მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოში ევროპის კავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი- „პედაგოგთა ეროვნული კონკურსი – საუკეთესო პროექტისთვის ციფრულ წიგნიერებაში“ .
კონკურსი იმ მასწავლებლებისთვის გამოცხადდა, რომლებმაც 2021-2023 წლებში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით დაასრულეს კომუნიკაციების კომისიისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი – „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“.
კონკურსის მიზანი კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაზე ორიენტირებული საუკეთესო გაკვეთილის ან პროექტის გამოვლენა იყო.
კონკურსის მონაწილეებს საკონკურსოდ უნდა წარმოედგინათ:
- ჩატარებული გაკვეთილის ან პროექტის გეგმა;
- შექმნილი რესურსები;
- მოსწავლეთა ნამუშევრები;
- აქტივობების ამსახველი პრეზენტაცია, შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალით.
კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ განიხილა 42 საკონკურსო ნაშრომი. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ასევე დასავლეთ საქართველოს სკოლების პედაგოგებმა. გამარჯვებული პროექტები , სამი საპრიზო ადგილი და ჟიურის რჩეული სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. კონკურსის დაჯილდოება ორ ნაწილად, თბილისსა და ქუთაისში, გაიმართა.
გამარჯვებული პროექტების ავტორები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების ციფრული სახლის მენეჯერმა ნატალია ინგოროყვამ დააჯილდოვა.
გამარჯვებული პროექტები და მათი ავტორები:
აღმოსავლეთ საქართველო
პირველი ადგილი- ირინა გუდაძე- ქ.თბილისის 159-ე საჯარო სკოლა. საკონკურსო ნაშრომი- „მოგზაურობა ციფრულ წიგნიერებაში“.
მეორე ადგილი- ირინა ნოზაძე – თბილისის 150-ე საჯარო სკოლა. საკონკურსო ნაშრომი – „“AI დეზინფორმაციის წინააღმდეგ“.
მესამე ადგილი – გურამ ბურდილაძე– რუსთავი, შპს სკოლა „მილენიუმი“. საკონკურსო ნაშრომი – „ნამდვილი და ყალბი ამბების ამოცნობა, ანალიზი და ფაქტის გადამოწმება“.
- ჟიურის რჩეული – ეკატერინე სამხარაძე – სსიპ ქ. თბილისის 216-ე საჯარო სკოლა. საკონკურსო ნაშრომი -„პროპაგანდა, როგორც დეზინფორმაციის ინსტრუმენტი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დრო“.
დასავლეთ საქართველო
პირველი ადგილი- ნოდარ ცაგარეიშვილი – აფხაზეთის მე- 5 საჯარო სკოლა. საკონკურსო ნაშრომი – „ჩატბოტი – Fake or Fact?“ მედიაწიგნიერება და დეზინფორმაციის ამოცნობის AI ასისტენტი“.
მეორე ადგილი- თინათინ გიორგაძე – ქალაქ ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა. საკონკურსო ნაშრომი – „10 გაკვეთილი ციფრული წიგნიერების განვითარებისთვის“.
მესამე ადგილი- ირმა ჯოჯუა – მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლა/ სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის, სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა. საკონკურსო ნაშრომი – „ციფრული სამყაროს მეგზური”.
- ჟიურის რჩეული – ნინო გაფრინდაშვილი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის საჩხერის მე-3 საჯარო სკოლა. საკონკურსო ნაშრომი – „მოქალაქეობა – გახდი მედიაწიგნიერი“ .