პარასკევი, ივნისი 27, 2025
27 ივნისი, პარასკევი, 2025

რა არის არაფორმალური განათლება?

თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო აქტუალური ხდება არაფორმალური განათლების მნიშვნელობის გააზრება და პრაქტიკაში დანერგვა. ადამიანის განვითარებამ და საზოგადოებრივმა პროგრესმა განაპირობა ის, რომ განათლება აღარ განიხილება მხოლოდ სკოლასა და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის დიპლომის აღიარებით. განათლება ცხოვრებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ პროცესად იქცა, რომელიც კავშირშია ყველა იმ აქტივობასთან სკოლამდე, სკოლის დროს ან შემდგომ ცხოვრებაში რომ ვახორციელებთ და საკუთარი გამოცდილებით ვსწავლობთ, ხშირად უნებლიეთაც კი, მაგრამ სისტემურად.

XX საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული ცნებების გამიჯვნა. 1920-იან წლებში ედუარდო  ლინდემანმა პირველად გამოიყენა ეს ტერმინი და უკვე 1950 წელს გამოქვეყნდა მალკოლმ ნოულის ნაშრომი „Informal Adult Education”. 70-იანი წლებიდან უკვე იუნესკოს შემოაქვს კლასიფიკაცია, განმარტებებით.

არაფორმალური განათლებისას  სწავლის პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივად, ეფუძნება შემთხვევითობას და ის შეიძლება მიმდინარეობდეს ნებისმიერ გარემოში, კონტექსტიდან გამომდინარე. ის ორიენტირებულია სუბიექტზე, მეტია მოტივაცია და თავისუფლება, სრულად ავტონომიურია. ცხოვრებაში დასწავლილი და შეძენილი ესა თუ ის უნარი, ხშირ შემთხვევაში, დაუდასტურებელია, ანუ მას არ მოჰყვება დიპლომი ან რამე სახის სერტიფიკატი, თუმცა ყველაზე კარგად გამოყენებადია.

დღეს არაფორმალური განათლება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრისას. UNESCO და სხვა ორგანიზაციები ღიად აღიარებენ, რომ აუცილებელია ფორმალური და არაფორმალური განათლების ტიპების ინკლუზია. მაგალითად, UNESCO განათლების მდგრადი განვითარების მიზნებში (SDG4) და UNESCO გლობალურ პროგრამაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შეძენილი კომპეტენციების აღიარების თაობაზე.

ჯერ კიდევ 2012 წელს შეიქმნა მნიშვნელოვანი გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს აღიარებული და საკვალიფიკაციო ჩარჩოში ჩასმული არაფორმალური, შეძენილი კომპეტენციები, რაც გახდება დამაკავშირებელი ხიდი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის.

ევროპის პოლიტიკაში ეს მიდგომა აისახა ევროკავშირის რეკომენდაციებში და ქვეყნების ეროვნულ სტრატეგიებში. ბევრ ევროპულ სახელმწიფოში მოქმედებს სპეციალური საბჭოები, რომლის მიზანი დაგროვებული გამოცდილებისა და შეძენილი კომპეტენციების აღიარებაა. ეს ყოველივე ხელს უწყობს სრული ინკლუზიის პროცესს, რაც აძლიერებს სოციალურ კაპიტალს, მდგრადობას, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია სწრაფად ცვალებადი საგანმანათლებლო პოლიტიკის პირობებში.

 

ქუმბაასისა და აჰმედის ცნობით, არაფორმალური სწავლება არის მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე პროცესი, რომელსაც ადამიანი იღებს ყოველდღიური გამოცდილებიდან.

იუნესკო: განათლება, რომელიც მიიღება ყოველდღიურად, მთელი ცხოვრების განმავლობაში ოჯახში, საზოგადოებასა თუ სამსახურში, არ არის და ვერ იქნება სტრუქტურირებული და არ ჰგავს ტიპურ სასწავლო დაწესებულებაში მიღებულ განათლებას.“ (UNESCO, 2012).

ასეთი ტიპის განათლება ხშირად არ არის სერტიფიცირებული, თუმცა მისი გავლენა გაცილებით ღრმაა, ეს განსაკუთრებით სოციალურ, კულტურულ და პროფესიულ განვითარებას ეხება და თვისობრივად ცვლის მას.

ევროპარლამენტის ერთ-ერთ ანგარიშში დიდი ადგილი დაეთმო არაფორმალური განათლების მნიშვნელობის განმარტებასა და წინ წამოწევას.

„არაფორმალური განათლება და ამ გზით მიღებული პრაქტიკული უნარები, მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე ახალგაზრდების ჩართვისა და აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“ (European Parliament, 2015).

2020 წელს გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის მოხსენებაში ვკითხულობთ: „არაფორმალური განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია“. აქვე, „სოციალური თანასწორობის მიღწევის ერთ-ერთი გასაღებია არაფორმალური სწავლების შესაძლებლობების გაფართოება“.

იუნისეფი ყურადღებას ამახვილებს კრიზისულ და კონფლიქტურ რეგიონებში არაფორმალური სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე: „როდესაც ფორმალური განათლება ჩერდება, არაფორმალური გზები რჩება ერთადერთ წყაროდ ბავშვისთვის საჭირო ცოდნისა და სტაბილურობის მისაღწევად“ (UNICEF, 2018).

თანამედროვე განათლების კვლევებში აღნიშნულია, რომ, ხშირ შემთხვევაში, არაფორმალური განათლების მოდელი მეტად ეფექტიანია, ვიდრე ფორმალური, რადგან ის ბუნებრივ გარემოში მიმდინარეობს და ზუსტად ერგება ინდივიდის ინტერესებსა და საჭიროებებს. ეთიენ ვენგერი წერს: „სწავლა არის სოციალური პროცესი. ადამიანები ყველაზე ეფექტურად მაშინ სწავლობენ, როდესაც ისინი ებმებიან პრაქტიკულ, რეალურ საქმიანობაში. ეს უკანასკნელი კი სწორედ არაფორმალური განათლებითაა შესაძლებელი“ (Wenger, 1998).

ამავე აზრზეა ჰარვარდის პროფესორი ჰოვარდ გარდნერი. „არაფორმალური განათლება ადამიანს აძლევს საშუალებას, ისწავლოს საკუთარი ტემპითა და საკუთარი სტილით, რაც უპირატესობას მიანიჭებს მას, ფორმალურ სისტემასთან შედარებით“ (Gardner, 2006).

ჯონ დიუის ფუნდამენტური იდეა ეფუძნება აზრს, რომ განათლებაა თავად ცხოვრება, რადგან ადამიანი როდესაც ცხოვრობს, თავისთავად შემეცნებით პროცესში იმყოფება, ვინაიდან მუდმივად ვითარდება. ამ იდეას იზიარებს კრიტიკული პედაგოგიკის წარმომადგენელი პაულო ფრეირე. იგი აღნიშნავს, რომ შემეცნებით პროცესში მონაწილეობა არის ყველაზე კარგი გაკვეთილი. გაკვეთილებიც სწორედ ცოცხალ გამოცდილებაზე დააფუძნა, ეს მიდგომა კი დღემდე ძალიან პოპულარულია და, რაც დრო გადის, მეტი ადამიანის დაინტერესებას იწვევს. დიუისა და ფრეირეს მოსაზრებას ეთანხმება ალან როჯერსი, იგი ძირითადად მოზრდილთა პედაგოგიკის მკვლევარია, თუმცა ამბობს, რომ ადამიანი ვითარდება და ახალ უნარებს იძენს იმ სოციუმში, სადაც  ცხოვრობს, ხოლო პრაქტიკაში მიღებული ეს ცოდნა და უნარები შეუქცევად კონკურენციას უწევს ფორმალურ განათლებას.

აუცილებელია აღინიშნოს ეტინ ვენგერის, ჟან ლავის, მალკოლმ ნოულსისა და ჯეკ მეზიროუს მნიშვნელოვანი კვლევები ტრანსფორმაციულ და არაფორმალურ სწავლებაზე.  ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანი აუცილებლად ჩართული უნდა იყოს სწავლის დაგეგმვის პროცესში, როგორც მთავარი აქტორი, რაც განაპირობებს არაფორმალური განათლების დანერგვის აუცილებლობას.

არაფორმალური განათლება დღეს განიხილება არა როგორც ფორმალური განათლების ალტერნატივა, არამედ მისი გაგრძელება. როგორც იუნესკოს დებულებაში ვკითხულობთ, განათლების ეკოსისტემა, ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთთანამშრომლობის გარეშე, ვერ შექმნის მდგრად პროდუქტს, საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის (UNESCO, 2015).

არაერთ წარმატებულ ქვეყანაში არაფორმალური განათლება უკვე აღიქმება როგორც სწავლის სრულყოფილი კომპონენტი, რომელიც შეძენილია ბუნებრივ გარემოში, რაც  ზრდის ცოდნის ხარისხსა და შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობას.

ფინეთი – ფინეთის განათლების სისტემა ცნობილია თავისი მოქნილობით, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომითა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებით. ფინური განათლების მოდელში სწორედ არაფორმალური განათლება ითვლება ფორმალური განათლების მნიშვნელოვან ნაწილად.

მოსწავლეები მეტად იაზრებენ იმ სოციალურ, კულტურულ თუ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებს, რაც საზოგადოებასა და გარემოსთან კავშირისთვის სჭირდებათ, ეს ცხოვრებისეული გამოცდილების ხარჯზე ხდება.

სწავლების პროცესში ჩართულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რომლებიც  გამოყოფენ რესურსებს არაფორმალური განათლებისთვის, რომელიც  ჩაშენებულია სასკოლო სასწავლო გეგმებში.  დიდ როლს ასრულებს  არასამთავრობო სექტორის ჩართულობა.

ფინეთში ისწავლება საგანი “ჩვენი საქმე” (Meidän juttu), აღნიშნული საგნისთვის მოსწავლეებმა თავად შეადგინეს საინტერესო საკითხთა ჩამონათვალი და პედაგოგებთან\დარგის სპეციალისტებთან ერთად  მუშაობენ მათთვის საინტერესო საკითხებზე. მუშაობის პროცესი აღმოჩნდა ძალიან პროდუქტიული და ეფექტიანი მოსწავლეთა მოტივაციის და თვითშეფასების ზრდისთვის.

კანადა – კანადაში არაფორმალური განათლების  დანერგვა უკავშირდება სოციალური თანასწორობის პროცესს, განსაკუთრებით იმ კატეგორიის ადამიანებისთვისაა აუცილებელი, რომელთაც  ხელი არ მიუწვდებათ  ფორმალურ განათლებაზე.

არაფორმალური განათლების დანერგვას კურირებენ  არასამთავრობო, სასკოლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, ხშირად დაფინანსებულია ფედერალურ დონეზე.

არაფორმალური განათლების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს არა მხოლოდ სკოლებში, არამედ ბიბლიოთეკებში, მულტიკულტურულ დაწესებულებებში, ახალგაზრდულ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.

პროექტი “Youth Empowering Parents” არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა თაობა გახდეს გზის მაჩვენებელი მშობლების თაობისთვის მაშინ, როდესაც სამყარო ასეთი ცვალებადია და საბაზისო უნარების ფლობა მნიშვნელოვანია გადარჩენისათვის.

პროექტი ითვალისწინებს ინგლისური ენის შესწავლას, სადაც სკოლის მოსწავლეები მშობლებისთვის გეგმავენ გაკვეთილებს. ერთი მხრივ, მოსწავლეები იძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს და მეორე მხრივ, მშობლები იღებენ ახალ ცოდნას, რაც ასევე აძლიერებს ოჯახურ კავშირებს.

მოსწავლეები მუდმივად გადიან გადამზადებას დარგის სპეციალისტებთან.  თვითონ მოსწავლეები კვირაში ერთხელ ატარებენ გაკვეთილს. შეფასება ფინეთის მსგავსად  თვითრეფლექსიაზეა დაფუძნებული და შედეგები ბევრად მეტის მომცემია, ვიდრე მხოლოდ ენის ათვისების გაკვეთილებზე იქნებოდა შესაძლებელი.

კანადისთვის არაფორმალური განათლება არა მხოლოდ კარგი ალტერნატივაა, არამედ სტრატეგიული ინსტრუმენტია სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. კანადის გამოცდილება  შეიძლება კარგი მაგალითი იყოს ყველა მულტიკულტურული ქვეყნისთვის.

ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული გამოცდილება და კვლევები გვიჩვენებს, რომ არაფორმალური განათლების გაძლიერება ხელს უწყობს სოციალური ინტეგრაციის, დასაქმების, შემოქმედებითობისა და ინოვაციების ზრდას. ამიტომ საჭიროა პოლიტიკის დონეზე მისი აღიარება  და განვითარებისთვის  აქტიური ხელშეწყობა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“