პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

…მშვენიერია თქვენი ჟესტი თავისთავად – ივან ბუნინი

თქვენო აღმატებულებავ, მოწყალეო ქალბატონებო, მოწყალეო ბატონებო!

ცხრა ნოემბერს, შორს, გადაკარგულში, ძველებურ პროვანსულ ქალაქში, ღარიბ სოფლურ სახლში ტელეფონმა მამცნო შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილება. გულწრფელი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, როგორც ჩვეულებრივ ამბობენ ხოლმე მსგავს შემთხვევაში, თითქოს ეს იყო ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მთელს ჩემს ცხოვრებაში. სამართლიანად თქვა დიდმა ფილოსოფოსმა, რომ სიხარულის გრძნობა, რაგინდ ძლიერიც უნდა იყოს იგი, თითქმის არაფერია მწუხარების ასეთივე გრძნობასთან შედარებით. სრულიადაც არ მინდა სევდა მოვფინო ამ ზეიმს, ზეიმს, რომლის წარუშლელ მოგონებას, სიცოცხლის ბოლომდე, სამუდამოდ შემოვინახავ, მაგრამ მაინც თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ უკანასკნელ თხუთმეტ წელიწადში განცდილმა მწუხარებამ დიდად გადააჭარბა სიხარულს და ეს მწუხარება პირადი როდი იყო, – სრულიადაც არა! თუმცა იმის თქმაც მტკიცედ შემიძლია, რომ მთელს ჩემს სამწერლო ცხოვრებაში განცდილ სიხარულთაგან თანამედროვე ტექნიკის ამ პატარა საოცრებამ, – ტელეფონის ამ ზარმა სტოკჰოლმიდან გრასში – მე, როგორც მწერალს, ყველაზე უფრო სრული კმაყოფილება მომანიჭა.

თქვენი დიდი თანამემამულის ალფრედ ნობელის მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემია ჭეშმარიტად არის მწერ­ლის შრომის უმაღლესი დაგვირგვინება! პატივმოყვარეობა თითქმის ყველა ადამიანს, ყველა ავტორს ახასიათებს და მეც უდიდესი სიამაყე დამეუფლა, როცა ეს ჯილდო მივიღე ეგზომ კომპეტენტურ და მიუკერძოებელ მსაჯულთაგან. მაგრამ ცხრა ნოემბერს განა მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი? არა, ეს მეტისმეტი ეგოისტობა იქნებოდა.

პირველი მოლოცვებისა და ტელეგრამების ნაკადის გამო მხურვალედ განცდილი მღელვარების შემდეგ, ღამის მდუმარებასა და მარტოობაში დარჩენილი ვფიქრობდი შვეციის აკადემიის საქციელის ღრმა მნიშვნელობაზე. ნობელის პრემიის დაარსების დროიდან თქვენ პირველად მიანიჭეთ იგი დევნილს. მაშ, ვინა ვარ მე? დევნილი, რომელიც სარგებლობს საფრანგეთის სტუმართმოყვარეობით, რისთვისაც სამუდამოდ მადლიერი ვიქნები მისი. ბატონო აკადემიის წევრებო, ნება მომეცით, მოგახსენოთ, რომ არაფერი ვთქვათ პირადად ჩემსა და ჩემს ნაწარ­მოებებზე, რაოდენ მშვენიერია თქვენი ჟესტი თავისთავად. მსოფლიოში უნდა არსებობდნენ სრული დამოუკიდებლობის სფეროები. უეჭველია, ამ მაგიდის ირგვლივ სხედან ყველანაირი აზრის, ყველანაირი ფილოსოფიური და რელიგიური რწმენის წარმომადგენლები. მაგრამ არსებობს კიდევ რაღაც ურყევი, ჩვენ ყველას რომ გვაერთიანებს: აზრისა და სინდისის თავისუფლება, ის, რასაც ცივილიზაციას უნდა ვუმადლოდეთ. მწერლისთვის ეს თავისუფლება განსაკუთრებით აუცილებელია, – მისთვის იგი დოგმატია, აქსიომაა. თქვენმა ჟესტმა კი, ბატონო აკადემიის წევრებო, ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ თავისუფლების სიყვარული არის შვეციის ჭეშმარიტი ნაციონალური კულტი.

კიდევ ორიოდე სიტყვა – ამ მოკლე გამოსვლის ბოლოს. მე მხოლოდ დღეიდან როდი ვაფასებ ასე დიდად თქვენს სამეფო კარს, თქვენს ქვეყანას, თქვენს ხალხს, თქვენს ლიტერატურას. ხელოვნებისა და ლიტერატურის სიყვარული მუდამ ტრადიცია იყო შვედეთის სამეფო კარისათვის, ისევე, როგორც მთელი თქვენი კეთილშობილი ერისათვის. დიდი მეომრის მიერ დაარსებული შვედური დინასტია ერთ-ერთი სახელოვანია მსოფლიოში. დაე, მისმა უდიდებულესობა მეფემ, გმირი ხალხის გმირმა მეფემ, ინებოს და ნება დართოს უცხოელს, თავისუფალ მწერალს, შვედეთის აკადემიის ღირსყოფილს, გამოთქვას მისდამი უდიდესი პატივისცემის უგულითადესი გრძნობები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი