სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

„ავგურის ღიმილი“ – შორეული ისტორიიდან თანამედროვე ენაში დამკვიდრებული ფრაზეოლოგიზმი

გთავაზობთ ტექსტსა და რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაგეხმარებათ მოსწავლეებთან კიდევ ერთი ფრაზეოლოგიზმის „ავგურის ღიმილის“ დამუშავებაში.

ფრაზები ხშირად დიდ ამბებსა და საიდუმლოებს ინახავენ. შეგხვედრიათ ალბათ ისეთი ადამიანი, რომელიც თავს იწონებს იმით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი იცის, ორაზროვნად მიგანიშნებს საკუთარ უპირატესობაზე და გამიზნულად მხოლოდ ისეთი სიტყვებით საუბრობს, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ რამდენიმე კაცმა თუ იცის. უმეტეს შემთხვევაში იტყუება და ხანდახან ჩაიცინებს კიდეც, რითაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის გამორჩეულობასა და ორიგინალურობას. ასეთ ადამიანზე ამბობენ, რომ „ავგურის ღიმილი“ აქვს.

მრავალი ათასი წლის წინ, ძვ. წ. I საუკუნეში, ცხოვრობდა რომულუსი – რომის დამაარსებელი და პირველი მეფე. მან შექმნა ავგურების გაერთიანება, იგივე კოლეგია. ავგურები ქურუმები იყვნენ, რომლებსაც ღვთაებათა ნიშნები უნდა ამოეცნოთ და განემარტათ. ისინი ფრინველთა ხმებზე და ფრენაზე, ატმოსფერულ მოვლენებზე (ჭექა, ელვა, ციალი…) დაკვირვებით წინასწარმეტყველებდნენ.

რომის სახელმწიფო მოღვაწეები, მნიშვნელოვანი ბრძოლებისა და სხვა ქმედებების წინ მათ მიმართავდნენ და ამის მიხედვით შეუდგებოდნენ ხოლმე საქმეს.

თუმცა რაც დრო გავიდა, და რაც ქრისტიანობა გავრცელდა, ავგურების საქმიანობამ ნდობა და გავლენა დაკარგა. საბოლოოდ თავადაც აღარ სჯეროდათ საკუთარი თავისა და როგორც ცნობილი რომაელი ორატორი ციცერონი გადმოგვცემს, ავგურები წინასწარმეტყველებისას სიცილს ძლივს იკავებდნენ, ერთმანეთს თვალს უკრავდნენ და ღიმილით აგრძელებდნენ საქმიანობას.

დღეს კი, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, გამოთქმა: „ავგურის ღიმილი“ მიანიშნებს ისეთ ადამიანზე, სხვას რომ აცდუნებს, რომ ცრუობს, თავად კი კარგად იცის სიმართლე, მაგრამ მაინც განაგრძობს მოტყუებასა და თავის მოჩვენებას, მოკატუნებას.

ლექსიკონი

ქურუმი – ძველად ვინც ტაძარს ემსახურებოდა და ღვთისმსახურის მოვალეობასაც ასრულებდა

ორატორი – ადამიანი, რომელსაც ეხერხება საჯაროდ სიტყვის წარმოთქმა

თავის მოკატუნება – იგივე თავის მოჩვენება

აქტივობა 1:

როგორ გახსოვს ტექსტი?

  1. როგორ ადამიანს აქვს „ავგურის ღიმილი“? აღწერე.
  2. ვინ შექმნა ავგურების გაერთიანება?
  3. ვინ იყვნენ ავგურები?
  4. ავგურები ძირითადად ვის ეხმარებოდნენ?
  5. რაზე დაყრდნობით წინასწარმეტყველებდნენ?
  6. ვინ მოგვაწოდა ცნობა ავგურების შესახებ?

აქტივობა 2: 

აღმოაჩინე სიტყვებში დამალული სიტყვები

ხშირად ხდება ისე, რომ ერთ ჩვეულებრივ სიტყვაში შესაძლოა სხვა სიტყვა იყოს მიმალული. ამ სიტყვების საპოვნელად დაგეხმარება კითხვები.

ქურუმები

ძველად საქართველოში, ორბორბლიანი ტვირთის საზიდი ტრანსპორტი. მასში გამწევ ძალად საქონელს აბამდნენ. (ურემი)

ატმოსფერული

რის ფორმა აქვს დედამიწას? (სფერო)

                                                                               ~

წინასწარმეტყველებდნენ

ადამიანების საუბრის ფორმა, აზრების და ფიქრების გახმოვანება. (მეტყველება)

 

ორატორი

ზოგიერთი დიდი ცხოველის წინა ფეხი. მაგალითად დათვის…. (ტორი)

ავგურები

საშენი ქვა, სამშენებლო მასალა. ასევე ბანქოს ერთ-ერთი ნიშანი. (აგური)

მოკატუნება

ერთ-ერთი შინაური ცხოველი. (კატა)

აქტივობა 3:

სქემის დახმარებით განმარტე შემდეგი სიტყვები:

სიმართლე

ციალი

ატმოსფერო

წინასწარმეტყველებენ

ორიგინალური

 

აქტივობა 4:

 

როგორია, შენი აზრით, ავგურის ღიმილი? დაუხატე მოცემულ პორტრეტს.

 

 

 

 

აქტივობა 5:

 

შეადგინე ხუთი წინადადება, სადაც ფრაზას: „ავგურის ღიმილს“ გამოიყენებ.

 

 

ინა იმედაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“