ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როგორ აიხსნება, თუ მასწავლებელი და სკოლა გესიზმრებათ?

სიზმარი ჯერ კიდევ ბოლომდე აუხსნელი ფენომენია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ადამიანს სწორედ ის ესიზმრება, რაზეც ხშირად ფიქრობს და დარდობს, ან რაც კონკრეტულ დღეს თავს გადახდა. უამრავი ფსიქოლოგი, ასტროლოგი, ეზოთერიკი თუ უბრალოდ „მუცლითმეზღაპრე” სწორედ არაცნობიერს იკვლევენ, რასაც უშუალოდ სიზმარი წარმოადგენს. წინამდებარე მასალაში არ შევუდგებით სიზმრის რაობისა და თვისობრიობის განსაზღვრას. უბრალოდ სიზმართან მიმართებაში ჩვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას სხვადასხვა ფსიქოლოგიური თუ ეზოთერული სკოლის დასკვნებს გაგიზიარებით. მაშ ასე, რას განიცდის და რა ელოდება ადამიანს, თუ მან სიზმარში სკოლა, მასწავლებელი ან გამოცდის პროცესი იხილა.
„ქალღმერთ იუნონას” სიზმრების სკოლა: თუ გესიზმრათ, რომ სკოლაში დადიხართ, თავისთავად ბავშვობაში დაბრუნებას ნიშნავს. თუ პირველი მასწავლებელი გესიზმრათ, ეს წყნარი ცხოვრების სიყვარულზე მიუთითებს და ცხოვრების მცირედი სიხარულისადმი მიდრეკილებას ნიშნავს. აი, სკოლაში მოთამაშე და მოსეირნე მოსწავლეებს თუ ხედავთ, ნელი, მაგრამ განსაკუთრებული წინსვლა გელოდებათ პირად ცხოვრებასა და სამსახურში.
ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი სიზმარში სკოლისა და მასწავლებლის ნახვის თაობაზე ფიქრობს, რომ ეს, როგორც წესი, სკოლაში, კოლეჯში, უნივერსიტეტში, ან სამსახურში გამოცდების წინა ნერვიულობებს ახლავს. თუმცა, შეიძლება ეს ამ ადამიანის სხვებთან ურთიერთობებში პრობლემებზეც მიუთითებდეს – „გაქვთ შეგრძნება, რომ ვიღაც გამუდმებით განგსჯით”. შესაძლოა, ამგვარი ხასიათის სიზმრის ნახვა წარუმატებლობის შიში, შეუსრულებელ ვალდებულებებზე ნერვიულობაც იყოს. თუ სიზმარში სკოლის გამოცდაზე თაღლითობას ცდილობთ, მაშინ საკუთარ თავთან გულწრფელი არ ხართ და რაღაც საკითხში თავის მოტყუებას ცდილობთ.
ეზოთერიკი ჰ. ჰასსეს აზრით,თუკი სიზმარში სკოლაში სიარული მოგწონთ, ტიპურ გამოვლინებაში ეს მიწიერი შეზღუდვებისგან გათავისუფლების სიმბოლოა.  იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ რაღაც გამოწვევა მიიღეთ და როგორც იქნა გადაჭერით პრობლემა, რომელიც ძალიან დიდი ხანია გაწუხებდათ. ამასთანავე, სიზმარში სკოლაში სიარული ყოველდღიურ ცხოვრებაში მოახლოებულ ცვლილებებზე მიუთითებს. ან იმაზე, რომ ვერ ახერხებთ პროგრესს, შემდეგი ნაბიჯის გადადგმას. მეტაფიზიკაში სკოლის თაობაზე ნანახი სიზმრები უმაღლეს ცნობიერთან კავშირსა და სულიერ თავისუფლებაზე მიუთითებს.
ფსიქოლოგი ჰენრი მილერი მიიჩნევს, რომ ძილის დროს სიზმარში სკოლის მონახულება ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ახასიათებთ. თუ თქვენ სკოლა და პირველი მასწავლებელი გესიზმრებათ, ეს მიუთითებს, რომ გარკვეულწილად ნოსტალგიას განიცდით თქვენს წარსულზე და უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგიწევთ გადახედოთ მას. დაკვირვებული ადამიანი შორეულ ცნობიერში უთუოდ მიაგნებს დაშვებულ უზუსტობებს და რეალურ ცხოვრებაში წარსულის განმეორებასა და შეცდომების გასწორებას შეეცდება. სასურველია, თუ „სიზმრის ავტორი” ბავშვობის დროინდელ საშინაო დავალებების რვეულებს გადაათვალიერებს. აქ კი, განსაკუთრებით ყურადსაღებია მათემატიკისა და შემოქმედებითი გაკვეთილების დავალებების გადახედვა.
ასტროლოგ გუსტავ ბერნეტის აზრით, სიზმარში სკოლის ნახვა მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში რაღაც ცვლილებებს ელოდებით, ძალიან დიდს, გრანდიოზულს და ერთი სული გაქვთ, როდის დადგება ეს დრო. მეტაფიზიკურად სული დროის გარეშე ცხოვრობს და როცა საკუთარ წარსულს ხედავთ და სიზმარში სკოლის მოსწავლის შეგრძნება გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სულიც სამგანზომილებიან რეალობაში რჩება. თუ ამას განიცდით, ეს კომპლექსია! თქვენ ძალიან დარდობთ საკუთარ იმიჯზე; იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. შეიძლება მიუთითებდეს იმაზეც, რომ რაღაცას მალავთ და გეშინიათ საკუთარი ნამდვილი სახის გამოჩენა.
ასტრონომისა და ფილოსოფოსის, გალილეო გალილეის თუ ვერწმუნებით,  სკოლისა და მასწავლებლის დასიზმრება თქვენს პიროვნებაში ერთმნიშვნელოვნად დადებით ძვრებზე მიუთითებს. ქვეცნობიერი არასაკმარისად აღიქვამს ცნობიერში არსებულ ცოდნას და გამალებით ისწრაფვის სიღრმეებისაკენ. ანუ ცდილობთ იმის კომპენსირებას, რაც ბავშვობაში, სიზარმაცისა თუ სხვა რიგი გარემოებების გამო თქვენმა გონებამ ვერ აითვისა. მასწავლებლის დასიზმრების შემთხვევაში, გამოღვიძებულმა შეძლებისდაგვარად სასწრაფოდ აღიდგინეთ სიზმრის შინაარსი. ამის შემდგომ, ანალიზი გაუკეთეთ ბავშვობის დროინდელ სისუსტეებს ამა თუ იმ საგანში და „აზრზე მოსულმა” სწორედ იმ სფეროებზე გააკეთეთ ფსონი, რომლებშიც ბავშვობაში მოიკოჭლებდით.
მოამზადა კახა ჭაბაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი