სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

შრომის უსაფრთხოება  საქართველოში

სადაც ადამიანები მუშაობენ, იქ ყოველთვის არსებობს შრომის უსაფრთხოების პრობლემაც. ეს პრობლემა არსებობდა საუკუნეების წინ და არსებობს დღესაც. განვითარებულ ქვეყნებში თითქმის ყველა დამსაქმებელი ცდილობს  (წესით უნდა ცდილობდეს), რომ თავისი დასაქმებულები ჰყავდეს ჯანმრთელები და კმაყოფილები. თუმცა მას ზოგი მეტი, ზოგი კი უფრო ნაკლები პასუხისმგებლობით ახორციელებს. შრომის უსაფრთხოება და შრომასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხები რომ მოგვარებული იყოს, ამისთვის ცივილიზებული ქვეყნები ნორმატიულ ბაზას ქმნიან, რათა ეს საკითხები მინდობილი არ იყოს ინდივიდუალურად სხვადასხვა დამსაქმებლის კეთილ ნებასა და მათ შეხედულებებზე.

საქართველოში არიან დამსაქმებლები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუკი დასაქმებულს თავზე დამცავი ჩაფხუტი დაახურეს და უნიფორმა ჩააცვეს, ამით შრომის უსაფრთხოების პრობლემები გადაჭრეს. ეს, რასაკვირველია, არ არის სწორი. დამსაქმებლები ხშირად არ ითვალისწინებენ გარემო პირობებს, საველე პირობებში მუშაობის სირთულეს და სხვა… ამისათვის ყველა ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა და ეს კანონმდებლობა დეტალურად არეგულირებს მსგავს საკითხებს. შრომის უსაფრთხოება ისეთი საკითხია, რომელიც ამომწურავად უნდა იყოს კანონით დარეგულირებული. საქართველოში კი ხდება ის, რომ არათუ ამომწურავად, საერთოდ არ არის შრომის უსაფრთხოების საკითხები საკანონმდებლო კუთხით დარეგულირებული. დამსაქმებლები ამ საკითხს ან საკუთარი შეხედულებისამებრ უდგებიან, ან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას.

იმის გამო, რომ შრომის უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება ფინანსურად თითქმის ყველა ტიპის საწარმოში მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული (შესაძენია სათანადო ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები, საჭიროა მონიტორინგის შესაბამისი პერსონალი), ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ბიზნესის წარმოების ხარჯებზე აისახება. სწორედ ამიტომ, საქართველოს წინა ხელისუფლების დროს დამსაქმებელთა მიდგომა მაქსიმალურად ნაკლებ დანახარჯებს გულისხმობდა. მაშინაც კი, თუკი დანახარჯების შემცირებით ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგებოდა.

დამსაქმებელს და ზოგადად ბიზნესს, სჭირდება ჯანმრთელი და კვალიფიციური მუშახელი. ჯანმრთელი მუშახელი კი ვერ იქნება, თუკი ადამიანებს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო არ ექნებათ. როდესაც დასაქმებული სახიჩრდება და უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება, ის გარდა ოჯახისა და ახლობლებისა, აკლდება შრომის ბაზარსაც და ამის გამო შრომის ბაზარზე აქტიური შრომის ძალისა და პროფესიონალების რიცხვი მცირდება. ამას გარდა, დასახიჩრებული ადამიანი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფოს შესანახი ხდება. რეალურად გამოდის ისე, რომ იმის ნაცვლად, ადამიანს საშემოსავლო გადასახადის სახით შეეტანა ფული სახელმწიფოს სალაროში, სახელმწიფოსა და დამსაქმებლების არაგონივრული ნაბიჯების გამო ეკონომიკურად მთლიანად სახელმწიფოზე დამოკიდებული და სოციალური შემწეობის ბენეფიციარი ხდება.

დღეს მოქმედ შრომის კოდექსში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ პარაგრაფშია საუბარი. შრომის უსაფრთხოების თემა კოდექსში მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს და შემდეგ ამას უნდა მოჰყვებოდეს სხვა შემავსებელი ნორმატიული ბაზა, რომელიც დამსაქმებელს კონკრეტულად განუმარტავს, თუ რა უნდა გააკეთოს მან შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სხვა შემთხვევაში, დამსაქმებელი უბრალოდ პასუხისმგებლობას აირიდებს თავიდან, რისი მაგალითებიც ბოლო წლებში არაერთხელ გვინახავს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი