სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

სინტოიზმი

სინტოიზმი (იაპ. „ღმერთების გზა“) იაპონიის ნაციონალური რელიგიაა. მის საფუძველს წარმოადგენს ბუნების ძალებისა და წინაპართა სულების გაღმერთება. ამ რელიგიის მიხედვით, მრავალ საგანს და, რა თქმა უნდა, სულიერ არსებას აქვს საკუთარი სულიერი არსი, რომელსაც კამი ეწოდება. კამი შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული ადგილის სული, მაგალითად, არსებობდეს ხეში, ქვაში თუ წმინდა ადგილას, ისე განასახიერებდეს გლობალურ ბუნებრივ მოვლენებსაც – მზეს, ქარს, წვიმას და სხვ. კამის ასევე უწოდებენ გარდაცვლილ წინაპართა სულებს, რომლებიც ოჯახებსა და გვარებს მფარველობენ. სინტოს მიხედვით, თითოეულ ადამიანშია კამი, რომელიც მისი მფარველი და კეთილდღეობის საფუძველია.

სინტოს მთავარი სულიერი პრინციპია ადამიანის ცხოვრება ბუნებასა და საზოგადოებასთან სრულ ჰარმონიაში. ამ რელიგიის მიხედვით, სამყარო ერთიანია, სადაც კამები, ადამიანები და გარდაცვლილთა სულები თანაარსებობენ. ამავე დროს, ეს სამყარო ცვალებადია და უსასრულო არ არის – გარკვეული ხნის შემდეგ ის ნადგურდება, მერე კი ახალ ფორმას იძენს.

სინტოიზმში, ქრისტიანობისგან განსხვავებით, ერთიანი ეთიკური კანონი არ არსებობს. სიკეთე და ბოროტება მასში მეტად ფარდობით ხასიათს ატარებს და მათი დაპირისპირება ბუნებრივ მოვლენად აღიქმება. სინტოს მოძღვრების მიხედვით, თუ ადამიანის ქცევა პატივისცემას იმსახურებს საზოგადოების მხრივ, მაშინ ის, სავარაუდოდ, სიკეთეს სჩადის. ასევე სათნოებად მიიჩნევა გარშემო მყოფთა მიმართ თანადგომა, უფროსების პატივისცემა, საზოგადოების წევრებთან მეგობრული ურთიერთობა და სხვა. სინტოიზმი გმობს ეგოიზმს, შეუწყნარებლობას. ბოროტებადაა მიჩნეული ყოველივე ის, რაც არღვევს სოციალურ წესრიგს და სამყაროს ჰარმონიას. ადამიანის სული იმთავითვე სათნო და უცოდველია, ხოლო ამქვეყნიური სამყარო – კარგი, თუმცა სულების გავლენით, რომლებიც ადამიანთა მოდგმის სისუსტით სარგებლობენ, ვრცელდება ბოროტება. ამრიგად, სინტოს მიხედვით, ბოროტება თავისებურ ავადმყოფობას წარმოადგენს, რომელიც ადამიანისთვის ბუნებრივი არ არის.

სინტოიზმი როგორც სახელმწიფო რელიგია ჩამოყალიბდა დაახლოებით VII–VIII საუკუნეებში, როდესაც ერთიანი იაპონური სახელმწიფო შეიქმნა. ახალი რელიგიის მიხედვით, სინტოს უზენაესი ღვთაება გამოცხადდა საიმპერატორო დინასტიის წინაპრად, ხოლო სხვა ღმერთები – იაპონიის გავლენიანი გვარების წინაპრებად. ამავე დროს შეიქმნა ქრონიკა „ძველი ამბების ჩანაწერები“ – კოძიკი და „იაპონიის ანალები“ – ნიჰონგი. ამიერიდან სწორედ ეს წიგნები წარმოადგენდა სინტოს მიმდევართა ძირითად კანონს.

კოძიკისა და ნიჰონგში ასახვა პოვა სინტოიზმის მითოლოგიამაც, რომელიც სამყაროს შექმნის ამბავს მოგვითხრობს. მითის მიხედვით, თავდაპირველად იყო ქაოსი, რომელშიც ყველა ელემენტი არეულ, უფორმო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მერე წარმოიშვა ცა და დედამიწა, პირველი ღმერთები და ღვთებრივი წყვილები – და–ძმები, რომლებიც ბუნებრივ მოვლენებს განასახიერებდნენ. უკანასკნელი წყვილი, იძანაგი და იძანამი, დაქორწინდენენ. მათგან წარმოიშვა იაპონიის კუნძულები და მრავალი კამი. იძანამიმ შვა ცეცხლის ღმერთი, რის შემდეგაც გარდაიცვალა და წყვდიადის ქვეყანაში გაემგზავრა. დამწუხრებულმა იძანაგიმ მოკლა ცეცხლის ღმერთი, რომლის სისხლისგან მრავალი კამი წარმოიშვა, და მეუღლის კვალს გაუყვა, რათა ის ამქვეყნად დაებრუნებინა, მაგრამ როცა გახრწნილი ნახა, ბნელეთიდან გამოიქცა. ქმრის გაქცევით განრისხებულმა იძანამიმ ფიცი დადო, რომ დღეში ათას ადამიანს მოკლავდა, რის პასუხადაც იძანაგიმ მშობიარეებისთვის ყოველდღე ათას ხუთასი ქოხის აგება დაიწყო.

სინტოისტური ტაძარი - 1

ეს მითი თვალსაჩინოდ გადმოსცემს სინტოს წარმოდგენას სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ, კერძოდ, იმას, რომ ღმერთებიც კი მოკვდავნი არიან და აზრი არ აქვს გარდაცვლილთა საიქიოდან დაბრუნებას, თუმცა სულიერი გარდასახვის წყალობით სიცოცხლე ყოველთვის ამარცხებს სიკვდილს.

იძანაგისა და იძანამის მითში უკვე არიან მოხსენიებულნი ადამიანები. ამრიგად, სინტოს მითოლოგია ადამიანთა მოდგმის წარმოშობას იაპონიის კუნძულების გაჩენის თანადროულად განიხილავს, თუმცა კონკრეტულად ადამიანის შესაქმის აქტის შესახებ სინტოიზმი არაფერს გვეუბნება. ეს იმით აიხსნება, რომ სინტო განსაკუთრებულ ზღვარს არ ავლებს ადამიანსა და კამის შორის.

ბნელეთიდან დაბრუნების შემდეგ იძანაგი მდინარის წყალში განიბანა. განბანის დროს მისი სხეულიდან ჩამოსული წყლის წვეთებისგან მრავალი კამი იშვა. მაგალითად, მარცხენა თვალიდან ჩამოსული წვეთებისგან იშვა მზის ქალღმერთი – ამატერასუ, ხოლო ცხვირიდან ჩამოსული წვეთებისგან – სუსანოო, ქარისა და ქარიშხლის ღმერთი. ერთხელ სუსანოო ეწვია დას და გაანაწყენა. ამატერასუ თავის ციურ გამოქვაბულში ჩაიკეტა, რის გამოც სამყარო წყვდიადმა მოიცვა. მითის მიხედვით, ღმერთებმა მზის ქალღმერთი ჩიტების ჭიკჭიკით, სიმღერითა და ხმამაღალი სიცილით გამოიტყუეს გამოქვაბულიდან, რის შემდეგაც სამყაროში ისევ სინათლემ დაისადგურა.

ამატერასუს დაბრუნების შემდეგ იაპონურ მითებში აღწერილია მხოლოდ ცალკეული ისტორიები, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. ისინი მოგვითხრობენ კამების ერთმანეთთან ბრძოლის ამბავს იაპონიის კუნძულების ხელში ჩასაგდებად. ერთ-ერთი მითი გვიყვება, როგორ ჩამოვიდა მიწაზე ამატერასუს შვილიშვილი ნინიგი, რომელსაც მთელი იაპონიის მმართველობის ხელში ჩაგდება სურდა. მას ხუთი ღვთაება ახლდა თან, რომლებმაც იაპონიის ხუთ არისტოკრატულ გვარს დაუდეს სათავე. მეორე მითის მიხედვით, ნინიგის შთამომავალმა ძიმუმ კუნძულ კიუსიუდან კუნძულ ჰონსიუზე გაილაშქრა და მთელი ქვეყანა გააერთიანა, რის შედეგადაც წარმოიშვა იაპონიის იმპერია, ხოლო თავად ძიმუ პირველი იმპერატორი გახდა. მითი იმითაა ორიგინალური, რომ მასში დასახელებულია ამ მოვლენის თარიღი, კერძოდ, ძვ. წ. 660 წელი. თუმცა, მეცნიერთა აზრით, მოვლენა (იაპონიის სახელმწიფოს შექმნა), რომელიც მითშია აღწერილი, ახ. წ. III საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. სწორედ ამ ისტორიას ეყრდნობა თეზისი საიმპერატორო გვარის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ. იმპერიის დაარსების დღე ყოველი წლის 11 თებერვალს აღინიშნება იაპონიაში.

საიმპერატორო დინასტიის ღვთაებრიობიდან გამომდინარე, წარმოიშვა იაპონელი ერის რჩეულობის იდეაც. ტრადიციისამებრ, კამი განაგრძობს არსებობას იმპერატორებში, საიდანაც გამომდინარეობს თეორია, რომ ქვეყანა ღვთაებრივი ნების წყალობით იმართება. ამ იდეამ კიდევ უფრო რადიკალური ელფერი მიიღო შუა საუკუნეებში, როდესაც იმპერატორი ქალღმერთ ამატერასუს ცოცხალ გარდასახვად აღიარეს, რაც მისადმი ღმერთების მსგავს თაყვანისცემას მოითხოვდა. იაპონია მიიჩნეოდა ოჯახ-სახელმწიფოდ, სადაც ქვეშევრდომებს იმგვარი პატივისცემა უნდა გამოეხატათ იმპერატორისადმი, როგორიც შვილს – მამისადმი, ხოლო იმპერატორი მამობრივი სიყვარულით უნდა ყოფილიყო გამსჭვალულიყო თითოეული ქვეშევრდომის მიმართ.

სინტოისტური ტაძარი

იაპონიაში იმპერატორთა ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ნომინალური იყო, რაც გაუთავებელი ფეოდალური შინაომების შედეგი გახლდათ, თუმცა 1868 წელს იმპერატორის ძალაუფლება ისევ აღდგა. ამას მოჰყვა ქვეყნის მმართველის ცოცხალ ღმერთად აღიარება, ხოლო სინტოიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ოც წელიწადში, იაპონიის კონსტიტუციით, აღიარებულ იქნა რწმენის თავისუფლება, სინტოიზმმა მაინც შეინარჩუნა ოფიციალური რელიგიის სტატუსი.

სახელმწიფო სტატუსი სინტომ II მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ დაკარგა, როდესაც ამერიკული საოკუპაციო ხელისუფლების ზეწოლით იაპონიამ ახალი კონსტიტუცია მიიღო. ამ კონსტიტუციის მიხედვით, იმპერატორი აღარ ითვლებოდა ცოცხალ ღვთაებად და უმაღლეს ქურუმად. ის მხოლოდ თავისი ერის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.

სინტოისტური კულტის საფუძველს წარმოადგენს კამის თაყვანისცემა. ამისთვის ტარდება რიტუალები, რომელთა დანიშნულებაა მორწმუნესა და კამის შორის კავშირის დამყარება. იაპონელთა აზრით, კამის გულის მონადირება შეიძლება, თუ მას სიამოვნებას მივანიჭებთ. რიტუალთა სისტემა სინტოიზმში დაწვრილებითაა გაწერილი. ის ითვალისწინებს როგორც ტაძარში კოლექტიურ ლოცვას, ისე ინდივიდუალურ ლოცვასაც შინ. სინტო ოთხ ძირითად რიტუალს მოიცავს – განწმენდას, მსხვერპლშეწირვას, ლოცვას და სიმბოლურ სუფრას (ტრაპეზს).

განწმენდის დროს სინტოისტები იყენებენ ჭურჭელს, სუფთა წყალს და ხის ჩამჩას. მორწმუნე ჯერ ხელებს იბანს, მერე – პირს, მერე კი რეცხავს ჩამჩის ტარს, რათა მომდევნო მლოცველს სუფთა დაუტოვოს. არსებობს მასობრივი განწმენდის რიტუალიც, როდესაც მღვდელმსახური მორწმუნეებს მარილიან წყალს აპკურებს.

მსხვერპლშეწირვა: მორწმუნემ საჩუქრები უნდა მიართვას კამის და ამით დაამტკიცოს მისდამი ერთგულება. ძღვენი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ აუცილებლად ან უბრალო ნივთები, ან საკვები. ტაძარში ლოცვის დროს კამის ძღვენს ალაგებენ თეფშებსა და ლანგრებზე, რომლებიც სპეციალურ მაგიდებზე აწყვია. ეს ძღვენი მღვდელმსახურს მიაქვს. საკვებიდან ყველაზე გავრცელებულია წყაროს წყლის, საკეს (არყის მსგავსი სასმელი), გაწმენდილი ბრინჯის, ბრინჯის კვერების, იშვიათად – თევზის შეწირვა. შესაწირავი ნივთები შეიძლება იყოს მონეტები, რომლებსაც ტაძარში გამოყოფილ სპეციალურ ყუთებში ყრიან. დიდ ფულად შესაწირავს მლოცველები ქაღალდში ახვევენ და ტაძრის ქურუმს აძლევენ. კამის, რომელიც ხელოსნობის რომელიმე დარგს მფარველობს, შეიძლება შესწირონ ამ დარგის ნაწარმიც, მაგ., თიხის ჭურჭელი, ტილო და სხვა. იაპონიაში ძალიან გავრცელებულია ღვთაებისთვის მცენარეების ან მათი ტოტების მირთმევა. მირთმეულ ძღვენს ქურუმები აგროვებენ და სხვადასხვანაირად იყენებენ. მცენარეებთა და შეწირული ნივთებით ტაძარს რთავენ. საკვების ნაწილი შესაძლოა თავად მიირთვან ან რელიგიური ტრაპეზისთვის გამოიყენონ.

სინტოიზმში ქურუმს, რომელიც ადამიანსა და კამის შორის შუამავლად გვევლინება, ნორიტოს უწოდებენ. ნორიტო უძღვება ლოცვებს, რომლებიც ღირსშესანიშნავ და სადღესასწაულო დღეებში სრულდება. რიტუალური ცერემონია შესაძლოა ჩატარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მორწმუნე მას სპეციალურად შეუკვეთავს. მაგ., როდესაც ადამიანი სარისკო საქმეს (ბიზნესს) იწყებს ან, პირიქით, კარგად დაასრულებს ამ საქმეს. შეიძლება ასევე რიტუალური ლოცვის შეკვეთა შვილის გაჩენის, მისი სკოლაში წასვლის, უნივერსიტეტის დამთავრების ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად. ნორიტო ხოტბას ასხამს ღვთაებას, რომელსაც ეძღვნება ეს რიტუალი, შემდეგ ჩამოთვლის ყველა დამსწრეს და აღწერს, რისთვის შეიკრიბნენ ისინი, დაბოლოს, კამის სთხოვს, შეუსრულოს მათ თხოვნა.

სინტოისტური პროცესია

მეოთხე მნიშვნელოვანი რიტუალი, რომელსაც სინტოისტები ასრულებენ, არის ნაორაი, რაც რელიგიურ ნადიმს გულისხმობს. ეს არის მრევლის საერთო ტრაპეზი, რომელზეც ღვთაებისადმი შეწირული ძღვენის ნაწილს მიირთმევენ, რაც სიმბოლურად კამისთან ერთად პურობას განასახიერებს.

იაპონიაში მეტად გავრცელებულია სახლში პატარა სამლოცველოს მოწყობა. ასეთი სამლოცველოსთვის უმეტესად ბინის რომელიმე კუთხეს გამოყოფენ. ამ კუთხეში ეწყობა საკურთხეველი, რომელსაც კამიდანას ეძახიან. კამიდანა ირთვება ფიჭვის ან წმინდა ხის – საკაკის ტოტებით. თუ შესაძლებელია, კამიდანას პირდაპირ ათავსებენ სარკეს. ამ საკურთხეველს ამკობენ ტაძარშია ნაყიდი თილისმებით ან ფირფიტებით, რომლებზეც ღვთაებათა სახელები წერია.

სინტო არ ითხოვს მორწმუნეებისგან ტაძარში ხშირად სიარულს. საკმარისია ლოცვაზე დასწრება მხოლოდ დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს. დანარჩენ დღეებში ადამიანს შეუძლია ილოცოს შინ. ლოცვა კამიდანას წინ აღესრულება. რიტუალის აღსრულებამდე კამიდანა კარგად იწმინდება, მასთან იდგმება ხის ტოტები და საკე. გარდაცვლილთა მოხსენიების დროს შეიძლება საკურთხეველზე მათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირადი ნივთებიც მოათავსონ, მაგ., უნივერსიტეტის დიპლომი, ცნობა სამსახურში დაწინაურების შესახებ და სხვა. რიტუალური განწმენდის (სახისა და ხელების განბანის) შემდეგ მლოცველი დგება კამიდანას პირდაპირ და რელიგიურ რიტუალს აღასრულებს: ერთი მოკლე თავის დაკვრით ესალმება კამის, მერე ორჯერ ხანგრძლივად უკრავს თავს, ბოლოს კი ტაშს უკრავს, რათა კამის ყურადღება მიიქციოს. რიტუალი გრძელდება ჩუმი ლოცვით, რომლის შემდეგაც მლოცველი კიდევ ერთხელ იდრეკს თავს კამიდანას წინაშე. ამ რიტუალის დასრულების შემდეგ ოჯახი ნადიმს მართავს.

სინტოიზმი თავისი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა რელიგიის გავლენას განიცდიდა. კონფუციანელობა, დაოსიზმი, ძველი იაპონური კერპთაყვანისმცემლობა – ეს ის კულტებია, რომელთა ელემენტებიც უხვად გვხდება ამ რელიგიაში. მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა სინტოიზმსა და ბუდიზმს შორის ჩამოყალიბდა. ვინაიდან ბუდიზმი ძალზე პოპულარული იყო იაპონურ არისტოკრატიაში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ამ ორ რელიგიას შორის კონფლიქტი არ ყოფილიყო: კამები ბუდიზმის მფარველებად გამოცხადდნენ, მოგვიანებით ზოგიერთი კამი ბუდისტურ წმინდანებთან გაიგივდა, ხოლო საბოლოოდ შეიქმნა დოქტრინა, რომლის მიხედვითაც კამებს, ისევე როგორც ადამიანებს, ხსნა სჭირდებათ, რომელიც ბუდისტური რელიგიური კანონებით მიიღწევა.

სინტოისტური ტაძრების ტერიტორიაზე ბუდისტური სამლოცველოების აშენებაც დაიწყეს, სადაც ამ რელიგიისთვის დამახასიათებელ რიტუალებს ასრულებდნენ. მე-9 საუკუნიდან, როდესაც ბუდიზმი იაპონიის სახელმწიფო რელიგია გახდა, სინტოს ტაძრებში ბუდასა და ბოდჰისატვების გამოსახულებებიც გაჩნდა. წარმოიშვა ახალი რელიგიური დღესასწაულები. ბუდიზმის დიდი გავლენა განიცადა სინტოისტურმა საკულტო არქიტექტურამაც.

რწმენის თვალსაზრისით, ბუდიზმის გავლენა იმით გამოვლინდა, რომ სინტოიზმში წარმოიშვა ახალი კონცეფცია, რომელიც მოიაზრებდა განწმენდის გზით კამისთან ჰარმონიის მიღწევას. განწმენდა გულისხმობდა ყოველივე ზედმეტის, უცხოს მოშორებას, ყოველივე იმის მოშორებას, რაც ადამიანს ხელს უშლის, დაინახოს სამყარო ისეთი, როგორიცაა ის სინამდვილეში. ადამიანის განწმენდილი გული სარკესავით აირეკლავს სამყაროს ყველა მისი გამოვლინებით და კამის გულად გადაიქცევა. ღვთაებრივი გულის მქონე ადამიანი სამყაროსა და ღმერთებთან ჰარმონიაში ცხოვრობს, ხოლო ქვეყანა, რომლის საზოგადოებაც მიისწრაფვის განწმენდისკენ, კეთილდღეობას აღწევს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სინტოიზმი მეტად საინტერესო რელიგიაა. მრავალი მეცნიერის აზრით, სწორედ სინტოისტურმა სულმა განაპირობა იაპონიის ისეთი სწრაფი განვითარება, რომელსაც მთელი მსოფლიო XX საუკუნის განმავლობაში თვალს ადევნებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი