სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

ბავშვები, როგორც საუკეთესო ამბების შემქმნელები და ინიციატორები

ბავშვების  თხოვნით დაწერილი მოთხრობის გაგრძელება, ფიფქების ლეანა და სიხარულების შემგროვებელი

წლების წინ, ერთი მოთხრობა დავწერე ბავშვებისთვის: „ფიფქების ლეანა“. მე ძალიან მერიდება ხოლმე ჩემს მოსწავლეებს ჩემი დაწერილი ტექსტები წავაკითხო. ბავშვობაში დასწავლილი და ჩაგონებული სიმორცხვე თუ მორიდებულობა მძლევს. ამიტომ ცოტა გამიჭირდა, ჩემი დაწერილი მოთხრობა ჩემი მოსწავლეებისთვის გამეცნო. აი, ჩემმა კოლეგა მასწავლებელმა კი თავის მოსწავლეებს წაუკითხა და შესანიშნავი აქტივობებიც მიაყოლა. ბავშვებმა ლეანა დახატეს და გამოფენაც მოაწყვეს, სადაც მეც მიმიწვიეს. საოცარი შეგრძნება და ემოციები დამიტოვა მათთან შეხევდრამ. პატარები ძალიან, ძალიან მთხოვდნენ რომ ამ მოთხრობის გაგრძელება დამეწერა. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ყოველდღიურმა რუტინულმა ყოფამ ეს შესანიშნავი სურვილი და განზრახვა ჩაყლაპა. გავიდა წლები, ჩემს ცხოვრებაში საშინელი ტრაგედიაც დატრიალდა, ჩემი შვილი ანგელოზად იქცა და დედამიწა მიატოვა.

ლეანას ამბავი სულ მახსოვდა, ბავშვების გულწრფელი თხოვნა და სურვილები რატომღაც სულ თან დამყვებოდა. ჰოდა, ერთხელაც კიდევ გამახსენდა და ლეანას გაგრძელება დაიწერა, რომელიც ჩემი ანგელოზი შვილის ამბავს გადაეჯაჭვა.

რატომღაც მომინდა, აქ გამეზიარებინა ორივე ნაწილი, რადგან მასწავლებლის ჟურნალის ეს სივრცე ბოლო დროს ჩემი ყველაზე საუკეთესო ნაწილის გამოხატვის ადგილად იქცა. თან იმის თქმაც და მოყოლაც მინდა, რომ მასწავლებლობა, მართლაც იდუმალი მისიაა, პროფესიას დიდი ხანია გასცდა და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

გაუზიარეთ თქვენს მოსწავლეებს, წაუკითხეთ, დააფიქრეთ, ისაუბრეთ სიხარულსა და ზრუნვაზე, სიყვარულსა და თანაგრძნობაზე. საინტერესოა, რას იტყვიან, რას იგრძნობენ ბავშვები? უთხარით, რომ გაგრძელება მათი თხოვნით დაიწერა.

„ფიფქების ლეანა“

პირველი ნაწილი

იმდენი თეთრი იყო ირგვლივ, ისეთი თვალშეუდგამი სითეთრე, ხანდახან ფიქრობდა, რომ სხვა ფერი არ არსებობდა. თეთრი იყო თვითონაც, ოდნავ გამჭვირვალე. ზურგს ორი მოფრთხიალე ფრთა უმშვენებდა, ბოლომდე ფრთებსაც ვერ დაარქმევდით, ისეთი პატარები იყვნენ და ისეთი მოფრთხიალეები.

თვალები თითქოს თეთრი ჰქონდა, ხანდახან იისფრად გაუელვებდა ხოლმე. ეს მაშინ, გაზაფხული რომ დგებოდა – უზარმაზარი სითეთრის მოშორების დრო.

ლეანა ერქვა, გოგო იყო და ზემოთ ცხოვრობდა, ღრუბლებში კი არა ან ცისარტყელაზე, უფრო, უფრო ზემოთ. იჯდა და ძერწავდა, ქმნიდა, ხატავდა, ჭრიდა, აწყობდა, მერე სულს უბერავდა, ათვალიერებდა, მათი სილამაზით ტკბებოდა. მისი საქმიანობა, მისი ცხოვრება და ერთადერთი თავსატეხიც სწორედ ეს იყო: ფიფქების შექმნა. ჰო, ლეა ფიფქების შემქმნელი იყო.

