ოთხშაბათი, თებერვალი 8, 2023
8 თებერვალი, ოთხშაბათი, 2023

ლამანჩის მზე და ქარი

ერთი კარგი წიგნი გამახსენდა, რომელშიც უბრალო შემთხვევითობა ყველაფერს ცვლის: მთავარ გმირს, მის ცხოვრებას, სხვების ცხოვრებას, ამინდს. ამ წიგნზე სხვა დროს დავწერ. ის, რაც შემთხვევითობად მოჩანს, უკან მოხედვისას შესაძლოა ისეთ კანონზომიერებად იქცეს, რომლის შეუვალ ლოგიკასაც ვერაფერს დაუპირისპირებ. თოთხმეტი წლის ვიყავი. წიგნების თაროებისთვის არც შემიხედავს, ისე წამოვავლე ხელი ერთ-ერთ წიგნს და ეზოდან გასასვლელად გამზადებული მანქანისკენ გავიქეცი. სადღაც მივდიოდით. მთელი საღამო კითხვაში გავატარე – დაბინდდა, ვეღარაფერს ვხედავდი და მაინც წაკითხვას ვცდილობდი: ლამპიონების შუქზე, მთვარის შუქზე, შემხვედრი მანქანის ფარების შუქზე. მუხლებზე დოსტოევსკის „იდიოტი“ მედო.

იმ წიგნს, რომელზეც ახლა უნდა დავწერო, ასევე შემთხვევით გადავაწყდი. ჩემი ცხოვრების მთავარი წიგნი პირველად ისეთ შეუფერებელ ასაკში წავიკითხე, რომ გამხელაც კი მერიდება. სანამ სკოლას დავამთავრებდი, ყოველ წელს ვკითხულობდი, მერე – ორ-სამ წელში ერთხელ. უკანასკნელად წინა საუკუნის ბოლოს წავიკითხე. ამის შემდეგ სხვა ახირებების, სხვა სიყვარულის დრო დადგა.

მიგელ დე სერვანტეს საავედრას „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი“ – მასთან დაბრუნება გარდაუვლად მეჩვენება. დიდი დაბრუნება.

ყოველთვის ზაფხულში ვკითხულობდი, არდადეგების დროს. მშვიდად, აუჩქარებლად, დილიდან საღამომდე. სოფელში, აივანზე. არ მეჩვენებოდა, რომ რაიმეს ვერ ვიგებ; რომ ეს უცხო სამყაროა, აუხსნელი გზებით დაქსელილი, შორეული და მეტისმეტად რთულად მისადგომი. გასული საუკუნის 80-იანი წლების საბჭოთა სინამდვილე სულ იოლად ქრებოდა და დავეხეტებოდი წიგნის გმირებთან ერთად ტყესა და ღრეში. ნაცნობი სანახების მოხილვა, გაკვალულ ბილიკებზე შედგომა, ყველაფრის თავიდან გამეორება მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების წყარო იყო. ერთი სული მქონდა, როდის მივადგებოდით ძველ ფუნდუკს ღამის გასათევად, როდის შემოგვხვდებოდნენ დალაქი და ბაკალავრი სამსონ კარასკო, როდის გამართავდა მხარზე მაიმუნშემოსმული ხინეს დე პასამონტე თავის დაუვიწყარ წარმოდგენას, როდის ჩავყვებოდი მთავარ გმირს მონტესინოსის მღვიმეში და მასთან ერთად ვნახავდი იმ გასაოცარ სიზმარსა თუ მისტიკურ გამოცხადებას… არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ შინაარსის ცოდნა ხელს არ მიშლიდა – პირიქით, სიამოვნების მოლოდინს მიმძაფრებდა, გულისცემას მიჩქარებდა და თითქმის მშობლიურ ადგილებში მოხვედრის სიხარულს მიორმაგებდა.

ქართლის სოფელში ლამანჩის სოფლის მზე დააჭერდა ხოლმე.

რატომ შეიძლება გაიტაცოს ბავშვი ამ აშკარად არასაბავშვო წიგნის კითხვამ?  ალბათ იმიტომ რომ დიდი ლიტერატურის საზღვრებში მოქცევის მცდელობა იმთავითვე  წარუმატებლობისთვისაა განწირული. თუნდაც კლასიფიკაციისთვის აუცილებელი პირობითი საზღვრები იყოს. დონ კიხოტ ლამანჩელის ამბავი ცხოვრების ამბავია – იმ ცხოვრებისა, რომელსაც მეხუთეკლასელი, მეექვსეკლასელი, მეშვიდეკლასელი იცნობ და არც იცნობ. გიზიდავს, გატყვევებს, უამრავ საცდურსა თუ საიდუმლოს ამზეურებს და ბოლომდე არაფერს გიხსნის. წიგნში კი იმდენი რამ გადაგხდება თავს, იმდენ დრამატულ სიტუაციას შეესწრები, იმდენ სიბრძნეს და სისულელეს მოისმენ, იმდენ თავზეხელაღებულ ვინმეს გაიცნობ და ისეთი წარმოუდგენელი ცვლილებების მომსწრე გახდები, რომ ბოლო გვერდის წაკითხვის შემდეგ ხვდები: ერთი ცხოვრება უკვე იცხოვრე.

განა ამისკენ არ ისწრაფოდი ბავშვური სულსწრაფობით?

თვალებზე ხელს არავინ გაფარებდა. არც არაფერს გიმალავდნენ. ეს შენი სამყარო იყო და სხვას აქ ფეხი არ შემოედგმებოდა. მშობელს. მასწავლებელს. სკოლის დირექტორს. მეზობელს. მეზობლის ცოლს. შენი მშობლები და მასწავლებლები დონ კიხოტი და სანჩო პანსა იყვნენ, და კიდევ ის გაიძვერა კატორღელი ხინეს დე პასამონტე.

ნუ დაავალებთ ბავშვებს „დონ კიხოტის“ წაკითხვას. გულუბრყვილობა იქნება მოწოდება იმისკენ, რომ გამოსაჩენ ადგილას დადოთ, იოლად ხელმისაწვდომი გახადოთ. კლასიკის ხვედრი ესაა – ხშირად მწერლის გვარის და წიგნის სათაურის ხსენებაც კი აფრთხობთ. ბავშვებსაც, უფროსებსაც. არადა, ვიცი, როგორ დაეხმარებოდა ზოგიერთს ლამანჩის შარაგზებზე ხეტიალი, იქაური მზის ქვეშ დგომა, იქაური ქარისთვის სახის მიშვერა, იმ ღრმააზროვანი საუბრებისთვის ყურის დაგდება, მწუხარე სახის რაინდს (შემდგომში ლომთა რაინდს) და მის ერთგულ საჭურველმტვირთველს შორის რომ იმართება, სანჩო პანსას საგუბერნატორო კუნძულის მონახულება, ხორბლის გაცხრილვაში გართული დულსინეა ტობოსელისთვის თვალის შევლება, სოფლიდან სოფელში წანწალი, სიგიჟე…

სერვანტესის სხვა მკითხველებივით მეც მჯერა, რომ „დონ კიხოტს“ სამყაროსადმი ადამიანის დამოკიდებულების და,საერთოდ, სამყაროს  შეცვლა შეუძლია. ამთავრებ და ასეთ რამეებზე იწყებ ფიქრს – დიდ ცვლილებებზე, დიდ სამყაროზე, დიდ შესაძლებლობებზე.

საზაფხულო კლასგარეშე საკითხავი წიგნების სიაში ნუ შეიტანთ. ნუ დაავალებთ ბავშვებს, რომლებსაც ისედაც უამრავი გაუგებარი ვალდებულება აწევთ მხრებზე. თქვენ წაიკითხეთ. თუ წაკითხული გაქვთ – კიდევ ერთხელ. და თუ შემთხვევითობის კანონზომიერებად ქცევის გარდაუვლობას ეჭვის თვალით უყურებთ… წაიკითხეთ და მერე ვილაპარაკოთ:  მთავარ გმირებზე, მათ ცხოვრებაზე, თქვენს ცხოვრებაზე, ამინდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი