შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 დასაწყისი მიკარნახეთ, მასწ!

როგორ დავიწყო წერა…

ვერ ვიწყებ, მასწ!

აი, მითხარით, როგორ დავიწყო და …

            მოსწავლეთა უმეტესობას უჭირს წერითი დავალების შესრულება. ისინი ვერ ახერხებენ არსებითისა და არაარსებითის, კონკრეტულისა და ზოგადის გამიჯვნას. ანალიზის ნაცვლად უმეტეს შემთხვევაში ტექსტის შინაარსს გადმოსცემენ. არ შეუძლიათ დავალებების მიხედვით თანამიმდევრული მსჯელობა, მოსაზრებების ლოგიკური დაკავშირება ერთმანეთთან, კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირება, თხზულების გამთლიანება და ტექსტის სათანადოდ ორგანიზება. პერსონაჟებს ხშირად ახასიათებენ ცალმხრივად ან უარყოფითად, ან მხოლოდ დადებითად, მაგრამ ყველაზე მეტად ჭირს ამა თუ იმ პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრება…  ამა თუ იმ  პერსონაჟის დახასიათებისას კი მოსწავლე ხშირად მის თავგადასავალს  გადმოსცემს.  ამიტომ საჭიროა გავარკვიოთ ,,დახასიათების ბუნება’’.

            სანამ წერას დავიწყებდეთ,  ,,გვერდით დავილაგოთ’’ საშენი მასალა. თავდაპირველად გულისყურით წავიკითხოთ ტექსტი. კითხვის პროცესში გამოვიყენოთ ჩანიშვნის ხერხი.  პერიოდულად ჩავინიშნოთ ახალი ინფორმაცია. ჩვენი თხზულების ,,გასალამაზებლად’’ კი გამოგვადგება მხატვრული ხერხები: ეპითეტი, მეტაფორა, შედარება, ჰიპერბოლა…  ჩამოთვლილი მხატვრული ხერხები ის ძირითადი მასალაა, რომლებიც  პერსონაჟის მხატვრული სახის გაანალიზებაში დაგვეხმარება.

            მაშ ასე, მთავარი მასალა  – ტექსტი და ტექსტის მხატვრული სამკაული ჩვენ გვერდითაა. გულისყურით გადავიკითხოთ ტექსტი ან კონკრეტული განსახილველი  ეპიზოდი.  მივყვეთ პერსონაჟის მოქმედებას, რადგან ავტორი  პერსონაჟის შინაგან ბუნებას მეტწილად თვით პერსონაჟის  მოქმედებაში ამჟღავნებს ან პირდაპირი დახასიათებით შლის ჩვენ წინაშე.

            ხო, ფანქარი დამავიწყდა. ფანქარიც ჩვენს განუყრელ მეგობრად უნდა იქცეს, რათა გამოვიყენოთ ჩანიშვნის ხერხი. მოკლედ, ვკითხულობთ აბზაც-აბზაც,  ვაკვირდებით, გვაძლევს თუ არა პერსონაჟის  თითოეული ქმედება ამა თუ იმ თვისებას და პერიოდულად ვიწერთ ახალ-ახალ ინფორმაციას. აი, უკვე ნახევარი გზა გავიარეთ. შავი სამუშაო შევასრულეთ. შემდეგ შევადგინოთ პერსონაჟის დახასიათების თანმიმდევრული გეგმა: განვიხილოთ პერსონაჟი სხვადასხვა თვალსაზრისითა და მიზნით.