– თეთრო ლეა, თეთრო ლეანა, ლეაა, მომაქვს დიდი ჩანთით ფიფქების მასალები, – თითქოს წამღერებით, თითქოს ხითხითით მოვიდა ლეანასთან მსუქანი ღრუბელი და ქულა ჩანთა გოგონას წინაშე წამოცალა.

წამოცალა და რა წამოცალა, ყველაფერი აქ იყო, რაც ლეას სჭირდებოდა, რომ მრავალწახნაგა, საოცარი ფიფქების გაკეთებაზე ეზრუნა:

მოხარხარე, მცხუნვარე, უზომოდ მხიარული მზისგან და ღრუბლებისგან შეწოვილი და აორთქლებული ზამთრის თოვლი და ყინული, ზამთარში მწვანედ დარჩენილი, დადარდიანებული ნაძვის ხეების გირჩების ცრემლები (გიკვირთ რატომ ტირიან ნაძვები? რატომ და უკვე დიდი ხანია, ზოგიერთი ადამიანი მათ საახალწლოდ სიცოცხლეს უსპობს, ჭრის, მიაქვს სახლში და ხელოვნური ფიფქებით რთავს, როცა ბუნებრივი უფრო უხდებათ და მათ მოსვლას სულით და გულით ელიან. ჰოდა, წინასწარ გლოვობენ, ტირიან და ტირიან, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო დარდიანები ხდებიან. შესაძლოა ნებისმიერი მათგანი გახდეს ცულის, ხერხის და ხელოვნური ფიფქების მსხვერპლი), გაზაფხულის ყვავილების სიხარულის ნამი, ზაფხულის ზღვის მლაშე წყალი, შადრევნების მოცეკვავე წვეთები, შემოდგომის გუბეების, გასაყინად მომზადებული მდინარეების ფიფქებისთვის გაღებული და გამეტებული წყლის წვეთები.

მოკლედ ფიფქების შემადგენელი ინგრედიატებია (სხარტად ამოძრავებს თითებში ჩაბღუჯულ ყინულის ფანქარს ლეანა, ხანდახან პირშიც იდებს. იწერს თავის თეთრ, ქუნქულა ბლოკნოტში):

ზამთრის თოვლი/ყინული/ ნაძვის ხეების ცრემლები;

გაზაფხულის ყვავილების ნამი;

ზაფხულის ზღვის მლაშე წყალი და შადრევნების მოცეკვავე წვეთები;

შემოდგომის გუბეების და მდინარეების წყალი.

ფიფქების შემადგენელი ნაწილი ოთხივე სეზონზე მოპოვებული წყალია.

ლეა ითვლის, ანგარიშობს, ახარისხებს მოხითხითე ღრუბლისგან მოტანილ მასალას.

მერე იწყებს, იწყებს და იწყებს.

ერთი ხუთქიმიანი მოხაზა ყინულის ფანქრით ღრუბლის ფურცელზე, მერე მზისგან და ღრუბლებისგან შეგროვილი წვეთები, ნამები, წყლები მიასხ-მოასხა, სული შეუბერა, ახლოს მიიტანა, მიეფერა და ფიფქიც გაცოცხლდა. წამოხტა ფურცლიდან, შეხტა, შეფარფატდა, შემოტრიალდა.

ოჰ, რა ლამაზი იყო! როგორ ელავდა, როგორ ბრწყინავდა, წყლისფრად ლივლივებდა, ყინულივით ბზინავდა.

ლეანამ დაარიგა, ნელ-ნელა იფრინე-იფარფატეო, ამა და ამ ქვეყნის, ამა და ამ ქალაქში მცხოვრებ წითელლოყება თეოს ზედ წამწამზე დააფრინდიო, სხვაგან არ დაჯდე არ შეგეშალოსო. მაინცდამაინც თეოსთან მიდიო, შენ თეოს ფიფქი ხარო, მიეფერე და მოკითხვა გადაეცი ჩემგან, ფიფქების შემქმნელი ლეასგანო.

ყველა ფიფქს თავისი დავალება, თავისი მისია ჰქონდა.

ექვსქიმას, რომელშიც ნაძვის ხის ცრემლები ჭარბობდა, ახალგაზრდა ვაშლის ხე უნდა ენუგეშებინა, ასე ძალიან, რომ განიცდიდა სიცივეს.

აი ის, ყველა გეომეტრიული ფიგურა: სამკუთხედები, წრეები, ოთხკუთხედები, რომ ჰქონდა ჩახაზული და ჩაჭრილი, თითოეულ ქიმზე რომ ხუთი წახნაგი ჰქონდა და ჯამში, ოცდახუთი – უპატრონოდ, უსახლოდ დარჩენილ ყურშას ცხვირზე უნდა მოკალათებულიყო და ეთქვა, რომ ლურჯკარიან, აგურით ნაშენ სახლში, ლამაზად მოკირწყლული ბილიკები რომ ამშვენებდა ეზოს, ერთი გოგონა – სოფიო ცხოვრობდა, რომელიც ოცნებობდა პატარა ძაღლი ჰყოლოდა. ჰოდა ყურშა მასთან უნდა მისულიყო და ეს გოგონა სიხარულით შეიფარებდა.

ჰო, ფიფქები ლაპარაკობენ, თანაც რამდენს! ჰყვებიან ათას ამბებს, ზოგჯერ ძალიან მოსაწყენს, ზოგჯერ ძალიან სევდიან, ხანდახან მხიარულსაც – გააჩნია, რომელ სეზონზე და რა წვეთებისგან შექმნა ლეანამ ისინი, ან რა ხასიათზე და გუნებაზე იდგა თეთრი ლეა მათი შექმნისას, ან რა დაავალა მათ.

ზამთარი იდგა. ცვიოდა, ცვიოდა ფიფქები, ეჩურჩულებოდნენ ადამიანებს, ადამიანები თვითონაც ვერ ხვდებოდნენ ისე ესმოდათ, თავჩახრილები, მოფუთნულები ფიფქების ორომტრიალში – ჩაფიქრებულები დადიოდნენ. ფიფქების მოტანილ ამბებს ჩაეფიქრებინათ.

ლეანა იგონებდა და იგონებდა ახალ ფორმებს, ახალ წახნაგებს, ახალ ორნამენტებს თავისი ფიფქებისთვის. უფრო თეთრი, უფრო გამჭვირვალე ხდებოდა ხოლმე ამ დროს.

გაზაფხულის ყვავილების სიხარულის ნამები კი გაუჩერებლად უყვებოდნენ, რომელი ყვავილიდან იყვნენ მათი ყვავილი რას კურნავდა, რას შველოდა.

ადონისი – გულის ყვავილია, ავოკადო – სისხლნაკლებობას კურნავს, გუგულის ყვავილი – ხველას, ყვითელი ზაფრანა – თავის ტკივილს. მოჰქონდათ, მოჰქონდათ ყვავილების ამბები ნამებს. თითქოს მღერიანო, ლეას უმღერიანო – ისე ურაკრაკებდნენ, ისე უყვებოდნენ. ისე უგალობებდნენ.

ლეაც იმ ფიფქს, რომელშიც ადონისი ნამი ჭარბობდა – გულით დაავადებულ მოხუცებთან უშვებდა:

– შეეცადე ზედ გულზე დააჯდე, დაადნე, შეეწოვო – თეთრწვერა ბაბუას, სათვალიან ბებიას.

– ნამო, ნამო პიტნისაო, ფიფქო, ფიფქო, პიტნის ნამავ – წადი მაღალ, გამხდარ ნენოსთან, დაამშვიდე, დააწყნარე, ტკბილი ძილი მოჰგვარე.

და ცვიოდა, ცვიოდა ფიფქები.

ზამთარი იდგა, უჰ, როგორ ციოდა.

ლეანა, თეთრი ლეა ქმნიდა და ქმნიდა ფიფქებს.

აფართხალებდა და აფართხალებდა, ულამაზეს პატარა ფრთებს.

ლეანა და სიხარულების შემგროვებელი

ნაწილი მეორე

ლეანა, ფრთებქათქათა გოგოვ, ფიფქების შემქმნელო, შენთან ერთი პატარა ბიჭი გამოვაგზავნეთ, საკუთარი თვალით უნდოდა ეხილა ფიფქების შექმნის პროცესი. ჰოდა, აუხდა ოცნება და ახლა სულ ზემოთ და ზემოთ უნდა იყოს უკვე.

ო, ეს ბიჭი როგორი ხელმარჯვეა, რომ იცოდე! რასაც კი ხელს მოკიდებს ყველაფერს ოქროდ და ბრილიანტებად აქცევს, პატარა ჭანჭიკებისგან სამყაროებს ქმნის, ძველმანებისგან – სასახლეებს, ჩვეულებრივი ქვიშისგან წითლად მოელვარე, ნამდვილ პლანეტებს!

აი, ასეთი ბიჭი წამოვიდა შენთან.

არ შეგეშალოს, დააკვირდი: ბიჭს ოქროსფერი კულულები უნდა ჰქონდეს, დიდი თაფლისფერი თვალები, ცისფერი ზედა ეცმევა აუცილებლად. თუმცა მთავარი მისი ღიმილია, როცა გაიცინებს, მაშინვე მიხვდები, რომ ის ის არის – ბიჭი დედამიწიდან, ლეანასთან ფიფქების შესაქმნელად აფრენილი“.

ასეთი წერილი მიიღო ჩვენმა ლეანამ დედამიწიდან. ვისგან? ერთ-ერთი მეგობრისგან. ალბათ ყვითელგულა გვირილისგან, პატარა ცუგასგან ან კეთილი მოხუცისგან, ან პეპლისფრთება ფერიისგან, ვინ იცის. მთავარი კი ისაა, რომ ლეანამ როგორც კი წერილი წაიკითხა ისე აფორიაქდა, ისე აუთრთოლდა პაწაწინა გული, რომ მისი თეთრი კაბა სულ ლურჯად აციმციმდა, ხოლო თვალები, ეს იასამნისფერი თვალები, ნამდვილ იასამნებად იქცნენ. გაზაფხულის სურნელებაც კი დააყენეს რამდენიმე წამი. სიხარულისგან ლეანამ ერთი შეიფართხალა, პაწაწინა ფრთები გამალებით ააფართხალა, აიჭრა ზემოთ, და სქელ, მბზინავ ნისლზე ისე გასრიალდა, როგორც ჩვენთან ყინულის მოედანზე სრიალებენ და ათასნაირ ჩახლართულ აკრობატულ ნომრებს ასრულებენ. გასრიალდა და რა გასრიალდა! მისი ნაკვალევი ცისარტყელებად იქცა, დედამიწაზე ჩამოწვა და ადამიანებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება, ფიფქების შემქმნელის სიხარული ეხილათ და განეცადათ.

და, როდესაც ლეანა, დაეშვა თავის სამფლობელოში, ბიჭიც იქ დახვდა. იდგა მორცხვად, აღფრთოვანებული გასცქეროდა თვალისმომჭრელ სითეთრესა და აღტაცებისგან ტაშსაც კი შემოსცხებდა ხოლმე. ლეანამ მაშინვე იცნო ეს უცნაური ბიჭი, ერთი დანახვით ისე, ისე შეუყვარდა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩაეხუტა. გულში მაგრად ჩაიკრა. ბიჭის თმებს დედამიწის სურნელება გამოჰყოლოდა, ცაცხვის ყვავილების, იებისა და ენძელების, მაისის ვარდების განუმეორებელი არომატი. იქ, შორეულ, წყლის პლანეტაზე გაზაფხული იდგა და ბიჭიც სწორედ გაზაფხულის მზის სხივს ამოჰყოლოდა ლეანასთან.

და ლეანა მიხვდა, რომ დადგა დრო, ფიფქების შემადგენლობაში რაღაც განსაკუთრებული ინგრედიენტი დაემატებინა, რომ მოსულიყო დრო ფიფქების შესაცვლელად. და ეს განსაკუთრებული ინგრედიენტი ამ ბიჭს უნდა ჰქონოდა თან, ჯერ არ იცოდა ლეანამ ზუსტად რა იყო ეს, თუმცა გული უგრძნობდა, რომ განსაკუთრებული რამ უნდა მომხდარიყო.

სიხარული, თან სიხარული წამოვიღე – ამოთქვა ბიჭმა. ლეანამ ახლაღა შეამჩნია,

მის პატარა სტუმარს ხელთ პაწაწინა გაქექილი ტომარა ეჭირა, ტომარა თითქოს მოძრაობდა და მბრწყინავი ნაპერწკლები სცვიოდა. აშკარა იყო შიგნით რაღაც ან ვიღაც მალაყებზე გადადიოდა.

მაშ, მარტო არ ამოსულხარ? – ჰკითხა ლეანამ და თვალით ტომარაზე ანიშნა.

ბიჭმა გაუბედავად დაიწყო:

ყველაფერი დეკემბრის ერთ ღამეს დაიწყო, როდესაც ყველას მშვიდად ეძინა, როდესაც ფანჯრიდან მხოლოდ უზარმაზარი მრგვალი მთვარე და სხვა ჩაბნელებული ფანჯრები მოჩანდა. მთვარე დეკემბრის იმ ღამეს უზარმაზარ სინათლის ბურთს წააგავდა, იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ მისი ლაქების თვალიერებას შევყევი, ამიტომ დაძინებაც შემაგვიანდა. მივშტერებივარ ამ უზარმაზარ ბურთს, თვალს ვერ ვწყვეტ და უცებ რაღაც წკარუნის ხმა მესმის, თითქოს ზანზალაკის, თითქოს ნაცნობი, მაგრამ გახსენება რომ გიჭირს, ისეთი მელოდიის, ჭრიჭინას და ფუტკრის ბზუილი რომ შერთობოდა, წვიმის წვეთების რაფაზე წკარუნის. აი ასეთი არეულ-დარეული ხმები მოდის ჩემამდე. ხმებს ერთი ციცქნა ნათებაც მოჰყვა. ღია ფანჯრიდან შემოიჭრა, სინათლის წერტილი უცებ პატარა ფერიად იქცა, მწვანე ქუდითა და მხრებამდე ყვავილების საყურეებით, ყვითელ, ყავისფრად დაწინწკლულ ფრთებს იქნევს და წკრიალა ხმით მეუბნება – სიხარულების შეგროვება უნდა დაიწყოო, ძალიან გვჭირდება სიხარულების შემგროვებლებიო. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ ადამიანებს გჭირდებათო. ყველანაირ სიხარულს რომ შეაგროვებ, ლეანას წაუღეო. ის კი თავისი ფიფქებით ისევ ადამიანებს დაუბრუნებსო. ოღონდ ისე, რომ ყველას შეხვდეს სიხარულის პატარა ნამცეცი მაინცო.

ბიჭმა ამოსუნთქა. დაღლილიყო კიდეც, აბა როგორია, ამხელა გზა გამოევლო. დედამიწიდან ცამდე. ლეანამ ღრუბლის სკამი შესთავაზა და ერთი ჭიქა თეთრი, ქათქათა ტკბილი სასმლითაც გაუმასპინძლდა. თეთრი ორცხობილებიც მიართვა. ბიჭი ჭამდა, გაოცებული ათვალიერებდა ლეანას საოცარ სამყაროს, თან ხელთ მოხტუნავე ტომარა ჩაებღუჯა რომ არ გაჰქცეოდა.

ლეანა ყურადღებით უსმენდა, და გრძნობდა რომ მოვიდა დრო ფიფქების შემადგენლობის შეცვლის. თან უხაროდა, თან ეშინოდა, ვაითუ არ გამოვიდეს, ვაითუ ადამიანებს იმედი გაუცრუოს. მაგრამ ბიჭის კეთილი, ღრმა, სულ ცოტა სევდიანი თვალები, მისი თავდაჯერებულობა შიშს უქარწყლებდა.

დამიტოვა ფერიამ აი ეს ჯადოსნური ტომარა და ასევე წკრიალითა და წკარუნით გაუჩინარდა, ბოლოს თვალი მთვარის ერთ-ერთ ლაქაზე მოვკარი. მერე გავიგე თურმე ფერიებს ძალიან სწრაფად შესძლებიათ გადაადგილება. ისინი გონებითა და აზრებით მოძრაობენ. საკმარისია, გაიფიქრონ, რომ, მაგალითად, აი, ახლა მარსზე მინდა გავჩნდეო და მაშინვე მარსის წითელ ქვიშაში ამოყოფენ თავს, ან უჰ, ახლა სატურნის რგოლზე გავქროლდებოდიო. დამთავრებული არ აქვთ ფიქრი, რომ სატურნის გარშემო ფარფატს იწყებენ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ლეანამ კარგად იცოდა, მაგრამ ბიჭი ისე საინტერესოდ ჰყვებოდა, რომ ინტერესით უსმენდა და შიგადაშიგ თავსაც უქნევდა.

ტომარა ჯადოსნური აღმოჩნდა. სხვანაირად აბა როგორ იქნებოდა, როცა ფერია რამეს გჩუქნის, ის აუცილებლად ჯადოსნური უნდა იყოს. მას მერე სულ თან ვატარებდი. ვცდილობდი ბავშვების, დიდების, ცხოველების, ფრინველების სიხარულებს შევსწრებოდი, რომ მათი კისკისი, წამიერი ბედნიერება, სიხარული – ტომარაში ჩასკუპებულიყვნენ. – ეს ბოლო სიტყვა ბიჭმა რაღაცნაირად ძალიან საყვარლად წარმოთქვა, გაიცინა და სიცილისას კი უცებ ნამდვილი იების კონა გადმოუცვივდა, ესეც კიდევ ერთი საჩუქარი მწვანექუდა ფერიასგან.

სიხარულები ცოცხლები აღმოჩნდნენ – ბიჭი თან ამბავს ჰყვებოდა, თან მორიდებით კრეფდა ძირს დაყრილ იებს. ამ სითეთრეში იები და ლეანას თვალები ერთნაირად ბრწყინავდნენ.

– ისინი უცნაურ ფორმებსა და ფერებს იღებდნენ და ტომარაშიც უზომოდ ხმაურობდნენ და ჭყლოპინებდნენ. მოზრდილი ადამიანების სიხარული – ვარდისფერი გულებია, ბავშვის – ლურჯად მოკაშკაშე ვარსკვლავები, ძაღლის – ყვითელი მზესუმზირები, ჩიტების მწვანე სამყურები, ფისოების – ვერცხლისფერი ზარები, ნაძვის ხეების – ოქროსფერი გირჩები, ყვითელგულა გვირილების – ცისფერი წვიმის წვეთები… სახლებსაც ჰქონიათ თურმე სიხარული, თეთრგულა მერცხლის ბუდეები – ცვიოდნენ და ცვიოდნენ ტომარაში. ეს პაწაწინა ტომარა უამრავ სიხარულს იტევს. ვცდილობდი, ყველას სიხარულს შევსწრებოდი და მათთვის ჩემი ტომარა შემეთავაზებინა. სიხარულები უარს არასდროს მეუბნებოდნენ, ტომარაში საკუთარ ადგილებს პოულობდნენ და იქიდან იწვევდნენ სხვა სიხარულებს. სანამ აქ ამოვიდოდი, სად აღარ ვიყავი, ვეცადე, რომ რაც კი სულიერი არსება არსებობს ყველას სიხარული შემეგროვებინა… ყველაზე კაშკაშა სიხარულები მაინც ისინი არიან, ტირილისა და დიდი სევდის მერე რომ ჩნდებიან, დარდის მერე დაბადებული სიხარული – ცისარტყელები.

ლეანამ სიხარულის შემგროვებელს ტომარა ფრთხილად გამოართვა და გულზე მიიხუტა. ტომარამ მოძრაობა შეწყვიტა, მაგრამ ასმაგად გაკაშკაშდა…

სულ რამდენიმე თვე დაგვრჩა ფიფქების დედამიწაზე გაშვებამდე – ისეთი წკრიალა ხმით თქვა ლეანამ, ბიჭმა გაიფიქრა ლეანას და ფერიას ერთნაირი ხმა ჰქონიათო. – ამიტომ უნდა ვიჩქაროთ….

და დაიწყეს, ფიფქების შექმნის ამაღელვებელი, იდუმალი და საოცარი პროცესი… პატარა ღრუბელიც ყოველდღიურად ამარაგებდა მათ სასწაული ინგრედიენტებით, რომლებსაც, როგორც უკვე იცით, ჯადოსნური თვისებები აქვთ.

ჭრიან და ჭრიან ბიჭი და ლეანა ფიფქებს, ას წახნაგებსა და ბზრიალებს, მოელვარეებსა და მაკურნებლებს. თან ლეანა უამბობს საოცარ ამბავს, ერთხელ, შორეულზე შორეულ წარსულში, როგორ გადაწყვიტა ცამ ადამიანებისთვის სიხარული და სიყვარული პატარა, ჩვილი ბიჭის სახით გამოეგზავნა, როგორ გაიზარდა მერე და ადამიანებს სიკეთე ასწავლა, სიყვარული ჩაუნერგა გულებში. მერე… მერე აღარ გვინდაო, თქვა ლეანამ და იისფერი ცრემლი ჩამოუგორდა, ამ ამბავზე მუდამ ეტირებოდა. მთავარი ის არისო, რომ ის დედამიწაზე დაიბადაო და საბოლოო ბინა ყველა ცოცხალი არსების გულში დაიდოო.

ბიჭი ბედნიერი იყო. აბა, რა ჯობია, ძალიან, ძალიან, წარმოუდგენლად მაღლა, იჯდე ფიფქების შემქმნელ ლეანასთან ერთად, თან ფიფქებს ჭრიდე, თან გასაოცარ ამბებს ისმენდე. და როცა ბიჭი იღიმოდა, ამ უსაზღვრო სითეთრეში იისფერი იების ზღვა ჩნდებოდა, ბიჭი ხომ გაზაფხულის მზის სხივებს აუყვანიათ ზემოთ და თან გაზაფხულის სურნელიც გაჰყოლია…

ლეანამ ფიფქებს სიხარულის შემგროვებლის მიერ შეგროვებული სიხარულები დაამატა. უნდა გენახათ, ეს სიხარულები რამხელა სიხარულით ამოფრინდნენ ტომრიდან, ერთი ჟრიამული და მხიარულობა გამართეს, მონაცვლეობით სკუპდებოდნენ ფიფქებზე და თავადაც ფიფქების ფორმას იღებდნენ. ზოგი წახნაგზე მოკალათდა, ზოგი შუაგულში, ზოგიც გარშემო შემოერტყა. ბიჭი გაოცებული უყურებდა, როგორ იცვლიდნენ ფორმასა და ფერს, როგორ ემსგავსებოდნენ ფიფქებს… მოინუსხა იმ სინათლითა და ბრწყინვალებით, ისინი რომ ასხივებდნენ.

და როცა დედამიწის ყველა ფიფქი შექმნეს, ლეანამ ხელი მოკიდა ბიჭს, თავის ორი პატარა ფრთა შეაფრთხიალა და სულ ზემოთ აიჭრნენ. ერთი კი გაიფიქრა, გულში ბიჭმა, იქნებ მთვარეც ვნახო ახლოდანო ან სატურნის რგოლიო, ვინ იცის იქნებ მართლაც…

ფიფქები პირველად დეკემბრის იმ დღეს წამოვიდა დედამიწაზე, ოდესღაც ბიჭს სავსე მთვარის ყურებაში რომ დაათენდა და ფერია ესტუმრა.

ეს ზამთარი დაუვიწყარი იყო. ცვიოდა სიხარულებთან შერწყმული ფიფქები დედამიწაზე და ადნებოდნენ ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს, სახლებს.

ჩიტების სიხარული მწვანე სამყურები – ადამიანებს ერგოთ, ჩიტებს – ძაღლების ყვითელი მზესუმზირები, ძაღლებს – ფისოების ვერცხლისფერი ზანზალაკები, სახლებს – ადამიანის ვარდისფერი გულები, ბავშვებს – სახლების მერცხლის ბუდეები, ნაძვის ხეებს – ბავშვების ლურჯი ვარსკვლავები და ყველა ცოცხალმა არსებამ დედამიწაზე ამ ზამთარს სიხარული გაცვალა. ერთმანეთის სიხარული უხაროდათ და ყველა ბედნიერი იყო. პაწაწინა კენჭის სიხარულიც კი საგრძნობი და ხელშესახები გამხდარიყო.

ჰარმონიას მოეცვა ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, სახლები…

თოვდა და თოვდა, ცვიოდა ფიფქები და თან ზემოდან სიხარული მოჰქონდათ. ახალი წლის ღამეს კი ფიფქებმა ნამდვილი ფერხული მოაწყვეს და ვინც სახლიდან არ გამოვიდა, ფანჯრები მოუხატეს და მათი წილი სიხარული იქ დაუტოვეს.

იმასაც ამბობენ, ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე თუკი ცას ახედავ და ძალიან, ძალიან კარგად დააკვირდები, შესაძლოა, მოფარფატე ლეანა და სიხარულების შემგროვებელიც კი შენიშნო, ცისფერ მაისურიანი, ოქროსფერ კულულებიანი,  თვალსევდიანი ბიჭი. ოღონდ ამ დეტალებს, რა თქმა უნდა, ვერ დაინახავ, უნდა წარმოიდგინო. და იქნებ გაგიმართლოს, ბიჭმა გაიცინოს და ერთი იების კონა შენც გერგოს.

და კიდევ, როგორ გგონია პაწაწინა კენჭის სიხარული როგორ გამოიყურება, რა ფერია და რის ფორმა აქვს?

მომწერე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“