შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„ექიმ გოლდშმიტს შეუძლია დარჩეს“

ვნების კვირაში იმ საბავშვო ბიბლიოთეკაში მომიწია შევლა, რომელსაც პატარაობისას ხშირად ვსტუმრობდი და ერთ ყველაზე იდუმალ ადგილად მიმაჩნდა. ღია თაროებზე ხმარებისგან გალეულ-გაცვეთილი წიგნები ელაგა, ძველი, ხუთი ათეული წლის წინანდელი, და მათ დანახვაზე ისევე ამიჩქროლდა გული, როგორც ადრე, მაგრამ მაშინ ამ წიგნებს ქვემოდან ავყურებდი, ახლა კი ზემოდან დავცქეროდი. სწრაფად გადავურბინე თითებით და წითელყდიან წიგნზე შევჩერდი: იანუშ კორჩაკი – „როცა კვლავ პატარა გავხდები”.

იანუშ კორჩაკი, იგივე ჰენრიკ გოლდშმიტი, პოლონელი ებრაელი, ბავშვების ექიმი, მასწავლებელი და მწერალი, ობოლთა სახლის მეურვე; ავტორი სევდიანი, ფაქიზი, ბევრისთვის საყვარელი საბავშვო წიგნისა „მეფე მათიუშ პირველი”, მსოფლიოსთვის საყოველთაოდ ცნობილი ტრაგედიის მონაწილე, რამაც განსაკუთრებული ძალით გამოხატა კეთილისა და ბოროტის, მშვიდობიანი ცხოვრებისა და მკაცრი ძალადობის ტრაგიკული შეუთავსებლობა. გამოხატა ადამიანის ტვინის განსაკუთრებული და შეუსწავლელი მდგომარეობა – ძალადობა ბავშვზე, სუსტსა და უმწეოზე. ძალადობა განსაკუთრებული და პარადოქსული სახით – ფაშისტურ გეტოში ბავშვების მოთავსებით, გაზის კამერაში გაგუდვით. იანუშ კორჩაკის სულ რამდენიმე ფოტოა საყოველთაოდ ცნობილი. ერთში, თვითონ უშვილოს, პატარა ულამაზესი გოგონა შეუსვამს მკლავზე, გულთან მიუკრავს, ხელები მჭიდროდ და მზრუნველად შემოუხვევია, „მელოტს და სათვალიანს”, როგორც თავად იხსენიებს თავის თავს ბავშვთა კოლონიაზე დაწერილ წიგნში „ზაფხული მიხალუვკაში”, დაკვირვებული, მომლოდინე და საფრთხისთვის მზად მყოფი მზერა აქვს. მეორე ფოტო ებრაელი ბავშვების მსვლელობას ასახავს, ბავშვებს დროშები მოაქვთ.

„ხვალ დარაზმულნი გავალთ, ბავშვებო,
სიმღერებით და ტრანსპარანტებით,
ჭრელი ფრანების ცაში აშვებით
საბავშვო თეატრს კარს მივადგებით”.

გადმოგვცემენ, რომ ეს დროშები მწვანე ფერისა ყოფილა, როგორც განახლების სიმბოლო. მწკრივის სათავეში იანოშ კორჩაკი ჩამდგარა, პატარა გოგონასა და ბიჭუნასათვის ხელი ჩაუკიდია და ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკისკენ მიაბიჯებენ. მარცხნივ ფოტოზე ავტომატმომარჯვებული ესესელია აღბეჭდილი. ეს ფოტოები თითქოს სრულყოფენ და რეალურ ყოფაში აბრუნებენ ლეგენდად ქცეულ ამბავს კაცისა, რომელსაც ბავშვის ხატება ღვთაების რანგში ჰყავდა აყვანილი. მისი ეს ლოცვაც ამის დასტურია:

„უფალო, გრძელ ლოცვას არ აღვავლენ, არც უსასრულო ოხვრას მოვყვები, ძვირფას შესაწირავსაც არ მოგიძღვნი შენი დიდებისა და სახელისათვის, შენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლადაც არ ვიბრძვი, არც პატივს ვითხოვ.

არ მაქვს ფრთოსანი აზრები, რომლებიც ჩემს ლოცვას ცაში ააფრენენ. ჩემი სიტყვები არ არის შელამაზებული. დავიღალე. დავიტანჯე. თვალები ჩამიქრა და მეხუჭება საზრუნავთა სიმძიმისაგან. და, მიუხედავად ამისა, მოგმართავ, უფალო, გულიდან ამოსული თხოვნით. ჩემთვის ყველაზე ღირებულს მოძმე ადამიანს ვერ ვანდობ, მეშინია – ვერ გაიგებს, ვერ ჩასწვდება, უგულისყუროდ მოეკიდება, დასცინებს. შენ წინაშე ყოველთვის მორჩილთა შორის უმორჩილესად ვიდექი, მაგრამ ამ თხოვნისას უკან არ დავიხევ. ყოველთვის ჩუმად, ჩურჩულით გესაუბრები, მაგრამ ეს თხოვნა მოურიდებლად უნდა გამოვთქვა.

მომთხოვნ მზერას ცისკენ აღვაპყრობ, წელში გავიმართები და მოგმართავ – რადგან ჩემთვის რ ვითხოვ:
უწყალობე ბავშვებს ბედნიერი ხვედრი, დაეხმარე, აკურთხე მათი ძალისხმევა.
იოლ გზაზე ნუკი დააყენებ მათ, არამედ – მშვენიერ გზაზე დააყენე.
ამ თხოვნის სანაცვლოდ კი ჩემი ერთადერთი საგანძური მიიღე: სევდა. სევდა და შრომა”.
***
„როცა ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ბავშვის ნახატებს, ყურს მივაპყრობთ მის სიტყვებს, როცა იგი საბოლოოდ ერწმუნება საკუთარ თავს და ალაპარაკდება, მაშინ აღმოვაჩენთ მის ვეებერთელა თავისებურ ღირსებას, აღმოვაჩენთ მასში პოეტს, მხატვარს, გრძნობების ოსტატს. ეს იქნება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ გავზრდილვართ ამ დონემდე”, – წერს მწერალი საბავშვო წიგნში: „როცა კვლავ პატარა გავხდები”.

– მკითხველი აცოცხლებს მწერალს. გამაწევრიანეთ თქვენი პატარა მკითხველების გვერდით, – ვთხოვე ბიბლიოთეკარს და წიგნი გასატარებლად მივაწოდე. ბიბლიოთეკარმა ფორმულარი შემივსო, მე ხელი მოვუწერე.
***
ჩემი უმცროსი გოგონა პირველ კლასში იყო, როდესაც მასწავლებელმა ცუდი კალიგრაფიის გამო დასაჯა. „მასწავლებელმა კლასში ჩამოიარა, – მიყვებოდა შემდეგ, – ბავშვებს ხელები მერხებზე დაგვაწყობინა და ვისი კალიგრაფიაც არ მოეწონა, სახაზავი დაგვკრა”. სახაზავის სიმწარე – ექვსი-შვიდი წლის ბავშვების წერისთვის ჯერაც მოუმზადებელ, გაუწაფავ, პატარა თითუნებზე. თუმც დასჯას ხომ მხოლოდ ფიზიკური ტკივილი არ მოაქვს, სულს ატკივებს და ბავშვს სამყაროს მიერ მისდამი კეთილისმყოფლობაში აეჭვებს. ჰენრიკ გოლდშმიტის, იმავე იანუშ კორჩაკის პატარა ბიჭიც („როცა კვლავ პატარა გავხდები”) მასწავლებლის მიერ სრულიად უმნიშვნელო შენიშვნასაც კი საშინელი ტკივილით და სიმწარით განიცდის, პანიკითაა მოცული, „იქნებ გადავუყვარდი პანი მასწავლებელს?” – ფიქრობს და ეს ფაქიზი სულიერი სამყაროს მქონე ბავშვი ასევე კრთის უხეშობის, სისასტიკის ყოველგვარ გამოვლენაზე, თანატოლთა მხრივაც.

უხეში ბავშვები – უსიყვარულო და მოუწესრიგებელი ოჯახური ყოფის პირმშონი. ყოველთვის მაინტერესებდა მათი თხზულებებიდან, როგორ განიცდიდნენ ისინი თავიანთ ყველაზე ამაღლებულ წუთებს, ან როგორ ახსნიდნენ, ვთქვათ, იმ ამბავს, რომ შეეძლოთ, მერხზე წინ მჯდომი სრულიად უდანაშაულო თანატოლისთვის თავში გამეტებით ჩაეცხოთ და მერე ისეთი უმანკო სახე მიეღოთ, თითქოს თვითონ არაფერ შუაში იყვნენ, ან თანატოლისთვის წერილი წაეგლიჯათ ხელიდან და კლასში სიცილ-ხარხარით ერბინათ წერილის ნახევებით.
პატარები დუმან და ფიქრობენ, ცდილობენ გაერკვიონ, რატომ იჩენენ კეთილი უფროსები მათდამი ძალადობას, უხეშობას, ან რატომ აძლევენ მათ თანატოლებს მათდამი სისასტიკის გამომჟღავნების საშუალებას. ფარისევლობაა, როცა ბავშვების მხრივ თანატოლებზე ძალადობას სახელი არ ერქმევა, – ამბობს მწერალი და თვითონაც, გუდააკრული, ბავშვობაში გადასახლებული, თანატოლთა მხრივ არაერთგზის იქცევა ძალადობისა და შეურაცხყოფის საგნად. თუმც აღმზრდელის რანგში ის მიმტევებელია და ცდილობს, ყველა საჭირბოროტო საკითხი ბავშვთა სასამართლოთი მოაგვაროს, სადაც ბავშვები არიან ბრალმდებლებიც და ბრალდებულნიც. ის ცდილობს, აზროვნებას, სამართლიანობას, პასუხისმგებლობას პატარაობიდანვე შეაჩვიოს ბავშვი.

ერთი პაწია წიწილა მყავს, სუსტი, ოფოფისას მიუგავს ქოჩორი, ხან აქედან წაედებიან წიწილები, ხან იქიდან, ნაფოტივით ათამაშებენ, ამ ქოჩრის გამო სულ აითვალწუნეს, პაწია კაწაწა ფეხებზე კლანჭები, ქარდები თუ ფრჩხილები დააკენკეს, სისხლი დაადინეს, უბრჭყალებოდ, უფრჩხილებოდ დაუტოვეს ის პაწია ფეხები. სამყარო ასეთია, არცთუ იშვიათად – ავისმოსურნე, ჩვენ მას ვერაფერს მივუმატებთ, ვერც გამოვაკლებთ, მაგრამ თუკი ბავშვისთვის არსებობს იმედიანი ცნება „კეთილი უფროსები”, მაშინ ვალდებული ვართ, ბოლომდე ვუერთგულოთ და მათთვის საფრთხის არიდებას ვეცადოთ.

– რას განიცდიდი? რას ფიქრობდი მაშინ, როცა მასწავლებელმა დაგსაჯა? – ახლახან, მრავალი წლის შემდეგ, ვკითხე ჩემს გოგონას.

– შინ ჟურნალ „წეროს” ნომრები გვქონდა, რომელთა ბოლო გვერდებზეც მცირე სტატიები და ნახატები იყო დაბეჭდილი. მათ ხშირად ვათვალიერებდი და ვიცოდი, ბავშვთა უფლებებს ეხებოდა. ერთ ნახატში ბავშვი იღლიით ეჭირათ და ჯოხით სცემდნენ. მეორე დილით მასწავლებელს წავუღე, რომ ენახა და სცოდნოდა, ბავშვის ასე დასჯა არ შეიძლება. კარგად მახსოვს, ქარი როგორ მცემდა სახეში და გულში ჩაკრულ ამ ჟურნალებს სულმოუთქმელად მივარბენინებდი.

მე კი სად ვიყავი ამ დროს? ჟურნალის რედაქციაში ვმუშაობდი და თუმც პედაგოგიური მუშაობის ათწლიანი სტაჟი უკვე მქონდა, ვცდილობდი, სკოლისგან, სააღმზრდელო საქმიანობისგან შორს დამეჭირა თავი, როგორც განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა და სირთულის მქონე სფეროსგან, ვიდრე არ გავაცნობიერე საფრთხეც და შვილის პედაგოგიურ აღზრდაში ჩემი განსაკუთრებული ჩართვის აუცილებლობაც. მეორე კლასიდან უკვე მის გვერდით ვიყავი, ორი წლის შემდეგ კი, როცა ერთი „დაუმორჩილებელი” კლასის დამრიგებლობა შემომთავაზეს, დიდხანს არ მიფიქრია, კლასს ხელი მოვკიდე და ჩემი გოგონაც იქ გადავიყვანე.

ახლა, როცა ბავშვობის საკითხავებს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ქვეცნობიერად ყოველთვის მშურდა მარკ ტვენის და ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟების, ამერიკელი და შვედი გოგო-ბიჭების ლაღი და მხიარული კოტრიალისა მზიან იალაღებზე, მსგავსი უდრტვინველობა და სილაღე მენატრებოდა ჩემი ბავშვობისთვის, მერე კი უკვე ჩემი და სხვისი შვილებისთვისაც.

„ბავშვები იზრდებიან… იზრდება და მტკიცდება მათი სხეული, იზრდება და მტკიცდება მათი სული. მინდოდა, შეურყევლად, მეცნიერულად დამესაბუთებინა, რომ ბავშვები ყველაზე მეტად ასეთი (მწერალი ბუნების წიაღში, პირველ თოვლში გართობას გულისხმობს – ავტ.) შესვენებისას იზრდებიან… ხომ არ გავზარდოთ ზამთრის შესვენებები? როცა კარგი ამინდია, ბავშვები ჩქარა ხომ არ იღლებიან?” – წერს ამ წიგნში იანუშ კორჩაკი.

მაგრამ სამყარო ასეთი ჰარმონიული სულაც არ არის, ის ძალიან მკაცრია ბავშვების მიმართ. აკაკი წერეთლის, სენტ-ეგზიუპერის, რეზო ჭეიშვილის, იანუშ კორჩაკის და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი მწერლის პატარა უფლისწულებს მან სიკვდილ-სიცოცხლის ტრაგიკული წამმზომი ჩაურთო. თუმც სწორედ ამ განსაკუთრებული მშვინვიერი ძალის მქონე ბავშვებმა, მათმა ტკივილებით დასერილმა სულებმა შემოუნახეს ჩვენს სამყაროს ყველაზე მთრთოლვარე სულიერი პეიზაჟები და ღირებული პედაგოგიური გამოცდილებებიც.

„-პან, თქვენს წიგნებზე ბევრს უტირია,
ყრმობისას ბევრჯერ გვიჭირისუფლეთ,
პან, – მოწიწებით ამბობს უნტერი, –
თქვენ კომენდანტი გათავისუფლებთ!”
„-ექიმო გოლდშმიტ, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ!”
„-გადმოდით ვაგონიდან, შეგიძლიათ დარჩეთ!
– არა, მეც მათთან ერთად წამოვალ!”
P.S. წერილში გამოყენებულია შოთა ნიშნიანიძის ლექსი „ლეგენდა იანოშ კორჩაკზე”.

წერილი უკვე მომზადებული მქონდა, როცა გლობალური ტერორიზმის ბოლოდროინდელ მზარდ გამოვლენას, „ისლამური სახელმწიფოს” მიერ ერაყსა და სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის – ათასობით ბავშვის, განუკითხავ ტანჯვა-წამებას, ხოცვა-ჟლეტას ჩვენი საზოგადოების დიდი წუხილი და აღშფოთება, საპროტესტო აქციები მოჰყვა. დახოცილ ბავშვთა შემაძრწუნებელი ფოტოკადრები თითოეულ მოქალაქეს – გამოფხიზლებისკენ, მთელ მსოფლიოს კი დუმილიდან გამორკვევისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი