ესე1
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ესეს
„ლიტერატურული კრიტიკის, ფილოსოფიის, პუბლიცისტიკისა და მისთ. ჟანრი, რომელსაც ახასიათებს ფორმის თავისუფლება და ავტორის სუბიექტური დამოკიდებულების წარმოჩენა“.
(ქართული ლექსიკონიდან)
ალბათ არაერთხელ გვქონია შემთხვევა, როდესაც მოსწავლე თავს იკავებს ესეს (არ აქვს მნიშვნელობა, ანალიტიკური, არგუმენტირებული თუ სხვ.) დაწერისგან. არ მინდა, არ ვიცი, არ გამომდის, არ შემიძლია, ვერ ვწერ… – უამრავი მიზეზის მოფიქრება შეიძლება საამისოდ და ეს ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად არ უჭირთ. მასწავლებლებმა არ უნდა შევიკავოთ თავი და არ გადავდოთ სამომავლოდ ამ უნარის ჩამოყალიბება, თუნდაც იმ საბაბით, რომ გაკვეთილზე ბევრი დრო მიაქვს, რომლის გამოყენებაც სხვა მიმართულებით განვითარებას შეიძლება უფრო ეფექტურად მოვახმაროთ. ეს ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, თანაც დასწავლადი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ და ჩვენს მოსწავლეებს საამისოდ გარკვეული სტრატეგიებიც შევთავაზოთ.
ხშირად ვავალებთ ესეს შექმნას საშინაო დავალებად, სადაც დამხმარედ და მშველელად დედა, მამა, ძიძა, ბებია, პაპა, უფროსი და-ძმა და ამ ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტიც ეგულებათ.
როგორ ვასწავლოთ საბაზო საფეხურის მოსწავლეს ესეს წერა
მოსწავლეებს, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე, ხშირად უჭირთ საკუთარი აზრის გამოთქმა და საკუთარი ნააზრევის ფურცელზე გადატანა, აზრის გამთლიანება. ამიტომ, აქტივობების გამოყენება, რომელებიც დაეხმარება ესეს წერის პროცესში, შეიძლება ძალიან ეფექტური გამოდგეს. მნიშვნელოვანია, სწავლის პროცესი იყოს მარტივი, გასაგები და თანმიმდევრული.
- დავეხმაროთ მოსწავლეს თემის არჩევაში
დავიწყოთ მარტივი თემებით, რომლებსაც მოსწავლე კარგად იცნობს. უფრო კომპლექსური თემები შეიძლება შემდეგ დავაწერინოთ. წერისთვის მთავარი ნაბიჯი თემის სწორად არჩევაა. ესე უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ საკითხზე, რომელსაც მოსწავლე ადვილად გაართმევს თავს.
- გავაცნოთ სტრუქტურა
მოსწავლეებს დავეხმაროთ სტრუქტურის მარტივად დაყოფაში:
- პირველი ნაწილი – დასაწყისი
- მეორე ნაწილი – ძირითად საკითხზე მსჯელობა
- მესამე ნაწილი – დასკვნა.
- მაგალითები და შაბლონები
ვწეროთ ერთად მაგალითები. მივცეთ მოსწავლეებს მარტივი შაბლონები, რომლებსაც შემდეგ შეიძლება გამოიყენონ. მაგალითად:
- შესავალი: „ვფიქრობ, რომ … ჩემი აზრით…, რადგან …“
- მთავარი ნაწილი: „მიზეზი 1: … მაგალითი: …”
- მნიშვნელოვანია, რომ ტექსტში პოზიცია არგუმენტებით გაამყარონ. ამისთვის გამოიყენენონ ლოგიკა, სტატისტიკა, გამონათქვამები ან მაგალითები.
- ენა და სტილი
- ენა უნდა იყოს სადა და გასაგები.
- გადაამოწმონ, რომ ტექსტი ენობრივად გამართულია.
- თავიდან ავირიდოთ რთული გამონათქვამები, რადგან შესაძლოა გაჭირდეს აზრის გაგება.
- რედაქტირება
წერის შემდეგ ყოველთვის აუცილებელია ტექსტის რედაქტირება. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რამე დინამიკა დაკარგულია ან საჭიროა დამატებითი არგუმენტი.
- მცირე ნაბიჯები
არ დავუშვათ, რომ მოსწავლემ იგრძნოს თავი გადატვირთულად. გავუზიაროთ კონკრეტული და მარტივი რჩევები. დავიწყოთ ერთი აბზაცით, და ნელ-ნელა გავზარდოთ მოცულობა.
- პოზიტიური უკუკავშირი
ვინაიდან ესეს წერა საკმაოდ სახალისო და შემოქმედებითი პროცესი შეიძლება იყოს, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს მივცეთ პოზიტიური და სწორი უკუკავშირი, არ დავაბნიოთ ის.
გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაეხმარება, ეცადოს, ჩამოაყალიბოს და დაწეროს გამართული ესე:
- „ასოციაციური რუკა“ (გონებრივი იერიში)
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ იდეების სწრაფად თავმოყრა და თემის უკეთესად გააზრება.
- მივცეთ მოსწავლეებს კონკრეტული თემა, მაგალითად: „ჩემი საყვარელი წიგნი“ ან „როგორ შევცვლიდი სკოლის წესებს“.
- შემდეგ, წავახალისოთ ისინი, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში დაწერონ ყველა იდეა, რაც თავში მოუვათ.
- ავარჩიოთ რამდენიმე ყველაზე საინტერესო იდეა და შევქმნათ კონცეფცია.
- 5 კითხვა:
მიზანი: თემის უკეთ გააზრება და თხრობის ორგანიზება.
- მოსწავლეებს მივცეთ სამსჯელოდ კონკრეტული საკითხი, მაგალითად: „რატომ მიყვარს ზაფხული?“
- ამ თემის გარშემო დავსვათ კითხვები:
- ვინ? – ვის ვხვდებით ზაფხულობით?
- რ? – რა ხდება ზაფხულში?
- როდის? – როდის ხდება ყველაფერი?
- სად? – სად ხდება ეს?
- რატომ? – რატომ ხდება ეს?
- „აბზაცი+შედეგი“ (მთავარი წინადადება + დამხმარე დეტალები)
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ, როგორ ააგონ აბზაცი.
- ვთხოვოთ, დაწერონ რაიმე ზოგადი თემა, მაგალითად ისაუბრონ საყვარელ წიგნზე.
- გაითვალისწინონ ძირითადი სტრუქტურული ელემენტები:
- შესავალი – რა არის მთავარი იდეა (მაგალითად, რატომ უყვართ ეს წიგნი).
- არგუმენტები – რატომ არის ის განსაკუთრებული, რა ინფორმაცია აქვს, რა შეცვალა მათს ცხოვრებაში.
- ყურადღება გავამახვილოთ სტრუქტურაზე. როგორ უნდა ჩამოაყალიბონ მოსწავლეებმა თემა (პარაგრაფის დასაწყისი), და როგორ გაამყარონ საკუთარი მოსაზრება.
- პირამიდა
მიზანი: მოსწავლეებს დავეხმაროთ, უკეთ დაახარისხონ და შეარჩიონ მნიშვნელოვანი არგუმენტები.
- ავაგოთ „პირამიდა“, რომელიც აჩვენებს, თუ რა არგუმენტები უნდა მოექცეს ყველაზე მაღალ საფეხურზე და რა — დაბალზე.
- მოვიყვანოთ რამდენიმე არგუმენტი ამ თემაზე.
- მოსწავლეები არგუმენტებს დაასახელებენ, შემდეგ განიხილავენ, რომელია ყველაზე ძლიერი, და გამოიყენებენ ესეში.
- „ანალოგიები“
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გამოიყენონ ანალოგიები (პარალელები), რათა დააკავშირონ განსხვავებული იდეები ერთმანეთთან.
- მივაწოდოთ ბავშვებს გარკვეული ფაქტები ან მოვლენები, რომლებიც უნდა გააანალიზონ.
- შემდეგ ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ ანალოგიები (მათ შორის ემოციურიც) მოსაზრების განსამტკიცებლად.
- ასეთი ტიპის აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს, გაამთლიანონ საკუთარი აზრები.
- „ცრუ თუ ჭეშმარიტი?“ (ფაქტი თუ ვარაუდი/მოსაზრება)
მიზანი: გაარკვიონ, რა არის ფაქტი და რა — მოსაზრება.
- მოვიხმოთ რამდენიმე მაგალითი და ბავშვებს ვთხოვოთ, განსაზღვრონ, რომელი შეიძლება იყოს ცრუ ან ჭეშმარიტი, ფაქტი ან მოსაზრება.
- „კრიტიკული კითხვა“
მიზანი: დავეხმაროთ, ისწავლონ კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის შეფასება.
- დავსვათ კითხვა: „რა მოხდება, თუ …?“ ან „რატომ არის …?“
- ვთხოვოთ ბავშვებს, უპასუხონ ამ კითხვას.
- კითხვა პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს თემას. ამით მოსწავლე მიხვდება, როგორ ჩამოაყალიბოს ახალი იდეები და დამატებითი არგუმენტები.
ამ აქტივობების გამოყენებით, მოსწავლეები შეძლებენ, დაწერონ ეფექტური ესეები, შექმნან გამართული არგუმენტები და დააჩქარონ წერის პროცესი. თითოეული აქტივობა ეხმარება მათ სხვადასხვა ასპექტში: იდეების გენერირება, სტრუქტურის გაძლიერება, არგუმენტების ხელახლა ჩამოყალიბება…
ესეს წერის ტექნიკის დაუფლება არა მხოლოდ წერილობითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ბევრ რამეს, რაც საჭიროა ზოგადი განათლებისა და შემდგომი კარიერისთვის. ესეს წერის ტექნიკა აუმჯობესებს კრიტიკული აზროვნების უნარს, არგუმენტაციის, სტრუქტურირებისა და თვითგამოხატვის უნარებს, რომლებიც დაეხმარება არა მხოლოდ სკოლაში სწავლის პერიოდში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
გვახსოვდეს, რომ წერის პროცესში თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია და რაც უფრო დიდი გამოცდილება აქვს მოსწავლეს, მით უფრო დახვეწილი და ლოგიკური იქნება მისი ნამუშევარიც.