როგორ აყალიბებს ჩვენი მსოფლმხედველობა ცოდნის აღქმას, გადაწყვეტილებებსა და კვლევის მიდგომებს გეოგრაფიაში?
გლობალური საკითხები კომპლექსური და შესასწავლად რთულია. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება იყოს მიკერძოებული, მოძველებული ან უბრალოდ მცდარი. ჩვენი ამოცანაა გამოვავლინოთ ნებისმიერი წინასწარ ჩამოყალიბებული მცდარი წარმოდგენა, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს საკითხის სწორ გაანალიზებაში. მოგვიწევს გააზრებული მოქმედება, რათა გავიგოთ სიმართლე ნებისმიერი კონკრეტული საკითხის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები მხოლოდ სანდო წყაროებიდან მოვიპოვოთ, რათა თავიდან ავიცილოთ დეზინფორმაციის გავრცელება, რაც შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს საკითხში უშუალოდ ჩართული პირებისთვის.
ზოგჯერ ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს აღქმა ემყარება თვალთახედვას, რომელსაც ვერც კი ვაცნობიერებთ. ამას შეიძლება ჩვენი მსოფლმხედველობა ანუ პარადიგმა ვუწოდოთ. პარადიგმა არის ვარაუდების, კონცეფციებისა და ღირებულებების ერთობლიობა, რომელიც ქმნის რეალობის აღქმისა და ინტერპრეტაციის გზას. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი ინდივიდუალური პარადიგმა, ან შეგვიძლია ჩვენი საზოგადოების პარადიგმა გავიზიაროთ.
ტერმინი „პარადიგმა“ შემოიღო ამერიკელმა ისტორიკოსმა, ს. თომას კუნმა (1922-1996), როდესაც მან მეცნიერების ზრდისა და განვითარების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი თეორია წამოაყენა. კუნმა (1962) „პარადიგმა“ განსაზღვრა, როგორც რწმენების, ღირებულებების, ტექნიკისა და ა.შ. ერთობლიობა, რომელსაც მოცემული საზოგადოების წევრები იზიარებენ.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ზღუდავს ჩვენი აღქმა და არსებული წარმოდგენები გლობალური პრობლემების სწორად აღქმის უნარს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ზოგად დასკვნებსაც ფრთხილად უნდა მივუდგეთ.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი პარადიგმები, თუ გვსურს ვიპოვოთ და ავხსნათ ჩვენი პირადი დამოკიდებულება, რათა გვქონდეს მსოფლმხედველობა, რომელიც ასახავს დღევანდელ სამყაროს და არა ათწლეულის წინანდელ სამყაროს.
ჩვენი მსოფლმხედველობა არა მხოლოდ განსაზღვრავს რას ვხედავთ, არამედ იმასაც, როგორ ვუკავშირებთ აზრს რეალობას. გეოგრაფიულ კვლევაში ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი. ჩვენ ვართ ჩვენი კულტურის, განათლების, გამოცდილებისა და სოციალური გარემოს პროდუქტები – ეს ყველაფერი კი აყალიბებს პარადიგმებს, რომელთა მეშვეობითაც ვაფასებთ მოვლენებს.
პარადიგმების პრობლემა ის არის, რომ როგორც კი მას გავითავისებთ (მაგალითად, ძაღლები კატებზე უკეთესი შინაური ცხოველები არიან), შეიძლება მიზეზებს აღარ მივაქციოთ ყურადღება, რატომ უნდა გადავხედოთ თავდაპირველ წარმოდგენას. უმეტეს შემთხვევაში, მსოფლმხედველობა იმის შესახებ, თუ რომელი შინაური ცხოველი ჯობია, ნაკლებად შეცვლის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, თუ პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფთან შედარებით დაბლა დგას, ჩვენ შეიძლება კულტურული გენოციდი გავაღვივოთ.
როდესაც ვსწავლობთ გეოგრაფიულ პროცესებს ან ადგილებს, ჩვენი პარადიგმა -ღირებულებების, რწმენებისა და გამოცდილების ერთობლიობა – ხშირად განსაზღვრავს, რა მონაცემებს მივანიჭებთ მნიშვნელობას და რას ვუყურებთ „ნორმალურად“. მაგალითად, ინდივიდი, რომლის მსოფლმხედველობა აგებულია ეკონომიკური განვითარების პრიზმაზე, შეიძლება მიწათსარგებლობის საკითხები ძირითადად ეკონომიკური თვალსაზრისით განიხილოს. ის მკვლევარი, რომელიც ეკოლოგიურ წონასწორობას პრიორიტეტად მიიჩნევს, ყურადღებას გაამახვილებს ტერიტორიის ეკოლოგიურ წოასწორობაზე და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზე.
ინდივიდის, ჯგუფის ან ცივილიზაციის მიერ შექმნილმა პარადიგმამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს სხვა შესაძლებლობების დანახვაში. ამრიგად, პარადიგმები არის პერსპექტივები, საიდანაც ჩვენ ვუყურებთ პრობლემებს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თუ პარადიგმებს არ გავაანალიზებთ, ცხოვრებაში მხოლოდ იმას დავინახავთ, რაც გვინდა დავინახოთ და არა იმას, რაც სინამდვილეში არსებობს.
ჩვენი მსოფლმხედველობაც შეიძლება გამოწვევის წინაშე დადგეს. რეალურ ცხოვრებაშიც კი შეიძლება მოგვიწიოს ზედაპირული აღქმის გადალახვა, რათა სამყაროს საკითხების უფრო ღრმა გაგებამდე მივიდეთ.
ზოგჯერ ჩვენი მსოფლმხედველობა ან პარადიგმა მცდარი აღმოჩნდება. წარმოიქმნება ანომალიები ან შეუსაბამობები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს იმას, რასაც „ჭეშმარიტად“ მივიჩნევდით, ამიტომ უნდა შევცვალოთ სამყაროს აღქმის, აზროვნებისა და სმაყაროს შეფასების ჩვენი წესი. ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი ვარაუდები და მოლოდინები, რომლებიც შეცვლის ჩვენს თეორიებს, ტრადიციებს, წესებსა და პრაქტიკის სტანდარტებს. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პარადიგმა, რომლის დახმარებითაც შევძლებთ ძველი პარადიგმის გადაუჭრელი პრობლემების გადაჭრას.
გეოგრაფიული პარადიგმის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენი კონტინენტი არსებობს. ეს ხომ საკმაოდ კონკრეტული და მარტივად დასადგენი საკითხია?
პარადიგმის არსებობისას, ჩვენ ვაგროვებთ ახალ ინფორმაციას, ვამოწმებთ ძველს და ზოგიერთ შემთხვევაში ვცვლით მას. ეს გარდაუვალია, რადგან ახალი ინფორმაციის მიღებისას ჩვენი ვარაუდები იძულებულია შეიცვალოს. ამ მაგალითში, ალბათ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი კონტინენტი არსებობს; შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს არ ვეთანხმებით. თუმცა, თუ ეს თემა საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებაში დაგვეხმარება, კონსენსუსის მისაღწევად, შესაძლოა, ჩვენი პარადიგმა შევცვალოთ.
ნებისმიერი დისციპლინა ან მისი ქვედისციპლინა ყოველთვის ფუნქციონირებს და მოქმედებს ჩარჩოში ან გარკვეულ კონცეპტუალურ მატრიცებში – „პარადიგმებში“. პარადიგმა ყურადღებას ამახვილებს ფილოსოფიურ პერსპექტივასა და მეთოდოლოგიებზე, რომლებიც აქტუალური იყო და აგრძელებენ თეორიული უკუკავშირის მიწოდებას ახალი მკვლევრებისთვის. ნებისმიერი მოდელი, იდეა, კონცეფცია, ტექნიკა ან მეთოდი, რომელსაც შეუძლია სამეცნიერო ინტერესის ან კვლევის გენერირება კონკრეტული დროის მონაკვეთში, შეიძლება ეწოდოს პარადიგმა.
ვერცერთი დისციპლინა ვერ გადარჩება პარადიგმის ცვლილების გარეშე. ეს გეოგრაფიასაც ეხება. პარადიგმებს აქვთ უნარი, შეცვალონ ადამიანების აზროვნება, მსოფლმხედველობა და იდეოლოგია. გეოგრაფიული კვლევების ბირთვს წარმოადგენს ადამიანსა და გარემოს შორის ურთიერთობის შესწავლა. კვლევაში პარადიგმის ცვლილებები მოჰყვებოდა სხვადასხვა ათწლეულების განმავლობაში სოციალური მოთხოვნილებებისა და სამართლიანობის გლობალურ და ეროვნულ პრიორიტეტებს.
გეოგრაფიული იდეების ან კონცეფციების განვითარება, როგორიცაა დეტერმინიზმი (გარემოს გავლენის უპირატესობა), პოსიბილიზმი, ნეოდეტერმინიზმი და ა.შ., წარმოადგენს გეოგრაფიის კლასიკური პერიოდიდან მოყოლებული სხვადასხვა პარადიგმული ფაზის გამოვლინებას. ეს გეოგრაფიული იდეები ან კონცეფციები დღემდე განიხილება გეოგრაფიულ კვლევებში, რადგან ისინი ასახავს ადამიანისა და გარემოს ურთიერთობებისა და რესურსების გამოყენებას სხვადასხვა თანამედროვე გეოგრაფიული ტექნიკის მეშვეობით სხვადასხვა ათწლეულში.
გეოგრაფიაში უახლესი პარადიგმები გაცილებით მეტად არის შერწყმული ტრადიციულ და თანამედროვე გეოგრაფიულ კონცეფციებთან, რაოდენობრივ-მულტიდისციპლინურ მიდგომებთან და გეოსივრცითი მონაცემების უფრო ფართო გამოყენებასთან.
ამიტომ, თუ გვსურს ობიექტურად მივუდგეთ გეოგრაფიულ კვლევას, საჭიროა საკუთარი პარადიგმების გააზრება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გადახედვაც. სწორედ ეს მიგვიყვანს მდგრად და ფართო ხედვაზე დაფუძნებულ ანალიზამდე.
გამოყენებული იტერნეტგვერდები: