სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

„რა მშვენიერი კუნძულია!“

ტაივანი, წყნარი ოკეანის ზურმუხტი თუ მსოფლიო განხეთქილების ვაშლი [1]?

(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის)

ავტორი: ლევან ალფაიძე

Ilha Formosa! (პორტუგალიურად, მშვენიერი კუნძული) – დიახ, გადმოცემით ასე ჟღერდა პორტუგალიელი მეზღვაურის შეძახილი, როდესაც მან კუნძული ტაივანი დაინახა – იმ დროს, XVI საუკუნის დასაწყისში, პორტუგალიელები პირველი ევროპელები იყვნენ, რომლებსაც რაღაც მანქანებით, იმდროინდელმა აზიელმა მმართველებმა და მონარქებმა,ნება დართეს გემებით ეცურათ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზღვებში.

ისტორიული ცნობა: „მე-16 საუკუნის შუა პერიოდში, პორტუგალიელი მეზღვაურები ახალი სანავიგაციო ტექნიკის გამოყენებით, უკვე თავისუფლად სერავდნენ მსოფლიოს უცნობ ზღვებს. პორტუგალიელი ზღვაოსნების, ვასკო და გამასა და ბარტოლომეუ დიაშის კარაველები პირველნი იყვნენ, ევროპელთა შორის, რომლებმაც შემოუარეს კეთილი იმედის კონცხსა და ატლანტის ოკეანიდან ინდოეთის ოკეანეში შეცურეს და ინდოეთს დასავლეთ ნაპირს (დღეს გოას შტატი) მიადგნენ. 1517 წელს, პორტუგალიის მეფის, დიდი დომ მანუელ პირველის, იაპონიისკენ მიმავალმა პორტუგალიური გემის მეზღვაურებმა დღევანდელი ტაივანის სრუტეში, მარჯვენა მხარეს დაინახეს წყლიდან ამოსული, მწვანე მცენარეულით დაფარული, მაღალი, დიდი ზომის კუნძული. გემის კაპიტანმა, საბორტო ჟურნალში კუნძულის აღსანიშნად სახელი „Ilha Formosa“ ჩაწერა, რაც პორტუგალიურად „ლამაზ კუნძულს“ ნიშნავს“ (Paul Kua, 2020)“. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რიგი ტაივანელი და დასავლელი ისტორიკოსები, ამ ისტორიას კუნძულის შესახებ „ლამაზ ლეგენდად“ მიიჩნევენ და კუნძულის აღმოჩენის სხვა თარიღებსა და ინტერპრეტაციას იძლევიან, თუმცა დღეს, ეს ჩვენი განხილვის საგანი არ გახლავთ.

ზოგადი ცნობები კუნძულ ტაივანის შესახებ: კუნძული ტაივანი მსოფლიოს კუნძულებს შორის მხოლოდ 39-ე ადგილზეა (34,507 კმ² ფართობით – საქართველოზე ორჯერ უფრო მცირე, ლ.ა.), სიგრძით 394 კმ. და სიგანით 144 კმ.-ია. მიუხედავად ამისა, ის ბევრ სხვა კუნძულზე დიდია, მათ შორის სიცილიაზე და ჰავაიზეც კი. ჩრდილოეთის ტროპიკი (კიბორჩხალს ტროპიკი ჩ. გ. 23o5’) ტაივანს თითქმის შუაში კვეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ კუნძულის ჩრდილოეთში სუბტროპიკული ჰავაა, ხოლო სამხრეთში – ტროპიკული. კუნძულის მოსახლეობა: 23.2 მილიონია (2024), აქედან ურბანული მოსახლობის წილი 83%-ია; მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა: 95% ჩინელები (ჰანი, ჰაკკა, ჰოკლო, სხვა) და ტაივანის აბორიგენული მოსახლეობაა (ჩინ. „გაოშანი“ – მთის ხალხი) – 2%.

კუნძული ტაივანი, რომელიც გეოგრაფიულად წყნარ ოკეანეში და სახრეთ-აღმოსავლეთი ჩინეთის თბილი ზღვის წყლებში მდებარეობს, მიუხედავად თავისი მოკრძალებული ზომისა, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ტაივანი, აზიის ქვეყნებს შორის გამორჩეულია იმ მრავალფეროვნებით, რომლებიც კუნძულის ბუნებასა და მის მკვიდრ მოსახლეობას (ტაივანელი ჩინელები, კონტინენტური ჩინეთიდან მოსული ჰაკკას ხალხი და ადგილობრივი აბორიგენული წარმოშობის, ავსტონეზიური ხალხები, ლ.ა.) ახასიათებს. ძნელია, იპოვო ისეთი მცირე ზომის მიწა, რომელზეც სხვადასხვა დროს, ჩინეთის იმპერიის, ჩინეთის რესპუბლიკის, ჰოლანდიელების, ესპანელებისა და იაპონელების დროშები ფრიალებდა! XIX საუკუნის ბოლოს, ტაივანში შეჭრა და მისი დაპყრობა ფრანგებმაც კი სცადეს[2], რომელიც ტაივანიდან დაახლოებით 22,000 კმ-ით არის დაშორებული!

…და მაინც, რატომ ტაივანი? რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

მოკლე ცნობები ტაივანის ეკონომიკის შესახებ. 1) ტაივანის სამრეწველო ძლიერება (ნახევრადგამტარები): ტაივანში მდებარეობს კომპანია TSMC, რომელიც მსოფლიოში მიკროჩიპების უპირველესი მწარმოებელია. კომპანია უზრუნველყოფს ამ სახის მოკროჩიპებით მსოფლიო ბაზრის 50%-ზე მეტს(!). ის მოწინავეა ტექნოლოგიებში და გადამწყვეტ როლს ასრულებს ელექტრონიკის გლობალური მიწოდების კუთხით. TSMC (Taiwan Semiconductor Manufacturing Company) აწარმოებს ჩიპებს Apple-ის, NVIDIA-ს და სხვა მსხვილი კომპანიებისთვის. 2) ნობელის პრემიები და აკადემიური წარმატებები: ოთხ ტაივანელ მეცნიერს მოპოვებული აქვს ნობელის პრესტიჟული პრემია (ქიმიაში, ბილოგიაში); ათობით ტაივანელი მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია (მაგ., ფიზიკასა და მედიცინაში), რაც ამყარებს მათ გლობალურ აღიარებას და მიმზიდველს ხდის ტაივანთან თანამშრომლობას. ტაივანის უნივერსიტეტები (მაგ., National Taiwan University) მსოფლიოს საუკეთესო ასეულში შედის. 3) მწვანე ენერგია და ბიოტექნოლოგიები: ტაივანში აქტიურად ვითარდება მზისა და ქარის ენერგია (აქვთ ქარის რამდენიმე დიდი სადგური 100-დან 376 მეგავატამდე სიმძლავრით – შედარებისთვის, გორის ქარის სადგურის ჯამური სიმძლავრე დაახლ. 20,7 მეგავატია), ასევე ბიომედიცინის ინდუსტრია, რაც კუნძულს მდგრადი განვითარების ლიდერად აქცევს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით[3], 2024 წელს, ტაივანის ეკონომიკა (წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა – მშპ, 782.44 მილიარდი აშშ დოლარი, nominal GDP estimate) მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი და მაღალტექნოლოგიური ეკონომიკაა და დაახლოებით 25-ე ადგილს იკავებს. ეკონომიკის მოცულობით იგი ახლოს არის ისეთ განვითარებულ ქვეყნებთან, როგორებიცაა – საუდის არაბეთი (1 ტრილიონი აშშ $), ნიდერლანდები (1 ტრილიონი აშშ $), თურქეთი (1.32 ტრილიონი აშშ $), შვეიცარია, შვედეთი და პოლონეთი (0.8-0.9 ტრილიონი აშშ $) და მსოფლიოს ოცეულში მოიაზრება. რაც შეეხება ერთ სულზე მშპ-ს (ნომინალური დათვლით) 33-34,000 აშშ დოლარს აღწევს და ისეთი ქვეყნების მშპ-ს უახლოვდება, როგორებიც არიან იაპონია, სამხრეთი კორეა, ესპანეთი და მაღალშემოსავლიანი, განვითარებული ქვეყნების კატეგორიაში მოიაზრება.

„ტაივანური“ ეკონომიკური სასწაული: ტაივანის ეკონომიკური განვითარება და გასული საუკუნის 60-80-იან წლებში ეკონომიკური აღმავლობა (აზიის ვეფხვების – იაპონია, სამხრ. კორეა, ტაივანი და სინგაპური – ე.წ. ეკონომიკური ბუმი) და ამ ეკონომიკების კონკურენტულობა (როგორც ეს მოგვიანებით, ჩინეთის ბიზნესისათვის „გახსნის“ შემთხვევაში მოხდება, ლ.ა.) დასაწყისში ემყარებოდა ამ ქვეყნებში იაფი მუშახელის არსებობას და მშრომელთა კლასის უუფლებობას.

კუნძულზე, მსგავსად მეორე მსოფლიო ომისშემდგომი იაპონიისა, ჩატარდა მასშტაბური აგრარული რეფორმა, რომელიც კუნძულის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად გადაიქცა: მსხვილი მიწათმფლობელებისგან (ანალოგი: ლატიფუნდისტები) სავალდებულო წესით გამოისყიდეს მიწების ნაკვეთები და მიჰყიდეს ისინი გლეხებს, შეღავათიანი განვადების პირობით. შედეგად, მსხვილმა მიწათმფლობელებმა მიიღეს ფული, სახელმწიფო ობლიგაციები და აქციები, რომლის დაბანდებაც ბიზნესსა და წარმოებაში განხორციელდა! ამავე დროს, წვრილი ფერმერები გათავისუფლდნენ ლატიფუნდისტების მძიმე საბეგრო გადასახადებისგან (შემცირება 50-70%-დან 37%-მდე!) და თვითონ იქცნენ მიწების წვრილ მფლობელებად.

უკვე 1948 წელს, კუნძულზე უცხოური კომპანიების ნაწარმის კომპლექტაციაზე დაყრდნობით, დაიწყო მარტივი რადიოტექნიკის წარმოება (ბრენდები: General Electric, Philips, Hitachi, Toshiba, სხვა) მსოფლიო ბაზრისათვის; 1950 წლიდან, ტაივანზე იწყება ამერიკული Ford-ის სატვირთო მანქანების და Caterpillar-ის მძიმე სამშენებლო ტექნიკის წარმოება (კუნძულის ძლიერი დამოკიდებულებით აშშ-ზე, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით); 60-იანი წლების დასაწყისიდან, ტაივანი (აგრარული რეფორმის წარმატებული განხორციელების შემდეგ) სრული ძალით იწყებს სამრეწველო „ბუმს“ და კუნძულზე იხსნება გლობალური კორპორაციული წარმოებები (ბრენდები: RCA, Sony, Texas Instruments).

ტაივანის განვითარება ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოფილ მეტროლოპოლიასთან, იაპონიასთან: 1950-იანი წლების დასაწყისში ომითა და დაბომბვებით დანგრეული იაპონია განვითარების მძლავრ იმპულსს იღებს. იაპონია იქცა კორეის ომის უკანა ფრონტად, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა და რომელიც კორეაში კომუნისტებს ებრძოდა. ამერიკელებისთვის ძალიან ძვირი და რთული იყო ასიათასობით ჯარისკაცისა და მძიმე, ტექნოლოგიურად რთული ტექნიკისთვის საჭირო მარაგების აშშ-დან ტრანსპორტირება. შედეგად, იაპონურმა საწარმოებმა ამერიკელებისგან უზარმაზარი სამხედრო შეკვეთები მიიღეს, ხოლო ომის დასრულების შემდეგ ეს თანამშრომლობა გაგრძელდა უკვე ამერიკული ტექნოლოგიებისა და შექმნილი ბაზრების დახმარებით. იაპონელებმა მალევე მოიფიქრეს, რომ მათი საქონლის კონკურენტულობის გასაზრდელად, საჭირო იყო ტაივანის გამოყენება – იმ წლებში, ტაივანური მუშახელი იაპონურზე უფრო იაფი იყო, ხოლო ძველი კავშირები ბოლომდე არ იყო გაწყვეტილი; ამას ემატებოდა იაპონური ენის ფაქტორი, რომელიც ტაივანში ბევრმა იცოდა. მზარდი იაპონური მრეწველობის შეკვეთებს ნაწილობრივ ტაივანელ კონტრაქტორებსაც აძლევდნენ. საერთო მტრები, საერთო მოკავშირეები და საერთო კომერცია მოულოდნელი კუთხით დაეხმარა გუშინდელ მტრებს — იაპონელებსა და გომინდანის ჩინელებს — საერთო ბიზნესენის პოვნაში.

ტაივანის ისტორია მოკლედ

1895 წელს იაპონიის ახალგაზრდა იმპერიამ (იმპერატორი მეიძი-ტენნო, ფეოდალური იაპონიის რეფორმატორი იმპერატორი, რომელმაც 1867 წელს იაპონიაში სიოგუნების და სამურაების ეპოქა დაასრულა, ლ.ა.), ჩინეთის მმართველ ცინის დინასტიას 1894-1895 წწ. ომის შედეგად, „შიმონოსეკის ხელშეკრულებით“ ტაივანი წაართვა (შენიშვნა: ამ ომის შემდეგ იწყება იაპონიის იმპერიალისტური დაპყრობითი ომები აზიაში, ლა.). იაპონელმა კოლონიზატორებმა კუნძულზე მკაცრი რეპრესიები წამოიწყეს და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიმართ უმკაცრეს ზომებს მიმართეს. პარალელურად, დაიწყო ადგილობრივი ჩინელებისა და აბორიგენების იაპონიზაციის მცდელობები. კუნძულ ტაივანზე, იაპონიის 50-წლიანი კოლონიზაციის პერიოდის შედეგები დღესაც შესამჩნევია: კოლონიური ეპოქის დროს აგებული სარკინიგზო სადგურები, სამთავრობო შენობები, სკოლები და ტაძრები, კვლავაც შესამჩნევია დედაქალაქ ტაიბეიში, ქალაქ ტაინანსა და ტაიჩუნგში. დიდი საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები (გზები, წყალსაცავები და ჰიდროელექტრო-სადგურებისა და სარწყავი სისტემების კაშხლები) იაპონური ბატონობის დროს განხორციელდა და დიდწილად, საფუძველი ჩაუყარა ტაივანის დღევანდელ განვითარებას.

ტაივანელთა უფროსი თაობა (დაბადებულნი 1945 წლამდე) და მათი შთამომავლების ნაწილი ჯერ კიდევ თავისუფლად ფლობს იაპონურ ენას, განსაკუთრებით ტაივანის სასოფლო რაიონებში და ტაივანის ძველი დროის ელიტაში (რომლებსაც სასკოლო განათლება იაპონურ ენაზე ჰქონდათ მიღებული). დღეს იაპონური ენა კვლავ პოპულარულია ტაივანზე და იგი უმეტესწილად, ტაივანელთა მეორე ან მესამე უცხო ენას წარმოადგენს. ისტორიული დოკუმენტებით, იაპონელთა განზრახვა, კუნძულის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში სერიოზული ინვესტიციებით, ტაივანის „საჩვენებელ კოლონიად“ გადაქცევა გახლდათ. მიღწევები საკმაოდ წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა: კოლონიზაციის პერიოდის დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც ღარიბი და გაუნათლებელი იყო.

1945 წელს, აშშ-ს მიერ იაპონიის ატომური დაბომბვისა და კაპიტულაციის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებმა (აშშ და სსრკ) კუნძული ჩინეთის ოფიციალურ მთავრობას — იმ დროს, გომინდანის რეჟიმს გადასცეს[4]. ოთხი წლის შემდეგ, 1949 წელს გომინდანის ნაციონალისტებმა წააგეს სამოქალაქო ომი კომუნისტებთან და ვინც მოასწრო, „წითლებისგან“ ტაივანზე გაიქცა. კუნძულს მატერიკისგან ზღვა და დაახლ. 130-140 კმ-ის სიგანის ტაივანის სრუტე ჰყოფდა. გაქცეულ „თეთრებს“ შორის შორის იყვნენ მსხვილი მეწარმეები, შეძლებული პირები და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები.

ბუნებრივია, კომუნისტებს სურდათ, გომინდანის წარმომადგენლებს ტაივანზეც მისდგომოდნენ, მაგრამ იმ დროს უკვე დაწყებული იყო კორეის ომი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიამზიდთა შენაერთები სრულად აკონტროლებდა ტაივანის სრუტეს, იქ მდებარე კუნძულებსა და კუნძულის სანაპიროს. ინტერვენცია ვერ შედგა. უნდა ითქვას, რომ 50-იანი წლების „ორი ჩინეთი“ მოქალაქეების მიმართ სიმკაცრითა და სისასტიკით ერთმანეთის მსგავს რეჟიმებს წარმოადგენდნენ. კონტინენტზე, ჩინეთის ლიდერს, მაო ძე-დუნს გენიოსად აღიარებდნენ, ანადგურებდნენ ჩინური კულტურის უძველეს ძეგლებს, ხოცავდნენ ბეღურებს და პროფესორებს „სახალხო აღზრდისთვის“ შორეულ სოფლებში აგზავნიდნენ, ხოლო კუნძულზე, კომუნისტებისადმი სიმპათიის ეჭვის, პროტესტის, გაფიცვის მცდელობებისა თუ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და შრომის ინტერესებზე საუბრის გამო, ადამიანს, საუკეთესო შემთხვევაში, ციხე ელოდა, ხოლო უარეს შემთხვევაში — დახვრეტა ან „გაქრობა“.

 (პირველი ნაწილის დასასრული), 

 

[1] „განხეთქილების ვაშლი“ – კამათის და დაპირისპირების მიზეზი. ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით, განხეთქილების ვაშლი იყო მითოსური ოქროს ვაშლი, წარწერით „უმშვენიერესს“. განხეთქილების ქალღმერთმა ერიდამ, ეს ვაშლი შეაგდო პელევსისა და თეტიდას ქორწილში, განრისხებულმა იმით, რომ თვითონ არ დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდნენ ქალღმერთნი: ჰერა, ათენა და აფროდიტე. სწორედ მათ შორის ერთ-ერთს უნდა რგებოდა ოქროს ვაშლი. ბოლოს ვაშლი აფროდიტეს ერგო რამაც ათენა და ჰერა განარისხა.

[2] საუბარია 1884-1885 წწ. საფრანგეთ-ჩინეთის (ცინის დინასტია) ომზე, რომელიც 1885 წლის ივნისში დასრულდა ტიანძინის ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთმა მოიპოვა კონტროლი ვიეტნამზე (ტონკინზე), ხოლო კ. ტაივანი, მიმდებარე კუნძულებით – ჩინეთის იმპერიას დაუბრუნდა (ლ.ა.).

[3] წყარო: Taiwan: Gross domestic product (GDP) in current prices from 1987 to 2030: https://www.statista.com/statistics/727589/gross-domestic-product-gdp-in-taiwan/

[4] გომინდანის მთავრობა (კუომინტანი, 國民黨, „სახალხო პარტია“) — ეს გახლდათ ჩინეთის რესპუბლიკის ნაციონალისტური მთავრობა, რომელიც დააარსა სუნ იათ-სენმა 1912 წელს, ხოლო მოგვიანებით მას ხელმძღვანელობდა გებერალი ჩან კაი-ში. ძირითადი მახასიათებლები მოკლედ:

იდეოლოგია: ნაციონალიზმი, ანტიკომუნიზმი, ავტორიტარიზმი (ჩინური ტრადიციებისა და დასავლური მოდერნიზაციის შერწყმით). 1920-30-იან წლებში ებრძოდნენ ადგილობრივ ფეოდალებს და კომუნისტებს; 1937–1945 წლებში იბრძოდნენ იაპონიის წინააღმდეგ მეორე ჩინეთ-იაპონიის ომში; 1945–1949 წლებში წააგეს სამოქალაქო ომი ჩინელ კომუნისტებთან და დაახლ. 1.5 მილიონმა ადამიანმა, თავი კ. ტაივანს შეაფარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“