  1. აღვწეროთ პერსონაჟის გარეგნობა, რადგან გარეგნული თვისებები ხელს უწყობს გამოამჟღავნოს მისი შინაგანი ბუნება და ხასიათი;
  2. გარეგნობასთან შეფარდებული მოქმედებათა აღწერა, მიდრეკილებები, განცდები, რომლებიც ქმნის ამ პიროვნებათა ხასიათს;
  3. შინაგანი თვისებები;
  4. ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟთან;
  5. როგორ საზოგადოებაში უხდება ცხოვრება მას;
  6. რა მორალურ-ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრობს საზოგადოება და პერსონაჟი ინარჩუნებს თუ არა ინდივიდუალობას;
  7. პერსონაჟის დამოკიდებულება საკუთარ თავთან;
  8. როგორ მეტყველებს პერსონაჟი, როგორ ენობრივ თავისებურებებს იჩენს მოქმედი პირი;
  9. როგორ ახასიათებს პერსონაჟს ავტორი, როგორ ახასიათებს მას სხვა (დადებითი ან უარყოფითი) პერსონაჟი, როგორია ჩვენი პირველი შეხვედრა მასთან. მაგალითად, ნესტანს (შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’) ძალიან დიდი ხანი ვიცნობთ სხვებისგან და მხოლოდ წერილის წერის დროს ვხვდებით პირისპირ.
  10. თუ პერსონაჟი დუმს, მაშინ მეტაფორა დაგვეხმარება, სადმე იქნება ,,ჩამალული’’ და ალბათ, პერსონაჟიც მეტაფორულად ,,დუმს’’;
  11. დავალაგოთ პერსონაჟის თვისებები ძირითად და მეორეხარისხოვან თვისებებად, დადებით და უარყოფით თვისებებად…
  12. დაბოლოს, რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ნაწარმოების მოქმედ პირთან. ჩავწვდეთ მათ შინაგან ბუნებას, რას ფიქრობეს, რას გრძნობენ… სიყვარული, აღტაცება, დაღონება, გაჯავრება… ანუ პერსონაჟის ემოციებზე დაკვირვება ასევე აუცილებელი მასალაა…

            ახლა კი  გადავიდეთ უფრო  კონკრეტულ საკითხზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველი შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ, არის ის, რომ ნაწარმოების მოქმედი პირის მხატვრული სახის გააზრებისას მოთხრობის შინაარსს გადმოსცემთ. იწყებთ დახასიათებით და მერე უნებლიეთ გადადიხართ ნაწარმოების შინაარსის გადმოცემაზე.

            აი, დახასიათებიდან შინაარსის გადმოცემისკენ გადახრის ერთი მკვეთრი მაგალითი.

განსახილველად ავიღოთ მე-11 კლასელი მოსწავლის ნაშრომი ,,ბათუს მხატვრული სახის გააზრებისათვის’’ ( აკაკი წერეთლის ,,გამზრდელი“).

            „ბათუს ცის მახლობლად აქვს ფაცხა, რომელიც დრო და ჟამის შესაფერად ,,ზაფხულ გრილი და ზამთარ თბილია’’. იგი „რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილია“. ერთხელ, უკუნეთ სიბნელეში ბათუს კარს მოადგა მისი ძუძუმტე-საფარ ბეგი. ბათუმ თბილად მიიღო იგი, მოასვენა და მისი ამბავი იკითხა. ბათუმ  მძიმე საქმე თვითონ იტვირთა, ძიძიშვილი სახლში დატოვა, თავად კი საფრთხეში ჩაიგდო თავი და უკადრი საქმე იკადრა. ბათუ პარავს  ინალიფას ცხენს, სახლში ბრუნდება, ფაცხაში შესულს გული არ უთმენს და ნაზიბროლასთან შესვლას გადაწყვეტს. შევა და შემზარავ სურათს იხილავს. ქვეშაგები მინგრეულ-მონგრეულია, ნაზიბროლა ყელს იხოკავს და ტირის. მიხვდა ბათუ, რაც მოხდა და მომხდარმა შეზარა, მუხლი მოეკვეცა, მაგრამ კვლავ გონს მოვიდა. ნაზიბროლას მოეხვია, კოცნით ამოუშრო ცრემლი და გაამხნევა’’.

            მოსწავლეს გაუკვირდა, რომ ამ ნაშრომში დაბალი შეფასება მიიღო, რადგან ბათუს ამბავი თანმიმდევრულად გადმოსცა, ენა გამართულია და მარტივი, სასვენი ნიშნები სწორადაა დასმული და სხვა. ამ ნაშრომიდან ჩანს, რომ მოსწავლე ბეჯითია, მაგრამ მას ,,მასწავლებლის ხელი აკლია’’, მოსწავლე არ არის გარკვეული პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრების ბუნებასა და თავისებურებაში…

            მოკლედ, თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ  განსახილველი ტექსტი, შეაგროვეთ ცნობები, რაც შეიძლება მეტად აითვისეთ ის მხატვრული ხერხები, (შედარებები, მეტაფორები, ეპითეტები), რომლებიც დაკავშირებულია მოქმედი პირის ამბავთან. ერთმანეთისგან გამოყავით ძირითადი წვრილმანი, მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი მოქმედებები. გაამახვილეთ ყურადღება მოქმედი პირის იმ ძირითად ხასიათზე, რომელიც მოქმედების სახით ვლინდება. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ მოქმედი პირის გარეგნული პორტრეტის აღწერით. ეს არ მოგვცემს სრულ სურათს. ეცადეთ მოქმედი პირის პორტრეტი წარმოადგინოთ მისი გარეგნული  და შინაგანი თვისებებისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა მოქმედებაში, მოძრაობაში. სწორედ პორტრეტის დახატვის ეს მხარეა, მკითხველის შთაბეჭდილებას რომ აძლიერებს, პერსონაჟის სახეს მხატვრულად, ცოცხლად რომ წარმოგვიდგენს. ყურადღება უნდა მივაქციოთ  ნაწარმოების ფსიქოლოგიურსა და ემოციურ მხარეებსაც – რას  ფიქრობენ და გრძნობენ ისინი.

მაგალითად, იმავე მოსწავლის ნაშრომმა  ოდნავი ,,ჯადოქრობით’’ ასეთი სახე მიიღო.  ბათუს ,,ცის მახლობლად’’ აქვს ფაცხა. იგი არა მარტო ფიზიკურადაა ახლოს ცასთან (მას ცის მახლობლად აქვს ბინა), არამედ სულიერადაც. ცა კი ღვთიურობის სიმბოლოა. ღვთის რჩეულია ბათუ, უფალს მისთვის ზებუნებრივი, დიდი ნიჭი მოუმადლებია, რადგან მას შესწევს უნარი იყოს რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი’’. ღმერთს წყალობა არც სხვა რამეში დაუკლია ბათუსთვის, ამქვეყნიური, ყველაზე დიდი ნეტარება-სიყვარულიც მიუმადლებია მისთვის. სწორედ ერთი თვე იქნება, რაც ცოლად ის ქალი მოიყვანა, ვინც უყვარდა. ის სამეგრელოს ასულია, იასავით ნაზი, ,,ცისა და ქვეყნის‘’ შუამავლად მიაჩნია მას აფხაზი, სულიერი და ხორციელი სიყვარული ჰარმონიულადაა მათში შერწყმული. ისინი ბედნიერები არიან.

          დავიმახსოვროთ! პერსონაჟის დამახასიათებელი თვისებები ნაწარმოებში თანდათანობით მოქმედების გაშლასთან ერთად ყალიბდება და  ასე, თანდათანობით ,,შენდება’’ მისი მხატვრული სახეც. თუ გიჭირთ მსჯელობის გაშლა, „გამოიგონეთ“ მოკამათე, რომელიც გიმტკიცებთ, რომ სულაც არ არის პერსონაჟი ისეთი, როგორიც გგონიათ. მერწმუნეთ, თავისთავად მოვა სიტყვები, არგუმენტები და თუ მაინც გაგიჭირდათ, პერსონაჟის სახეებზე ვიმუშაოთ არა ნაწარმოების მიხედვით, არამედ დამოუკიდებლად, ცხოვრებაზე დაკვირვებით.  გადავხედოთ გვერდით მჯდომ მეგობარს  და… დავიწყოთ!

გამოყენებული ლიტერატურა

ინასარიძე მაია,  ნაჭყებია მაია,  ,,ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდები’’, თბ.  2006 წ.

 თოფაძე ქეთევან,  ,,წერითი მეტყველების სწავლების სტრატეგიები’’, თბ. 2011 წ.

 ლეიაშვილი ნონა,   ,,მხატვრული სახის ახლებური გააზრებისათვის’’, ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’ WWW.mastsavlebeli.ge, თბ. 2012

ფირჩხაძე მაია, კრიტიკული აზროვნების განვითარების ზოგიერთი ტექნოლოგია და სტრატეგია, ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’ WWW.mastsavlebeli.ge, თბ. 2013

 ფეიქრიშვილი მადონა   ,,როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს წერის უნარ-ჩვევები’’ , ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი’’ WWW.mastsavlebeli.ge, თბ.  2016

დათაშვილი ლალი, ,,ქართველი მწერლები სკოლაში’’, წიგნი 4, აკაკი წერეთელი, თბ. 2008 წ.

                                      ლია გოგოხია

ვლადიმირ კომაროვის  თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი