“რამდენად ირონიულია, რომ იქ, სადაც ბარტმა 1967 წელს გამოაცხადა „ავტორის სიკვდილი“, 2020-იან წლებში გამოჩნდა ახალი არსება — ავტორის ალგორითმული სილუეტი, რომელიც არც მკვდარია და არც ცოცხალი:
ეს არის ჩატბოტი.”
CatGPT
„ავტორი” ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
გასული საუკუნის 60-იან წლებში, ფრანგი ფილოსოფოსისა და ლიტერატურის თეორეტიკოსის, როლან ბარტის მიერ წამოყენებულმა რევოლუციურმა იდეამ „ავტორის სიკვდილის“ შესახებ, სამუდამოდ შეცვალა ტექსტისა და მისი ინტერპრეტაციის აღქმა.
მოდი, გავიხსენოთ, როგორი იყო ბარტის ძირითადი იდეები ამ თემაზე. ბარტი ამტკიცებს, რომ “ავტორის” ფიგურა, როგორც ტექსტის ერთადერთი და საბოლოო მნიშვნელობის მფლობელისა, ისტორიულად ჩამოყალიბდა და განმტკიცდა კაპიტალიზმის, ინდივიდუალიზმისა და საკუთრების იდეასთან ერთად. ავტორის სახელი იქცა ბრენდად, რომელიც ტექსტს გარკვეულ ღირებულებასა და “სწორ” ინტერპრეტაციას ანიჭებს.
ბარტისთვის ტექსტი არ არის ავტორის გენიის უნიკალური პროდუქტი. ის არის “მრავალგანზომილებიანი სივრცე, სადაც ერთმანეთს ერწყმის და ეჯახება სხვადასხვა კულტურული კოდი და ციტატა”. ავტორი კი არ “ქმნის” რაღაც ახალს, არამედ არის “სკრიპტორი”, რომელიც უბრალოდ ერთმანეთს უკავშირებს უკვე არსებულ კულტურულ მასალას. ნიშანდობლივი და დასაფიქრებელია, რომ ბარტი იმ დროს ისე წერდა ავტორზე, როგორც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ AI -ზე და მის მიერ შექმნილ ტექსტებზე.
ბარტის ცნობილი ფრაზის თანახმად, “მკითხველის დაბადება ავტორის სიკვდილის ფასად უნდა მოხდეს”. ბარტი ამტკიცებდა, რომ ტექსტის მნიშვნელობა მკითხველის აღქმაში იბადება და არა ავტორის განზრახვაში. დღეს, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ეპოქაში, ეს კონცეფცია სრულიად ახალებურად გაიაზრება. თუკი ტექსტს მანქანა ქმნის, ვინ არის მისი ავტორი და როგორ იცვლება „ავტორის სიკვდილის“ თეორია ახალ ციფრულ რეალობაში?
„ავტორის სიკვდილიდან“ „ავტორის გაქრობამდე“ – ბარტი და AI
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტები, დაწყებული მარტივი ახალი ამბებიდან, დასრულებული რთული პოეტური და ფილოსოფიური ნაშრომებით, სულ უფრო და უფრო ინტეგრირდება ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს ტექნოლოგიური ნახტომი ძირეულად არყევს ავტორობის ტრადიციულ გაგებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ცნობიერებასთან, გამოცდილებასა და შემოქმედებით უნართან იყო გაიგივებული.
როლან ბარტისთვის „ავტორის სიკვდილი“ მეტაფორა იყო, ციფრულ ეპოქაში კი ეს მეტაფორა იქცა რეალობად.
ბარტისთვის ავტორი იყო ძალაუფლების სიმბოლური ფიგურა, რომელსაც დასავლურმა კულტურამ ღმერთის ფუნქცია მიანიჭა ლიტერატურაში.
ეს ავტორი ქმნის ტექსტს როგორც კაპიტალს და ფლობს მას, ანუ იქმნება კავშირი:
წერა ↔ საკუთრება ↔ ძალაუფლება.
ბარტი ავტორობის იდეას ახალი დროის კუთვნილებად თვლის: „ავტორის ფიგურა ახალი დროის კუთვნილებაა; როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ იგი მაშინ ჩამოაყალიბა, როცა შუასაუკუნეების დასასრულს, თავისთვის აღმოაჩინა ინდივიდის ღირსება, ან უფრო მაღალი სტილით რომ ვთქვათ, “ადამიანის პიროვნება”. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ლიტერატურის სფეროში ავტორის “პიროვნება” ყველაზე დიდი აღიარებით პოზიტივიზმში სარგებლობდა, რომელმაც შეაჯამა და ბოლომდე მიიყვანა კაპიტალიზმის იდეოლოგია.“[1]
ახლა დავაკავშიროთ ეს იდეები AI ჩატბოტების “ავტორობასთან”. ერთი შეხედვით, AI არის ბარტის თეორიის ყველაზე სრულყოფილი ილუსტრაცია: AI ჩატბოტს არ გააჩნია ბიოგრაფია, ფსიქოლოგია, განზრახვები ან პირადი გამოცდილება. ის ბარტისეული “სკრიპტორის” იდეალური განსახიერებაა. ის არ “გამოხატავს საკუთარ თავს”, არამედ მექანიკურად აერთიანებს, ურევს და წარმოქმნის ტექსტს იმ უზარმაზარ მონაცემთა ბაზიდან, რომელზეც გაწვრთნეს; AI-ს მიერ შექმნილი ტექსტი სიტყვასიტყვით არის “ციტატების ქსოვილი”. ის შედგება მილიონობით წიგნის, სტატიის, ვებსაიტისა და საუბრის ფრაგმენტებისგან. როდესაც ჩატბოტი “წერს”, ის ახალს კი არ ქმნის, არამედ ალგორითმულად აწყობს იმას, რაც კაცობრიობას უკვე შეუქმნია. (დაახლოებით ამას ამბობს ბარტი ავტორზეც, რომელიც სტატიის დასაწყისში განვიხილეთ).[2]
ამ პერსპექტივიდან, AI-ს მიერ გენერირებული ტექსტი არის ტექსტი “ავტორის” გარეშე, მისი კლასიკური გაგებით. ის გვათავისუფლებს ავტორის ბიოგრაფიისა და განზრახვების ძიებისგან და გვაიძულებს, მთელი ყურადღება თავად ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე გადავიტანოთ.
თუმცა, აქ ჩნდება ახალი, გადამწყვეტი კითხვა: თუკი AI არის „სკრიპტორი“, ვინ არის ის, ვინც მას ამუშავებს?
აქ კი ავტორის როლზე პრეტენზიას აცხადებს რამდენიმე სუბიექტი:
მომხმარებელი (The User): ის, ვინც სვამს კითხვას, აძლევს დავალებას (prompt). მომხმარებელი განსაზღვრავს თემას, სტილს, სტრუქტურას. ის დირიჟორია, რომელიც მართავს AI ორკესტრს. მისი კრეატიული იმპულსის გარეშე ტექსტი არ შეიქმნებოდა.
AI მოდელის შემქმნელები (The Developers): ინჟინრები და მკვლევრები, რომლებმაც შექმნეს მოდელის არქიტექტურა, ალგორითმები და ტრენინგის მეთოდოლოგია. მათ ჩადეს სისტემაში “აზროვნების” წესები.
მონაცემთა ბაზა (The Dataset): კაცობრიობის კოლექტიური ცოდნა და კულტურა, რომელზეც AI გაწვრთნეს. ამ გაგებით, “ავტორი” არის კოლექტიური ცნობიერება, ყველა ის მწერალი, პოეტი, მეცნიერი და ბლოგერი, ვისი ნაშრომებიც მონაცემთა ბაზაში მოხვდა.
თავად მკითხველი: ბარტის იდეას თუ ბოლომდე გავყვებით, ავტორის ძიება უშედეგოა. მნიშვნელობა იქმნება მაშინ, როცა მკითხველი ეცნობა ტექსტს და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ფილტრში ატარებს. ამ შემთხვევაში, AI უბრალოდ ინსტრუმენტია, რომელიც ტექსტუალურ მასალას აწვდის საბოლოო “ავტორს” – მკითხველს.
ავტორი = მკითხველს. და აქ თავს იჩენს ახალი იდეა: ავტორი-მკითხველი. მოდი, თანმიმდევრულად წარმოვიდგინოთ ეს ციკლი: თქვენ გაქვთ იდეა, შეკითხვა, ან საჭიროება. თქვენ წერთ პრომპტს. ამ მომენტში, თქვენ ხართ ინიციატორი, იდეის ავტორი. თქვენ განსაზღვრავთ მომავალი ტექსტის მიმართულებას. რას აკეთებს AI? AI იღებს თქვენს იმპულსს და თავისი უზარმაზარი “კულტურული მეხსიერებიდან” ქმნის ტექსტურ პასუხს. ის მოქმედებს როგორც თქვენი იდეის გამაძლიერებელი და შემსრულებელი. შემდეგ თქვენ კითხულობთ გენერირებულ ტექსტს. მაგრამ თქვენ არ ხართ პასიური მკითხველი. თქვენ ამ ტექსტს უკვე არსებული კონტექსტით, ცოდნით და იმ თავდაპირველი იდეით კითხულობთ, რომელიც თქვენვე ჩადეთ მასში. თქვენ ავსებთ ცარიელ ადგილებს, აკავშირებთ აზრებს და ანიჭებთ ტექსტს საბოლოო მნიშვნელობას. ამ მომენტში თქვენ ხართ საბოლოო ავტორი, რადგან ტექსტის აზრი სრულდება სწორედ თქვენს ცნობიერებაში. ამ ციკლში ერთადაა ავტორი-მკითხველი, როგორც ალფა და ომეგა. ტექსტი იქმნება თქვენთვის, თქვენივე მონაწილეობით და სრულყოფილებას აღწევს თქვენივე ინტერპრეტაციით. ეს არის თანაშემოქმედების (co-creation) პროცესი, სადაც თქვენ და AI პარტნიორები ხართ, მაგრამ საბოლოო აზრის მფლობელი და, შესაბამისად, ბარტისეული “ავტორი” (რომელიც მკითხველს მოაზრებს) თავად რჩებით.
ავტორის დემოკრატიზაცია და “ახალი ავტორის” დაბადება. გარკვეულწილად, დიახ, ეს ავტორის დემოკრატიზაციაა, რადგან AI აადვილებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის ტექსტის გენერაციას. ადამიანს, რომელსაც არ აქვს წერის გამორჩეული ნიჭი ან დრო, შეუძლია შექმნას სტატია, ლექსი, ესე ან თუნდაც კოდი. ამ თვალსაზრისით, AI არის ინსტრუმენტი, რომელიც ანგრევს ელიტარულ ბარიერებს და “ავტორობა” მასებში გააქვს, თუმცა… თავს იჩენს სხვა საფრთხე: ბარტი აკრიტიკებდა ავტორობას, როგორც კაპიტალისტურ კონსტრუქტს. დააკვირდით, ვინ ქმნის და აკონტროლებს დღეს ყველაზე მძლავრ AI მოდელებს? უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციები (Google, OpenAI/Microsoft, Meta). თუ ადრე ძალაუფლება ჰქონდა “ავტორ-გენიოსს” და გამომცემელს, ახლა ის კონცენტრირებულია იმ კომპანიების ხელში, რომლებიც ფლობენ “შემოქმედების საშუალებებს” – თავად AI მოდელებს. ინდივიდუალური ავტორი შეიძლება “მოკვდა”, მაგრამ მის ადგილს იკავებს უპიროვნო, მაგრამ გაცილებით მძლავრი კორპორატიული “ავტორი”. ეს სტრუქტურა არათუ არ არის დემოკრატიული, არამედ შეიძლება უფრო ცენტრალიზებული და მონოპოლიზებული აღმოჩნდეს. ჩვენ შეიძლება გავთავისუფლდეთ ერთი ავტორის დიქტატისგან, მაგრამ მოვექცეთ ალგორითმისა და მისი მფლობელის დიქტატის ქვეშ.
OpenAI, Anthropic, Google DeepMind, Meta და სხვები არ ფლობენ მხოლოდ პლატფორმას, ისინი ფლობენ თვითონ ტექსტის წარმოქმნის პირობებს. ეს ნიშნავს: მათ შეუძლიათ შეცვალონ სიტყვათა სემანტიკური დინამიკა (მაგ., როგორი იქნება პასუხი პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, ლინგვისტურ საკითხებზე); შეუძლიათ შეზღუდონ ან გააფართოონ ენებზე წვდომა, რაც გავლენას მოახდენს კულტურულ წარმოებაზე; მათ უფლება აქვთ ტექნოლოგია ჩარიონ ალგორითმის ქცევაში. ეს უკვე არა მხოლოდ პლატფორმის, არამედ წერის გარემოს კონტროლიცაა.
ნამდვილი დემოკრატიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ ჩატბოტზე წვდომას,
არამედ აგრეთვე – მოდელის ლოგიკაზე, მონაცემებზე და ალგორითმულ ეთიკაზე.
რა არის აქედან გამოსავალი? ალბათ უფრო მეტი ღიაობა. მომავალი უნდა იყოს Open Model-სამყარო, სადაც წერაც, აზროვნება და კოდირება უფრო ღია იქნება.
[1] როლან ბარტი, „ავტორის სიკვდილი“ – http://arilimag.ge
[2] იმ განსხვავებით, რომ ბარტის „ავტორი“ აცნობიერებს მთელს ამ პროცესს, ხოლო ჩატბოტები ამას აკეთებენ გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად, ალგორითმებით.