სამშაბათი, ივნისი 24, 2025
24 ივნისი, სამშაბათი, 2025

„კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა“

(კანტი და დოსტოევსკი) 

ხშირად მიფიქრია ამ წინადადებაზე გურამ რჩეულიშვილის „ჩემი ბიოგრაფიიდან“. სულ მიკვირდა, რადგან მოკრძალებით „ვზომავდი“ სულიერ სიმაღლეებს, რჩეულობას თუნდაც გურამ რჩეულიშვილისა, უბრალო ლოთებთანაც რომ მეგობრობდა. აი, წავიკითხე თეოდორ დოსტოევსკის „სუსტი გული“ და სწორედ დიდი გურამის ეს სიტყვები გამახსენდა. თურმე რაზე წერდა „ქართველ ჰემინგუეიდ“ წოდებული ჩვენი „მარად ახალგაზრდა“ მწერალი; სწორადაც, გადაჭარბებაზე…

მოდი, ზოგადიდან მივიდეთ კონკრეტიკამდე. გერმანელი ფილოსოფიის მშვენების, იმანუელ კანტის, საფლავის წარწერაზე ყველას მოგვეხსენება: „მე მუდამ მაოცებდა ორი რამ – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში“. კანტის გაკვირვების საგანი, პლანეტათა წესრიგია თუ შინაგანი, ზნეობრივი, წყობა ადამიანისა, რომელიც აბორიგენებსაც კი აქვთ, რაზეც ფროიდიც წერდა თავის „ტოტემსა და ტაბუში“, – ორივე ღმერთია.

ყოველ ჩვენგანს გასჩენია კითხვები:

  • ვინ ვარ?
  • საიდან მოვდივარ?
  • რა ადგილი მეკუთვნის ან მიკავია ამ სამყაროში?
  • რა არის დედამიწა?

ეს მარადიული კითხვებია და მათზე პასუხის გაცემის მცდელობაც კი შეგვიძლია ფილოსოფიურ განსჯად ჩავთვალოთ, სიბრძნესთან ზიარების დასაწყისად.

პლანეტარული მოძრაობა, მზის სისტემა თუ სხვა გალაქტიკები, მილიონობით სინათლის წლით რომაა დაშორებული ერთმანეთისგან, თითქოს, ვიღაცამ სკრუპულოზურად „მომართა“, კარგად აწყობილი საათის მექანიზმივით: მათი დაშორება, ურთიერთმიმართება მკაცრად, ზუსტად განსაზღვრულია, აწყობილი; ზნეობრივი ქვაკუთხედია და მასზე „შენდება“ ნებისმიერი ადამიანის პიროვნული „შენობა“. მორალი ადამიანის ქცევებსა და მის საფუძვლებს სწავლობს. კაცობრიობის ისტორიაც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების მძაფრი დინამიკა. ყველა ერში ასეა, ვერც „წმინდანობას“ დაიკვეხნის ვინმე და ვერც მხოლოდ „დემონურის“ დომინირებას, რომელიც ცალკე აღებული ვერანაირ კულტურას ვერ შექმნიდა. ეს ანტაგონიზმია რელიგიის, ფილოსოფიის, ხელოვნების პრობლემაც, ცხადია. როგორც გურამ რჩეულიშვილის ზემოთქმული აზრი არაა ცალსახად მისაღებ-ასახსნელი, ისე ქრისტიანული იდიომი: მარჯვენა ლოყაზე რომ გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეო. ეს პირდაპირ რომ გაგვეგო, ქართველებს სამშობლო აღარ გვექნებოდა. ეს ნიშნავს, რომ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხო, მაგრამ თავი როგორ არ უნდა დაიცვა? მოქნეულ სატევარს კისერი როგორ უნდა მიუშვირო? ან ბედისწერას მიჰყვე მორჩილად, მკვდარი თევზივით… „მერანი“ სულ სხვა რამეს გვეუბნება, არა?! მოკლედ, თვალთახედვის კუთხეს გააჩნია; მაგალითად, მოწოდება ახალგაზრდისადმი, რომ წავიდეს და სიცოცხლის ფასად დაიცვას სამშობლო, მხოლოდ მაშინ იქნება მორალურად, ზნეობრივად, გამართლებული, თუკი შესაბამის სიტუაციაში ასე მოიქცეოდა კაცი საკუთარი შვილის მიმართაც.

საინტერესოა, რა არის ადამიანის ზნეობრივი ქცევის საფუძველი:

  • რატომ ვიქცევით ასე და არა სხვანაირად?
  • რატომ ხდება, რომ ერთსა და იმავე საზოგადოებაში, ერთსა და იმავე გარემოში, კეთილადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს ადამიანი და ბოროტადაც?
  • რატომაა, რომ ის, რასაც ბერს თავის დავიწყებად ეთვლება და ღმერთამდე ამაღლებად, ერობაში მყოფს იდიოტიზმად, სისუსტედ, საბედისწერო შეცდომად შეიძლება ჩაუთვალონ?
  • რატომაა, რომ ცოდნა გავრცელება/გამრავლებითაა სინათლე, ხოლო ღვთაებრივი „ცოდნის“ პატრონს ყოფა, ადამიანებთან ყოფნა, ანადგურებს, თუ არ გაეცალა?

ასე მივადექით ფიოდორ დოსტოევსკის „სუსტ გულსაც“; პრობლემა არაამქვეყნიური თავმდაბლობისა, შინაგანი სისუფთავისა, პატიოსნებისა, რომელიც მსხვერპლად აქცევს ადამიანს, მწერალმა თავის რომან „იდიოტშიც“ დასვა. თუმცა ამ მოთხრობაში ცოტა სხვა კუთხითაა, თუმცა არსი და პოზიცია მწერლისა – იგივე.

მოთხრობა დასაწყისშივე გვაცნობს ორ ადამიანს, რომელთა მეგობრობა მგრძნობიარობით გამოირჩევა, თან ისინი ერთად ცხოვრობენ („არკაშა! არკაშა! ჩემო კარგო! ერთად ვიცხოვრებთ. არა! შენ ვერაფრით დაგშორდები“); თუმცა ერთი სრული რეგალიითაა ნახსენები: არკადი ივანოვიჩ ნეფედევიჩი, ხოლო მეორე, უბრალოდ, ვასია შუმკოვი. ეს შემთხვევითი არაა და ამ მეორე მეგობრის სახელისა და გვარის, რომელიც შინაგან „ხმაურზე“ უფრო მიუთითებდა თურმე, ვიდრე გარეგანზე, „ქვეტექსტი“ ნაწარმოების ბოლოს მჟღავნდება. ეს შინაგანი „ყვირილი“ ჩუმ ვასიაში სიხარულისგან აღტყინებითა და წონასწორობის დაკარგვით გამოიხატება – „არ ვარ ამ ბედნიერების ღირსი! მესმის ეს, ვგრძნობ ამას. რით დავიმსახურე, – ამბობდა იგი და ყელში მოწოლილ ქვითინს იხშობდა, – მითხარი, ასეთი რა გავაკეთე! შეხედე, რამდენი ადამიანი, რამდენი ცრემლი, რამდენი მწუხარება და საყოველდღეო ცხოვრებაა უდღესასწაულოდ!“ (22).

ვასიას, რომელიც ფიზიკური გვერდმრუდობითაა დაბადებიდან, შეუყვარდება ყველანაირად შემკული, სათნო ლიზანკა. ხოლო ვასიას უფროსი, იულიან მასტაკოვიჩი, მას საბედისწერო, განსაკუთრებულ დავალებას აძლევს, რომელიც ხდება წინაპირობა დაქორწინების მოსურნე ღარიბი ვასიას უკიდეგანო იმედებისა. ყველა ისე არაბუნებრივად ბედნიერია, რაზეც ავტორის, მთხრობლის, ფარულ ირონიაშეპარული, აღტაცებული ცნობიერების ნაკადიც მოწმობს, რომ მკითხველს უჩნდება უცნაური ცუდის მოლოდინი, რომლითაც ეს აღგზნებული, უჩვეულოდ იდილიური აჟიოტაჟი უნდა დასრულდეს… და იწყება კიდეც შფოთი ვასიას შიგნით: მას ჰგონია, რომ დრო ტყუილად გაფლანგა და უფროსის მიცემულ დავალებას დროზე ვერ შეასრულებს, ამით კი მისი ბედნიერება დაინგრევა. არკადი, რომელიც კარგად იცნობს მეგობარს, ასევე შეშფოთებულია: „როგორ შეუძლია ყველაფრისგან ტრაგედიის შექმნა! ციებცხელებიანივით იქცევა! ოჰ, უნდა გადავარჩინო! უნდა გადავარჩინო!“(42). თუმცა ბოლომდე ვერც თავის ტანჯულ მეგობარს უგებს და ვერც მის ნაღველს, რომელიც კეთილი და სათუთი კია, მაგრამ უპატიებლად სუსტი.

„ჰო, ძმაო, დამეთანხმე, ისურვებდი, რომ, მაგალითად, მე, შენს საუკეთესო მეგობარს, უცბად ათასი კაპიტალი აღმომაჩნდეს; რომ დედამიწაზე არსებული ყველა მტერი უეცრად, ჯადოსნური ჯოხის აქნევით, შერიგდეს, გახარებულნი ერთმანეთს შუა ქუჩაში გადაეხვივნონ და შემდეგ აქ, ბინაში, სტუმრად გვეწვივნონ. ჩემო მეგობარო! ჩემო კარგო! არ ვიცინი, ისე ვამბობ… იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ, გინდა, რომ ყველა, უკლებლივ ყველა, ერთი ხელის მოსმით გაბედნიერდეს. შენ გტკივა, გიმძიმს, რომ მარტო შენ ხარ ბედნიერი! ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებ, რომ ამ ბედნიერების ღირსი იყო და ნამუსის მოსაწმენდად საგმირო საქმე ჩაიდინო!…“ (48-49). რაზე საუბრობს არკადი ივანოვიჩი, რა არის ეს? ოცნებებით გატაცება? მოჭარბებული მგრძნობიარობა, სინდისიერება („ტყუილის თქმა არ შემიძლია“) თუ ამსოფლიური ტრაგიზმის შეგრძნება? იქნებ დანაშაულის კომპლექსი?

ის, რასაც ვასია გრძნობს, ალუდა ქეთელაურის განცდების მსგავსიცაა, მაგრამ უფრო კარიკატურულია, რადგან ალუდას ჰეროიზმთან ის ახლოსაც ვერ მივა, ისეთი საცოდავია. ამას კი მწერალი უღრმესი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ფსიქოლოგიზმებით გვაჩვენებს. ვასიას თავი ბედნიერების ღირსად არ მიაჩნია, რაც თვითუარყოფამდე მიმყვანია და ეს არის მომპალი ფესვიც მისი ტრაგიკულობისა – „უნდა გადავარჩინო. უნდა შევარიგო საკუთარ თავთან, თორემ ასე ანდერძს აიგებს!“, უკვე სასოწარკვეთილია არკადი ივანოვიჩიც. თუმცა ვერაფერს უხერხებს მეგობრის არასრულფასოვნებას, ეს უკანასკნელი ჭკუიდან იშლება: „– რატომ უნდა მოკლათ ის ქალი? ასეთი რა დააშავა, რა?… ჩემი ცოდვაა, ჩემი ცოდვა!…“ (62). მას ჰგონია, რომ საქმის მოუსწრებლობის, ანუ ცუდად შესრულების გამო ჯარში იწვევენ.

ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელში“ კაცთა მოდგმის ორბუნებიანობაა ნაჩვენები: დახვეწილობაც და მხეცური ბუნებაც; ეს უკანასკნელი კი, გარკვეული დოზით, გვეხმარება, რომ სხვა „მხეცებმა“ ან „მგელმა“ ცხოვრებამ არ დაგვჩაგრონ.

„– როგორ, როგორ შეემთხვა ასეთი რამე? – ამბობდა იულიან მასტაკოვიჩი; – რატომ შეიშალა ჭკუაზე?

  • მა-მად-ლიერებისგან! – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა არკადი ივანოვიჩმა“ (66).

არადა, არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი ვასიასთვის დავალებული სამუშაო. თუმცა ცხოვრებას, რომელიც მარად „მსხვერპლის“ მაძებარია, სასტიკი განაჩენი გამოაქვს ასეთ დროს; ამიტომ არ უნდა მოუხუჭო მას თვალი; ამიტომ არ უნდა იყო ნამეტანი გულჩვილი („აი, ასე, არაფრის გულისთვის დაიღუპა ადამიანი!“)…

ჭკუიდან შეშლილი ვასია ამბობს, რომ მას ფიზიკური ნაკლი აქვს და ჯარში არ გამოდგება. თუმცა მისი გადაჭარბებული თავმდაბლობა უკვე სულიერი ნაკლია. ის ხომ ასკეტი ბერი არაა, ცხოვრების შუაგულშია და ასე რომ არ გათელილიყო, საკუთარი თავის პატივისცემა, ღირსება უნდა შეენარჩუნებინა, მერე რა, რომ ძალიან დაბალი წარმოშობისა იყო და ღარიბიც; „მორჩილება და იშვიათი თვინიერება“, როგორც ვასიაზე წერს კლასიკოსი მწერალი, პირუტყვს უხდება, ისიც შინაურს. ადამიანი კი სამყაროს სიყვარულს საკუთარი თავის სიყვარულით სწავლობს. ხოლო თავის სიყვარული სწორედ იმ ზნეობრივი წესრიგის, ჩვენი შინაგანი ღვთის ხატის, პატივისცემაა, რომელზეც კანტი წერდა.

ამ „ქიმერული უბედურების“ შემდეგ მეგობრები შორდებიან. ვასია საავადმყოფოში მიჰყავთ: „რაზე ტიროდნენ? სად იყო ეს უბედურება? რატომ არ ესმოდათ ერთმანეთის?…“.

ვინ სვამენ ამ კითხვებს – დემონები თუ ანგელოზები?

პასუხი ლიზანკას ძმის, პატარა პეტიას, ცრემლებია და სუსხიანი, სისხლიანი დაისის უკანასკნელი ძოწეული, ისეთივე აუხსნელი, როგორც ადამიანის სულიერი სამყარო, თვით ისეთი დიდებული მწერლისთვისაც კი, როგორიც ფიოდორ დოსტოევსკია, რომელიც „საპარადო“ ახსნად ამ უცნაურობისა იმას გვამცნობს, რომ ვასიას სუსტმა გულმა ბედნიერებას ვერ გაუძლოო; სინამდვილეში კი მწერალი ყოფიერების სიღრმეებისკენ გვიკვალავს გზას და „იქ“, იმ უცნაურ, სიზმრისეულ, ამორფულ მორევში ჩაგვახედებს, რომელშიც ცნობიერი ქვეცნობიერს შერწყმია და ახსნას ჩვენ გვანდობს. მე რაც შემეხება, ახალი მცნება აღმომაჩენინა ამ მოთხრობამ – პატივი ეცი თავსა შენსა, რომ მასში ღმერთი დაინახო. ღმერთი, რომელმაც შესაქმის, სამყაროს, გვირგვინად შეგვქმნა; ღმერთი, რომელიც სევდიანი მზერით გადმოგვყურებს პრეისტორიული დროიდან… ამაღლება დღეს ვწერ ამას და ავმაღლებულიყავით ჩვენს სულებში დავანებულ ღმერთამდე!…

 

 

 

ციტატები – ფიოდორ დოსტოევსკი „სუსტი გული“, 2021, გამომცემლობა „პალიტრა L“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“