მძივის ბურთულები შიგ გაყრილი ფერადი ნართის ძაფით. კვირაობით ეკიდათ გულზე, სანამ ძაფი არ გაწყდებოდა ან მორიგ კრისტალს არ მიიღებდნენ.

რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ელფების ამბავი მოგონილი იყო. იცოდნენ, რომ ეს იყო თამაში, მაგრამ – ზღაპრული თამაში, რომელში მონაწილეობაც ყველას უნდოდა. წესები ყველა თამაშს აქვს. კრისტალების თამაშსაც თავისი წესები ჰქონდა: თავი უნდა მოეჩვენებინათ, თითქოს ეს ამბავი სჯეროდათ. ხშირად შევსწრებივარ კიდეც, როგორ უმტკიცებდნენ სხვაკლასელებს კრისტალების ნამდვილობას.

ამ აქტივობამ შედეგი ნამდვილად გამოიღო:

◦ პირველ–მეორე კლასებში საკლასო წესებს უმრავლესობა იცავდა.

◦ ბავშვები მეტად მეგობრულები გახდნენ.

◦ სასწავლო პროცესი სასიამოვნო, სახალისო გახდა. მშობლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ბავშვებს სკოლა ყველაფერს ერჩივნათ.

◦ ზღაპრული სამყაროსთან ყოველდღიური შეხების შედეგად გახდნენ მეტად კრეატიულები, განუვითარდათ ფანტაზია, წარმოსახვა;

◦ დაინტერესდნენ მითებით;

◦ დაინტერესდნენ კრისტალების წარმოქმნის გზებით და პრეზენტაციაც კი მოამზადეს ამ თემაზე;

◦ დაიწყეს პატარა თხზულებების და ჩვენი ამბის გაგრძელებების წერა.

◦ და აი, უკვე მესამე კლასში ტოლკინით დაინტერესდნენ. წაიკითხეს „ჰობიტი“, „ბეჭდების მბრძანებელი“.

საბოლოოდ კი „ელფების ფანჯრებმა“ მოსწავლეებს სწავლის, კეთების, ფიქრის ძლიერი მოტივაცია შეუქმნა. კრისტალები თუ გარეგანი სტიმული იყო, სხვა ყველაფერი შინაგან ინტერესს აღვიძებდა. ეს ყველაფერი კი მუხტია, ბიძგია მხატვრული, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისთვის.

დღეს, როდესაც მესამე კლასი დაამთავრეს, უკვე იციან, რა უნდათ და როგორ მიაღწიონ მიზანს. ზოგი ლექსებს წერს, ზოგი – პროზას. ზოგი ილუსტრაციებს ხატავს, ზოგი ქაღალდისგან საოცრებებს ქმნის, რამდენიმეს მოგზაურობა სურს, ერთმა მითების შესწავლას მიჰყო ხელი.

მოიგონეთ ამბები, დახატეთ მთები, სახლები, გაუკეთეთ კიბეები, ფანჯრები, საფეხურები, აიყვანეთ თქვენი მოსწავლეები და დააპყრობინეთ მწვერვალები, ღრუბლები, პლანეტები. მერწმუნეთ, შედეგი ნამდვილად ზღაპრული იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“