პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მე მეგონა მარტო ვიყავი

მე და ჩემი მეგობარი VI ან VII კლასში ვიქნებოდით, როცა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის თითო რომანი დავწერეთ (40-ფურცლიანი რვეული), სადაც უხვად სუფევდა კოსმოსური თემატიკა: შატლები, უცხო პლანეტები, ჰუმანოიდები, პროფესორები, ხომალდის კაპიტნები და სხვადასხვა ვარსკვლავთშორისი ბატალური სცენები. 
ჩვენი სამეცნიერო და მწერლური ჟინისა და აღიარების პიკური მწვერვალი კლასელთა ნაწილის სკოლაში დილის 9-ის ნაცვლად 9-ის ნახევარზე მოსვლით შემოიფარგლა. კლასელებს გაგრძელებას ვუკითხავდით. მკითხველთა მიმზიდველობა იმით გავზარდეთ, რომ პერსონაჟებად ზოგიერთი კლასელი ჩავსვით და ერთად დავეხეტებოდით გალაქტიკის ვიწრობებში. 

სრულიად უნებლიეთ ან შინაგანი ალღოთი კარგი მარკეტინგული გათვლა გამოგვივიდა. სკოლაში ნაადრევად მოსული მსმენელი სულმოუთქმელად ელოდა, რა გადახდებოდა შემდეგ გვერდებზე. ზოგს ვკლავდით, ზოგს გმირებად ვაქცევდით. მოკლედ, მაშინ არ ვიცოდით, რომ ავტორი მკვდარი იყო და შემოქმედებითი ყოვლისშემძლეობით ვტკბებოდით. ერთადერთი ტექსტი, რომელიც იმ დროს ამ ჟანრში წამეკითხა ისევ და ისევ ჩემი მეგობრის რომანი იყო, თანაც დაუსრულებელი. როგორც კი პირველი ოთხი-ხუთი გვერდი წავიკითხე  წერის სურვილი მომეძალა და ახალნაყიდი რვეულით მეც შევუერთდი.

ერთმანეთს პირველ მწერლურ გამოცდილებას ვუზიარებდით, თუ როგორი ძნელია ამდენი პერსონაჟის მართვა, დიალოგში ჩართვა და მათთვის ფუნქციის მოფიქრება, უსარგებლოდ და უსაქმოდ რომ არ იყვნენ მოვლენათა მსვლელობისას. ყველაზე მეტად აქ ვიჭედებოდით და სახლის ტელეფონებითაც ვბჭობდით საათობით (მაშინ უფასო იყო. უბრალოდ რამდენჯერმე თუ არ დარეკავდი ვერ გახვიდოდი). სიუჟეტის განვითარება ნაკლებად გვიჭირდა. მახსოვს მე უფრო მეტი პერსონაჟი მყავდა და მერე სასწრაფო წესით მინიმუმამდე დავიყვანე. ერთ-ერთ საბრძოლო სცენაში გავანახევრე. თუმცა სინდისმა შემაწუხა. ამიტომ არ დამეზარა და თითოეულის სიკვდილი ინდივიდუალურად აღვწერე და გმირულ-პათეტიკური ბოლოსიტყვაობებით გავაფორმე. 

ჩემს მეგობარს მგონი დღესაც შენახული აქვს თავისი პირველი რომანი. მე კიდევ ჩემი რვეულები ზაფხულობით ბათუმში ჩამქონდა და იქ ვტოვებდი. ჰოდა, დიდი ალბათობით ერთ ცივ ზამთარს ბებიაჩემმა ღუმელში შეუკეთა. თუმცა დღემდე უარყოფს, შენი რვეულებისთვის ხელი არ მიხლიაო, პირიქით ვუფრთხილდებიო და დასტურად II კლასის დღიურს შემომაჩეჩებს. ბებიაჩემს დეტექტიური ჟანრი უყვარს და ალიბის ქონაში და კვალის მოსპობაში კარგად ერკვევა. შესაბამისად აღიარებით ჩვენებას ვერ ვეღირსები. საბოლოოდ, უნივერსიტეტში ჩაბარების წინ მომავალი პროფესიების არჩევისას ორივემ ინერციით ნაკარნახევი პრაგმატული არჩევანი გავაკეთეთ. აღარც სამეცნიერო ჟინი გვახსოვდა და მით უმეტეს სამეცნიერო ფანტასტიკა. ერთ დროს ერთმანეთის ამარა დავრჩით და ჟანრული ბიბლიოთეკაც ახლომახლო არსად მოგვეპოვებოდა.

ამ რამდენიმე ხნის წინ ვეცნობოდი  იაპონიის სკოლებში დანერგილი კლუბების პრაქტიკას და მაშინ კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩემი ზემოთ ხსენებული ისტორია. კლუბები თავისუფალია ზემდგომი ინსტანციების დირექტივებისგან და მოსწავლეთა ინტერესებისა და ინიციატივების მიხედვით იქმნება. სკოლის ბიუჯეტიდან მცირედი დაფინანსებაც აქვთ. დაფინანსება კლუბის წევრების რაოდენობის პროპორციულია. შესაბამისად კლუბის წევრები თვითონვე ზრუნავენ ახალი წევრების მოძიებაზე. საკუთარი კლუბის პოპულარიზაციისთვის ქმნიან ბანერებს, სკოლის კედლებზე აკეთებენ მცირე რეკლამებს. საქართველოში სკოლების უმრავლესობაში თითქმის ყოველთვის არსებობდა წრეები, მაგრამ არასდროს ყოფილა თავისუფალი კლუბების პრაქტიკა. მაგალითისთვის, კომიქსების მოყვარულთა კლუბი, მოლაშქრეთა კლუბი, სამეცნიერო ფანტასტიკის კლუბი, მომავალი ჟურნალისტების კლუბი და ა.შ. ამისთვის ადმინისტრაციის მხრიდან უბრალოდ ლეგიტიმაცია და მცირედი ხელშეწყობაც საკმარისია. ერთი ოთახი, სადაც მოსწავლეები კვირაში ერთხელ ან ორჯერ რამდენიმე საათით შეიკრიბებიან, გაცვლიან ინფორმაციას, ერთმანეთს გაიცნობენ, ნახავენ ფილმებს, მოიტანენ ჟურნალებს, წიგნებს, იკამათებენ, განიხილავენ, დაგეგმავენ კლუბის მომდევნო აქტივობებს.

დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით ბევრად მარტივია, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთი აღმოაჩინონ. შესაძლოა სხვადასხვა სკოლის კლუბები გაერთიანდნენ ხოლმე ან ერთმა მოსწავლემ სხვა სკოლაში აღმოაჩინოს მისთვის სასურველი მიმართულება. მოსწავლეები ამგვარი კოორდინაციის შედეგად უკეთ მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების და უნარების გამოვლენა-განვითარებას. კლუბების მონიტორინგსაც თავადვე მოახდენენ, რაც ორგანიზაციულ უნარებს შესძენთ. რაც მთავარია, ექნებათ სივრცე, სადაც მიეცემათ თავიანთი ინტერესების რეალიზების საშუალება; ეყოლებათ მეგობრები, რომლებიც უკეთ გაუგებენ და არ შეიბოჭებიან მხოლოდ ვირტუალური კონტაქტით ან სასკოლო პროგრამით, არამედ ცოცხლად ცოცხალ შინაგან სამყაროს გამოათავისუფლებენ. სადაც თანამოაზრის პოვნით აღტაცებულ-გაბედნიერებული ხმით ერთმანეთს გადაუძახებენ:

  „- მე მეგონა მარტო ვიყავი”!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი